„ამერიკული ოცნების“ საპირწონედ შემოგდებული „რუსული ოცნება“!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-04-2015, 12:36 | მსოფლიო | ნანახია - 2136

დავით ნებიერიძე

 

საქართველოში პოლიტიკური ვითარება 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად იძაბება. საყოველთაო საარჩევნო უფლება, კი დემოკრატიის ქვაკუთხედია! და თუ, ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო თანხმობა, რომ განუხრელად ვადგავართ მდგრადი დემოკრატიის შენების გზას, მაშინ ეს უფლება მთავარი პოლიტიკური აზიმუტი უნდა იყოს, როგორც ყოველი პოლიტიკური სუბიექტისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის! თუმცა, დემოკრატიული არჩევნების პრინციპი, მხოლოდ ნებისა და საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების დეკლარირება არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა წესებით და რა ინსტრუმენტებით მიიღწევა ეს უფლება. ამიტომ, დემოკრატია პირველ რიგში დემოკრატიული გარემოს შექმნა და საერთო დემოკრატიული ფასეულობების რეალიზებაა. შესაბამისად, ის მეთოდები და ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც თითოეულ მოქალაქეს არჩევანის გაკეთებამდე ვაძლევთ რეალობის შეფასების საშუალებას და ფასეულობებში გარკვევას, იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამწყვეტია ის ფაქტორი, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად გაერკვეს შექმნილ სოციალურ–პოლიტიკურ რეალობაში და მოახდინოს საკუთარი ფუნდამენტალური ფასეუნობების რევიზია. ძლიერი პიროვნება, ხომ მოაზროვნე ადამიანის სინონიმია. კრიტიკული აზროვნება კი, ყველაზე მოკლე გზაა ჭეშმარიტებისკენ!

 

ის მენტალური, სოციალურ–კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო უახლესი ისტორიიდან, განსაკუთრებულ სირთულეებს გვიქმნის დემოკრატიული და ცივილიზებული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე. ფაქტიურად, თითოეული ჩვენთაგანი ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისა და ბინძური მეთოდებით მოქმედი სააგიტაციო მანქანის ტყვეობაში ვართ. ამიტომ, როდესაც რაიმე თემის გარშემო ვკამათობთ, უმნიშვნელოვანესია შექმნილ მოცემულობებში დეტალურად გარკვევა. შესაბამისად, თემატურად მსჯელობა და კონკრეტული, რეალური ფაქტებით ოპერირება.

 

ჩემივე ფასეულობების ერთგული, რომ დავრჩე, ამისათვის თავზე არაფერს მოგახვევთ და აგიტატორად არ მოგევლინებით. არამედ, მხოლოდ ჩემს ხედვას გაგაცნობთ, შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით. ხოლო, თითოეულ თქვენგანს სრული უფლება აქვს დამეთანხმოს, ან კატეგორიულად უარყოს ჩემი შეფასებები. ეს არ არის ჩემთვის მთავარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითოეულ თქვენგანს გაგიაქტიუროთ კრიტიკული შეფასების უნარი. და თუ, თავს იმის უფლება მივეცი, რომ ჩემი ხედვები წარმომედგინა, იმის ვალდებულებაც გამაჩნია, რომ კრიტიკას თმენით შევხვდე და თუ, საჭიროდ ჩავთვალე მე თვითონ გადავაფასო საკუთარი ხედვა.

ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე „ქოცებისა“ და „ნაცების“ სამკვდრო სასიცოცხლო ურთიერთდაპირისპირებამ სერიოზული ნიჰილიზმის განცდა დათესა საზოგადოებაში. ნიჰილიზმი კი დემოკრატიული საზოგადოების უპირველესი მტერია, განსაკუთრებით მისი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე. „ნაცები“ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც ძალადობრივ რეჟიმად შერაცხეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობის პერიოდში საქართველომ სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე სერიოზული ნახტომი გააკეთა წინ. „ქოცები“ კი, მათი უუნარობისა და არაპროფესიონალიზმის გამო, თავის მხრივ იმედებისა და ოცნებების გაწბილების სიმბოლოდ გადაიქცნენ. ბოლო დროს, კი იგივე ძალადობრივი მმართველობის მეთოდებს იყენებენ, რომელსაც ძირითად დანაშაულად უყენებენ „ნაცებს“! აღნიშნულიდან გამომდინარე, რიგითი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ „საშველი არ არის“! და აი ამ დროს, უბინძურესი მეთოდებით, პოლიტიკურ ავანსცენაზე განსაკუთრებული აქტივობით, სულ უფრო მძლავრად შემოდის რუსული აგიტმანქანა. რომელსაც, საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი დახვდა საქართველოში თავისი მიზნების რეალიზებისათვის. ამიტომ, მთავარია საქართველოს მოქალაქეები განთავისუფლდნენ სტერეოტიპებისგან და კარგად გაიაზრონ, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე რუსეთისა და „რუსული სამყაროს“ შემოტევის სახით!

 

რუსული აგიტმანქანის უმთავრესი სტრატეგიაა, მაქსიმალურად დააშინოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც უშალო შეხება არ ქონია ევროპასთან და არ გაუსისხლხორცებია ევრო–ატლანტიკური ფასეულობების რეალური არსი 21–ე საუკუნის გლობალიზაციის ეპოქაში. ხომ გაგიგიათ ძველი ანდაზა: „შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ლხინსო!?“. ამ ანდაზაშივეა ჩადებული მონური მენტალიტეტის არსი და მრწამსი! ამავე დროს, კრემლის აგიტმანქანა ცდილობს წარმოაჩინოს დღევანდელი რუსეთი და „რუსული სამყარო“, როგორც ბედნიერების უალტერნატივო ნავსაყუდელი. ამისათვის, კი პირველ რიგში საბჭოთა ეპოქის თაობაში ფსევდო ნოსტალგიურ გრძნობებს აღვიძებს. ერთმორწმუნე ქვეყნის სტატუსით ოპერირებს და რაც კიდევ უფრო საშიშია, რუსეთთან ერთად ცხოვრებაში მატერიალური ფსევდო კეთილდღეობისა და სტაბილურობის განცდას ნერგავს! ზუსტად აქ არის სავალდებულო, რომ ყოველმა მოქალაქემ სიღრმისეულად შეაფასოს ამ ყველაფრის რეალობა და გულდასმით დაფიქრდეს, თუ რის ფასად დაუჯდება ქვეყანას და თითოეულ ჩვენთაგანს ამგვარი ცრურწმენის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩენა.

 

მოდით ცოტათი რუსეთის ისტორიის წიაღში ჩავიხედოთ, რომ აქცენტები თავიდანვე სწორედ გავანაწილოთ:

 

როდესაც სპარსულ-თურქული აგრესიული იმპერიალიზმის გარემოცვაში მოყოლილმა ქართულმა სამეფოებმა საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ შეაბრუნეს, მაშინ რუსეთი მნიშვნელოვანწილად, უკვე ევროპული სამყაროს ნაწილი იყო და უფრო მჭიდროდ იყო ინტეგრირებული იმდროინდელ ევროპულ სოციალურ–პოლიტიკურ ფასეულობებში, ვიდრე დაქუცმაცებული და გაპარტახებული ქართული სამეფოები. ამიტომ, რუსეთს, მაშინ პირველ რიგში იმ ხიდის ფუნქციები უნდა შეესრულებინა, რომელიც ქართველებს ევროპასთან დაგვაკავშირებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ თავად რუსეთის, როგორც სახელმწიფოსა და მაშინდელი გაგებით ევროპული ტიპის იმპერიის აღმავლობაც ზუსტად იმ დროიდან დაიწყო, როდესაც პეტრე დიდმა ფანჯარა გაჭრა ევროპაში და აზიარა რუსი ხალხი ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი იგივე მონღოლური ურდოს ტიპის სახელმწიფოდ დარჩებოდა, რასაც ის მანამდე წარმოადგენდა. უფრო მეტსაც ვიტყვი: წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეიძლება დღევანდელ დღეს საერთოდ არ ეარსება როგორც ერთიან სახელმწიფოს და არ განეცადა ის კულტურულ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რენესანსი რაც მან განიცადა პეტრე დიდიდან მოყოლებული ლენინამდე ეპოქაში. თუმცა იმპერია იმპერიაა და ყველა მაშინდელი კანონების შესაბამისად რუსეთმა უბრალოდ გადაგვყლაპა. ღვთის წყალობით ქართული გენი და თავისუფლების მოთხოვნილება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა ქართველების ასიმილირება და დღეს ჩვენ საკუთარი სახელმწიფო გაგვაჩნია. ამიტომაცაა დღეს განსაკუთრებით ძვირფასი დამოუკიდებლობის დაცვა სწორი არჩევანის გაკეთების გზით, რომ კიდევ ერთხელ არ ჩაგვყლაპოს რუსეთმა და „რუსულმა სამყარომ“! თანაც, განსაკუთრებული აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ დღეს რუსეთი სულ უფრო და უფრო შორდება ევროპულ ცივილიზაციას და ევროპულ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს. ანუ, მაშინ თუ რუსეთი ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც უკვე ევროპული კულტურის და ცივილიზაციის სივრცე იყო, დღეს იგი ყოველივე ამის სრული ანტიპოდია და სულ უფრო ემსგავსება შუასაუკუნეების ურდოს და ჩრდილოეთ კორეას!

 

ელცინის პერიოდში რუსეთს კიდევ ერთხელ მიეცა უნიკალური შანსი შერწყმოდა ევროატლანტიკურ ცივილიზაციას და საბჭოთა სისტემის კრახის შემდეგ გადაქცეულიყო თვითკმაყოფად, ცივილიზებულ სახელმწიფოდ. რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, დიდი ეჭვებით, მაგრამ ასეთივე დიდი იმედებით შეხვდა ევროატლანტიკური სამყარო პუტინის კრემლში მოსვლას. მაგრამ, ამ კაცში იმძლავრა ნეობოლშევიკურმა, ტოტალიტარულმა მრწამსმა და პირველ რიგში თვით რუსეთს მოუსპო ცივილიზაციური პერსპექტივები.

 

ნებისმიერი, კვალიფიცირებული ეკონომისტი დამეთანხმება, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ენერგორესურსებზე მკვეთრი ფასების ზრდა იყო ცივილიზებული სამყაროს საერთო კონსესუსი, რათა ამის ხარჯზე რუსეთს მისცემოდა საშუალება გამკლავებოდა პოსტსაბჭოურ პრობლემებს და ნაკლები სირთულეებით გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. მაგრამ, კაგებეშნიკი თურმე სამუდამოდ კაგებეშნიკად რჩება! და პუტინმა ეს ისტორიული კარტბლანჟი შუასაუკუნოვან ფსევდოიმპერიულ ამბიციებს შესწირა. ამიტომაც მივიღეთ მსოფლიოში ის რეალობა, რა რეალობისა და გამოწვევების წინაშეც დგას დღეს ცივილიზებული სამყარო!

 

ყველაზე ნოყიერი ნიადაგი რუსული აგიტმანქანისთვის არის ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში გაბატონებული სოციალური პრობლემები. ჯერ კიდევ საბჭოური მენტალობის მატარებელი მოქალაქისთვის, გასაჭირში ხომ ყველაზე აქტუალური ის რუსული ანდაზაა, რომელიც გვეუბნება: „Везде хорошо, где нас нет!“ Везде, ანუ ქართულად – ყველგან! თუმცა, სოციალური პრობლემების პირისპირ ერთი-ერთზე დარჩენილი რიგითი ქართველი, რომელსაც საბჭოთა კავშირის გარდა სხვა არაფერი უნახავს, სიტყვა „ყველგან“–ს პირველ რიგში აიგივებს, რუსეთთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან. და ზუსტად აი აქ იწყება მთავარი მითები და სტერეოტიპების სამყარო. ყველაზე მთავარი მითი კი არის: „რუსეთში დიდი ფული იშოვება“! თუმცა, არავინ კითხულობს, ვისთვის და რის ხარჯზე!?

 

მოდით, თავიდანვე რუსის ენით გეტყვით, რომ ჩემი ღრმა რწმენითა და გამოცდილებით რუსეთში, ყველაზე წარმატებული ქართველიც, კი სხვადასხვა დონით გულის ამრევი „Чорнажопы“-ა! ანუ, იშვიათი გამონაკლისებით, ნებისმიერი რუსისთვის, დაწყებული უკანასკნელი ბომჟიდან და დამთავრებული „მაღალი ფენის“ წარმომადგენლით, ნებისმიერი წარმატებული და რეალიზებული ქართველიც კი არასრულფასოვანი, მეორეხარისხოვანი ადამიანია და რუსზე დაბლა უნდა იდგეს ყოველთვის და ყველაფერში. მერწმუნეთ, მათთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილიც და ალიშერ უსმანოვიც ბანალური „Чорнажопы“–ები არიან, რომლებმაც რუსული სიმდიდრე მიიტაცეს. რაღა უნდა ითქვას იმ ქართველებზე, რომლებიც იქ, თავის რჩენისთვის პატიოსნად შავ სამუშაოს ასრულებენ, ან კიდევ უფრო უარესი, ძარცვითა და „ბარსეტკების“ მოპარვით არიან დაკავებულნი!

 

ახლა, ორიოდე სიტყვა იმათთვის ვინც საქართველოში ვერ მოახერხა თვითრეალიზება, ცხოვრების მიღმა აღმოჩნდა და თვლის, რომ მოსკოვში წასვლა პანაცეაა ყველა მისი პრობლემისთვის:

 

მერწმუნეთ, დაადგავთ, თუ არა ფეხს რუსულ მიწაზე, პირველივე ადამიანი, რომელიც თქვენ შემოგხედავთ, მაშინათვე იმას იფიქრებს, რომ რას ჩამოეთრაო! დიახ, ზუსტად ამ სიტყვებს გამოიყენებს. იმიტომ, რომ დიდი ალბათობით ეს პირველი ადამიანი რუსი მებაჟე იქნება. რომლისთვისაც თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ ფულის „ასახევი“ ობიექტი ხართ და ღრმად არის დარწმუნებული, რომ თქვენ ამას სრულად იმსახურებთ, მასთან შედარებით დაბალი სტატუსის ტარების გამო. ეს სცენა ყველაზე კარგად გიორგი დანელიას აქვს აღწერილი ფილმ ქინ–ძა–ძაში. ანუ, თქვენ რუსი მებაჟისთვის ტიპიური პაცაკი ხართ, რომელმაც მის დანახვაზე სიხარულით უნდა ჩაიკუზოს და აღტაცებით წარმოსთქვას – „კუუუ“! როგორც, კი მოაგვარებთ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემას, მაშინვე უნდა გაიაზროთ ის ფაქტი, რომ ყველა „სიკეთესთან“ ერთად თქვენ მოხვდით პოლიციურ სახელმწიფოში. სადაც უცხოელის პირველივე საზრუნავი ისაა, რომ სათანადო ორგანოებისთვის ყოველი თქვენი ნაბიჯი იოლად კონტროლირებადი იყოს. ანუ, პირველ რიგში თქვენ უნდა იზრუნოთ „რეგისტრაციაზე“. იმის გამო, რომ თქვენ ყველა ზემოდან გიყურებთ, რეგისტრაციის საკითხი ძალიან რთულად დგას და მხოლოდ ქრთამის გადახდის ფასად შესძლებთ ფიქტიური რეგისტრაციის გაკეთებას. ანუ, აქედანვე დამოკიდებული ხდებით სამართალდამცავთა კეთილ ნებაზე. იმიტომ, რომ ამგვარი ფიქციით თქვენ უკვე კანონდამრღვევი ხდებით და როცა კი დასჭირდებათ მაშინვე მოგკითხავენ ამ დანაშაულისთვის. გარდა ამისა, თქვენ მზად უნდა იყოთ, რომ ყოველ ნაბიჯზე გაგაჩერებენ და შეგიმოწმებენ საბუთებს. ეს კი პირველ რიგში იმიტომ, რომ ფული გამოგძალონ, მხოლოდ იმიტომ, რომ არარუსული იერსახე გაქვთ და აპრიორი დამნაშავედ განიხილებით. თუ, თქვენ შეძლებთ და სამსახურს იშოვით, იყავით დარწმუნებული, რომ უაპელაციოდ არათანაბარ პირობებში იქნებით რუსებთან შედარებით. ხელფასსაც კი უფრო ნაკლებს აიღებთ ვიდრე ნებისმიერი თქვენი კვალიფიკაციის მქონე რუსი. ანუ, თქვენი პიროვნება დამქირავებლისთვის პირველ რიგში იმით შეიძლება გახდეს მომხიბვლელი, რომ იაფი და დაუცველი მუშახელი ხართ. დაუცველი და იაფი მუშახელი კი იმიტომ ხართ, რომ მეორეხარისხოვანი ადამიანი ბრძანდებით „რუსულ სამყაროში“.

 

მოდით განვიხილოთ ის სიტუაცია, რომელშიც თქვენ აღმოჩნდებით, თუ გადაწყვიტავთ რუსეთში ბიზნესის წარმოებას:

 

აპრიორი უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ რუსეთი ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნების კოჰორტაშია და უამრავ სირთულეებს წააწყდებით! ნებისმიერი ცნობა, ნებართვა და ლიცენზია იმხელა ფულის და ნერვების ფასად დაგიჯდებათ, რომ მხოლოდ ძალიან ძლიერი ნერვებისა და მოტივაციის მქონე ადამიანი თუ გადალახავს ამ პრობლემებს. თუმცა, დაიწყებთ თუ არა საკუთარ ბიზნესს, უნდა იცოდეთ, რომ კრემლში მოკალათებული მეფის გარდა უამრავი სხვა „მეფუკაც“ გეყოლებათ ირგვლივ. ყოველდღიურად მოგიწევთ იმ მაკონტროლებელი და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებისთვის „კუდის ქიცინი“ და ქრთამის გადახდა, რომლებიც საკუთარ ქვეშევრდომად განგიხილავენ. ყველაფერი წესრიგშიც, რომ გქონდეთ ეს ფაქტი მაინც არ გაგანთავისუფლებთ ყოველთვიური ქრთამის გადახდისგან. დაწყებული პოლიციიდან და სანეპიდ სადგურიდან, საგადასახადო ინსპექციითა და ქალაქის მერიით დამთავრებული. ამას ისიც ემატება, რომ პოლიცია თვითონ მოგიგზავნთ „შავი სამყაროს“ წარმომადგენელ „რეკეტიორებს“, რომ უფრო მეტი ფული გადაუხადოთ სამართალდამცავებს.

 

გარდა ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი უბედურებისა, რომელიც თქვენ, როგორც ბიზნესმენს დაგატყდებათ თავზე, უნდა იცოდეთ, რომ რუსეთში არ არის რეალური კონკურენტული გარემო ბიზნეს სივრცეში. ამიტომ, ბიზნესს ის კი არ ინარჩუნებს და ანვითარებს ვისი პროდუქტი და მომსახურეობის დონეც უფრო მაღალია, არამედ ის ვისაც უკეთესი „პატრონი“ ყავს! ამიტომ, ან ასეთი „პატრონი“ უნდა ჩაისვათ ბიზნესის წილში, ან იყოთ მზად იმისთვის, რომ ყოველგვარი ადეკვატური, ობიექტური მიზეზების გარეშე ერთ მშვენიერ დღეს დაკარგოთ ბიზნესი! ანუ, დაკარგოთ ყველაფერი, იმიტომ, რომ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ასე ინება!

 

ვთქვათ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას თქვენ წარმატებით გაართვით თავი. მაინც, ნუ იგრძნობთ თავს დაცულად. რამე, თუ საკუთარი ბოლო მოდელის მერსედესის მარკის მანქანით შინ დაბრუნებულს, სადარბაზოსთან შეიძლება შეგხვდნენ ახალგაზრდები, რომელთაც არ მოეწონებათ თქვენი ცხვირის ფორმა, ან მეტყველების კილო და ამგვარი შემთხვევები არა რუსი ეროვნების ადამიანებისთვის ხშირად ფატალურად მთავრდება! ცნობისათვის – ამგვარ აგრესიულ, არატოლერანტ და კრიმინალური მენტალობის მქონე საზოგადოებას, ნაძირლებს ის უფრო აღიზიანებთ, რომ თქვენ, მათი გაგებით მეორეხარისხოვანმა ადამიანმა წარმატებას მიაღწიეთ, კარგად გაცვიათ, კარგი მანქანა გყავთ და ყველაფერ ამასთან ერთად, ალბათ ლამაზ რუს გოგოსთანაც ცხოვრობთ! ის, კი ვინც თქვენ ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით დანას დაგარტყავთ მუცელში, წარუმატებელი, ნაკლები განათლების, კულტურისა და ნეოიმპერიული იდეოლუგიით აღზრდილი პიროვნებაა და დარწმუნებულია, რომ თქვენ ყველაფერ ამას მის ხარჯზე მიაღწიეთ! სხვათა შორის, ამგვარი ცნობიერების კულტივირება რუს ხალხში სამთავრობო დონეზე ხდება. ანუ, ეს უბრალო კრიმინალი კი არა, არამედ სახელმწიფო იდეოლოგიაა!

 

მეტს აღარ გავაგრძელებ და ეპილოგში მხიოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ ვინმესთვის მაინც მომხიბვლელია ეს „რუსული სამყარო“ და „რუსული ოცნება“, შეგიძლიათ უვიზოთაც კი ჩაბრძანდეთ რუსეთის ფედერაციაში, მინსკის გავლით. მინსკიდან, ხომ ტაქსის მძღოლებს თითქმის უპრობლემოდ, მაგრამ არალეგალურად გადაყავთ ემიგრანტები რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა იცოდეთ, რომ ამით თქვენ კიდევ უფრო იმძიმებთ ყოფას! მაგრამ, მინდა კატეგორიულად გითხრათ ყველას, ვინც რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან შერწყმას გვიპირებთ: ნუ ცდილობთ საქართველოში მოიყვანოთ ეს მახინჯი „რუსული ოცნების“ სამყარო! მეც და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს თავისუფლება და პიროვნების ღირსება მთავარ საგანძურად მიგვაჩნია და ეს არაფერში გაიცვლება!

 

ბოლოს, კი ერთს გირჩევთ მხოლოდ. შეეცადეთ შეიცნოთ უკიდეგანოდ მრავალფეროვანი ქვეყანა. რაც უფრო უკეთესად გაართმევთ თავს ამ ამოცანას, მით უფრო მრავლად გექნებათ ალტერნატივა და მზე აღარც ჩრდილოეთიდან ამოვა და აღარც სამხრეთიდან. მზეს თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის თავისი, ჭეშმარიტი ადგილი ექნება. ხოლო, ღირსებასა და კეთილდღეობას – თავისი! იაზროვნეთ კრიტიკულად და ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია