საბჭოთა ეკონომიკით ევროპაში – მითები და რეალობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-04-2015, 19:47 | ეკონომიკა | ნანახია - 1700

დავით ნებიერიძე

 

როდესაც ქართულ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ და განვიხილავთ მისი დინამიკის პერსპექტივებს, არ უნდა დაგვავიწყდეს მაკროეკონომიკის ანი–ბანი და მაქსიმალურად რეალისტურად უნდა შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მაკროეკონომიკური ვითარება. პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ რა მოცემულობაში ვართ და რა მემკვიდრეობა გვერგო საბჭოთა კავშირისგან. შემდეგ გავაანალიზოთ, თუ რა ტრანსფორმაცია განვიცადეთ დამოუკიდებლობის ომებითა და პოლიტიკური არასტაბილურობით გაჯერებულ მოკლე პერიოდში. აი, მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერებთ რეალურ ვითარებას და რეალურ პერსპექტივებს. და ეს ყველაფერი განსახილველია იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც ამჟამად იმყოფება საქართველო!

 

გლობალიზაციის და გახსნილი ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება კონკურენტუნარიანობა ზოგადად და კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების საკითხი. ანუ, კონკურენტუნარიანი ბიზნესი! მოდით აპრიორი შევთანხმდეთ, რომ ბიზნესი როგორც ასეთი არ არსებობდა საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში. ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, ანუ საქმოსანი იყო ის, ვინც ყველაზე ეფექტურად პარავდა სახელმწიფოს, ანუ ხალხს! რამე, თუ როგორც მინიმუმ, საბჭოთა ხელისუფლება განიხილებოდა როგორც ხალხის მმართველობა. ხოლო, სახელმწიფო საკუთრება, როგორც ხალხის საერთო საკუთრება. სადაც, უბრალოდ აკრძალული და დაუშვებელი იყო კერძო საკუთრების უფლება და შესაბამისად ბიზნესი! ცუდი იყო ეს თუ კარგი, ისტორიამ და დრომ უკვე განსაჯა და ამგვარი სოციალურ–პოლიტიკური ფორმაციის სახელმწიფო ისტორიის სანაგვეზე მოისროლა! ანუ, დრომ და ისტორიამ თავისი ყველაზე სამართლიანი განაჩენი გამოუტანა საბჭოთა კავშირს და იმ გლობალურ სოციალურ–ეკონომიკურ ავანტიურას, რისი განსახიერებაც იყო საბჭოთა კავშირი და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული უზარმაზარი სივრცე, სატელიტი ქვეყნების სახით!

 

საბჭოური ნოსტალგიით შებყრობილი მარგინალიზირებული პოლიტიკოსები დღემდე ამტკიცებენ, რომ მათი სამშობლოს კრახი ინსპირირებული იყო მასონებისა და ლიბერალების მიერ, რომელთაც თურმე სათავეში თვით ანტიქრისტე ედგათ. მაგრამ, ყველაფერი გაცილებით მარტივია და მდგომარეობს იმაში, რომ ელემენტარულად კონკურენციის გლობალურმა პრინციპმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. საბჭოთა კავშირში კი, როგორც საყოველთაო დეფიციტის ქვეყანაში ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო კონკურენციაზე, პროდუქციისა და მომსახურეობის ხარისხზე. კონკურენციის პრინციპებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა პოსტინდუსტრიალურ პერიოდში. ხოლო, მეცნიერულ ტექნიკურმა პროგრესმა, განსაკუთრებით კომუნიკაციების სისტემებში ფაქტიურად შეუძლებელი გახადა იზოლაციური ეკონომიკური და საინფორმაციო სივრცის არსებობა. ასე, რომ „რკინის ფარდა“ გორბაჩოვმა კია არა, არამედ მეცნიერულ–ტექნიკურმა პროგრესმა ჩამოგლიჯა. და თუ ვინმე გააფთრებით ეძებს საბჭოეთის ნგრევაში დამნაშავეს, რათა ანგარიში გაუსწოროს მას, მაშინ მას მსხვერპლად ცივილიზაცია და მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესი აურჩევია.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უნდა შევთანხმდეთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძნელად მოსაძებნი იყო ის შრომითი რესურსები, რომლებიც შექმნილ რეალობაში მოახდენდა ადაპტირებას. ამისთვის მათ არც ცოდნა გააჩნდათ და არც უნარჩვევები, რომ კონკურენცია გაეწიათ დანარჩენი მსოფლიოს ბიზნეს სუბიექტებისათვის! ზუსტად ამითი იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ უმოკლეს პერიოდში ყოფილი საბჭოთა სივრცის სამომხმარებლო ბაზარი მთლიანად შეივსო უცხოური საქონლით. ეხლა ბევრი ხვდება, რომ მაშინდელი უცხოური საქონელი ხარისხით ძალიან დაბალი იყო. მაგრამ, დაფიქრდით რაოდენ კატასტროფული ყოფილა საბჭოთა წარმოების პროდუქციის ხარისხი, რომ ის მდარი ხარისხის უცხოურმა საქონელმა განდევნა საკუთარივე ბაზრიდან!? აღნიშნულიდან გამომდინარე, ამუშავდა ბიზნესის მთავარი პრინციპი – თუ, არ შეგიძლია აქტივების მართვა და შენარჩუნება კონკურენტუნარიან სივრცეში, მაშინ უნდა გაყიდო მაქსიმალურად მაღალ ფასში. ამიტომაც მოხდა, რომ მთელი სამრეწველო პოტენციალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაკონკურენტუნარიანი და კატასტროფულად არაეფექტური იყო, მთლიანად განიავდა და გაიყიდა. თან, ფაქტიურად კაპიკებში. რამე, თუ არც ეფექტურად ვაჭრობის უნარჩვევები და ცოდნა გააჩნდა პოსტსაბჭოთა პერიოდის მოქალაქეს და დამწყებ ბიზნესმენებს. ანუ, „ჰომო სოვეტიკუსი“ აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი არსება აღმოჩნდა ღია, გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში! ისეთივე, როგორიც დინოზავრები, დედამიწაზე კლიმატის შეცვლის, ანუ საარსებო სივრცის შეცვლის შემდეგ. და თუ, რაიმემ ასე მასშტაბურად გადაარჩინა „ჰომო სოვეტიკუსი“ როგორც სოციალური ჯგუფი, ეს იყო ისევ და ისევ მათთვის აუტანელი და მტრად შერაცხული „დასავლეთი“. ფაქტუირად, შიმშილით, რომ არ ამოწყდა მთელი ყოფილი საბჭოთა საზოგადოება, ეს უპირველეს ყოვლისა დასავლეთური ქვეყნების თანამეგობრობის დამსახურებაა.

 

თუ, კარგად გავაანალიზებთ ამ გარდამავალ კრიზისულ სიტუაციაში გარკვეული სოციალური ფენების სწრაფი გამდიდრების პროცესს, მაშინ მივიღებთ შემდეგ სურათს:

 

კაპიტალის პირველადი მოხვეჭა და არათანაბარი გადანაწილება ძირითადად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა ვითარება, როდესაც ძალადობა იქცა ეფექტურ ინსტრუმენტად. ეს იყო მთავარი ფაქტორი, რითიც განსხვავდებოდა ცივილიზებული სამყარო, პოსტსაბჭოთა სივრცისგან მეტ–ნაკლებად უკვე გახსნილ, გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში. სწორედ ეს მთავარი გარემოება განაპირობებდა იმას, რომ ეკონომიკის ევოლუციური, კონკურენტული განვითარების ნაცვლად კაპიტალისა და წარმოების საშუალებების შემდგომ გადანაწილებაში „ჰომო სოვეტიკუსმა“ პრიორიტეტი მიანიჭა ძალადობრივ ინსტრუმენტებს. და ეს გარემოება დღემდე აქტუალურია პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ბალტიის ქვეყნებისა და იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოკლებით, რომლებიც ევროკავშირის წევრები გახდნენ! ევროკავშირი კი ზუსტად ის სივრცეა სადაც ძალადობა არაეფექტურია, როგორც სოციალურ–ეკონომიკური ინსტრუმენტი! შესაბამისად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური განვითარება დაექვემდებარა არა ევოლუციურ, კონკურენციაზე დაფუძნებულ მაკროეკონომიკურ პროცესებსა და ინსტრუმენტებს. არამედ, ძალადობრივ პრინციპებზე აგებულ მექანიზმებს. რომლის შედეგი და პროდუქტიც გახდა ოლიგარქია და მმართველობის ოლიგარქიული სისტემა! ეს მოცემულობა თავისებური ტესტიცაა: თუ ქვეყანაში, ან ეკონომიურ სივრცეში არსებობს ოლიგარქთა სოციალური ჯგუფი და ის კომფორტულად გრძნობს თავს, ანუ ფინანსურად სულ უფრო ძლიერდებდა, ესეიგი ეს სივრცე დამყარებულია ძალადობრივ ინსტრუმენტებზე და ამ სივრცეში ეფექტურია ძალადობა! ასეთ ეკონომიკურ სივრცეში ეფემერული ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა განპირობებულია მხოლოდ ოლიგარქიული სოციალური ჯგუფის ხელში არსებული აქტივების ზრდით და არა საყოველთაო მატერიალური კეთილდღეობით. ზუსტად ეკონომიკის ასეთ მოდელებშია უსასრულოდ დიდი სხვაობა მდიდრებისა და ღარიბების მატერიალურ მდგომარეობას შორის. ასეთი სურათია რუსეთში, შუა აზიისა და ცენტრალური ამერიკის ბევრ ქვეყანაშიც. აღარაფერს ვამბობ აფრიკის ქვეყნებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ამგვარ ეკონომიკურ სივრცეში სრულად არის მოშლილი ეკონომიკის ჯანსაღი და ევოლუციური განვითარების პროცესი, რომელიც მთლიანად ეფუძნება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს! როდესაც ვახსენებ ჯანსაღ კონკურენციას, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ეკონომიკურ პროცესებს. საზოგადოება და ეკონომიკა ვერ განვითარდება და ვერ შექმნის ვერაფერს ღირებულს, თუ ეს კონკურენციის მთავარი მამოძრავებელი პრინციპები არ ბატონობს განათლებაში, ხელოვნებაში და ნებისმიერ სხვა სოციალურ სეგმენტში! და პირველ რიგში, თუ ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი არ ბატონობს სასამართლოში, ბრალდებისა და დაცვის მახარეების დაპირისპირებისას! ყოველივე ამის უზრუნველყოფა არის მთავრობის უმთავრესი და სტრატეგიული ამოცანა. ზუსტად ამ პოსტულატებს ეფუძნება თავისუფალი, კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, რომელსაც ზოგადად ლიბერალური ეკონომიკის სახელით მოიხსენიებენ!

 

ლიბერალური ეკონომიკის მოდელს და მის იმპლემენტაციას დაუბრუნდებით მოგვიანებით. ახლა კი, პირველ რიგში ადეკვატურად და პრაგმატულად შევაფასოთ ის მოცემულობა რომელშიც დღევანდელ დღეს იმყოფება საქართველოს ეკონომიკა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი, რომელშიც სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, უპირატესი ტემპებით მკვიდრდება დემოკრატია. რომელიც, თავის მხრივ წარმოშობს და ნერგავს კონკურეციის პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ მოდელს! შეუძლებელია დემოკრატიულ ქვეყანაში დამყარდეს ოლიგარქიული ეკონომიკა. ამისათვის საჭიროა ჯერ დემოკრატიის დანგრევა და ავტორიტარული ან დიქტატორული მმართველობის შემოღება. აი აქ, კი სერიოზული პრობლემები გვაქვს. თუმცა მე მაინც მჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობა საბოლოოდ გაიმარჯვებს საქართველოში და ავტოკრატიული მოდელი საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. ზოგადად არაფრის დრამატიზირება არ შეიძლება. ყველა დღევანდელმა მდგრადი დემოკრატიის ქვეყანამ გაიარა ეს გზა და თავის დროზე არაფრით არ იყვნენ ჩვენზე უკეთესები. უბრალოდ იმ ხალხმა გამოავლინა ურყევი პოლიტიკური ნება და ისტორიული სიბრძნე.

 

ესეიგი, დაუბრუნდეთ იმ მოცემულობას რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა. კერძოდ, კი ისეთ მაკროეკონომიკურ ასპექტს, როგორიცაა ქვეყნის შრომითი რესურსები:

 

პირველ რიგში განსახილველია ის მენტალური დაპირისპირება, რომელიც ხლეჩს და აპირისპირებს საქართველოს საზოგადოებას. ერთის მხრივ ეს არის საბჭოთა თაობა, რომელიც შეცვლილი საარსებო გარემოს გამო ვერღარ ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და მწვავედ უპირისპირდება ახალგაზრდა თაობას, რომელიც უკვე შეცვლილ რეალობაში დაიბადა და ამ რეალობის შესაბამისი უნარჩვევები და მოთხოვნილებები გააჩნია! უტრირება, რომ მოვახდინოთ ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: „ჰომო სოვეტიკუსს“ რეალურად მონაკოსა და ნიცის პლიაჟები ურჩევნია სოჩისა და ანაპის პლიაჟებს. მაგრამ, ვერც სოჩაში წასასვლელ ფულს შოულობს და ვერც მონაკოში წასასვლელს. ამიტომ, მას იმ დროში და იმ სივრცეში დაბრუნება უნდა როცა სოჩის ბულვარში მიაბიჯებდა ამაყად და თითზე ჟიგულის გასაღებს აბზრიალებდა. „ჰომო სოვეტიკუსს“ რაღათქმაუნდა მერსედესი ურჩევნია ვოლგას, მაგრამ მათ უმრავლესობას მანქანის კი არა, მანქანაში ჩასასხმელი ბენზინის ფულიც არა აქვს. და მათი მხრიდან ისმება ლეგიტიმური კითხვა: რატომ? იმიტომ, რომ არც მათი პროფესიული განათლების დონე და რაც უფრო მთავარია, არც მათი უნარჩვევები არ პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს. მათთვის დრო ფაქტიურად გაჩერდა, როცა საბჭოეთი დაინგრა! გაჩერდა იმიტომ, რომ მათმა არაადეკვატურმა უნარჩვევებმა არ აღძრეს ამ პიროვნებებში იმის სურვილი, რომ მოეხდინათ საკუთარი შესაძლებლობების, კვალიფიკაციის, უნარჩვევების ადეკვატური ტრანსფორმირება და ახალი სოციალურ–ეკონომიკური რეალობის მიმართ ადაპტირება. წარმატებას მიაღწიეს მხოლოდ იმათ ვინც აღნიშნულს წარმატებით გაართვა თავი.

 

ყოველივე ზემოთღნიშნულიდან გამომდინარე ვიღებთ მოცემულობას, რომ ქვეყნის შრომითი რესურსების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ეს კი, უდიდესი, თუ არა მთავარი პრობლემაა ქვეყნის ეკონომიკის მოკლევადიან პერსპექტივაში მაღალი ტემპებით განვითარებისთვის. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობაც სავალალოა. ანუ, ქვეყანაში ისედაც დაბალია შრომის უნარიანობის ასაკის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა. რომელსაც განსაკუთრებულად ამძიმებს ის გარემოება, რომ შრომისუნარიანთა რიცხვში ძალიან მაღალია არაკვალიფიცირებული და არასათანადო უნარჩვევების მქონე მოქალაქეთა რიცხვი. ანუ, ძალიან დაბალია მატერიალური დოვლათის რეალურად შემქმნელი მოქალაქეების რიცხვი.

 

ზუსტად აღნიშნული გარემოებიდან დგება დილემა, თუ რის ხარჯზე გადავჭრათ არსებული პრობლემა? არის სამი გზა:

 

1. არსებული შრომითი რესურსების კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარჩვევების მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით ამაღლება და ტრანსფორმირება;

 

2. უცხოეთიდან ფორსირებული ტემპებით, კვალიფიცირებული და სათანადო უნარჩვევების მქონე შრომითი რესურსების მოზიდვა;

 

3. კონბინირებული გზა. ანუ, ორივე ზემოთ ხსენებული მიმართულებების ოპტიმალური სინთეზი.

 

არჩევანი და აქცენტები მთავრობის გასაკეთებელია. თუმცა, სამწუხაროდ ჯერ ისეთი მთავრობაა ასარჩევი, რომელსაც სძალუძს სწორი არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ დღევანდელმა მთავრობამ თვითონ არ იცის რა უნდა და როგორი თანმიმდევრულობით განალაგოს აქცენტები მაკროეკონომიკული გადაწყვეტილებების მიღებისას.

 

შემდეგი თემა რომელსაც საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება არის ქვეყანაში არსებული წარმოების საშუალებებისა და მომსახურეობის დონის ადეკვატური, რეალური ანალიზი. სურათი კი შემდეგია:

 

ზოგადი ტექნოლოგიური ჩამორჩენის ფონზე, რაც თანამედროვე ეკონომიკაში მთავარი მაკროეკონომიკური ფაქტორია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იწვევს ის გარემოება, რომ მეტ–ნაკლებად თანამედროვე წარმოების საშუალებები თავმოყრილია მსხვილი ბიზნესის მცირე სეგმენტში. ანუ, საშუალო და მცირე ბიზნესი ფაქტიურად „ქვის ხანაშია“ მოქცეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადიკალური მაკროეკონომიკური ცვლილებებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმოების საშუალებების მასიური მოდერნიზაცია. ამას კი ფინანსური სახსრების გარდა შრომითი რესურსების კვალიფიკაციის დონის კარდინალური ამაღლება ესაჭიროება. ასე, რომ, პრობლემათა სეგმენტები მნიშვნელოვანწილად ურთიერთ გადახლართულია და მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. არასათანადო კვალიფიკაციის ქირურგს ჩვეულებრივ სკალპელს თუ ლაზერულით შეუცვლი, შეიძლება პაციენტი დაღუპოს.

 

წარმოების საშუალებების მოდერნიზაციას და თანამედროვე დონეზე აყვანას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ფაქტიურად, რადიკალური რეფორმებია გასატარებელი საზოგადოებრივ–ეკონომიკური ცხოვრების ნებისმიერ სეგმენტში. ასე, რომ ეფექტური მთავრობის მთავარი პოსტულატი ყოველთვის უნდა იყოს – რეფორმები, რეფორმები და კიდევ ერთხელ რეფორმები. რეფორმებს მხოლოდ დასაწყისი აქვს. რეფორმებს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს დასასრული. იგი მხოლოდ ეტაპებად შეიძლება იყოფოდეს და ყოველი ეტაპის დასრულებისთანავე უნდა იწყებოდეს რეფორმების ახალი ეტაპი. ეს მუხტი, კი საერთოდ ჩამკვდარია დღევანდელ მთავრობაში. მოსვლისთანავე, ახალმა მთავრობამ მცნება რეფორმები მყისიერად ჩაანაცვლა აბსოლუტურად გაურკვეველი სიტყვით – „გადალაგება“! შედეგებმაც არ დააყოვნა და „გადალაგება“ დღევანდელი ფინანსურ–ეკონომიკური კრიზისის წინა პირობად გადაიქცა!

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამ საქართველო უზარმაზარი ბაზრის ნაწილად გადააქცია. მაგრამ, არსებული წარმოების საშუალებებისა და არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების პირობებში ევროპული ბაზრის გახსნა ნაკლები დივიდენდების მომტანია საქართველოს ეკონომიკისათვის! ამ პირობებში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება რაიმე ღირებული პროდუქტის შეთავაზება ევროპელი მომხმარებლისთვის.

 

აღნიშნული საკითხის ჭრილში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს მთავრობის გაუაზრებელი და ნაკლებად ეფექტური ღონისძიებების თემა სოფლის მეურნეობის სტიმულირების საკითხში. ზოგადად სოფლის მეურნეობა არ შეიძლება გადაიქცეს ქვეყნის ეკონომიკის წამყვან დარგად. ეს უბრალოდ შეუძლებელია თანამედროვე ეკონომიკაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვყანაში ფაქტიურად არ არსებობს მსხვილი აგროკომპლექსები. მსხვილი აგროკომპლექსების შექმნა ან ქვეყანაში შემოსვლა მიწის კანონის შეცვლის გარეშე კი შეუძლებელია. ფაქტიურად, მთავრობა უზარმაზარ საბიუჯეტო სახსრებს არაეფექტურად ხარჯავს იმაში, რომ სოფლის მეურნეობა დაარქვა ქვეყნის „ბოსტანიზაციას“ და სოფლის მაცხოვრებლებს ფულს უხდის, რომ ხალისიანად იფუსფუსონ საკუთარ ბოსტნებში და ყანებში. ხოლო, შემდეგ ხალისიანად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და ხალისიანად მისცენ ხმა „მაღარიჩის“ სახით. რაც, ვერაფრით ვერ აამაღლებს შიდა წარმოებას და ვერ ჩაანაცვლებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის უსაშველოდ მაღალ წილს. უნდა გვესმოდეს, რომ ძროხა და ღორი ისეთივე წარმოების საშუალებაა, როგორც ჩარხი, დაზგა, კომპიუტერი და ნებისმიერი სხვა სამრეწველო ინსტრუმენტი. შესაბამისად, თუ არ მოხდა არსებული ჯიშების მასიურად ჩანაცვლება თანამედროვე, მაღალწარმადობის მქონე, მაღალრენტაბელური სასაქონლე ჯიშებით, ქართულ მესაქონლეობას მომავალი არა აქვს. ამიტომ, სოფლის მეურნეობაში გადაყრილი უზარმაზარი საბიუჯეტო სახსრები ფაქტიურად დანაშაულებრივად და არაეფექტურად არის განიავებული. და არა მგონია, მოხნული მიწების რაოდენობით აპელირებამ უშველოს ქართულ ეკონომიკას. რა აზრი აქვს იმ მოხნულ მიწაში დათესვას და მოსავლის მოყვანას, თუ იგივე დანახარჯებით იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყიდვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს?!

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულებიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმოების საშუალებების მოდერნიზაცია და თანამედროვნე მოთხოვნების მქონე წარმოების საშუალებებით ჩანაცვლება.

 

მოცემული თემების განხილვით მივადექით მაკროეკონომიკურ საკითხებში ერთ–ერთ ყველაზე მთავარ ინსტრუმენტს, რომელიცაა ფინანსური რესურსები და მათთან წვდომის სიმარტივე! ფინანსური რესურსები ნებისმიერი ეკონომიკის სისხლია. ხოლო, ფინანსური ინსტიტუტები და ფულად–საკრედიტო ინფრასტრუქტურა ეკონომიკის სისხლ–ძარღვთა სისტემა. რაც უფრო ჯანსაღი და ჯანმრთელია ეს სისტემა ქვეყანაში, მით უფრო ჯანმრთელია ქვეყნის ეკონომიკა. ოღონდ, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკის სხვა სეგმენტები, როგორც ერთიანი ორგანიზმის ცალკეული ორგანოები თავისმხრივ დაავადებული ან ატროფირებული არ არის.

 

საქართველოში შექმნილი სავალუტო კრიზისიც ამ ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები მნიშვნელოვნად ცდება აღნიშნული თემის ფარგლებს და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება. აღნიშნული თემა ძალიან დიდია და ბევრი ექსპერტისთვისაც კი, უკიდეგანოდ გამოიყურება. ამიტომ, უპრიანი იქნება ძირითად ასპექტებზე გადავიტანოთ აქცენტები.

 

ეკონომიკისთვის ძალიან მინიშვნელოვანია ფინანსური რესურსების სიიაფე და მათთან წვდომის სიმარტივე. რაც უფრო მდგრადია და სტაბილური ქვეყნის ეკონომიკა, რაც უფრო ნაკლებია ფინანსურ–ეკონომიკური რისკები ქვეყანაში, მით უფრო იაფდება ეკონომიკაში, ბიზნესში მიმართული ფინანსური რესურსები. ფულის სიიაფის ერთ–ერთი მთავარი პარამეტრი და მაკროეკონომიკური ინსტრუმენტია ეროვნული ბანკის რეფინანსირების მაჩვენებელი კომერციული ბანკებისათვის. რიგი წარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ერთი პროცენტის ფარგლებშიც კი ფიქსირდება, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. თუმცა, უპირატესად ეს მაინც კონიუნქტურული მაჩვენებელია და ქვეყნის ეკონომიკაში უდიდეს როლს ასრულებს უცხოური ინვესტიციების მზარდი მაჩვენებელი და მათი სიიაფე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართულ რეალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ფულის სიიაფეს, არამედ მასთან ბიზნესის მასიურ წვდომას. ანუ, დღეს ფინანსურ აქტივებთან მარტივი წვდომა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვისაა და ამას ობიექტურ–სუბიექტური პირობები აქვს. მცირე და საშუალო ბიზნესი კი ფინანსური დეფიციტის, უკმარისობის ვითარებაში იმყოფება. ანუ, მცირე და საშუალო ბიზნესი უსისხლოდაა დარჩენილი. სიტუაციის გამოსწორებისა და რადიკალური გარდატეხისათვის უპირველესყოვლისა აღნიშნული პრობლემების გამომწვევ პირობებს უნდა ჩავწვდეთ. უპირველეს ყოვლისა პრობლემები ზემოთ განხილული თემების სიბრტყეშია მოთავსებული. რის გამოც ინვესტორებისა და კრედიტორებისათვის მაქსიმალურად არის გაზრდილი ფინანსური რისკები და ხშირ შემთხვევაში ფულის ღირებულების გაზრდის ნაცვლად საერთოდ აჩერებენ დაფინანსებისა და ინვესტირების პროცესს. თუმცა, ყველაფერთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივების კაპიტალიზაციის უსაშველოდ დაბალ დონეს. ფაქტიურად ეს დონე არალიკვიდურობის მიჯნაზეა. აი აქ თუ არ მოხდა გარდატეხა, მაშინ ძალიან ძნელი იქნება ზოგად წარმატებებზე საუბარი. აღნიშნულ საკითხში კი სახელმწიფოს სძალუძს დადებითი როლის შესრულება პირდაპირი მექანიზმებით. აღნიშნულის მარტივი და ნათელი მაგალითია, თუნდაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეგრედწოდებული „ფასადური მშენებლობები“. ანუ, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მოდით ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე გაუსწოროთ თვალი რეალობას და მაგალითისთვის განვიხილოთ ქალაქ სიღნაღის ინფრასტრუქტურული და სოციალურ–კულტურული პროექტი. შევეცდები მაქსიმალურად მარტივად გადმოგცეთ ჩემი სათქმელი:

 

თუ, რეკონსტუქციამდე, ქ. სიღნაღის საშუალო სტატისტიკური მოქალაქის სახლი ღირდა 7–დან 10 ათას ამერიკული დოლარამდე, რეკონსტრუქციის შემდეგ მისი ლიკვიდურობის მაჩვენებელი ნახტომისებურად გაიზარდა და 60–70 ათასის ფარგლებში მოექცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი აქტივის მქონე მოქალაქეს მაქსიმალურად გაუიოლდა ბიზნესკრედიტებზე წვდომა, რომ მის კუთვნილ ფართში გაეხსნა რესტორანი, კაფე, ან რაიმე ტიპის სასურსათო ან ეთნოგრაფიული მაღაზია. სულაც აღარ იყო საჭირო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებაში ფულის გადაყრა და არაეფექტური სტიმულირების სხვა პროექტების განხორციელება. გამჭრიახმა, სათანადო ცოდნას და უნარჩვევების მქონე სიღნაღის რიგითმა მოქალაქემ თვითონ იზრუნა საკუთარ თავზე და საკუთარ ბიზნესზე.

 

როგორი იაფიც არ უნდა იყოს საკრედიტო რესურსები, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ მეწარმეს უფრო იაფი უნდა. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება არსებულ პირობებში ადაპტირება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. მთავარია, რომ ლიბერალურ ფასეულობებზე და პრინციპებზე აგებული ეკონომიკა ერთნაირ კონკურენტულ პირობებს უნდა ქმნიდეს ნებისმიერი მეწარმისთვის. ანუ, ვიღაცა სხვა, თუ გარკვეული გარემოებების გამო ჩემზე იაფ კრედიტს მიიღებს და ჩემზე იოლად ექნება წვდომა ამ საკრედიტო რესურსებზე ეს მე მაზარალებს და თავიდანვე წამგებიან პირობებში ჩამაყენებს. რაც საბოლოო ჯამში ფაქტიურად გარდაუვლად გამოიწვევს ჩემი ბიზნესის პრივილეგირებულის მხრიდან ჩაძირვას. შესაბამისად მე შეიძლება დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია. ამიტომ, ასე იოლად და თმენით ნუ უყურებთ, როდესაც ვიღაცას „ბლატების“ გამო ნიშნავენ სამსახურში. თუ, ვიღაცას ნაცნობობის გამო უქმნიან ბიზნესის წარმოების გაცილებით უკეთეს პირობებს ვიდრე თქვენ გაქვთ. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი ფაქტიურად ბიზნესს „გახევენ“, პირდაპირ ჯიბეში გიძვრებიან და თქვენს შვილებს მომავალს ართმევენ. ყველაფერი ურთიერთ გადაჯაჭვულია და თვითოეულმა ჩვენგანმა პრობლემების სათავე ჩვენს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციაში და პასუხისმგებლობის გრძნობაში უნდა ვეძებოთ.

 

მომიტეოს ყველა ეკონომიკურმა ექსპერტმა, რამე თუ შევეცადე რიგითი მოქალაქისთვის გასაგებ ენაზე გადმომეცა ჩემი აზრები. თუმცა, ერთ ჯერზე შეუძლებელია პრობლემათა მთელი სპექტრის მოცვა. ამიტომ, შევეცდები დრო და დრო უფრო დეტალურად და უფრო პროფესიონალურ ენაზე მოგეხმაროთ პრობლემათა არსში ჩაწვდომაში და გამოსავლის გზების ძიებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია