დასავლეთი ირანს შეუთანხმდა: მარცხი თუ გამარჯვება?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-04-2015, 13:00 | მსოფლიო | ნანახია - 2910

დასავლეთი ირანს შეუთანხმდა: მარცხი თუ გამარჯვება?

 

გიორგი იმედაშვილი

 

რაც ამ დღეებში შვეიცარიის ქალქ ლოზანაში მოხდა უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით. 1979 წლის შემდეგ ირანელებმა და ამერიკელებმა პირველად მიაღწიეს შეთანხმებას მოლაპარაკებების მაგიდასთან. თავისთავად ეს ფაქტი, რასაკვირველია, უკვე სენსაციურ ისტორიულ მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს შეთანხმება რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირებას ეხება, ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა უფრო აშკარა ხდება.

 

ირანის ბირთვული პროგრამა ბოლო ათწლეულის მანძილზე რეგიონის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად აღიქმებოდა და დასავლეთში მას ყოველთვის ისე უყურებდნენ, როგორც ისრაელის სახელმწიფოებრიობის პირდაპირ საფრთხეს. 2006 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთხებული შტატები და ევროკავშირი 5+1 ფორმატით ცდილობდნენ ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებას, თუმცაღა დღემდე მოლაპარაკებები ამაო იყო. ამ ფორმატში მონაწილეობს გაეროს უშიშროები საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი (საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და აშშ) და გერმანია. თუმცაღა, ირანის წინა პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის დროს ეს მოლაპრაკებები ჩიხში შევიდა. პრეზიდენტი პერმანენტულად ემუქრებოდა ისრაელს განადგურებით, მთელს მუსლიმურ სამყაროს მოუწოდებდა ამერიკის „ტირანიის“ წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ და ხელს უშლიდა ორმხრივი ურთიერთობების ყველა მცდელობას. თუმცაღა ირანის ახალი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის მოსვლამ გარკვეული იმედები გააჩინა, რომლებიც, როგორც ვხედავთ, გამართლდა.

 

ლოზანაში გამართული დამღლელი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ, 2 აპრილს, მხარეები „კომპლექსური მოქმედებების ერთობლივ გეგმაზე“ შეთანხმდნენ, რომელიც სისრულეში მოყვანის შემთხვევაში დაარეგულირებს ირანის ბირთვულ პროგრამას.

 

შეთანხმებაში უმნიშვნელოვანესია რამდენიმე საკითხი: ირანი დასთანხმდა ცენტრიფუგების რიცხვის 19000-დან 6, 104-მდე შემცირებას. ასევე დადო პირობა, რომ არ გაამდიდრებს ურანს 3.67%-ზე მეტად, რაც მას არ მისცემს საშუალებას დაამზადოს ატომური იარაღი. მომდევნო 15 წელიწადში ირანის დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის 10000 კილოგრამიანი რეზერვი 3.67%-მდე გამდიდრებული ურანის 300 კილოგრამიან რეზერვად გადაიქცევა. გარდა ამისა, საერაშორისო ატომური ენერგო-სააგენტოს ექსპერტები დაიშვებიან ირანის ყველა სათანადო ობიექტზე და ადგილზე დააკვრიდებიან შეთანხმების პირობების შესრულებას. ირანი არ ააშენებს ურანის გამდიდრებისათვის საჭირო ახალ ობიექტებს. რაც მთავარია, ირანი დარჩება „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის“ შეთანხმების ნაწილად, ანუ არ დაამზადებს ბირთვულ იარაღს. ამის სანაცვლოდ ევროკავშირი და ამერიკის შერთებული შტატები ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებულ სანქციებს მოუხსნიან და ირანული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გავა.

 

აშკარაა, რომ თუკი ეს შეთანხმება შესრულდა ირანის ბირთვული პროგრამა სრულიად გამჭვირვალე და უსაფრთხო იქნება. ექსპერტებს ყველანაირი შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ პროცესებს და სწორედ შეაფასონ ის, რომ პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს მოემსახუროს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს სამხედრო ხასიათი. მაგრამ ისრაელი და ზოგიერთი რესპუბლიკელი ამერიკელი პოლიტიკოსი ირანის დადებულ პირობებს სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ სანქციების მოხსნით ირანის ეკონომიკა გაძლიერდება და ეს ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო გაამწვავებს. გარდა ამისა, ისრაელში შიშობენ, რომ სანქციებისგან განთავისუფლებული ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე ხელს არ აიღებს, ეს კი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ისრაელის სახელმწიფოს - სწორედ ამაზე იასუბრა პრემიერმა ნეთანიაჰუმ კონგრესში, დაახლოებით ერთი თვის წინ.

 

და მაინც რა იცვლება ახლო აღმოსავლეთში ამ შეთანხმებით?

 

დღეს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვისაც აშკარაა, რომ რეგიონი, ფაქტობრივად, არნახული მასშტაბის კრიზისში იმყოფება. ბარაკ ობამამ, 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გააჟღერა უმნიშვნელოვანესი დაპირება, რომ ის შეეცდებოდა მაქსიმალურად შეემცირებინა ამერიკის შეერთებული შტატების როლი ახლო აღმოსავლეთში. ერთი შეხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან დანაპირები შეასრულა: გაიყვანა ჯარები ერაყიდან, ღიად არ ჩარეულა არაბული გაზაფხულის რევოლუციებში, ლიბიის კრიზისისას წამყვანი როლი ევროპულ ქვეყნებს დაუთმო, სირიის ოთხწლიან სამოქლაქო ომში ჩარევასაც მაქსიმალურად აარიდა თავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი, რეგიონის ისედაც მყიფე სტაბილურობა სერთოდ მოიშალა და ფაქტობრივად, მთელი ახლო აღმოსავლეთი ქაოსში ჩაეფლო.

 

1979 წელი ერთ-ერთი გადამწყვეტი თარიღია რეგიონის ბოლოდრინდელი ისტორიისა და დღევანდელი გამოწვევების აღსაქმელად. სწორედ 1979 წელს, ირანში (რომელიც იმ დროს აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ახლო პარტნიორსა და რეგიონში მკაფიო დასაყრდენს წარმოადგენდა) მოხდა ისლამური რევოლუცია. შაჰი რეზა ფეჰლევი ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო დევნილი სულიერი ლიდერი აიათოლა ხომეინი სამშობლოში დაბრუნდა და ახალ, ისლამურ სახელმწიფოს ჩაუდგა სათავეში. შეიძლება ითქვას, რომ ისლამისტები რეგიონში 1967 წელს მომხდარი „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ გაძლიერდნენ. ისრაელთან პირწმინდად წაგებულმა კიდევ ერთმა სამხედრო დაპირისპირებამ არაბული მემარცხენე ნაციონალიზმის იდეა დაასამარა, რის შემდეგაც მისი ადგილი ისლამისტურმა შეხედეულებებმა, ფუნდამენტალიზმმა და ფსევდო-რელიგიურმა ფანატიზმმა დაიკავა. ხოლო, 1979 წლის ირანის რევოლუციამ ყველას მკაფიო მაგალითი უჩვენა - აშკარა გახდა, რომ შესაძლებელია ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

 

1979 წლიდან მოყოლებული, ირანი რეგიონში ისრაელის, ზოგადად დასავლეთისა და პირველ რიგში ამერიკის შერთებული შტატების მთავარ მოწიანააღმდეგეს წარმოადგენდა. თავიდან, სწორედ ირანიდან მოდიოდა ის რიტორიკა, რომელიც დღეს ყველა ისლამისტური ძალის დისკურსის განუყოფელ ნაწილს შეადგენს (ყველას გვსმენია „სატანა ამერიკა“, „სიკვდილი შაითანის მოციქულებს!“ და ა.შ.). ირანის რევოლუციამ შეცვალა თავად ამერიკელების დამოკიდებულებაც რეგიონის მიმართ. თეირანში ამერიკის საელჩოს დარბევამ და თანამშრომლების მძევლებად აყვანამ ერთგვარად გააქტიურა შტატების მოქმედებები რეგიონში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კრიზისულ სიტუაციებში ამერიკული ჯარების პერმანენტული ჩარევა მთელს ახლო აღმოსავლეთში, ჯერ ლიბანში, შემდეგ 1991 წელს ქუვეითში, 2003 წელს ერაყში და ა.შ.

 

ანუ, ბოლო ათწლეულების მანძილზე ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები ამარატო რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ უმთავრეს დაპირისპირებულ ძალებად აღიქმებოდა. ამას ემატება ისიც, რომ არ წყდებოდა საუბარი ირანი-რუსეთი- ჩინეთის ერთგვარ სამომავლო კავშირზე დასავლური ძალებისა და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ეს წარმოსახვითი კავშირი კი უდიდეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

 

მაგრამ, დღეს, რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა. ობამას გადაწყვეტილებით, ერაყიდან ამერიკული ჯარების გასვლის შემდგომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყო. ირანის გავლენის ქვეშ მყოფი შიიტური მთავრობა აკონტროლებს ქვეყნის დედაქალაქს ბაღდადს და რამდენიმე სამხრეთ ერაყულ რეგიონს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ. ქურთულ რეგიონებს ერაყის ქურთისტანის მთავრობა მართავს, ხოლო სახელმწიფოს დანარჩენ ნაწილს დაეპატრონა ტერორისტული ორგანიზაცია სახელად: „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“. ეს ორგანიზაცია აკონტროლებს სირიის ტერიტორიის დაახლოებით მესამედსაც. მეოთხე წელია, რაც სირიაში დამანგრეველი სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ირანი ეხმარება ბაშარ ასადის რეჟიმს, რომლის წინააღმდეგ მებრძოლი პროდასავლური ძალები თითქმის განადგურდნენ და დღეს ასადის ოპოზიციად მხოლოდ ისლამისტური ორგანზიაციები რჩებიან. მათ შორის კი ხსენებული „ისლამური სახელმწიფო“ ყველაზე ძლიერია. ეს ორგანიზაცია იბრძვის ლიბიაშიც, სადაც ასევე სამოქალაქო ომია გაჩაღებული და ასევე აქტიურია მეოთხე არაბულ ქვეყანაშიც იემენში, სადაც პროირანული შიიტი ჰუსიტები მომძლავრდნენ. მათ წინააღმდეგ კი სუნიტურ მოსახლეობას სწორედ „ალ ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ფუნდამენტალისტური, ტერორისტული ორგანზიაციები აერთიანებენ.

 

ირანის გავლენით მოქმედებს ლიბანური „ჰეზბოლაც“, რომელიც ლიბანის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ბეირუთის პოლიტიკურ პროცესებზეც დიდი გავლენა აქვს. „ჰეზბოლა“ ამჟამად ბაშარ ასადის რეჟიმს უწევს დიდ დახმარებას. „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესები პირდაპირ უპირისპირდება ირანის რელიგიურ ინტერესებს. ეს ტერორისტული ორგანიზაცია პირდაპირ მომართულია შიიტი უმცირესობების განადგურებისაკენ და სამომავლოდ ირანსაც თავის დაპყრობების ნაწილად მოიაზრებს. რასაკვრველია, „ისლამური სახელმწიფო“ უპირისპირდება აშშ-საც და რეგიონში არნახული სისასტიკისა და ვანდალიზმის დამკვიდრებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებასა და მის გაფართოებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი მოკავშირეები აღმოჩნდნენ. აშკარაა, რომ დღეს, სასტიკი და დამანგრეველი ტერორისტული ორგანზიაცია რეგიონში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

 

გარდა ამისა, ეს ორგანზიაცია ემუქრება ისრაელსაც, სადაც ირანული გავლენის წინააღდეგ ბრძოლა სახელმიწფოებრივი ინტერესების უმთავრეს პრიორიტეტად აღიქმება. ისრაელი თვლის, რომ რეგიონი ერთგვარი „ნულოვანი თამაშია“, რასაც ირანი იგებს, ხოლო ამერიკელები და ისრაელი აგებენ. მაგრამ აშკარაა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენით ეს „ნულოვანი თამაში“ შეწყდა და დღეს ორივე დაპირისპირებული ძალის პრიორიტეტი ამ ორგანზიაციის განადგურებაა.

 

გარდა ამისა, არსებობს ძალიან მდიდარი საუდის არაბეთი, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს რეგიონში, რაც ვაჰაბიზმისა და ზოგადად სუნიტური ისლამის პროპაგანდას და საჭირო შემთხვევაში სამხედრო დახმარებას გულისხმობს. საუდის არაბეთის ახალმა მეფემ სალმანმა, თავისი 34 წლის ვაჟი დანიშნა სამხედრო სამქეების გამგებლად და აშკარა გახადა, რომ არ აპირებს რეგიონში ჰეგემონის ადგილისათვის ბრძოლის შეწყვეტას. საუდის არაბეთი მხარს უჭერს ეგვიპტის ახალ პრეზიდენტს აბდალ ფათაჰ ალ-სისის, რომელიც საკუთარ სამშობლოში „მუსლიმ ძმებს“ უპირისპირდება (რომელსაც თავის მხრივ ყატარი და თურქეთი ეხმარებიან). ისრაელი შიშობს, რომ სანქციების მოხსნით ირანული ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ხელისუფლებას მეტი საშუალება მიეცემა დააფინანსოს სხვადასხვა მართული ძალები მთელს რეგიონში, რაც საბოლოოდ, ირანის რეგიონულ „იმპერიად“ გადაქცევას გამოიწვევს.

 

იემენში შიიტმა ჰუსიტებმა სანას შემდეგ ადენიც დაიკავეს და საუდის არაბეთმა უკვე ღიად დაიწყო სუნიტური მოსახლეობის მხარდაჭერა, კერძოდ, დაბომბა ადენი. მას ლოჯისტიკურ და ანალიტიკურ დახმარებას ღიად უწევს ამერიკის შეეთხებული შტატები, რითიც კიდევ ერთხელ ფიქსირდება, რომ მიუხედავად ირანთან ბირთვული შეთანხმებისა, ამერიკა არ აპირებს ტრადიციული მოკავშირე საუდის არაბეთი მიატოვოს.

 

სწორედ ამიტომ ობამამ პირველ რიგში სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან და ისრაელთან დაიწყო საუბარი ხსენებულ შეთანხებაზე და ის ამტკიცებს, რომ ორმხრივი მოლაპრაკებებისა და მშვიდობიანი პროცესისათვის ეს შეთანხმება გარდამტეხი იქნება რეგიონის უსაფრთხოებისათვის.

 

ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პირველად ტელევიზიით გადასცეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ორმხრივი ურთიერთობები დათბა. თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოსახლეობის ნაწილმა შეთანხმების დადება ქუჩებში იზეიმა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რუსეთისაგან განსხვავებით, როგორც სხვა სახელმწიფოების, ისე საქართველოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა და ვერ ვხედავთ მიზეზს რატომ არ უნდა შეასრულოს ლოზანის შეთანხმება, როდესაც ის ამ შეთნამხებით ყველაზე მეტ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. კერძოდ, ირანს მოეხსენება სანქციები, ხოლო ნავთობი და სხვა პროდუქტები გავა ექსპორტზე და ა.შ. თავად ბირთვული პროგრამაც ბევრად უფრო უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ წარიმართება. ეს ყველაფერი კი როგორც დასავლეთის, ისე ირანის ინტერესებშია.

 

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ირანისა და დასავლეთის დაახლოება, ეს რუსეთია. ირანული ნავთობის ექსპორტზე გატანა, რასაკვრიველია, გამოიწვევს ნავთობზე ისედაც შემცირებული ფასების კიდევ უფრო დაცემას, ხოლო ვინაიდან საუდის არაბეთსა და სხვა ნავთობმომპოვებელ არაბულ ქვეყნებს არ მოესურვებათ საკუთარი ბაზრის ირანისთვის დათმობა, მიწოდებას ისინი დაბალი ფასის შემთხვევაშიც არ შეამცირებენ, რაც ნავთობის დაბალ ფასს რაღაც პერიოდის მანძილზე შეინარჩუნებს. რუსეთში ერთი ბარელი ნავთობის მოპოვება 42 დოლარი უჯდებათ და ყოველი დღე, როდესაც ნავთობი ამ ფასზე ნაკლები ეღირება დმანგრეველია რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო, ექსპანსიური ამბიციებისათვის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ირანისა და ამერიკის დიალოგი ჩანასახშივე სპობს ირანი-რუსეთი-ჩინეთის კავშირის შექმნის იდეას. სწორედ ამიტომ გაღიზიანებული ლავროვი არ დაელოდა ლოზანის შეთანხმების დასრულებას და ორშაბათს გამოფრინდა მოსკოვში. ირანისა და რუსეთის გაფუჭებულ ურთიერთბებზე მეტყველებს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტიც, საუდის არაბეთის მეირ დაბომბილ ადენში დაზიანდა რუსეთის საკონსულოს შენობაც, რომელშიც შიიტი (ირანის გავლენის ქვეშ მყოფი) ჰუსიტები შეცვივდნენ და დემონსტრაციულად დაარბიეს, მაშინ როდესაც იქვე ახლოს არაერთი სხვა სახელმწიფოს საკონსოლოც იგივე მდგომარეობაში იყო.

 

აშკარაა, რომ ლოზანის შეთანხმებას ყველა შემთხვევაში უდიდესი გავლენა ექნება რეგიონის შემდგომი განვითარებისათვის. შესაძლებელია ამ შეთანხმების გავლენის მასშტაბებმა ახლო აღმოსავლეთზე საიკსისა და პიკოს 1916 წლის შეთანხმების, ანდაც 1555 წლის ამასიის ზავის ზეგავლენის მასშტაბებს მიაღწიოს. აშკარაა, რომ ირანისა და დასავლეთის ურთიერთობები დათბა, ხოლო საქართველოს მთავრობამ მოახერხა სწორედ ამ დროს, როცა იხსნება ირანული ბაზარი და ნავთობიც საკმაოდ იაფად გავა ექსპორტზე, გააფუჭა ურთიერთობები ირანთან, იუსტიციის მინისტრის სრულიად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადების გამო. ცხადია, რომ ამგვარი გამოხდომები უნდა ისჯებოდეს. ისიც სამარცხვინოა, რომ აგერ უკვე ერთი კვირაა მთელი მსოფლიოს ინტერესი მიმართულია ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებისაკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ვერცერთმა წარმომადგენელმა წუთი ვერ გამონახა ამ საკითხზე საჯაროდ სასაუბროდ. მაშინ როდესაც ირანი ჩვენთვის შესაძლოა უმნიშვნელოვანეს სამომავლო პარტნიორად იქცეს.

 

რაც შეეხება ობამას, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად საგარეო პოლიტიკაში დაშვებული არაერთი შეცდომისა, მისმა ადმინისტრაციამ მოახერხა და ურთიერთობები დაალაგა როგორც კუბასთან ისე ირანთან და ლოზანაში გააფორმა რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოებისათვის ისტორიული შეთანხმება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია