ლუკაშენკო და საქართველო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-04-2015, 10:32 | პოლიტიკა | ნანახია - 2322

ლუკაშენკო და საქართველო

 

მამუკა კუდავა

 

ერთხელ პარიზში ნაცნობი გერმანელი, ყოფილი ელჩი მოვიდა ერთერთი ოფიციალური მიღებისას და შეწუხებული სახით მკითხა: გულახდილად, თქვენ როგორ უჭერთ მხარს ბელარუსს და მის ჭკუამხიარულ პრეზიდენტსო. რატომ მეკითხებით-მეთქი. დღეს ვუსმინე გერმანიის ტელევიზიით, რომ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრზე თქვა: მირჩევნია დიქტატორი ვიყო, ვიდრე გეიო.

 

ეს 2012 წელი იყო და მაშინ ევროკავშირი განიხილავდა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ადამიანის უფლებათა მზარდი დარღვევის გამო, ხოლო გერმანელმა მინისტრმა ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა. საქართველო კი 2008 წლის ომის შემდეგ მინსკის პოზიციებს იცავდა ევროპასა და ამერიკაში.

 

ამ ინციდენტის შემდეგ ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა, ჰომოფობი არ ვარ და სხვა რამეს ვგულისხმობდიო. ბერლუსკონის არ იყოს, მსგავსი ხმაურიანი სკანდალი ბელარუსის 20-წლიან ლიდერს არაერთი ჰქონია მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიიდან დაწყებული, რომლის ერთერთი სლოგანი იყო „დავამარცხოთ მაფია ახალი მსოფლიო წესრიგისა და სიონიზმის წინააღმდეგ“.

 

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი 24-25 აპრილს ამ ქვეყნის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია და ამდენად მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია.

 

ვიზიტს საფუძველი კიევში ჩაეყარა 2014 წლის ივნისში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

ბელარუსიდან ჩამოტანილი გზავნილებისა და ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივების განხილვამდე გასახსენებელია თბილისი-მინსკის ოფიციალური კავშირები:

 

მოკლე ისტორია

 

ზოგადად საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები არასდროს გამოირჩეოდა დიდი აქტიურობით. დიპლომატიური ურთიერთობებიც კი მხოლოდ 1994 წლის 6 იანვარს დამყარდა, ანუ ბელარუსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთერთი ყველაზე ბოლო იყო, რომელთანაც ოფიციალური კავშირი დამყარდა. ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო თბილისში არ არსებობს. საქართველოს საელჩო მინსკში გვიან - 2008 წელს - გაიხსნა, იქამდე კი ორმხრივი ურთიერთობა ძირითადად სხვადასხვა დონეზე გამართული შეხვედრების ფარგლებში მინსკში - დსთ-ის სამდივნოს ადგილსამყოფელში - ჩასული საქართველოს დელეგაციების ვიზიტებით და დსთ-ში საქართველოს წარმომადგენლის არსებობით შემოიფარგლებოდა.

 

2008 წლამდე პერიოდში ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობაც კი შეინიშნებოდა. კერძოდ, მშვიდობიანი რევოლუციის თავიდან აცილების საბაბით 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ლუკაშენკომ დამკვირვებლობა აუკრძალა. ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ეგიდით საქართველოს პარლამენტართა ჯგუფი დაკავებულ იქნა მინსკის აეროპორტში, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში შეფასდა, როგორც „ბელარუსის ხელისუფლების დაუფარავი გადაწყვეტილება უარი თქვას დემოკრატიისა და არჩევნების ტრანსპარენტულობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე“.

 

2008-09 წლები გარდამტეხი აღმოჩნდა ორმხრივ ურთიერთობებში და რეალური თანამშრომლობაც დაიწყო. ლუკაშენკო ორ ცეცხლს შუა იყო.

 

ერთი მხრივ, კრემლი ზეწოლას ახორციელებდა მინსკზე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიზნით. მეორე მხრივ, დასავლეთი ბელარუსს მოუწოდებდა, არ გადაედგა ეს ნაბიჯი. 2004-06 წლებიდან ხომ ლუკაშენკოსა და სხვა ბელარუს მაღალჩინოსნებს აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები ჰქონდათ დაწესებული ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისთვის. ამის გამო, ლუკაშენკოს ბუნებრივია დასავლეთთან საქმის კიდევ უფრო გაფუჭების თავიდან აცილება სურდა.

 

საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ დაახლოებით ორი წელი ეს საკითხი წკიპზე იყო: აღიარება ძალიან სერიოზულ და რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა, ბელარუსი კი მუდმივად ლავირებდა.

 

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ აღიარების გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ მოსკოვში ბელარუსის ელჩმა თქვა, რომ ბელარუსიც იგივეს აპირებდა რამდენიმე დღეში - „ჩვენ ვართ მოკავშირეები და ეს ყველაფერს ნიშნავს. ბელარუსი უპირატესობას ანიჭებს მშვიდობიან საშუალებებს. ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს აგრესიას. ვფიქრობ, რუსეთმა სწორი ნაბიჯი გადადგა“.

 

თუმცა, იმავე დღეს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ წერილი გაუგზავნა რუს კოლეგას, რომელშიც ხაზი გაუსვა რუსეთ-ბელარუსის მოკავშირეობას, მაგრამ მოუწოდა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს საპირწონე სამხედრო ალიანსი - რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი - 2012 წელს გამოვიდა) ფარგლებში მოძებნილიყო საერთო პოზიცია: „არსებულ ვითარებაში რუსეთს არ ჰქონდა სხვა მორალური უფლება, რომ არ დაეჭირა მხარი აფხაზი და სამხრეთ ოსეთის ხალხების მოწოდებებისთვის მათი თვითგამორკვევის უფლების აღიარების თაობაზე, ფუნდამენტური საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად“.

 

სექტემბერში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აღიარების საკითხს ბელარუსი გვერდს ვერ აუვლიდა, თუმცა თარიღად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შეკრება დაასახელა: „თუ პარლამენტი მოახდენს აღიარებას, მე მას ხელს მოვაწერ“. ეს კი საკითხის 2009 წლამდე გადადებას ნიშნავდა. დეკემბერში კი გაცხადდა ახალი თარიღი - აპრილი, პარლამენტის მუშაობის დაწყება.

 

ლუკაშენკოს მიერ არჩეული, დროის გაწელვის ტაქტიკა მუშაობდა, მაგრამ კრემლი მუდმივ ზეწოლას განაგრძობდა. კერძოდ, ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული კონფიდენციალური შეხვედრის ჩანაწერისა და სხვა წყაროების მიხედვით, აღიარების სანაცვლოდ მოსკოვმა მინსკს $2 მილიარდიანი კრედიტის ბოლო $500 მილიონიანი ტრანში შესთავაზა. ეს გაზის გაიაფებასაც ნიშნავდა.

 

2009 წლის მარტში მოსკოვში ლუკაშენკომ დე ფაქტო აფხაზ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს განუცხადა: „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი სამუშაო ჩნდება და ბელარუსი მზადაა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ“.

 

დასავლეთის მიერ გამოყენებული ზეწოლა კი ევროკავშირის ახალ ინიციატივაში „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ბელარუსის ჩართვას უკავშირდებოდა. კერძოდ, 2009 წლის მაისში, პრაღის სამიტზე, ბელარუსი ოფიციალურად გახდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად. ეს კი წარმოუდგენელი იქნებოდა, თუ მინსკი აღიარებდა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“. ამ პერიოდში თბილისის პოზიციაც ცალსახა იყო, რაც მუდმივად მიეწოდებოდა ევროპულ დედაქალაქებს: ბელარუსის მიერ აღიარების შემთხვევაში საქართველო ვერ მიიღებდა მონაწილეობას ისეთ ინიციატივაში, რომლის წევრიც არ აღიარებდა მის ტერიტორიულ მთლიანობას.

 

2009 წლის ივნისში ლუკაშენკომ უკვე თამამად და საჯაროდ თქვა უარი მოსკოვის შანტაჟზე: „აღიარების სანაცვლოდ $500 მილიონი შემოგვთავაზეს. ჩვენ არ გვსურს გავყიდოთ პოზიციები. ამ საკითხს თვითონ გადავწყვეტთ, შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, მაგრამ ბელარუსისთვის აღიარების საკითხი არაა ყველაზე პრიორიტეტული. თუმცა გვესმის, რომ რუსეთისთვის - არის“.

 

ლუკაშენკომ საქართველოს რეგიონების აღიარების საკითხის გაწელვა განაგრძო. 2009 წლის შემოდგომაზე პარლამენტართა 3 სხვადასხვა ჯგუფი ჩავიდა თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. მათი რეკომენდაციით, საკითხის განხილვა 2010 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. გრძელ თაროზე ამ დოსიეს შემოდებამ აღიარების კრიტიკული - მოსკოვის ზეწოლის - ფაზა მტკივნეულად, მაგრამ მაინც წარმატებულად გადაატარა.

 

მოკლედ, შექმნილი ვითარება ბელარუსის მოქნილმა პოლიტიკოსმა ოსტატურად გამოიყენა. საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფო ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ოფიციალური თბილისის უზენაესი ინტერესი - არაღიარების პოლიტიკა - და მინსკის სტრატეგია სანქციების გაუქმებისა და დასავლეთთან დაახლოების შესახებ თანხვედრაში აღმოჩნდა.

 

შედეგად, საქართველომ იკისრა ერთგვარი შუამავლის როლი და 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ბელარუსის მთავარი ლობისტი გახდა, კერძოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ამ პერიოდში ქართული დიპლომატია აქტიურად იცავდა მინსკის ინტერესებს დასავლეთში, რათა სანქციები ეტაპობრივად გაუქმებულიყო - ბელარუსის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პროგრესის მიღწევის პარალელურად. თუმცა ეს პროცესი შენელდა 2010 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი იქნა დაპატიმრებული: პუტინთან დაძაბული ურთიერთობისა და რუსული მედიის ანტი-ლუკაშენკოს კამპანიის გამო ბელარუს ლიდერს, როგორც ჩანს, არჩევნების შემდგომ გამართული დემონსტრაციების შეეშინდა და ისედაც გარანტირებული გამარჯვება ხისტი პოლიტიკის გატარებით დასრულდა. შედეგად, ეუთო-მ არჩევნები არადემოკრატიულად შეაფასა. პრეზიდენტი სააკაშვილი ერთერთი პირველი იყო, ვინც გამარჯვება მიულოცა ლუკაშენკოს.

 

შეიძლება გამოიყოს 2012 წლამდე საქართველოს სამი მთავარი ინტერესი ბელარუსთან თანამშრომლობის მხრივ, რაც კვლავ აქტუალურია საქართველოს ხელისუფლების მიერ აქტიური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში:

 

1. არაღიარების პოლიტიკა

 

ომის შემდეგ ქართულმა დიპლომატიამ, არაღიარების პოლიტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა 50-ზე მეტ ქვეყანასთან, რის შედეგადაც მთლიანმა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ თითოეული ასეთი ხელმოწერილი დოკუმენტი შეიცავს საზღვრების ურღვეობის აღიარებას. თუმცა, რასაკვირველია, ეს დადასტურება საბოლოო არაა, რაც რუსეთის ან ვენესუელის მაგალითებმა დაამტკიცა. უბრალოდ, მეტი ასეთი დოკუმენტით აღიარების რისკი მცირდება. ტუვალუსა და ვანუატუს მიერ აღიარების შემობრუნება კი ქართული დიპლომატიის გამარჯვების მაგალითებია.

 

ამ პოლიტიკის ფარგლებში ხაზგასასმელია გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუციის „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებზეზე“ დიდი მნიშვნელობა, რადგან ის წარმოადგენს ქართული დიპლომატიის მიერ განხორციელებული არაღიარების პოლიტიკის წარმატების ყოველწლიურ ლაკმუსის ტესტს. გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, სადაც რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, ამ რეზოლუციას კენჭი ეყრება გენერალურ ასამბლეაზე ანუ ხმების უბრალო უმრავლესობით და მაშასადამე მოსკოვი მას ვერ „დაბლოკავს“. მიუხედავად მისი არაიურიდიული ძალისა, გენასამბლეის რეზოლუციებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და მეტი მომხრის შემთხვევაში მეტ წონას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით.

 

საქართველოს რეზოლუციას 2008 წლიდან ეყრება კენჭი. 2008 და 2009 წლებში ბელარუსმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, თუმცა შემდგომში თბილისი-მინსკის პოზიციების დაახლოების კვალდაკვალ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ქართული დიპლომატიის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, რომ 2010-2012 წლებში ბელარუსი მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან ნეიტრალურში გადავიდა. კერძოდ, 2010 წელს კენჭისყრისას თავი შეიკავა, ხოლო 2011 და 2012 წლებში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა.

 

სამწუხაროდ, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლას უარყოფითი შედეგი მოყვა ბელარუსთან ურთიერთობის კუთხით, რაც რუსეთის მხარდამჭერთა რიგებში ბელარუსის დაბრუნებაშიც აისახა: 2013 და 2014 წლებში ბელარუსმა საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს, რასაკვირველია, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის არასაკმარისი ყურადღებით და ლობირებით შეიძლება აიხსნას, რაც კერძოდ პრემიერ ივანიშვილის მიერ ზოგადად არაღიარების პოლიტიკის უსაფუძვლოდ არასათანადო შეფასებაში გამოიხატებოდა.

 

დამატებით, ლუკაშენკოს არაპროგნოზირებადობისა და არათანმიმდევრულობის გამო, საქართველოს ყველა ხელისუფალს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მისი ლიდერობის პირობებში ბელარუსის მხრიდან არაღიარების სრული გარანტია არ იარსებებს. რასაკვირველია, ბელარუსი ლიდერის თბილისში წარმოთქმული სიტყვები „სოხუმი საქართველოა“ სასიამოვნო და დადებითი გზავნილია. თუმცა, აღნიშნულს ორმხრივი ურთიერთობების დღენიადაგ განმტკიცება სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით.

 

2. ბელარუსის ევროპული პერსპექტივა

 

2009 წელს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივაში ბელარუსის ჩართვის მეშვეობით პრეზიდენტი ლუკაშენკო ცდილობს ურთიერთობის აღდგენას დასავლელ/ევროპელ პარტნიორებთან. ამგვარად ის ცდილობს რუსეთის გავლენისა და ზეწოლის შემცირებას, რაც რა თქმა უნდა საქართველოს ინტერესშია.

 

არავისთვისაა დამალული პუტინ-ლუკაშენკოს პიროვნული დაპირისპირება, რაც ხშირად მედიის თვალწინ და ღიად მიმდინარეობს. მიუხედავად რუსეთ-ბელარუსის კავშირის არსებობისა, რომელსაც ოფიციალურად საკავშირო სახელმწიფო ეწოდება 1999 წლიდან, ბევრ სფეროში მისი პრაქტიკაში ამოქმედება სწორედ ამ ორი ადამიანის დაპირისპირების გამო ვერ ხერხდება. იგივე შეიძლება ითქვას ევრაზიის კავშირზე. შესაბამისად 15 და 20 წლის განმავლობაში ხელისუფლების ზენიტში ყოფნამ ორივე პრეზიდენტს დიდი ეგო, ამბიციები და პრეტენზიები გაუჩინა.

 

1991 წლის დეკემბერში ბელარუსის პარლამენტში ლუკაშენკო ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც ხმა არ მისცა საბჭოთა კავშირის დამსამარებელი ბელავეჟის შეთანხმების (რუსეთი-უკრაინა-ბელარუსი) რატიფიკაციას. გარდა ამისა, ის ხშირად იცავს რუსეთის პოზიციებს სხვადასხვა ფორმატში. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მას კვლავ საბჭოთა კავშირი ან მსგავსი გაერთიანება სურს. ლუკაშენკო არც მალავს მის ავტოკრატიულობას და ამბობს, რომ სწორედ ძლიერი ხელის მეშვეობით მიაღწია საოცნებო სტაბილურობას პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ამავე დროს მისი მმართველობისას ასევე იყო პერიოდები, როდესაც ის ნაყოფიერად თანამშრომლობდა დასავლელ კოლეგებთან.

 

ლუკაშენკოს პოზიციების ცვლილებები კარგად არის ცნობილი, რაც განპირობებულია როგორც პირადი ხასიათით, ასევე მისი სურვილით - ბელარუსი არ მოხვდეს რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ. ეს კი გამოსაყენებელია როგორც დასავლეთის, ისე საქართველოს მიერ. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს წინამორბედის პროაქტიური პოლიტიკა ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს მინსკში ავტორიტარული რეჟიმის შერბილება და ბელარუსის ევროპული ინტეგრაცია, კერძოდ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ევროსაბჭოში გაწევრიანება. აღნიშნულზე მინიშნება ბელარუსმა ლიდერმა თბილისში ვიზიტის დროსაც დაადასტურა, როდესაც ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას ქვეყანას მადლობა გადაუხადა წინა წლებში დასავლეთთან კავშირების განმტკიცებაში.

 

ამდენად, 2008-12 წლებში თბილისის მიერ მინსკისთვის აღმოჩენილი დიპლომატიური მხარდაჭერა დასავლელ კოლეგებთან აუცილებლად გასაგრძელებელია. თუმცა, რეალურად რომ შეფასდეს არსებული ვითარება, ამის მიღწევა ძალიან გაძნელდება საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტის, პრეზიდენტ-პრემიერის დაპირისპირებისა და არაფორმალური მმართველობის არსებობის პირობებში. ასევე გასათვალისწინებელია „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაკარგული პოზიციები დასავლეთში, რაც ბუნებრივია ამცირებს ზეგავლენის მოხდენის შანსს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებში.

 

ამ კონტექსტში პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხასიათისა და ამბიციების გამო ასევე გასათვალისწინებელია ერთი პოტენციური საფრთხე. კერძოდ, სრულიად მოსალოდნელია, რომ მას ჰქონდეს სურვილი საქართველოს ხელმძღვანელობას შესთავაზოს მისი კეთილი ნება და პირადი კონტაქტი პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების მხრივ. ეს შუამავლობა ამ ეტაპზე ქვეყნისთვის საზიანო იქნება ორი მიზეზის გამო: 1. ზემოაღნიშნული პრობლემები საქართველოს სუსტ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. 2. პუტინთან საქართველოს რომელიმე ლიდერის შეხვედრის გამოყენება რუსეთის მიერ, როგორც ყალბი დადებითი განვითარება ორმხრივ ურთიერთობებში - უახლოეს პერიოდში პუტინი არანაირ დათმობაზე წამსვლელი არ არის საქართველოსთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში კი დასავლეთი კიდევ უფრო ჩამოცილდება საქართველო-რუსეთის საკითხებს, ხოლო თბილისი კიდევ უფრო მარტო დარჩება მოლაპარაკებებში კრემლთან.

 

3. ეკონომიკური თანამშრომლობა

 

ორმხრივი სამართლებრივი ბაზა გასაღრმავებელია, რადგან არსებული შეთანხმებების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. სავაჭრო ბრუნვა $50 მილიონის ფარგლებშია და მისი 4-5-ჯერ გაზრდა, როგორც პრეზიდენტი ლუკაშენკო ამბობს, სავსებით შესაძლებელია ინტენსიური თანამშრომლობის პირობებში. ამის პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ბელარუსული ინვესტიციების გაზრდის მხრივ - ბელარუსის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე $8 ათასია და საქართველოს მონაცემს ორზე მეტჯერ აღემატება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ ბელარუსთან თავისუფალი ვაჭრობა იძლევა საშუალებას ევრაზიის კავშირის სხვა ქვეყნებთანაც თავისუფალი რეჟიმის არსებობას.

 

დასასრულს აღსანიშნავია ისტორიული შესაძლებლობა, რასაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს დასავლეთისკენ ახალი შემობრუნება იძლევა მისი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ასევე მომავალი რუსეთისთვის. ასეთ შანსს გამოყენება უნდა, რაშიც საკუთარი წვლილის შეტანა საქართველოსაც შეუძლია აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია