ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
6-04-2015, 09:41 | მსოფლიო | ნანახია - 1239

ბრიტანეთის საპარალამენტო არჩევნები

 

გიორგი ბადრიძე

 

2015 წლის 7 მაისს დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს ქვეყანა საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნების შედეგი ჩვენთვის საყურადღებოა.

 

წესით, დევიდ კამერონს, კონსერვატიული პარტიისა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კოალიციური მთავრობის მეთაურს, სადარდებელი არაფერი უნდა ჰქონდეს - მისი ხუთწლიანი მმართველობის განმავლობაში ბრიტანეთი გამოვიდა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და ინფლაცია ნულზე დავიდა, მშპ-ს ზრდა მსოფლიოს განვითარებულ ეკონომიკებს შორის ყველაზე დიდია, შეიქმნა უპრეცედენტო რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილები და გაიზარდა რეალური შემოსავალი, ისტორიულ მინიმუზე დავიდა საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთი, მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლების რაოდენობა, ისევე, როგორც ექიმების რიცხვი სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში.

 

ამავე დროს, ლეიბორისტულ პარტიას, მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, არასდროს ჰყოლია ამდენად არაპოპულარული ლიდერი, ხოლო ლიბერალები, კოალიციაში კონსერვატორების პარტნიორი პარტია, მაგრამ არჩევნებში კონკურენტი, ღრმა კრიზისში იმყოფება და რეიტინგებში მესამე პოზიციიდან მეოთხეზე გადავიდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ შარშან შოტლანდიელი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი ბრიტანეთიდან გამოყოფის შესახებ მათი მარცხით დამთავრდა.

 

ამ ფონზე მმართველ პარტიას ნებისმიერ სხვა ვითარებაში გამარჯვება გარანტირებული ექნებოდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. რამდენიმე ფაქტორი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგს. პირველი და უმთავრესი პრობლემა, რომელიც წინ ეღობება დევიდ კამერონის გამარჯვებას, მისი პარტიის შიგნიდან მოდის - ბოლო წლებში კონსერვატიული პარტია ტრადიციული მომხრეების მხარდაჭერას კარგავდა, რადგან მათი შედარებით მემარჯვენე და ევრო-სკეპტიკული ნაწილი თვლის, რომ თორებმა საკუთარ ფასეულობებს უღალატეს.

 

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP) დიდი ნაწილი სწორედ ყოფილი კონსერვატორების მხარდამჭერებისგან შედგება. გასულ წელს კონსერვატიული პარტია ორმა თვალსაჩინო პარლამენტარმაც დატოვა, ორივე გადადგა პარლამენტის წევრობიდან და წარმატებით ახლიდან იყარა კენჭი საკუთარ საარჩევნო ოლქში, ამჯერად უკვე UKIP-ის სახელით.

 

სხვათა შორის, ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმაც რომ გაითვალისწინონ, კარგი იქნებოდა: როცა ამომრჩეველი ერთი პარტიის სახელით გირჩევს პარლამენტში ან საკრებულოში, ხოლო შენ ამ პარტიას ტოვებ, კეთილი უნდა ინებო და თანამდებობაც დატოვო და ახლიდან იყარო კენჭი. თუმცა, ჩვენთან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საკუთარ პარტიას უმრავლესობაში დასარჩენად (ან უმრავლესობაში გადასასვლელად) ტოვებენ ხოლმე, ხოლო ბრიტანეთის პარლამენტის შემთხვევაში ხსენებულმა ორმა პოლიტიკოსმა უმრავლესობა დატოვა (პოლიტიკური პრინციპების გამო).

 

როგორ შეიძლება მომავალ პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ ედ მილიბენდი, რომლის მსგავსად არაპოპულარული ლიდერი ლეიბორისტულ პარტიას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყოლია და რომელმაც ეს თანამდებობა პროფკავშირებთან საეჭვო გარიგების და საკუთარი ძმისთვის ფეხის დადებით მოიპოვა? ცნობისთვის, ედ მილიბენდის უფროსი ძმა - დევიდ მილიბენდი გორდონ ბრაუნის მთავრობის მეტად წარმატებული საგარეო მინისტრი იყო და ლეიბორისტი ამომრჩევლის სიმპატიაც სწორედ მას ეკუთვნოდა. მაგრამ პარტიის ლიდერის არჩევნებში პროფკავშირებს უფრო დიდი წონა აქვთ, ვიდრე პარტიის წევრების (მათ შორის პარლამენტარების) ხმებს და შესაბამისად მილიბენდებს შორის ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად პოპულარული ძმის მოულოდნელი არჩევაც 2010 წელს სწორედ ძლევამოსილი პროფკავშირების გადაწყვეტილებით მოხდა.

 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ედ მილიბენდს წესით არ უნდა ანდონ პრემიერობა ისაა, რომ ის პირველივე დღიდან კატეგორიულად აკრიტიკებდა კამერონის მთავრობის პოლიტიკას, რომელიც დეფიციტის შემცირებისკენ იყო მიმართული. შედეგად კამერონი ევროპაში ყველაზე წარმატებული ლიდერი აღმოჩნდა, ხოლო მილიბენდის ეკონომიკური გეგმა სრულიად გაკოტრდა.

 

და მაინც, თავისუფლად შესაძლებელია, ედ მილიბენდი პრემიერ-მინიტრად ვიხილოთ. ეს შესაძლოა ლეიბორისტების და შოტლანდიელი ნაციონალისტების პარტიის (SNP) ალიანსის გზით მოხდეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში სწორედ SNP-მ ააღორძინა შოტლანდიური სეპარატიზმი და რეფერენდუმში დამარცხების მიუხედავად, შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს. ანუ მილიბენდს პრემიერის თანამდებობისთვის ბრიტანეთის დაშლის მოსურნე ძალასთან მოუწევს თანამშრომლობა.

 

თუ დარჩენილ დროში ეფექტური კამპანიით ვერ მოხერხდა კონსერვატიული პარტიისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზება, კამერონის ერთადერთი იმედი UKIP-თან ალიანსი იქნება, რაც არც გარანტირებულია და თანაც გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიისთვის მეტად დამაზიანებელიც იქნება.

 

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არჩევნების შედეგის წინასწარმეტყველება სრულიად შეუძლებელია, მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს მოვლენები, ერთი რამ ცხადია - ბრიტანული პოლიტიკა ახალ ისტორიულ ეტაპზე გადავიდა. დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ორპარტიული სისტემა, როდესაც პარლამენტში ადგილებს კონსერვატორები და ლეიბორისტები თითქმის მთლიანად იყოფდნენ - ამ ეტაპზე რეალურად აღარ არსებობს. მართალია, პრემიერ-მინიტრად კვლავაც ან კონსერვატორ, ან ლეიბორისტ პოლიტიკოსს ვიხილავთ, მაგრამ ამ ჯერად იმას, თუ რომელი მათგანი გაუძღვება ქვეყანას მაისის არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით აქამდე არარსებული პარტიების ამომრჩევლები გადაწყვეტენ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია