ისლამური სახელმწიფო: რა ხდება ერაყსა და სირიაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-04-2015, 17:10 | მსოფლიო | ნანახია - 9313

გიორგი იმედაშვილი

 

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მეოთხე წელი იწურება, თუმცა უახლოეს მომავალში მშვიდობის დამყრების იმედი ჯერ კიდევ არ ჩანს. ამ ომის მსხვერპლთა რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 250 ათას ადამიანს შეადგენს. ასობით ათასმა სირიელმა კი, სამშობლო იძულებით დატოვა და დღეს მათი უდიდესი ნაწილი თურქეთში, იორდანიაში, ეგვიპტესა და ლიბანში უდიდეს გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ცხოვრობს.

 

აღსანიშნავია, რომ სირიის დიქტატორ ბაშარ ასადს დღეისათვის სეკულარული ოპოზიცია, ფაქტორბივად, აღარ გააჩნია და მის შესაძლო ალტერნატივად მხოლოდ ისლამისტური ძალები იქცნენ. მათგან დღეს ყველაზე ძლიერია ე.წ. „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“, ტერორისტული ორგანზიაცია, რომელიც 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, როგორც სირიიაში, ისე ერაყში. სირიაში ამ ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი სიტუაცია სამოქალაქო ომმა შექმნა. ომის პირობებში სახელმწიფო, ფაქტობრივად, ჩამოიშალა და ვერც ერთი მხარე ვეღარ ახერხებს სირიის მოსახლეობის დაცვას ტეროროსტული ორგანიზაციისგან. ერაყში კი სახელმწიოს ჩამოშლა ამერიკული ჯარების გაყვანამ დააჩქარა. სწორედ ამერიკული ჯარები იყვნენ ერთადერთი გარანტი ქვეყნის ისედაც მყიფე უსაფრთხოებისა.

 

ერთი თვეა, რაც ერაყის ხელისუფლებამ ახალი კამპანია წამოიწყო საკუთარ ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ გასანდგურებლად. პირველ დიდ წარმატებას ერაყელებმა თიქრითში (სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში) მიაღწიეს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მარტის ბოლოდან პოზიციების დათმობა დაიწყო, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

 

როგორც ვიცით, ერაყის მოსახლეობა საკმაოდ მრავალეთნიკურია და იქ არაერთი რელიგიური მიმდინარეობის აღმსარებელი ადამიანები ცხოვრობენ. ერაყის ქურთისტანის სამ პროვინციაში ქურთები უმრავლესობას შეადგენენ, მათი უდიდესი ნაწილი სუნიტი მუსლიმია, თუმცა აქ ისლამური აღმსარებლობის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლებიც გვხდებიან. ეს ერაყის ყველაზე სტაბილური მხარეა და ქურთები „ისლამურ სახელმწიფოს“ ყველაზე დიდ წანააღმდეგობას უწევენ საკუთარი შეიარაღებული ძალების „პაშმერგას“ ხელით. სამხრეთში და ბაღდადში შიიტური არაბი მოსალხეობა არის უმრავლესობაში. ისევე, როგორც ქურთები, სადამ ჰუსეინის დროს ისინიც ჩაგვრის პირობებში ცხოვრობდნენ. ხოლო არაბი სუნიტი უმცირესობა ძირითადად ქურთებსა და შიიტებს შორის ტერიტორიაზე ცხოვრობს და „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების არაელიც ძირითადად ეს ტერიტორიაა.

 

ერაყის ახალი პრემიერი ჰაიდარ ალ-აბადი მისი წინამორბედის მსგავსად შიიტია, თუმცა ის აღარ აპირებს ნური ალ-მალიქის პოლიტიკის გაგრძელებას და სუნიტი მოსახლეობის შევიწროებას. ალ-აბადი ცდილობს ქვეყანაში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები გააერთიანოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ვიცით, მას აქტიურ მხარდაჭერას უწევს ირანი, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა „შიიტური მილიციის“ შექმნაში. ხოლო ეს შეიარეღებული ძალა უმნიშვნელოვანესია ტერორისტებთან მებრძოლ ნაწილებს შორის. გარდა ამისა, ალ-აბადის მხარი დაუჭირეს სუნიტური ტომების წარმომადგენლებმაც, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან დიდ ჩაგვრას და შევიწროებას განიცდიან.

 

ალ-აბადის კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. სამშაბათს ის ვაშინგტონში შეხვდა ბარაკ ობამას და აშშ-ს პირველ პირებს. ობამამ მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მაგრამ დაამატა, რომ ირანი დახმარების მიუხედავად არ უნდა ჩაერიოს ერაყის საშინაო საქმეებში და არ უნდა შელახოს მისი სუვერენიტეტი. თუმცა, ყველა თანხდება, რომ ამჟამად უმნიშვნელოვანესია სრულიად დესტრუქციული „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება.

 

14-15 აპრილს გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ცენტრალურ ერაყში, ანბარის პროვიცნიის დედაქალაქ რამადისთან. მიუხედავად თიქრითთან განცდილი მარცხისა, „ისლამური სახელმწიფო“ მთელი ძალებით უტევს რამადის. ეს ქალაქი კი ბაღდადის დაცვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფალუჯასთანაც ახლოს არის განლაგებული. ამ ორი დღის მანძილზე ოთხი აფეთქება იყო ბაღდადში. ერთი ცნობილ იარმუკის საავადმყოფოსთან. მას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ სამმა აფეთქებამ 11 ადამიანი შეიწირა და არაერთი დაჭრა. 14 აპრილს „ისლამურმა სახელმწიფომ“ დიდი ძალებით შეუტია ბაჯის მიდამოებს თიქრითთან ახლოს. ბაჯისთანაც და რამადისთანაც გააფთრებული ბრძოლები მიდმინარეობს „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ერაყულ ძალებს შორის და ორივე ეს პუნქტი უმნიშვნელოვანესია სამომავლო ბრძოლის გასაგრძელებლად.

 

სირიაში კი მთავარი ბრძოლები ამჟამად სირიის ქურთისტანის ტერიტორიაზე, ანუ ქვეყნის ჩრდილოეთით, მიმდინარეობს. აქ ქურთებმა მოახერხეს და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს უკან დაახევინეს. უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ამ ტერორისტულმა ორგანზიაციამ მის მიერ წინა წელს დაკავებული ტერიტორიის 25%-30% დაკარგა, მაგრამ მათ ხელში ჯერ კიდევ რჩება მოსული, რაკა და სხვა უმნიშვნელოვანესი ცენტრები და ასევე ქრისტიანი, შიიტი და სხვა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონები, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ გაუგონარი სისასტიკით უსწორდება მოსახლეობას.

 

„ისლამური სახელმწიფო“ ტერორიზმის მკვლევართათვის აქამდე ნაცნობ არც ერთ ცნობილ ტერორისტულ ან ისლამისტურ ორგანზიაციას არ ჰგავს, მას საკუთარი ხელწერა და იდეოლოგია გააჩნია. როგორც წესი, რადიკალური ფუნდამენტალისტური ჯგუფები ილსამურ სამყაროში რომელიმე ძლიერი რადიკალი მუსლიმი თეოლოგის გავლენით და მისი იდეების გარშემო იქმნება და შემდეგაც მისი (ან მისი მემკვიდრეების) ხელმძღვანელობით აგრძელებს საქმიანობას. ასე იყო, მაგალითად, საშუალო ქართველი მკითხველისათვის კარგად ნაცნობი ყველაზე ძველი რადიკალური მუსლიმური ორგანზიაციის „მუსლიმი ძმების“ შემთხვევაშიც, რომელიც ჰასან ალ-ბანას და საიდ ქუთბის იდეების გარშემო შეიქმნა. როგორც წესი, ასეთი რადიკალური დაჯგუფებები ერიდებიან მათ წრეში (უმაღლეს ეშელონებში მაინც) წევრების დიდი რაოდენობის მიღებას. შენიღბვა მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და რაც მეტი წევრ ეყოლებათ, მით უფრო იზრდება მათი გამოაშკარავების საფრთხე.

 

შესადარებელ მაგალითად ავიღოთ XXI საუკუნის ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია ბინ ლადენის „ალ ქაიდა“, რომელმაც გარკვეულწილად შვა კიდეც „ისლამური სახელწმიფო“.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1996 წლიდან „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამდე ეს ორგანზიაცია ყველაზე საშიშ ტერორისტულ დაჯგუფებად იყო მიჩნეული მისი გავლენისა და უშუალო დაქვემდებარების ქვეშ როდესმე არსებული ტერიტორიის ფართობი და ადამიანების რიცხვი შეუდარებლად ჩამორჩება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელთ არსებული ტერიტორიის ფართობსა და ადამიანთა რაოდენობას. „ალ ქაიდას“ ტაქტიკა ეყრდნობოდა სრულ გასაიდუმლოებას. არც მათი წევრების ვინაობა, არც ადგილსამყოფელი და არც სამიზნე არ უნდა ყოფილიყო ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორისტული საქმიანობა შეუძლებელი გახდებოდა. სწორედ ამიტომ, დაჯგუფებაში ძალიან ცოტა წევრი იყო და თავად წევრების მიღების საკმაოდ რთული პროცედურა არსებობდა. კანდიდატებს ბევრჯერ უწევდათ საკუთარი ერთგულების დამტკიცება და მაინც მათ არასდროს ანდობდნენ ბევრ ინფორმაციას.

 

„ალ ქაიდა“ საკმაოდ დაქსაქსული დაჯგუფებაა: თავიდანვე მას ყველა ქვეყანაში ცალკე ორგანზიაცია ჰქონდა შექმნილი და ეს „ფილიალები“ არასდროს მუშაობდნენ ე.წ. „პირამიდის პრიცნიპით“, როდესაც ყველაფერი ერთ ლიდერზე და ერთ რომელიმე ცენტრალურ ორგანზიაციაზეა დაყრდნობილი. სწორედ ამიტომ, ბინ ლადენის მკვლელობამ ვერ მოახერხა ამ ორგანზიაციის განადგურება, რასაც ბევრი საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ელოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ „ალ ქაიდა“ არასდროს აკონტროლებდა დიდ ტერიტორიებს. მართალია მას ჰქონდა გაკრვეული საწვრთნელი ბაზები ავღანეთისა და მოგვიანებით პაკისტანის ტერიტორიაზეც, მაგრამ მათი არსებობა ყოველთვის დროებითი იყო და ავღანეთში ამერიკისა და მისი მოკავშირეების ინტერვენციის შემდეგ, ფაქტორბივად, ეს ბანაკებიც განადგურდა.

 

ამასთან შედარებით „ისლამური სახელმწიფოს“ ტაქტიკა რადიკალურად განსხვავებულია. ამ ორგანზიაციისათვის უცხოა გასაიდუმლოება. პირიქით, ისინი ყველა საშუალებით ცდილობენ საკუთარი საქმიანობისა და ჩადენილი „გმირობების“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და არც სავარაუდო წევრებს არჩევენ დიდი გულისყურით. სრულიად საპირისპიროდ, ისინი მთელი მსოფლიოს სუნიტ მუსლიმებს მოუწოდებენ მათ „სახელმწიფოში“ გაერთიანებისაკენ და არც სამომავლო სამზინეებისა და გეგმების დამალვა სჩვევიათ. რადიკალურად განსხვევდება დამოკიდებულება სხვადახვა რელიგიის ტყვეების მიმართაც. „ალ ქაიდას“ მიდგომა ამგვარი იყო: მძევალი შეიძლება გამოგვადგეს ცოცხალი ან მკვდარი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებასა და მგომარეობაზე. ამისგან განსხვავებით, „ისლამური სახელმწიფო“ ტყვედ აყვანილ ადამიანებს განურჩევლად სჯის სიკვდილით, ან ძალადობს მათზე და შემდეგ სჯის სიკვდილით ან ძალაობს და მონად ჰყიდის. ისიც აღსანიშნავია, რომ „ალ ქაიდას“ შემთხვევაში სიტყვა „ტყვე“ მძევლად აყვანილ დასავლელ სამხედრო მოსამსახურეებს, უკიდურეს შემთხვევაში კი ჟურნალისტებს აღნიშნავს, ხოლო „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში პირველ რიგში სირიისა და ერაყის მშვიდობიან მოსახლეობას.

 

ორიოდე სიტყვა იდეოლოგიურ განსხვავებებზეც ვთქვათ: „ისლამური სახელმწიფო“ თავის სათავეებს აბუ მუს’აბ ალ-ზარკავის უკავშირებს. ეს ადამიანი ერაყში „ალ ქაიდას“ ხელმძღვანელი იყო, მანამ სანამ 2006 წელს არ მოკლეს ერაყში საოკუპაციო ჯარებმა. ალ-ზარკავი „ალ ქაიდას“ ხელდასმით პარტიზანულ ომს აწარმოებდა ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ და მისი სიკვდილის შემდეგ ეს საქმიანობა სხვა რადიკალურმა ექსტრემისტმა ლიდერებმა განაგრძეს. სწორედ მისი პარტიზანული დაჯგუფებიდან ჩამოყალიბდა „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი ბირთვი (თუმცაღა ალ-ზარკავის შემდეგ ორი ლიდერი გამოიცვალა, ვიდრე დღევანელ „ხალიფას“ - აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის აირჩევნდენ). ალ-ზარკავი იორდანიიდან იყო და ცნობილი მუსლიმი მწერლისა და „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი იდოლოგიური არქიტექტორის, აბუ მუჰამად ალ-მაკდასის მოწაფე გახლდათ. სწორედ ამიტომ „ისლამური სახელმწიფოს“ და „ალ ქაიდას“ იდოლოგიური პლატფორმის ნაწილი დიდად ემთხვევა. ორივე ეს ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „მოიწევს ჟამი“ და ისლამური სამყარო გაერთიანდება მჩაგვრელი ქრისტიანული ცივილიზაციის წინააღმდეგ და ბრძოლით მოიპოვებს გამარჯვებას. ბინ ლადენი, ალ-მაკდასი, ალ-ზავაჰირი და სხვა ლიდერები ტერორისტულ ბრძოლას სწორედ ამ საკაცობრიო ომის წინა ეტაპად და მუსლიმთა გაერთიანების დასაწყისად მიიჩნევდნენ, მაგრამ ისინი არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი მათი სიხოცხლის ხანაში დასრუდლებოდა. ამათგან განსხვავებით, „ისლამური სახელმწიფოს“ იდოლოგები თვლიან, რომ ეს ჟამი უკვე დადგა და ისლამური სახალიფო სწორედ ეხლა უნდა შეიქმნას, რათა მოგვიანებით გაძლიერებულმა, გაერთიანებულმა მუსლიმებმა დაამარცხონ ჯერ უძლიერესი ქრისტიანული, ხოლო შემდეგ სხვა ცივილიზაციებიც და გაბატონდნენ მსოფლიოზე.

 

გარდა ამისა, არსებობს სხვა იდოლოგიური განსხვავებებიც. მაგალითად, ალ-ზარკავი თვლიდა, რომ ისლამისაგან „განდგომილი“ მუსლიმები უპირობო სიკვდილს იმსახურებენ და ამგვარად, სუნიტების გარდა ყველა მუსლიმური სექტის წარმომადგენლებს, იმ ჰიპოთეტურ გაერთიანებულ ისლამურ სახალიფოში არაფერი ესაქმებათ. სწორედ ამ დამოკიდებილებით, „ისლამური სახელმწიფო“ ხელის ერთი მოსმით აქცევს 200 მილიონ შიიტ მუსლიმს „სიკვდილმისჯილთა სიაში“. აღარაფერს ვამბობ, სხვა ისლამური მიმდინარეობების მილინობით წარმომადგენელზე: ალავიტებზე, დრუზებზე, იბადიტებზე და ა.შ. გარდა ამისა, „განდგომილების“, ანუ სიკდვილმისჯილთა სიაში ხვდება ყველა ის მუსლიმი, რომელიც სხვადასხვა მუსლიმურ სახელმწიფოში „ადამიანის ხელით შექმნილ კანონებს“ (ანუ ყველა სახელმწიფოსათვის ნაცნობ სამართლებრივ სისტემას) ანიჭებს უპირატესობას ღვთიური „შარიათის“ კანონებთან შედარებით. ანუ ყველა სეკულარისტი მუსლიმი, რაც კიდევ არაერთი მილიონი ადამიანით ზრდის სიკვდილმისჯილთა სიას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორგანზიაციის მრავალი წევრი სიამოვნებით დასჯის სიკვდილით ადამიანს, თუნდაც ის სულაც არ იყოს ზემოაღნიშნულ ე.წ. „სიაში“. ამისათვის საკმარისია მამაკაცს წვერი ჰქონდეს გაპარსული, ან ევროპული ტანისამოსი ეცვას. ეს ყველაფერი „ინოვაციად“ და „სიახლედ“ აღიქმება, ხოლო ყოველგვარი სიახლე ამ ორგანიზაციის წევრებისათვის მიუღებელია, ვინაიდან, ეს ყველაფერი გვაშორებს „ჩვენს ჭეშმარიტ“ სახეს და წინაპრებს, მუჰამადს და მის თანამედროვე, მართლმორწმუნე მუსლიმებს.

 

„ისლამური სახელმწიფოს“ იდოლოგია ქრისტიანებს და იუდეველებს, როგორც აბრამიანული რელიგიის წარმომადგენლებსა და „წიგნის ხალხს“ (იგულისხმება მათი წმინდა წიგნები „ბიბლია“ და „თორა“, რომელთაგანაც „ყურანში“ არაერთი სიუჟეტი მოხვდა), პირდაპირ და ღიად სასიკვდილოდ არ იმეტებს, თუკი ისინი გადაიხდიან „ჯიზიას“, სულადობრივ გადასახადს, რომელსაც არაბი დამპყრობლები ახდევინებდნენ დაკავებულ მიწებზე მცხოვრებ ქრისტიანებს. „დაცვის სიგელის“ პირობებით, ამგავრი გადასახადი, 654-655 წლებში ჰაბიბ იბნ-მასლამამ დაუწესა ქართლის მოსახლეობასაც. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ იდოლოგიურად გაცხადებული პოზიციაა. პრაქტიკაში ასიათასობით ქრისტიანი დღეს სირიასა და ერაყში მხოლოდ მათი აღმსარებლობის გამო იდევნება და არაერთი მათგანი უკვე დასაჯეს სიკვდილით.

 

რამდენიმე დღეა საქართველოშიც გაიგეს ერაყსა და სირიაში მიმდინარე ქრისტიანი მოსახლეობის ჟლეტის შესახებ, მაგრამ გაიგეს მხოლოდ ნაწილობრივ. მხოლოდ, ერთი კვირაა ქართული მედია სივრცისათვის გახდა ცნობილი, რომ ასურელ მოსახლეობას გენოციდი ემუქრება, არადა ეს საფრთხე უკვე 2014 წლიდან მოყოლებული არსებობს. ისლამისტებმა დაატყვევეს, დახოცეს და დაიმონეს ათასობით ქრისტიანი მშვიდობიანი მოქალაქე. ერაყში ასურელები ძირითადად ერაყის ქურთისტანის საზღვარზე, ქალაქ მოსულთან ახლოს ცხოვრობენ, ეს ტერიტორია „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჯერ კიდევ ზაფხულში დაიკავა და მას შემდეგ მოსახლეობის მურვან ყრუს მეთოდებით დასჯა ხდება. გარდა ასურელებისა, იდევნებიან ქურთები, შიიტები, იეზიდები.

 

სირიაში ქრისტიანი მოსახლეობა დაახლოებით 10% შეადგენს. გარდა ასურელების და თავად სირიელი ქრისტიანებისა აქ ცხოვრებენ დიდი რაოდენობით გრიგორიანი სომხებიც და „ისლამურმა სახელმწიფომ“ მათი ჟლეტა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. შემდოგომაზე გავრცელდა დარბეული სომხური სოფლების კადრები, სადაც სასტიკად ნაწამები პირში ჯვრებჩათხრილი ქრისტიანების გვამები იყო აღბეჭდილი.

 

რამდენიმე დღეა ქვეყნდება ე.წ. ფასების სია, რომელიც თითქოსდა „ისლამურმა სახელმწიფომ“ გავრცელა. მასში ჩამოწერილია მონა გოგონების ყიდვა-გაყიდვის ფასები და როგორც ჩანს, ყველაზე ძვირად 9 წლამდე ბავშვები დაუფასებიათ. ბევრი მკვლევარის მსგავსად, ამ სიას მეც გაყალბებულად მივიჩნევ, რადგან მასზე „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“ მოხსენიებული იყო როგორც „ისლამური სახელმწიფო ერაყში“, ხოლო ამგვარ ცვლილებას ამ ორგანიზაციის წევრები მართებულად არ მიიჩნევენ და პირიქით, ყველანაირი ხერხით ცდილობენ საკუთარი სრული დასახელების გაპიარებას.

 

ამ სიის სიყალბე სუალც არ ნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მონებით არ ვაჭრობს, ან პატარა ბავშვებს არ აფასებს ძვირად. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო იეზიდების მასობრივი ჟლეტა (რაც ქართულ მედიას არც გაუშუქებია). ასეულობით და მოგვიანებით ათასობით იეზიდმა მოახერხა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე გაქცევა, სადაც ისინი “Human Rights Watch“-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებიდან იყო გამოქცეული. როგორც მათ მონათხრობიდან გაირკვა, ტერორისტები კლავდნენ ახალგაზრდა კაცებს, აცალკევებდნენ მოხუცებს ახალგაზრდა ან შედარებით ასაკიანი ქალებისაგან და მათ ცალკე ამყოფებდნენ სპეციალურ ბანაკში, სადაც რეგულარულად ძალადობდნენ მათზე და აიძულებდნენ ისლამი მიეღოთ. ვინც იღებდა, ათხოვებდნენ ჯიჰადისტებზე, ვინც არა, მათ მონად ჩუქნიდნენ ან იაფად მიჰყიდიდნენ ხოლმე ჯიჰადისტებს, ხოლო ზოგიერთს უბრალოდ კლავდნენ. ორი შედარებით მსუბუქი მონათხრობი შევარჩიე სადემონსტრაციოდ.

 

მაგალითად 12 წლის ჯალილამ დამკვრივებლებს უამბო: „კაცები მოდიოდნენ და გვირჩევნდენ. გვაყენებდნენ და გვიმოწმებდნენ თმებსა და კბილებს, ურტყამნდენ გოგოებს, ვინც ეწინააღდეგებოდა... მათ გრძელი წვერი და თმა ჰქონდათ“.

 

დილარა 20 წლის: „დილის ათის ნახევრიდან კაცები მოდიოდნენ და ყიდულობდნენ გოგოებს გასაუპატიურებლად. ჩემი თვალით ვნახე: ათრევდნენ თმით, სცემდნენ, ვინც შეეწინააღმდეგებოდა. ცხოველებივით იქცეოდნენ... გაუპატიურებულები უკან მოჰყავდათ და ახლები მიჰყავდათ... 8 დან 30 წლამდე ქალები...”

 

ბევრმა გოგონამ თავი მოიკლა, ხოლო ათასობით მათგანი ამჟამად ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. პრობელმას ართულებს ისიც, რომ ერაყში აბორტი არალეგალურია. ეს ადამიანები დღეს საზოაგდოების დახმარებას საჭიროებენ, ისევე როგორც დევნილი ასურელები, შიიტები და უბრალოდ სირიისა და ერაყის მოსახლეობა. მათ არ აქვთ სათანადო სამედიცინო დახმარება, რომ აღარაფერი ვთქვათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებზე.

ამ ადამაინური ტრაგედიების ფონზე, განგებ ვიკავებ თავს იმ ისტორიული მნიშვნელობის, კაცობრიობის ცივილიზაციის უნიკალურ ძეგლებსა და ნიმუშებზე საუბრისაგან, რომლებიც ამ დამნაშავეებმა გაანადგურეს.

 

საქართველოს მთავრობამ უდნა გააცნობიეროს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არის სრულიად დესტრუქციული და გადაგვარებული ფენომენი, რომელიც მიმართულია ყოველგვარი ცივილიზაციის, სიახლის და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების წინააღმდეგ. უნდა აღსდგეს კონტროლი საქართველოს საზღვრებზე და შეუძლებელი გახდეს საქართველოს მოქალქეების უკანონო გადასვლა სირიასა და ერაყში საომრად. საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს მუსლიმი მოსახლეობის ინტეგრაციის საქმეში, საქართველოს ეკლესიამ უდნა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, რომელიც მიმართულია დევნილი ქრისტიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ყველას ნათლად უნდა ესმოდეს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არის ცივილიზაციის ფარგლებს გაცდენილი, ძალაუფლებისათვის მებრძოლი, დამნაშავე ნაძირლების ბანდა, რომელსაც არავითარი საერთო არც ისლამთან, არც სუნიზმთან და არც თავისუფლებისათვის ბრძოლასთან არა აქვს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია