ფრანსუა ოლანდი და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-04-2015, 22:09 | პოლიტიკა | ნანახია - 1636

ფრანსუა ოლანდი და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

 

შალვა ძიძიგური

 

2 მარტს, ნატო-ს გენერალურ მდივან იენსსტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ამეტაპზე, მისი ქვეყანა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგია. როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთის პრეზიდენტის ამ მოსაზრებამ ორგვარი რეაქცია გამოიწვია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის მსურველ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი მონტენეგროსა და საქართველოში

 

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის მილო დიუკანოვიჩის შეფასებით, აღნიშნული განცხადება, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე ევროპის  რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესების აცილებისს ურვილით იყო ნაკარნახევი, თუმცა მთავრობის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ აუცილებლად მოითხოვდა ოფიციალური პარიზისგან დამატებითი განმარტებების გაკეთებას. მონტენეგროს „ახალი სერბული დემოკრატიული პარტია“ კი, რომელიც ქვეყნის სერბული უმცირესობების ინტერესებს გამოხატავს (სერბები მონტენეგროს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ), სიხარულით შეხვდა ოლანდის უარყოფით პოზიციას ალიანსის მომავალ გაფართოებაზე. პარტიის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს განცხადება ხელს შეუწყობს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, რომლის წინააღმდეგ მონტენეგროს მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც გამოდის.

 

სულ მცირე, ნიშნის მოგებით აღნიშნეს ქართველმა ანტი-ნატოელმა პოლიტიკოსებმა ოლანდის ეს განცხადება, როგორც სახელისუფლებო კოალიციიდან (გოგი თოფაძე „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“), ასევე ოპოზიციური სპექტრიდან (ნინო ბურჯანაძე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“). ქართველი ანტი-ნატოელების პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ, შარშან, ბრიუსელში, ნატო-ს უელსის სამიტის წინ გაკეთებული განცხადება, როდესაც ბარაქ ობამამ მიანიშნა, რომ ალიანსი უახლოეს მომავალში არ განიხილავს უკრაინის და საქართველოს საკუთარ რიგებში ხილვას. ამას თან ერთვის გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ცნობილი თავშეკავებულობა იგივე საკითხზე.

 

ბუნებრივია, წამყვანი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისგან ნებისმიერი ამგვარი გზავნილი დადებითად არ აისახება ნატო-საქართველოს ინტეგრაციის პროცესებზე. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად იძლევა ეს იმედგაცრუების საბაბს იმ ქართველებისთვის, ვისაც ღრმად გვჯერა, რომ საქართველოს ფიზიკური გადარჩენისთვის და სრული უსაფრთხოებისთვის ნატო-ში გაწევრიანებას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

ნათელია, რომ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსების და ექსპერტების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი და შეშფოთების ძირითადი მიზეზი ყოველთვის იყო და არის ალიანსის გაფართოებით გამოწვეული ურთიერთობის მოსალოდნელი გაუარესება რუსეთთან და მასთან სამხედრო კონფრონტაციის საშიშროება. ეს შიში არცთუ უსაფუძვლოა, მით უფრო, როცა რუსეთი, თავისი იმპერიული ზრახვებით შეპყრობილი, დღესაც სახიფათოდ განაგრძობს ევროპაში ტერიტორიული საზღვრების სამხედრო ძალის მეშვეობით შეცვლას.

 

მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ უახლოეს ისტორიას, დავინახავთ, რომ ნატო-ს გაფართოების არცერთ საფეხურს, დაწყებული 1952 წელს საბერძნეთისა და თურქეთის მიღებით და დამთავრებული 2009 წელს ალბანეთისა და ხორვატიის ალიანსში გაწევრიანებით, არ ჩაუვლია რუსეთის (საბჭოთა კავშირის) განრისხების ან მუქარების გარეშე. მაგრამ, ამან ვერ შეანელა ევროპული ქვეყნების სწრაფვა გამხდარიყვნენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უკვე კარგად ნაცადი და წარმატებული სისტემის ნაწილი.

 

მაგალითად, კლინტონის ადმინისტრაციის წამყვანმა მოხელემ და ნატო-ს ცივი ომის შემდგომი ტრანსფორმაციის ერთ-ერთმა არქიტექტორმა, აწ გარდაცვლილმა, რონალდ ასმუსმა საკუთარ წიგნში „ნატოს კარის გაღება“ (Opening NATO’s Door) რეალურ ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობით დაწვრილებით და საინტერესოდ აღწერა ის საერთაშორისო განწყობა, რომელიც ჩეხეთის, უნგრეთის და პოლონეთის ნატო-ში შესვლას უძღოდა წინ 90-იანი წლების დასაწყისში.

 

ჩვენთვის ძალიან საინტერესო ამ მონათხრობიდან ის არის, რომ, სინამდვილეში, ალიანსის გაფართოების იდეა თავდაპირველად წამოვიდა არა ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან, ან დასავლეთ ევროპის სხვა რომელიმე დედაქალაქიდან, არამედ ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან. როგორც რონალდ ასმუსი იხსენებს, დიპლომატებად და სახელმწიფო მოხელეებად გარდაქმნილი ყოფილი დისიდენტები უნგრეთიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოხვედრას თავიანთი ქვეყნების საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ, დემოკრატიისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის ლოგიკურ დასასრულად მიიჩნევდნენ. საგულისხმოა რომ, როდესაც ვაცლავ ჰაველმა, იოჟეფ ანტალმა და ლეხ ვალესამ პირველად დაიწყეს საჯარო საუბარი ნატო-ში გაწევრიანების სურვილზე, ბევრმა დასავლეთში ისინი უიმედო რომანტიკოსებად შერაცხა და მათი ოცნებები კი დროის ფუჭად ხარჯვად მიიჩნია იმ დროს შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური გარემოების და მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ბევრს სწამდა, რომ ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ორბიტაზე მყოფი, ნატო-ს მოწინააღმდეგე სამხედრო ბანაკის წარმომადგენლებთან ოდნავი მიახლოებაც კი საომარი მოქმედებების პროვოცირებას მოახდენდა ბირთვულ რუსეთთან.

 

წინააღმდეგობების მიუხედავად, „რომანტიკოსებმა“ ფარ-ხმალი არ დაყარეს და აქტიური დიპლომატიის საშუალებით, ერთობლივად, მოახერხეს პირველ რიგში ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დარწმუნება, რომელმაც თავის მხრივ ალიანსის შიგნით ამერიკის პოლიტიკური და დიპლომატიური გავლენა გამოიყენა და აღმოსავლეთ ევროპელი დისიდენტების დიდი ხნის ოცნება საბოლოოდ აასრულა 1999 წლის გაზაფხულზე. გაფართოების შემდეგ საფეხურებზე, ჩეხეთს, უნგრეთს და პოლონეთს სხვა აღმოსავლეთ ევროპელი ქვეყნებიც მიყვნენ და შედეგად, ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე გაიშალა. მაშინ როცა, კრემლის მხრიდან ამ ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური მუქარები თუ შანტაჟი ოდნავადაც არ შენელებულა.

 

დღეს, მრავალი პარამეტრით, საქართველო უკვე აკმაყოფილების ალიანსის წევრობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. განსაკუთრებით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი დონე ერთმნიშვნელოვან დადებით შეფასებებს იმსახურებს ნატო-ს ქვეყნებისგან. უფრო მეტიც, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაურია, შარშან ბრიუსელში გამართულ ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები უკვე დიდი ხანია ნატოელი ჯარისკაცებივით მსახურობენ - “They already act as NATO soldiers”. ამის ნათელი დადასტურებაა ასეულის დონის ქვედანაყოფით საქართველოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მიღებული უმაღლესი შეფასებები.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს, დემოკრატიული სტანდარტების და შიდა ეკონომიკური დონის ასამაღლებლად, კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი, ნატო-სთან სამხედრო თავსებადობის მიღწევა უმნიშვნელოვანესი ფაქტია და უკვე დიდი ფორაა ალიანსში გასაწევრიანებლად. საგულისხმოა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიღებული ვერცერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ცივი ომის შემდგომ პერიოდში, სრულად ვერ აკმაყოფილებდა წევრობისთვის აუცილებელ სტანდარტებს. მაგალითად, იგივე ჩეხეთს, უნგრეთს და პოლონეთს დღემდე არ დაუსრულებია რეფორმების პროცესები საკუთარ შეირაღებულ ძალებში, რომელმაც ისინი სრულ თავსებადობაში უნდა მოიყვანოს ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის სამხედროებთან (ამ ქვეყნების თავდაცვის რეფორმებზე შესანიშნავი კვლევა აქვს ჩატარებული ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორს ზოლტან ბარანს საკუთარ წიგნში „ნატოს გაფართოების მომავალი: ოთხი სიტუაციური ანალიზი“ “The Future of NATO Expansion: Four Case Studies”).

 

საქართველოს შემთხვევაშიც ბევრი რამ საერთაშორისო კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ გადამწყვეტი როლი მაინც საქართველოს ხელისუფლების და მოქალაქეების აქტიურობამ უნდა ითამაშოს. ხელსაყრელი გარემოს შექმნაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არ უნდა დაველოდოთ თუ როდის დადგება ის თავისით!

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, განსაკუთრებით კი მისმა საგარეო პოლიტიკაზე და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე უწყებებმა, კიდევ უფრო გააქტიურონ პირდაპირი დიალოგი ნატო-ში საქართველოს მიღების მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან. ამავდროულად, ქართული მხარის ინიციატივით და ხელშეწყობით ხშირად უნდა მოეწყოს საერთაშორისო დონის კონფერენციები და ფორუმები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის ექსპერტები ე.წ. „აზრის შემქნელები“ (Opinion Makers) და მათთან ერთად გაიმართოს მსჯელობა, თუ რა მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე დგას საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა.

 

ამჟამად, ასეთ თემებზე დებატები ძირითადად ვაშინგტონსა და ბრიუსელში იმართება, რაც, ვთვლი, რომ საკმარისი არ არის. იგივე სახის დებატები უნდა გაიმართოს საფრანგეთისა და გერმანიის დედაქალაქებში ხშირი ინტენსივობით. საფრანგეთი და გერმანია ნატო-ს წამყვანი წევრები და, ამავე დროს, ამბიციური სახელმწიფოები არიან, რომლებიც ხშირად საკუთარ დედაქალაქებში გამოთქმულ მოსაზრებებს უფრო ითვალისწინებენ ვიდრე ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან მიღებულ მესიჯებს. დღესდღეობით, საქართველოს პოლიტიკური ელიტის და ექსპერტთა ჯგუფის დიდი ნაწილი მხოლოდ ინგლისურენოვან დისკუსიებში ახერხებს მონაწილეობას. სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელია ფრანკოფონი და გერმანულენოვანი სახელმწიფო მოხელეთა თუ ექსპერტთა რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ პარიზსა და ბერლინში გამართულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, მხოლოდ ფრაგმენტულად ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხების გაშუქება მაღალტირაჟიან გერმანულენოვან თუ ფრანგულენოვან ჟურნალ-გაზეთებში. არადა, რაოდენ საშურია ისეთი ანალიტიკური ან პუბლიცისტური სახის სტატიების ე.წ. Op-ed articles გამოქვეყნება, რომლებიცგასაგებად აუხსნიან საფრანგეთის თუ გერმანიის მრავალმილიონიან მოქალაქეს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების მიზაშეწონილობას.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია