აშშ ამერიკის კონტინენტზე პოზიტიური ლიდერის როლს იმკვიდრებს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-04-2015, 21:55 | მსოფლიო | ნანახია - 1358

აშშ ამერიკის კონტინენტზე პოზიტიური ლიდერის როლს იმკვიდრებს

 

ნიკოლოზ ვაშაკიძე

 

ტრადიციული, ე.წ. „ამერიკების მე-7“ სამიტი, რომელიც ა.წ. 10-11 აპრილს გაიმართა პანამაში, სასიკეთოდ განსხვავებული გამოდგა წინა შეკრებებისაგან. ადრე ამ სამიტებზე აშშ, როგორც წესი, მწვავე კრიტიკის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა. კრიტიკა, ძირითადად, ლათინურ ამერიკული სახელმწიფოებსაგან მომდინარეობდა, რომლებიც კონტინენტის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ. წლევანდელი სამიტი აშშ-ს პრეზიდენტმა უჩვეულო, დადებითი გმირის როლში დატოვა.

 

პანამის სამიტზე, რომელშიც, პირცელად მის ისტორიაში კონტინენტის 35-ვე სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა, 2 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა. მათი ყურადღება, ძირითადად, ბარაკ ობამას კუბის ლიდერთან, რაულ კასტროსთან შეხვედრაზე იყო მიმართული.

 

აშშ-სა და კუბას შორის ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს მიმდინარე კონფრონტაციის შესუსტების პირველი ნიშანი 2013 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა, როცა ბარაკ ობამამ და რაულ კასტრომ ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე საჯაროდ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. ამას, ერთი წლის თავზე, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ჰავანაში აშშ-ს საელჩოს გახსნა მოყვა. პანამის სამიტზე კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შეფასებისას მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

 

ცხადია, ამ თვალსაზრისით, ყველაზე უფრო საინტერესოა, თუ როგორ იქნა წარმოჩენილი ეს პროცესი თავად ორი ლიდერის მიერ. მეტად საინტერესო იყო კასტროს სიტყვა პლენარულ სხდომაზე. თავის გამოსვლაში მან ტრადიციული კლიშეებით გააკრიტიკა აშშ და მისი პოლიტიკა, კერძოდ, კუბის მიმართ, მაგრამ შემდგომ კასტრო უკვე პირადად პრეზიდენტ ობამას შეფასებაზე გადავიდა, რა დროსაც მისი სიტყვის ტონალობა მკვეთრად შეიცვალა. კუბის ლიდერმა განაცხადა, რომ პირადად ობამა არ აგებს პასუხს კუბის ბლოკადაზე და მას პატიოსანი ადამიანი უწოდა, „რომელიც იწვევს დიდ ინტერესს არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პიროვნება“. საპასუხო ჟესტი არც ობამას მხრიდან დაგვიანდა. კასტროსთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ „მას შემდეგ რაც აშშ-ს 50 წელზე მეტი ხნის მანძილზე არ გამოუცვლია თავისი პოლიტიკა კუბის მიმართ, მოვიდა რაღაც ახლის და ქმედიდითის მოსინჯვის დრო. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან სტადიაზე ვიმყოფებით: მზად ვართ ვიაროთ წინ და დავიტოვოთ უკან ყველა ის სირთულე და უსიამოვნება, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა გადაიტანეს“.

 

ორ ქვეყანას შორის ერთერთ მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ კუბა ჯერ კიდევ იმყოფება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა აშშ-ს სიაში, მაგრამ ვაშინგტონის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში უკვე პრაქტიკულად მინიშნებულია, რომ კუბას ამ სიიდან მალე ამოიღებენ.

 

აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, ცხადია, გაუღებს კარს ამერიკულ ინვესტიციებს ამ კუნძულოვან სახელმწიფოში, რაც დამატებით სასიკეთო იმპულსს მისცემს აშშ-ს ეკონომიკას, ხოლო კუბის სოციალურ-ეკონომიკრ სურათს რადიკალურად შეცვლის. საბოლოო ჯამში, ეს, რა თქმა უნდა, დასრულდება ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ეტაპობრივი დემონტაჟით.

 

სამიტზე საინტერესო სიუჟეტით განვითარდა აშშ-ს ურთიერთობა მისთვის კონტინენტის მეორე პრობლემურ სახელმწიფოსთან, ვენესუელასთან. ამ ქვეყნის ლიდერმა, პრეზიდენტ ჩავესის კურსის გამგრძელებელმა, ნიკოლას მადურომ, თავის გამოსვლაში მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აშშ-ს პოლიტიკა ვენესუელის მიმართ, აღნიშნა რა, რომ აშშ უპასუხოდ ტოვებს კარაკასის არაერთ მიმართვას ნორმალური თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით. უდავოდ, მადუროს კრიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრა იმან, რომ სამიტამდე ერთი თვით ადრე ობამამ თავისი სპეციალური განკარგულებით ვენესუელა „აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებულ მუქარად“ გამოაცხადა. მადუროს კრიტიკას თავიანთ გამოსვლებში მხარი აუბეს არგენტინის და ბოლივიის პრეზიდენტებმა კრისტინა კირშნერმა და ევო მორალესმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა როუსეფმა და ნიკარაგუას ლიდერმა, დანიელ ორტეგამ. კირშნერმა ისიც კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ვენესუელის გამოცხადება აშშ-ს მიმართ მიმართულ მუქარად „არა მხოლოდ სასაცილოდ გამოიყურება, არამედ საღ აზრსაც ეწინააღმდეგება“.

 

ყოველივე ამის შემდეგ, როცა ბარაკ ობამა ტოვებდა პლენარულ სხდომას, მან სულ რაღაც 10 წუთიანი შეხვედრა გამართა მადუროსთან. შეხვედრის შემდეგ ვენესუელის ემოციური პრეზიდენტი კმაყოფილებას ვერ მალავდა. მან თქვა, რომ „ეს იყო სერიოზული და გულახდილი დიალოგი. მასში იყო ბევრი სიმართლე და, მე ვიტყოდი, გულითადობაც“. მადურომ არაორაზროვნად განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და კარაკასმა აიღეს კურსი ურთიერთობების ნორმალიზაციისაკენ. ვენესუელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს, რომ უახლოვეს მომავალში შეიძლება გაჩნდეს ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების საშუალება ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად. ოპტიმისტურ ტონს თეთრმა სახლმაც აუბა მხარი. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ობამამ დაარწმუნა თავისი კოლეგა იმაში, რომ „აშშ დაინტერესებულია არა კარაკასის დაშინებით, არამედ ვენესუელაში და მთლიანად რეგიონში დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფით“. საინტერესო და კურიოზული ამ ყველაფერში ისაა, რომ გამგზავრების წინ ობამამ განაცხადა, რომ ის არ თვლის კარაკასს მუქარად აშშ-ს უსაფრთხოებისთვის, და ეს მაშინ, როცა მისი სპეციალური განკარგულება ვენესუელური მუქარის შესახებ ჯერ კიდევ ძალაშია. ასეა თუ ისე, აშშ-ს ურთიერთობებში ამერიკის ამ მეტად მნიშვნელოვან და პრობლემურ ქვეყანასთან ყინულის გალღვობის ნიშნები მაინც სახეზეა.

 

სამიტზე აშშ-ს მიერ თავის ამერიკელ მეზობლებთან ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდით გამოიხატა. საუბარია ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა როუსეფს შორის გამართულ შეხვედრაზე. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დიდ ხანია არც თუ ისე სახარბიელოა. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2013 წელს, როცა ედუარდ სნოუდენის სკანდალური მასალების გამოქვეყნების შედეგად გაირკვა, რომ აშშ-ს სპეცსამსახურები უსმენდენ ბრაზილიის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებს და ამ ქვეყანაში სამრეწველო შპიონაჟით იყვნენ დაკავებულნი. ამის გამო პრეზიდენტმა როუსეფმა თავისი აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტიც კი გააუქმა. პანამაში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა საგრძნობლად დაათბეს ურთიერთობა და შეთანხმდნენ, რომ როუსეფი ა.წ. 30 ივნისს გამართვას თავის ვიზიტს აშშ-ში.

 

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში აშკარად შეიმჩნევა ტრადიციული ანტიამერიკანიზმის საგრძნობი შემცირების ახალი ტენდენცია, და პანამის სამიტზე ამის ნათელი დემონსტრირება მოხდა. როგორც სჩანს, აშშ-ც და მისი ლათინურ-ამერიკული მეზობლებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ნაკლები ყურადღება მიაქციონ იდეოლოგიას და ძველ ანგარიშებს და უფრო ფართო გზა გაუხსნან პრაგმატიზმს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია