,,უსაფრთხოება” რუსულად და ქართველი სტალინები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-09-2013, 14:02 | კომენტარები | ნანახია - 2579

,,უსაფრთხოება” რუსულად და ქართველი სტალინებიმართა იამანიძე

 

პარადოქსია, რომ ცალკეულ დასავლურ სასწავლო ლიტერატურაში ე.წ. ,,ჰიბრიდულ რეჟიმებზე” საუბრისას საქართველო და რუსეთი გვერდი-გვერდ არიან მოხსენიებულნი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ წყაროების ავტორებმა ჩათვალეს, რომ ორივე ქვეყანა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ჰიბრიდად კვალიფიცირდება.
როდესაც გავაპროტესტე, დამამშვიდეს, ყველა სწავლული ასე როდი ფიქრობსო.
სამეცნიერო წრეებში ბევრი აზრის გამოთქმა შეიძლება. ყველაფერი მაინც იმდენჯერ გახდება სადაო, რამდენჯერაც ვინმე ამ თეორიებს წაიკითხავს.
მაგრამ ალბათ იმისათვის, რომ რუსეთს არ დავემსგავსოთ, უნდა ვიცნობდეთ რუსეთს და  საკუთარ თავსაც.

 

 რუსეთ-საქართველოს ერთობ რთულ ურთიერთობებზე სჯა-ბაასი წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა სამეცნიერო და ანალიტიკური წრეების დისკუსიის თემა. საქართველოს მისამართით რუსეთის პოლიტიკური ზრახვების შეფასებისას მეტწილად აქტუალურია მოსაზრება, რომ რუსეთი არ თმობს თავის პოსტ-იმპერიალისტურ ოცნებას ყოფილ საბჭოთა კავშირზე გავლენის აღსადგენად და ამ მხრივ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები მის პოლიტიკურ მიზნებთან შეუთავსებელია.

 

 რატომ არ იღებს ხელს რუსეთის ფედერაცია იმაზე, რასაც ცივი ომის დასასრულმა თითქოს ერთგვარი წერტილი დაუსვა? ამის ასახსნელად ნეორეალისტების თეორიაა პოპულარული. ამ თეორიის  თანახმად, საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოები, ისევე როგორც ბიზნეს კორპორაციები თავისი ძალაუფლების გაფართოებისთვის იბრძვიან,რადგან ძალაუფლების განვრცობის გარეშე კორპორაციები შესაძლოა ბაზრიდან გაქრნენ, ამავე მიმართულებით მიდიან სახელმწიფოებიც; შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე დიდი პოლიტიკური ძალების სტრატეგია მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებას ემყარება, რის გარეშეც ისინი დასუსტდებიან. ან უბრალოდ გაქრებიან.

საბოლოოდ ყოველი ასეთი დისკუსია ერთ მარტივ ფრაზამდე დაიყვანება - ,,Умом Россию не понять...”
მარტივი გამოსავალია.
და რაც მთავარია, ამით ერთგვარად თავს არიდებენ  რუსული პოლიტიკის სირთულისა და თავისებურებების ახსნას.

 

საკმარისია გადავხედოთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა და რუსეთის ბოლო ოცი წლის ისტორიას, რომ დავინახოთ რუსეთის პოლიტიკის სამი ძირითადი მიმართულება, რომელთა საშუალებითაც ის ამ ქვეყნებზე გავლენას ინარჩუნებს: სეპარატისტული კონფლიქტებით მანიპულირება, რუსული ბაზების განთავსება აღნიშნულ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე და ე.წ პასპორტიზაციის პოლიტიკა.

 

 2008 წლის აგვისტოსთვის საქართველოში ორი ბერკეტი მყარად ინარჩუნებდა ადგილს - ქვეყნის შიდა პოლიტიკა კვლავაც დაღდასმული იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის-სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმით. 2002 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთის კანონი მოქალაქეობის შესახებ ძალაში შევიდა, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად იღებდა რუსეთის პასპორტებს. რაც შეეხება რუსულ ბაზებს, მართალია, ქართულმა დიპლომატიამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოახერხა სამი რუსული ბაზის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, მაგრამ გუდაუთის სამხედრო ბაზა აფხაზეთში ერთგვარი ნაღმი აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთს დამატებითი ზეწოლის საშუალება შესძინა.

 

რატომ ამოირჩია რუსეთმა საქართველო სამხედრო იერიშის მისატანად, როცა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც ჰქონდა ანალოგიური ზეწოლის საშუალებები, კარგადაა ცნობილი.
შედეგად 2008 წლის აგვისტოს ვიწვნიეთ ის, რაც ზოგისთვის პირადი ტრაგედიაა, ზოგისთვის კი საბაბი ,,ხელახალი გამოძიების” წარმართვისათვის.
ამგვარად, საქართველოს სცენარი რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში ინტერპრეტირდა არა მხოლოდ  ნატო-ს გაფართოების შეჩერებად, არამედ ამით მან ერთგვარი ილუსტრირება მოახდინა იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოთ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ გახედვას გაბედავენ.   ამგვარმა პოლიტიკამ უკვე გამოიღო შედეგი უკრაინაში,  მან უარი თქვა ნატო-ზე.

 

წლების მანძილზე რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. ნატო-ს გაფართოებისთვის ხელის შეშლის გარდა, რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოებითაც არანაკლებადაა დაინტერესებული.
თუმცა უსაფრთხოებას რუსეთის პოლიტიკურ ლექსიკონში ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობისგან განსხვავებით სხვა დატვირთვა აქვს.
მანამ, სანამ სამხრეთ კავკასია შიდა-პოლიტიკური პრობლებით იქნება დაკავებული და ნატო-ს მოახლოებაც შორეული პერსპექტივაა, რუსეთი იოლად შეძლებს სამხრეთ კავკასიით ლავირებას. რეალურად, სუსტი რეგიონი სამხრეთით უფრო მსუყე ნიადაგს ქმნის დესტაბილიზაციისთვის ჩრდილოეთში, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად მიესადაგება რუსეთის პოლიტიკურ სტრატეგიას ძლიერი ჩრდილოეთ კავკასია, რომლის სეპარატიზმიც ოფიციალური მოსკოვისათვის ჯერ კიდევ თავსატეხია. ამ მხრივ, ის ანტი-ტერორისტული კამპანია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთით ეწევა, არა მხოლოდ მის პირდაპირ მიზანს ამართლებს, არამედ ერთგვარი ბერკეტია რეგიონის კონტროლისათვის.
ძალაუფლების ამგვარი ცენტრალიზაცია არის უსაფრთხოების სწორედ ის ვარიაცია, რომელსაც რუსეთი მდორედ, მაგრამ ჯერ კიდევ წარმართავს ზოგადად . არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

 

უსაფრთხოების ამგვარი გაგება სათავეს იღებს თავად რუსეთის შიდა პოლიტიკური თავისებურებისგან.
რუსეთი ძალიან დიდია.
ცენტრალიზაციის გარეშე მას ვერ წარმოუდგენია  შიდა პოლიტიკის წარმართვა. დემოკრატიზაციის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტ ელცინის მმართველოს დროს კრახით დასრულდა.
ქვეყანა არა მხოლოდ დეფოლტის ზღვართან მივიდა, არამედ შიდა დაპირისპირების შედეგად  წელში გადატყდა. ,,დემოკრატიის ილუზიამ” კი აღნიშნული მმართველობისადმი შიში დაამკვიდრა არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, არამედ თავად რუს ხალხშიც . რუსი ხალხისთვის დემოკრატია დღესაც ქაოსთან, ეკონომიკურ სიდუხჭირესთან და სისუსტესთან ასოცირდება. ძალაუფლებასთან შეჩვეული ერისთვის კი ეს არცთუ ისე მომხიბვლელი მმართველობითი სისტემაა.
გამოსავალი რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ ძალაუფლების ცენტრალიზაციაში მოძებნა.
სწორედ ამ ცენტრიდან წარმართავს რუსეთი თავის პოლიტიკას პერიფერიებზე.
ამგვარი ,,პერიფერიები” კი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მისი საზღვრების გარეთ, ყოფილი იმპერიის დასალიერებამდე მიდის.

 

ასეთ ვითარებაში ბევრს აწუხებს შეკითხვა - რატომ არ ჯანყდება რუსი ხალხი?
მართალია, უკვე ვიხილეთ ათეულობით ათასი დემონსტრანტის საპროტესტო მარში მანეჟის მოედანზე და სხვადასხვა უფლებადამცველთა მხარდაჭერა უკანონოდ დაკავებული საზოგადოებრივი აქტორებისადმი, მაგრამ არავის აქვს ილუზია, რომ დემოკრატიამ რუსეთში კვირტები გამოიღო, ან კრემლის კარზე რევოლუციის კაკუნი გაისმა.

 

ეს იმიტომ, რომ რუს ხალხს არც რევოლუციის სუნი დავიწყებია და რევოლუციის გემოც, დემოკრატიული მმართველობის არ იყოს, არანაკლებ ქაოსთან და უბედურებასთან ასოცირდება. ოქტომბრის რევოლუცია და სტალინის აღზევების შემდეგ განხორციელებული მასობრივი რეპრესიები დღემდე მტკივნეული გასახსენებელია მათთვის, ვინც მოახერხა და ფალსიფიცირებული ისტორიის ფურცლებს თავი დააღწია.
სტალინის მიერ ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში რუსული საზოგადოების მრავალმა ჯგუფმა გაიღო ხარკი, რაც არა მხოლოდ კონკურენტი ბოლშევიკების ჩამოცილებაში, არამედ უბრალო ხალხის უმიზნო ხოცვა-ჟლეტვაში გამოიხატა.

 

სწორედ ამიტომ, დღემდე რუსეთის მოსახლეობას ნებაყოფლობითი მორჩილება ურჩევნია სახალხო ბუნტს.
ნაწილობრივ იმიტომ, რომ ილუზიური სტაბილურობა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა მოიტანა, თვალს ახუჭვინებს მათ ადამიანის უფლებათა იმ მასობრივ დარღვევებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში დღემდე მძვინვარებს.

 

 გასაკვირი არაა, რომ შედეგად რიგითი რუსი ხმას არ იღებს თავისი თანამოქალაქის უფლების შელახვაზე და არც სურვილი უჩნდება ხელისუფლებას წინ აღუდგეს.
ეჭვს გარეშეა ისიც, რომ რუსეთი მაშინ გახდება დემოკრატიული სახელმწიფო, როცა თავად რუსი ხალხი მოინდომებს ამას.
მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია.
მანამდე კი რუსეთის პერიფერიებზე სიწყნარეა და ცენტრი აუღელვებლად აგრძელებს პოლიტიკის განხორციელებას. და რადგან ამგვარი პოლიტიკა რუსეთის შიგნით ამართლებს, იგივე ხორციელდება მის საზღვრებს გარეთ.
მართალია პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ,,ბუნტს” ადგილი აქვს, რაც საქართველოს შემთვევაში ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში გამოიხატა, მაგრამ რუსულ გაკვეთილებს ჩვენთანაც ჰქონდა ადგილი. ყველაფერი ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ მართალია ცივი ომი კარგა ხნის წინ დასრულდა, მაგრამ რუსეთი ვერ ეგუება ამ ომში წაგებას. შედეგად, მას სხვა ომები აქვს, ზოგჯერ სამხედრო, ზოგჯერ პოლიტიკური.

 

ომის თეორიაზე არა ერთი მოსაზრება არსებობს.
ყველაზე გავრცელებული კლაუსევიჩის თეორიაა, რომლის თანახმად მოწინააღმდეგე შენს დამარცხებას მანამდე ვერ შეძლებს, სანამ არ გატეხავს შენს ე.წ ,,გრავიტაციის წერტილს.”
2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ მეგონა, სტალინის ძეგლის აღდგენა თუ კვლავ აქტუალური გახდებოდა საქართველოში.
ამასთან დაკავშირებით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, სადაც ავტორი ქართველ ხალხში სტალინის კულტის მნიშვნელობაზე აკეთებდა აქცენტს.
მისი აზრით, ქართველბს ჩვენ თვითონვე გვაქვს ჩვენივე თავის კულტი.
და შეიძლება ბევრი არ ამართლებს სტალინის პოლიტიკას, მაგრამ მაინც ეამაყება, რომ ის ქართველი იყო.

 

არაფერია გასაკვირი მათ განცხადებებში, ვინც მიიჩნევს, რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოთი არ დასრულებულა.
მეც ასე მგონია, რომ ომი დღემდე გრძელდება, მაგრამ არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.
გაგვტეხეს კი?
ალბათ მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ შევეგუებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ,,დაკარგულ ტერიტორიებად” მოხსენიებას, მანამდე ვერ გატყდება ჩვენში ,,გრავიტაციის წერტილი.”

ამისათვის არ უნდა დავემსგავსოთ ე.წ ,,ჰიბრიდულ რუსეთს.” (ჰიბრიდია კი?)
ამიტომ, როგორც უკვე ვახსენე, უნდა ვიცნობდეთ რუსეთს და უნდა ვიცნობდეთ საკუთარ თავს.
არ ვიცი რამდენად კარგად ვიცნობთ რუსეთს.
 საკუთარ თავს კი ვიცნობთ?

 

შეიძლება საქართველო არ ჰგავს რუსეთს.
მაგრამ დასავლური სამეცნიერო წრეები ალბათ, კიდევ დიდხანს გააგრძელებენ  ჩვენი და რუსეთის ერთ ჰიბრიდში მოხსენიებას.
ალბათ, არ გვესიამოვნება, მაგრამ სავარაუდოდ შუბლის შეჭმუხვნის იქით ვერ წავალთ.
ასე იქნება მანამ, სანამ არ გავიზრდებით და თავად ჩვენ არ გავიაზრებთ, რას ნიშნავს დემოკრატია.
ასე იქნება მანამ, სანამ სტალინი არ ჩამოკვარცხლბეკდება საქართველოში.
და ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენივე თავებში არ დავამარცხებთ პატარა სტალინს - ჩვენსავე კულტს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია