საქართველო, ბოლონიის პროცესი და მისი სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-04-2015, 21:57 | კომენტარები | ნანახია - 2231

საქართველო, ბოლონიის პროცესი და მისი სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობა

 

თამარ მანჯავიძე

 

საბჭოთა კავშირის ტოტალური მმართველობიდან თავის დახსნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული, ეკონომიკური თუ სოციო-პოლიტიკური მოვლენა იყო, თუმცა ამან ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. საქართველოს, როგორც ქვეყანას, უკვე თავად უნდა აერჩია განვითარების ფორმა, თავად მიეღო გადაწყვეტილება და თავადვე შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამეთანხმებით ისეთი ცენტრალიზებული მმართველობის შემდეგ, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, საკმაოდ რთული იყო დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა.

 

პირველ რიგში გადასაწყვეტი იყო ის კურსი, რომლითაც საქართველო გააგრძელებდა სვლას/განვითარებას. ბუნებრივია საკმაოდ რთული იყო ქვეყნის რეფორმირება, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში. შიდა არეულობებმა, ომებმა, რევოლუციებმა თუ საპროტესტო აქციებმა საგრძნობლად შეაფერხეს ქვეყნის წინსვლა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს რომ არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე განათლება, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის საჭირო სხვა მრავალი ასპექტი, მეორეხარისხოვანი ხდება. ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც. თუმცა გარდაუვალი იყო და პოლიტიკური გეზის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა განათლების სისტემაც, რადგანაც განათლება მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხთან და სწორედ ეს ხალხი ქმნის ქვეყანას.

 

განათლება, ეს ავტონომიური სისტემაა, რომელსაც შესწევს უნარი მოახდინოს ზემოქმედება საზოგადოების ფუნქციონირებაზე, ისევე როგორც მის შემდგომ განვითარებაზე. განათლება, ადამიანის არსებობის განუყოფელი და საჭირო სფეროა. ის არ შეიძლება არ შედიოდეს სახელმწიფო პოლიტიკის ხედვის არეში, ისევე როგორც შეუძებელია არ შეესაბამებოდეს თანამედროვე სოციალურ-ეკონომიური განვითარების დონეს. განათლების ხარისხი პირდაპირპროპორციულია შრომითი რესურსების ხარისხითან, აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების ეკონომიურ მდგომარეობაზე.

 

წარმოუდგენელია განათლების სისტემას ქვეყნის პოლიტიკური ღირებულებებისგან განსხვავებული ღირებულებები გააჩნდეს, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის გამოუსადეგარ კადრს მივიღებთ, რომელთა ხედვა, ღირებულება თუ მსოფლმხედველობა განსხვავდება ქვეყნის საჭიროებისაგან. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ზოგჯერ ამ პროცესს საკმაოდ არაჯანსაღად იყენებენ, მაგალითისთვის საბჭოთა კავშირის პერიოდიც კმარა, სადაც პოლიტიკის ჩარევა განათლების სფეროში საკმაოდ ცდებოდა ჯანსაღი ურთიერთობის ფარგლებს და განათლება ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი და ცენტრალიზებული ინსტიტუცია იყო. საბედნიეროდ საქართველო გათავისუფლდა ამ მარწუხებისგან, თუმცა ხანგრძლივმა საბჭოურმა სისტემამ საკმაოდ დიდი დაღი დაასვა განათლების სისტემას და საკმაოდ რთული პროცესი იყო მისი ფორმულირება.

 

შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში განათლების სისტემის ხასიათი განისაზღვრება სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობით, ასევე კულტურულ-ისტორიული და ნაციონალური ნაირსახეობებით. საზოგადოების მოთხოვნა განათლებაზე ფორმულირდება სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც შეესაბამება ეკონომიკის მოთხოვნებს და სამოქალაქო საზოგადოებას.

 

იმ პირობებში, როცა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესი, ყალიბდება საერთაშორისო ეკონომიური და კულტურული კავშირები, არ არის საკამათო რომ განათლება ვერ დარჩება განყენებული ამ პროცესებისგან. ბოლონიის პროცესიც განათლების სისტემის გლობალიზაციას გულისხმობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში.

 

საქართველოში საგანათლებლო ცვლილებები და მისი გლობალიზაცია ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა, მაინც დასაფასებელია ის პირველი ნაბიჯები, რაც ამ პერიოდში გაკეთდა.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მმართველი გუნდი პროევროპული ხედვის მქონე წევრებით იყო დაკომპლექტებული. პრეზიდენტს და მინისტრთა უმრავლესობას (20 მინისტრიდან 12-ს) განათლება საზღვარგარეთ ქონდა მიღებული. მმართველი გუნდის გეზი აბსოლუტურად გასაგები იყო, თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა საბჭოთა პერიოდში აღზრდილი ადამიანის ევროპეიზაცია. ქვეყანა მეტ პრო-ევროპულად მოაზროვნე კადრს ითხოვდა. ის მცირე რაოდენობა კი რაც საქართველოში იყო სავსებით არ იყო საკმარისი მიზნის მისაღწევად.

 

მთავრობის წინაშე ევროპული განათლების მქონე კადრის ნაკლებობის პრობლემა დადგა, რისი გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ბოლონიის პროცესთან შეერთება იყო. მიზნის მისაღწევად საქართველოს ცოტა დრო ქონდა თუმცა 2005 წლის მაისში ბერგერის სამიტზე საქართველოც შეუერთდა ბოლონიის პროცესის წევრ ქვეყანათა რიცხვს, რომლის მთავარი პრიორიტეტები (ლუვენის კომუნიკეს მიხედვით) ასე გამოიყურება:

 

• სოციალური განზომილება;

• მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა;

• სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;

• განათლება, კვლევა და ინოვაცია;

• მობილობა;

• მონაცემების შეგროვება;

• მრავალმხრივი გამჭვირვალე მექანიზმები;

• დაფინანსება.

 

„ბუდაპეშტი-ვენის“ დეკლარაცია ბოლონიის პროცესს შემდეგნაირად აფასებს: „ბოლონიის პროცესი და მისი შედეგი, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე, უმაღლეს განათლებაში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითია. მის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი მსოფლიოს სხვა ნაწილებში და ევროპული უმაღლესი განათლება მსოფლიოსთვის უფრო კარგად აღსაქმელი გახადა.“

 

განვიხილოთ ბოლონიის დეკლარაციის რამოდენიმე ძირითადი ასპექტი.

 

პირველ რიგში აღსანიშნავია სწავლების სამსაფეხურიან სისტემაზე გადასვლა. ამ პროცესმა საგრძნობლად გაამარტივა საქართველოს განათლების სისტემის აღქმა სხვა ქვეყნების მიერ, რადგანაც დანერგილი კრედიტების სისტემა იდენტურია მთელს ევროპაში.

 

საქართველოს თანამედროვე განათლების სისტემა ასე გამოიყურება:

 

საქართველო, ბოლონიის პროცესი და მისი სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობა

 

ბოლონიის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში საკმაოდ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა:

 

1. მოხდა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავება და მისი ევროპულ დონესთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც თავის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია;

 

2. მოხდა ქართული დიპლომის აღიარება, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ქართველ პროფესიონალთა ევროპაში ინტეგრაციას;

 

3. ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ხდება სტუდენტთა თუ პედაგოგთა მობილობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მობილობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც რომ სწავლა ხელმისაწვდომია ყველასათვის და სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები არ უშლის ხელს სტუდენტს მიიღოს ხარისხიანი განათლება.

 

საქართველოს უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:

 

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

 

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

 

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

 

დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

 

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

 

ეს რაც შეეხება ბოლონიის პროცესების დადებით მხარეებს, თუმცა როგორც ყველა პროექტს ამასაც აქვს უარყოფითი მხარეები:

 

1. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ბაკალავრიატის ცნება არასწორადაა გაგებული და შრომით ბაზარზე ჭირს სამსახურის შოვნა ამ დონის დიპლომით. თვითონ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნავს, რომ „არსებობს ინტენსიური დიალოგის სჭიროება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სოციალური პარტნიორები, რათა ბაკალავრის კვალიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულთა დასაქმება გაუმჯობესდეს და შეიქმნას მათთვის შესაბამისი სამუშაო ადგილები და თანამდებობები, მათ შორის საჯარო სამსახურებშიც“.

 

ეს ფაქტორი საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის სტუდენტს, რადგან აუცილებლობას წარმოადგენს სწავლების ორივე საფეხურის დასრულება. შრომის ბაზარი „აიძულებს“ სტუდენტს +2 წელი ისწავლოს, რის შემდეგაც შესაძლებელია იმ პოზიციაზე მუშაობის დაწყება, რაზეც რეალურად ბაკალავრიატის დონეც საკმარისია.

 

2. უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ დიპლომის აღიარებასთან ერთად ხდება პროფესიონალთა გადინება სხვადასხვა ქვეყნებში და ეს მაშინ როდესაც დღესდღეობით საქართველოში პროფესიონალთა დეფიციტს განვიცდით.

 

3. ასევე აღსანიშნავია „უცხოური დიპლომის სენი“ ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ უცხოური დიპლომი და პროფესიონალიზმი პირდაპირპროპორციულად აღიქმება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. საქართველოში განათლება მიღებულ ახალგაზრდებს შორისაც საკმაოდ ბევრი პროფესიონალია და შესაძლოა მათი ცოდნის დონე აღემატებოდეს კიდეც საზღვარგარეთ განათლება მიღებული პიროვნების დონეს, თუმცა დიპლომი განაპირობებს უპირატესობას და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მიღებული განათლების საფუძველზე ხდება კადრის დისკრიმინაცია.

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ ბოლონიის პროცესმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც სოციო-პოლიტიკური, ასევე განათლების პოლიტიკისა თუ ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. პროცესი ნამდვილად დადებითად შესაფასებელია, თუმცა აუცილებელია მოხდეს საზოგადოების მეტი ინფორმირება და აქცენტის გაკეთება სწორედ იმ უარყოფით მხარეებზე, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია