„ნო პასარან“ – ვერ გაგვტეხავთ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-04-2015, 23:27 | კომენტარები | ნანახია - 1189

„ნო პასარან“ – ვერ გაგვტეხავთ

 

დავით ნებიერიძე

 

ბუნება იდეალურად არის მოწყობილი და ყოველი სულიერი, მხოლოდ მისი არსებობისთვის შესაფერის გარემოში ცხოვრობს კომფორტულად. ადამიანიც ამ სამყაროს ნაწილია და იგივე კანონებს ემორჩილება. სოციუმებიც შესაბამისი ინტერესებით და მოთხოვნილებებით ყალიბდება. მაგრამ, ეხლა საბუნებისმეტყველო კანონებზე კი არ მინდა ვისაუბრო, არამედ ახსნა მოუძებნო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პროცესებს. პოსტშევარდნაძისეულ პერიოდში, საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური ცვლილებების შემდეგ, მე პირადად მქონდა მკაფიო განცდა, რომ ბოლოს და ბოლოს ისეთი გარემო ყალიბდებოდა საქართველოში, სადაც ადამიანი ლაღად, მომავალში დარწმინებული იცხოვრებდა და შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „არიფი“ ციდან ვარსკვლავებს მოწყვიტავდა. მაგრამ, ვისაც განათლება, კვალიფიკაცია და სათანადო უნარჩვევები გააჩნია აუცილებლად მიაღწევდა იმას, რასაც დაისახავდა მიზნად. ბედნიერება კი მიზნის მიღწევით მოდის! ალბათ, ამაშია საზოგადოების ბედნიერების არსი. შესაბამისად, ქვეყანაც იმ პრინციპებზე უნდა იყოს აწყობილი, რომ ნებისმიერ ადამიანს ქონდეს მაქსიმალური თვითრეალიზაციის საშუალება. ამისთვის, კი სულ ცოტა ხელს არ უნდა გვიშლიდნენ. ხელის შეშლა, კი მაშინ იწყება, როდესაც ჭეშმარიტ კონკურენციაში შენ უფრო მეტი შანსი გაქვს გამარჯვების. ანუ, შენ უკეთესი ხარ, ვიდრე ის ვინც ხელს გიშლის. ყველა კონკრეტული მიზნიდან და ამოცანიდან გამომდინარე ხელის შემშლელი გარემოება სხვადასხვა და მრავალფეროვანია. მაგრამ, ამ გარემოებათა ვერტიკალის თავში ქვეყნის მმართველი ან მმართველი ძალა დგას. ამით, პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ წარმატებისთვის საჭირო გარემოს და აყალიბებს ქვეყნის მმართველი ძალა. ხოლო, როცა მას არასწორი მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა, ეს გარემო ხელის შეწყობის ნაცვლად განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გარდაიქმნება.

 

თუმცა, აქაც ორი ვარიანტია:

 

1. როდესაც, მმართველი ძალა თავისი უნიათობითა და არაკომპეტენტურობით აზარალებს ქვეყანას და თითოეულ ჩვენთაგანს;

 

2. როდესაც, მმართველი ძალა მიზანმიმართულად ქმნის ისეთ გარემოს, როდესაც ყველას ბედი და წარმატება მის გადაწყვეტილებაზე და კეთილ ნებაზე ხდება დამოკიდებული.

 

თითქმის სამი წელია რაც „მეოცნებეები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ეს საკმაო ვადაა იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ მათი მმართველობის შედეგებზე.

 

მე პირადად მკაფიო აზრი ჩამომიყალიბდა, რომ სახელმწიფო მმართველობა საქართველოში ავტორიტარულ ფორმებს იღებს! თუმცა, ამისთვის ფუნდამენტალური ცვლილებებია საჭირო და მრავალი ეტაპია გასავლელი. მაგრამ, სანამ ამ ეტაპებისა და ცვლილებების განხილვაზე გადავალთ მინდა გავარკვიოთ ის მიზეზები, თუ რატომ ხდება ასე?

 

მოდით, გვერდზე გადავდოთ გარე ფაქტორები და ნურავის მოვნათლავთ რუსული სპეცსამსახურების დაკვეთების შემსრულებლად. მე მინდა აბსოლუტურად სხვა და უფრო შინაარსიანი მიზეზები წამოვწიო ზედაპირზე.

 

ყველაფერი პიროვნების მენტალურ და ძალაუფლების შენარჩუნების ჭრილშია განსახილველი. მემგონი, უკვე ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მმართველი ძალა დღევანდელ საქართველოში ერთი პიროვნების მასშტაბამდეა დასული და მისი ფიგურა განაპირობებს ყველა პროცესებს ქვეყანაში. ამ ფაქტს, კი განსაკუთრებით ამძიმებს ის გარემოება, რომ გუნდი რომელიც ამ პიროვნებამ შეაკოწიწა ქვეყნის სამართავად, ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. არის არაპროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო უნარჩვევები და მკაფიოდ გამოხატული ხედვები, თუ როგორ და საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. მმართველი გუნდი აფსოლუტურად არ არის ადაპტირებული იმ ინსტრუმენტების მიმართ, რომლითაც იმართება თანამედროვე ტიპის სახელმწიფო. შესაბამისად, რაოდენ კარგი სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს ჰეგემონს, მას გარდაუვლად შეექმნება ძალაუფლებრივი პრობლემები. მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე ნახა და გამოსცადა, რომ შეიძლება ნორმალური ცხოვრება და ჩაესახა უკეთესი მომავლის იმედი. ნორმალურ ცხოვრებაში კი პირველ რიგში იმას ვგულისხმობ, რომ აღარავინ გძალავს ქრთამს, აღარავინ გივარდება სახლში და არ გძარცვავს. როცა, შენი ცოდნითა და უნარებით შეგიძლია ჩააბარო უმაღლეს სასწავლებელში და მხოლოდ შენი პროფესიონალური შესაძლებლობებით აიწყო კარიერა. ყველა მივხვდით, რომ სინათლე ჩვენს ფანჯრებში არ არის ეგზოტიკა და საჭმელი შეიძლება ბუნებრივ გაზზე მოამზადო და არა „კერასინკაზე“. მაგრამ, მთავარი ის იყო და ჯერჯერობით მაინც რჩება, რომ ხალხს ჩაესახა მტკიცე იმედი უკეთესი მომავლისა.

 

ზუსტად ასეთი განცდების, თვითკმაყოფადი და რეალიზებული პიროვნება არის პირველი მტერი ავტოკრატიული მმართველობისთვის. ასეთი მოქალაქე არ არის დამოკიდებული და ჭიპლარით მიბმული მთავრობაზე. და უფრო მეტიც, სწორედ ასეთი მოქალაქე განაგებს მთავრობის ბედს. ამიტომ, ფუნდამენტალურად ავტოკრატიული მრწამსის მატარებელი ოლიგარქისთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა დაამარცხოს ასეთი მოქალაქე. ამ მიზნის მისაღწევ გზაზე, კი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ამგვარი მოქალაქისთვის მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემოს შეცვლა. სადაც ის ვეღარ მოახერხებს თვითრეალიზაციას და ან მოისპობა, ან ტრანსფორმირდება „ჰომოსოვეტიკუსად“!

 

აი, ზუსტად ამ მიზნების მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციის დაკნინედა და მათი, როგორც სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტის გაცვეთა და საბოლოოდ ჩამოშლა. პარალელურად, აუცილებელია მეთოდურად და თანმიმდევრულად ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური ვითარების დამძიმება. რაც უფრო შეუმცირდება შემოსავლის წყაროები თავისუფალ, წარმატებულ მოქალაქეს, მით უფრო დაუცველი გახდება ის და თანმიმდევრულად დამოკიდებული გახდება მმართველ ძალაზე, კერძოდ ჰეგემონზე. ამავდროულად, სავალდებულოა ფასეულობათა სისტემის მეთოდური რღვევა იმ დონემდე, რომ მოქალაქე ვეღარ არჩევდეს ვინ არის ჭეშმარიტი პატრიოტი და მამულიშვილი და ვინ უბრალოდ მედროვე და მომხვეჭელი. ამისათვის, კი საჭიროა სააგიტაციო მედიასაშუალებების როგორც აშკარად, ასევე შეფარულად ამოქმედება. ყურადღებით გადახედეთ მედია სივრცეში მოქმედ საშუალებებს. განსაკუთრებით კი დააკვირდით იმათ ვინც „მეოცნებეების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაფუძნდნენ ან მკვეთრად გაძლიერდნენ.

 

აი, ზუსტად ამგვარი სახელმწიფოებრივი დეგრადაციისთვის აუცილებელი და უნივერსალური იარაღების მოქმედების უტყუარ კვალს ვხედავთ დღევანდელი საქართველოს რეალობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰეგემონი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოებაში და ვერ ჩამოყალიბდება ავტოკრატიული მმართველობა! ანუ, ყველა პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს რეალობაში არის მცდელობა ავტოკრატიული რეჟიმის დამკვიდრებისა! გარდა ამისა, იმდენად დიდი და არარეალიზებადი იყო ის დაპირებები, რომლითაც მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, რომ მის ელექტორატში პროტესტის გრძნობის განსამუხტავად სავალდებულო გახდა ძველი რომაული ლოზუნგის იმპლემენტაცია – „ხალხს ჭირდება უფასო პური და სანახაობა“! ზუსტად ამას ემსახურება ეფემერული „სამართლიანობის აღდგენის პროცესი“ და უტოპიური სოციალური პროექტები, რომლებიც თავის მხრივ აქტიურად უთხრიან ძირს ისედაც სუსტ და არამდგრად ქართულ ეკონომიკას.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროცესების აქტივირებასა და მართვას უზარმაზარი ფინანსური რესურსები ჭირდება. მდიდარი კაცი, კი გაჭირვებულზე მეტად უფრთხილდება საკუთარ ფულს. ასე იყო ყოველთვის და ასეა ეხლაც. ასე, რომ არ იყოს ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი გაღარიბდებოდა. მომავალ წელს უკვე ახალი საპარლამენტო არჩევნებია. შესაბამისად, ინსტიტუციების ნაცვლად პროცესების ხელით მართვა განსაკუთრებულ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მმართველი ძალა სულაც არ ეწინააღმდეგება ლარის კურსის გაუფასურებას და არ ღებულობს ქმედით ზომებს სიტუაციის დასტაბილურებისა და გაუმჯობესებისათვის. და თუ რატომ ახლავე მოგახსენებთ:

 

მემგონი, ყველა ხართ დარწმუნებული იმაში, რომ საარჩევნო პროცესების მთავარ დამფინანსებელს საკუთარი „დანაზოგი“ ლარების ნაცვლად უცხოურ ვალუტაში აქვს აკუმულირებული!? საარჩევნო პროცესებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების ძირითადი ნაწილი კი ლარებშია დასახარჯი. შესაბამისად, თუ ლარის აქტიური დევალვაციის პროცესის დაწყებამდე, პირობითად საჭირო იქნებოდა მილიონი დოლარის დახარჯვა საარჩევნო საჭიროებისათვის, დღეს უკვე ოცდაათი პროცენტით ნაკლებია დასახარჯი. ხოლო, თუ ეკონომიკური პროცესები ასეთივე სცენარით განვითარდა არჩევნებამდე, მაშინ არჩევნების აქტიური პროცესისას, ლარის კიდევ უფრო მეტი დევალვაციის ხარჯზე მთავარ დამფინანსებელს დასახარჯი ექნება ორჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე თუნდაც დღევანდელ დღეს. ანუ, იაფად გვყიდულობს, რა..! ყველაფერი უაღრესად პრაგმატული სცენარით ვითარდება.

 

ალბათ უამრავი ოპონენტი გამომიჩნდება და ბევრი მტრადაც მომნათლავს, მაგრამ ჩემი სამოქალაქო ვალი იყო ამ ანალიზის წარმოდგენა. და ვთვლი, რომ თავისუფალი ადამიანის დამონება, „ჰომოსოვეტიკუსად“ გადაქცევა, ყველაზე დიდი დანაშაულია ქართული სახელმწიფოს რეალობაში!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია