ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანია 2.0

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-04-2015, 10:18 | მსოფლიო | ნანახია - 2934

ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანია 2.0

 

გრიგოლ ვაშაძე

 

2015 წლის 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იურისტმა, არკანზასის შტატის ყოფილმა პირველმა ლედიმ, აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ, აშშ-ს ყოფილმა სენატორმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, პირველმა "პირველმა ლედიმ", რომელმაც სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ჰილარი როდჰემ კლინტონმა განაცხადა, რომ ის მეორედ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში და 2016 წელს აპირებს არჩევნებში გამარჯვებას. დღეიდან 2016 წლამდე, გამომდინარე ამერიკული წინასაარჩევნო კამპანიის სასტიკი ბუნებიდან, მისი ცხოვრება ამ ლათინური ფრაზის ილუსტრაცია იქნება: "Perfer et obdura; dolor hic tibi proderit olim" (მომთმენი და მტკიცე იყავი; ეს ტკივილი ერთ დღეს შენთვის სასარგებლო აღმოჩნდება).

 

სახელმწიფო დეპარტამენტის დატოვებისთანავე ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ თანხმობა განეცხადებინა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე. 2014 წლის შემოდგომამდე მას პარტიისთვის მკაფიო პასუხი არ მიუცია. როგორც Associated Press 2015 წლის 14 აპრილის ერთ-ერთ სტატიაში წერდა, ჰილარის სახეც კი ეცვლებოდა, როდესაც საარჩევნო კამპანიისას მისი, მისი მეუღლის, ქალიშვილის, სიძის და შვილიშვილის პირად ცხოვრებაში მედიის და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩარევის მასშტაბებს წარმოიდგენდა. თანხმობის თქმის შემდეგ ქ-ნმა კლინტონმა ათეულობით შეხვედრა ჩაატარა საარჩევნო და პოლიტიკურ ექსპერტებთან 2008 წლის საკუთარ კამპანიაში დაშვებული შეცდომების გასაანალიზებლად. პარალელურად აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2014 წლამდე დრო ტყუილად არ დაკარგულა. ორგანიზაცია Ready for Hillary, რომელიც გასული წლის შემოდგომამდე უკიდურესად აღიზიანებდა კლინტონის მრჩევლებს, სულ უფრო იღებს ბარაკ ობამას იმ მხარდამჭერი და grassroots-იდან შექმნილი ორგანიზაციების სახეს, რომლებიც დაუფარავ შურს იწვევდა ჰილარი კლინტონის ბანაკში 2008 წელს.

 

ქ-ნი კლინტონი შეხვდა დემოკრატიული პარტიის "პროგრესისტების" ხატს, სენატორ ელიზაბეტ უორენს, დარწმუნდა, რომ მისი მემარცხენე და ანტი-უოლ-სტრიტელი თანაპარტიელი არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას 2016 წელს, და შეხვედრა(-ები!) გამოიყენა "პროგრესისტების" პროგრამისა და მოთხოვნების უკეთ გასაგებად.

 

ყოფილი სახელმწიფო მდივანი აქტიურად იყო ჩაბმული შუალედურ არჩევნებში: მან დემოკრატების 26 კანდიდატისთვის 45 ღონისძიება ჩაატარა. მუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეტმა კანდიდატმა არჩევნები წააგო, მიღებულმა ღირებულმა გამოცდილებამ ჰილარი კლინტონი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ხსენებული კანდიდატები "შეშინებულ" კამპანიას ატარებდნენ, მათ ვერ მოახდინეს იმ მიღწევების სწორად გამოყენება, რომელიც დემოკრატებს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში (Obamacare) და ა. შ. აქვთ. შესაბამისად, მისმა მრჩევლებმა დაიწყეს აღნიშნული ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინება საარჩევნო სტრატეგიის და ტაქტიკის დაგეგმვისას.

 

მთელი შემოდგომა ქ-ნი კლინტონი ეთათბირებოდა არჩევნების "გურუებს", მათ შორის პრეზიდენტ ობამას კამპანიის ყოფილ მთავარ მენეჯერს დევიდ პლოუფს, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობის გენიოსს ჯენიფერ ო'მალი დილონს და ელექტრონული საშუალებების დირექტორს ტედდი გოფს. თითქმის შეუწყვეტლად მიმდინარეობდა კონსულტაციები ეკონომიკის სპეციალისტებთან: აქცენტი კეთდებოდა საშემოსავლო უთანასწორობის აღმოფხვრაზე და ახალგაზრდა თაობისთვის თანაბარი სასტარტო საგანმანათლებო პოზიციების შექმნის გზებზე. საგარეო პოლიტიკის პროფესიონალებთან ერთად ხდებოდა ახლო აღმოსავლეთის გადაუდებელი პრობლემების და იმ კრიზისის ანალიზი, რომელსაც რუსეთი თავისი საზღვრების პერიმეტრზე ქმნის.

 

საბოლოო გადაწყვეტილება ჰილარი კლინტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც დომინიკის რესპუბლიკაში საშობაო არდადაგებზე ხუთასფურცლიანი შემაჯამებელი მემორანდუმი მეუღლესთან ერთად დაწვრილებით გაიარა.

 

ჰილარი კლინტონი, ეს არაორდინალური პიროვნება, იმ არც თუ ისე მრავალრიცხვოვან პოლიტიკოსთა კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებიც უყოყმანოდ შეგვიძლია დავახასიათოდ საკმაოდ გაცვეთილი, მაგრამ ჩვენი ყურისთვის სასიამოვნო ტერმინით - "საქართველოს მეგობარი". მით უფრო საინტერესოა, ვცადოთ და განვიხილოთ, რა შეუწყობს ხელს ქალბატონი კლინტონის გამარჯვებას, ან რამ შეიძლება ის მეორედ დააბრკოლოს თეთრი სახლისკენ მიმავალ გზაზე.

 

ტრადიციულად შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ნომერი პირველი საკითხი იყო და იქნება ეკონომიკა, მით უმეტეს, როდესაც მმართველი პარტიის პოტენციალური კანდიდატის შანსებზე ვსაუბრობთ. ამ თვალსაზრისით სიტუაცია ქ-ნი კლინტონისთვის ერთობ ხელსაყრელია. როგორც პრეზიდენტმა ბ. ობამამ აღნიშნა თავის 2015 წლის State of Union Address-ში: "Our economy is growing and creating jobs at the fastest pace since 1999. Our unemployment rate is now lower than it was before the (2008 - გ.ვ.) financial crisis. More of our kids are graduating than ever before; more of our people are insured than ever before; we are as free from the grip of foreign oil as we've been in almost 30 years.

...Since 2010, America has put more people back to work than Europe, Japan, and all advanced economies combined. Our manufacturers have added almost 800,000 new jobs. Some of our bedrock sectors, like our auto industry, are booming. But there are also millions of Americans who work in jobs that didn't even exist ten or twenty years ago – jobs at companies like Google, and eBay, and Tesla.

...So the verdict is clear. Middle-class economics works".

 

მართლაც, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პირველი ვადის დასასრულისთვის Dow-Jones-მა 2012 წლის 5 ოქტომბერს რეკორდი დაამყარა და 13.610,15 პუნქტს მიაღწია, უმუშევრობის დონემ კი 7,8%-მდე დაიწია. 2015 წლის 23 აპრილს Dow Jones უკვე 18.058,69 პუნქტს უდრიდა, ხოლო უმუშევრობა 5,5%-მდე შემცირდა. 2014 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით იზრდებოდა, რაც აშშ-ს ეკონომიკის ზომებიდან გამომდინარე ფანტასტიური ციფრია. ეკონომიკური ზრდის ტემპი სამუშაო ადგილების შექმნაში აისახა: ბოლო 58 თვის განმავლობაში ამერიკულმა კერძო ბიზნესმა 11,2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. 10 მილიონით გაიზარდა იმ ამერიკელების რიცხვი, ვისაც დღეს სადაზღვევო ჯანდაცვაზე მიუწვდება ხელი.

 

შეერთებულ შტატებს მტკიცედ უკავიათ მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ქარის ენერგიის ნომერი პირველი მწარმოებელის ადგილი. 2014 წლის ყოველ 3 კვირაში აშშ აწარმოებდა ზუსტად იმდენივე მზის ენერგიას, რამდენსაც მთელი 2008 წლის განმავლობაში.

 

ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი შემოსავლების ზრდის გამო 483 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც საუკეთესო შედეგია 2007 წლის შემდეგ, ანუ რეცესიის დაწყებიდან იმ მომენტამდე, როდესაც ფედერალურ მთავრობას ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად ეკონომიკაში თითქმის ტრილიონი დოლარის ჩადება მოუწია. ეს ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, თუ გავიხსენებთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2009 წელს 1,4 ტრილიონ დოლარს, ხოლო 2013 წელს 680 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მთავრობის ხარჯები 2014 წელს 1%-ით გაიზარდა და 3,5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა, საგადასახადო შემოსავალმა კი 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, და წინა ფინანსურ წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ბიუჯეტის დეფიციტი 2,8%-მდე შემცირდა დაგეგმილზე ორი წლით ადრე.

ა.შ.შ.-ს ფინანსთა მდივანმა, ჯეკ ლიუმ, და თეთრი სახლის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა, შონ დონოვანმა, PBS-სადმი 2014 წლის 15 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ "...from the 2009 stimulus package to the Affordable Care Act to the continuation of the George W. Bush-era tax cuts for most Americans had helped the U.S. economy rebound from the darkest days of the recession, which in turn produced more tax revenue and smaller budget deficits".

 

დემოკრატიულ პარტიას 2016 წლისთვის კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს. მთავარ სტრატეგიულ მიზნად გამოცხადდა და ეტაპობრივად დაიწყო იმის განხორციელება, რომ "...მომუშავე ადამიანებს შეეძლოთ შვილების აღზრდა, მათი სწავლის დაფინანსება, თავისი და ოჯახის ჯანდაცვა, პენსიაზე ზრუნვა".

 

განსაკუთრებული აქცენტი 2016 წლის ბიუჯეტში ბავშვებზე გაკეთდება, რადგან "...ჯანმრთელი და განათლებული თაობების აღზრდა - ეროვნული ეკონომიკური პრიორიტეტია" (President Obama State of Union Address). პარტიის მეორე მიზანი მდგომარეობს აშშ-ს მოქალაქეების შემოსავლის ზრდაში, რაც მიღწეული უნდა იქნას მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებით და განათლების დონის ზრდით. დეკადის დასასრულამდე ყოველი სამი ახალი სამუშაო ადგილიდან ყოველი ორი მოითხოვს პრეტენდენტის უმაღლეს განათლებას. შესაბამისად დემოკრატიული პარტია გეგმავს მთელ შეერთებულ შტატებზე გაავრცელოს ტენესის და ილინოისის შტატების მიერ უფასო community college-ბის შექმნის გამოცდილება და ორწლიანი უფასო განათლება კოლეჯში ისევე სავალდებულო გახდეს, როგორც საშუალო განათლება. ახალი და მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას ახალი ეკონომიკა სჭირდება, ამიტომ დემოკრატიული პარტიის მესამე მთავარი მიზანია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თანამედროვე პორტების, აეროპორტების, გზების, ხიდების, სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობა და ყველასთვის ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო სწრაფი, გახსნილი და თავისუფალი ინტერნეტი, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმოების საშუალებაა.

 

როგორი მასშტაბურიც არის დემოკრატიული ადმინისტრაციის მიღწევები და მომავალი გეგმები, ისეთივე მასშტაბურია პრობლემები და გამოწვევები. აშშ-ს ეროვნული ვალი 17,8 ტრილიონი დოლარს შეადგენს, მის შემცირებას და დემოკრატების ეკონომიკური გეგმების რეალიზაციას გადასახადების გაზრდა და საგადასახადო კოდექსში არსებული ხვრელების დახურვა დასჭირდება. გადაუდებელი ამოცანაა იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც წარმოებას შეერთებულ შტატებში აბრუნებენ, ასევე საგადასახადო ტვირთის გაზრდა იმ კომპანიებისათვის, რომელნიც თავის მოგებას ოფშორულ ზონებში მალავენ. დემოკრატების პრიორიტეტული საგადასახადო სამიზნე აშშ-ს მოსახლეობის ის უმდიდრესი ერთი პროცენტია, რომელიც სისტემის ნაკლოვანებების გამო არ იხდის შესაბამის გადასახადებს. ეს ყველაფერი დემოკრატებს და მათ პოტენციურ კანდიდატს რესპუბლიკელების გააფთრებული კრიტიკის საგნად ხდის. ვერ ვიტყვით, რომ რესპუბლიკელების კრიტიკას ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური ვალდებულებები გაუმართლებლად დიდია.

 

ქ-ნი კლინტონისთვის პოტენციურად არსებობს კიდევ ერთი სერიოზული ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორი: მმართველი პარტიის კანდიდატისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეკონომიკის ზრდამ და შესაბამისად ამერიკელი ამომრჩეველის კმაყოფილებამ არჩევნების თარიღამდე გასტანოს, ანუ დღევანდელი ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისი დასაწყისიდან უკვე 71 თვეა გრძელდება, უნდა გაგრძელდეს 89 თვე. საქმე ისაა, რომ II მსოფლიო ომის შემდგომ ჩატარებული ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური ზდის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში 58 თვეა. რეკორდი პრეზიდენტ კლინტონის მმართველობის დროს დამყარდა, როდესაც ამერიკული ეკონომიკა შეუწყვეტლად იზრდებოდა 120 თვე. დემოკრატიული პარტიის კანდიდატის სასიხარულოდ პროგნოზების უმრავლესობა (მაგ. Morgan Stanley-ს მემორანდუმი) ამტკიცებს, რომ ეკონომიკური აღმავლობა შეერთებულ შტატებში შეიძლება 2020 წლამდე გაგრძელდეს.

 

ჰილარი კლინტონისთვის პოტენციურად ფეთქებადი თემაა პრეზიდენტ ობამას საემიგრაციო საკანონმდებლო აქტები და 5 მილიონზე მეტი არალეგალური იმიგრანტების ლეგალიზაცია, თუმცა ჯერჯერობით რესპუბლიკური პარტია ამ იარაღს 2016 წლისთვის ინახავს.

 

პირველად 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საგარეო პოლიტიკას. შიდაპოლიტიკურ საკითხებზე რესპუბლიკელებს ქ-ნ კლინტონთან ბრძოლა დიდი ალბათობით გაუჭირდებათ, ამიტომ ყველა შეეცდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნაკლოვანებები ქ-ნ კლინტონს მიაწეროს. გასაკვირი არაა, რომ ჰილარი კლინტონის განცხადებას რესპუბლიკელების ერთ-ერთმა კანდიდატმა ჯებ ბუშმა მყისიერად Tweeter-ში ასე უპასუხა: "We must do better than the Obama-Clinton foreign policy that has damaged relationships with our allies and emboldened our enemies". კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა, სენატორმა ტედ კრუზმა (მის კამპანიას მილიარდერი ძმები კოხები უჭერენ მხარს), თავის პრეს-რელიზში განაცხადა, რომ "...The Obama-Clinton national security policies have made the world more dangerous for America and for our allies. She designed and implemented "leading from behind". On her watch we have witnessed the rise of Russia, Iran, and ISIS".

 

ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის ყველაზე მტკივნეული თემა უდავოდ ბენგაზი გახდება: 2012 წლის 11 სექტემბერს ისლამური დაჯგუფების 200-მდე ტერორისტმა იერიში მიიტანა შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობის კომპლექსზე. ამ ტერორისტულ აქტს აშშ-ს ელჩი ლიბიაში ჯ. ქრისტოფერ სტივენსი და დიპლომატი შონ სმიტი ემსხვერპლენ. 2012 წლის 30 დეკემბერს სენატის უსაფრთხოების და სამთავრობო საკითხების კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება “Flashing Red: A Special Report on the Terrorist Attack at Benghazi”, სადაც ხაზგასმული იყო, რომ - "In the months between February 2011 and September 11, 2012 leading up to the attack on the Temporary Mission Facility in Benghazi, there was a large amount of evidence gathered by the U.S. Intelligence Community (IC) and from open sources that Benghazi was increasingly dangerous and unstable, and that a significant attack against American personnel there was becoming much more likely. While this intelligence was effectively shared within the Intelligence Community (IC) and with key officials at the Department of State, it did not lead to a commensurate increase in security at Benghazi nor to a decision to close the American mission there, either of which would have been more than justified by the intelligence presented". მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში პიროვნულად ქ-ნი კლინტონი არსად არის ნახსენები, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე მას დაეკისრა.

 

ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის არანაკლებ დამაზიანებელი შეიძლება გახდეს რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის მარცხი, რაც საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე აშშ-ს მემარჯვენე და ცენტრისტული ძალებისთვის მაშინაც მოუფიქრებელ და უაზრო პიარ-აქციად გამოიყურებოდა და კიდევ უფრო მეტად გამოიყურება დღეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსეთთან მიმართებაში ტერმინი "გადატვირთვა" პირველად ვიცე-პრეზიდენტმა ჯ. ბაიდენმა ახსენა 2009 წლის თებერვლის დასაწყისში, ხოლო შემდეგ არაერთხელ გაიმეორა პრეზიდენტმა ობამამ. ჰილარი კლინტონის პრობლემა კი ის არის, რომ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილების აღსრულება დიპლომატს უწევს, 2009 წლის 6 მარტს ლავროვთან ერთად ფოტოსურათებზე ის მოხვდა და შემდეგ ხსენებულ პოლიტიკასთან გაიგივდა.

 

თუ ამერიკული პოლიტელიტის მარჯვენა ფრთა ქ-ნ კლინტონს "სუსტი და პასიური საგარეო პოლიტიკის" გამო აკრიტიკებს, მემარცხენეები, მათ შორის დემოკრატიულ პარტიაში, მას "ამერიკელ სუპრემატისტად" თვლიან და იმის გამო უტევენ, რომ 2002 წელს ერაყში ომის დაწყებას მისცა ხმა და "ის შეერთებული შტატების ბუნებრივ მისიად მსოფლიოს ლიდერობას თვლის" (S. Richter. The Globalist. April 15, 2015). დასანანია, რომ ხსენებული "პროგრესისტები" არ იჯერებენ, როგორ მოუთმენლად ელოდება მსოფლიოს პოლიტიკოსების და დიპლომატების უმრავლესობა შეერთებული შტატების ლიდერობის აღდგენას რუსეთის ანექსიონიზმის, ისლამისტური ტერორიზმის და სხვა მრავალ გამოწვევაზე ადეკვატური პასუხის მოსაძებნად.

 

საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ობამას და დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის ლიდერობით მიღწეულ გარღვევას კუბასთან, ზოგიერთ ლათინოამერიკულ ქვეყანასთან და ირანთან. ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტები აშშ-ს მთავრობამ დიპლომატიურ კალაპოტში გადაიყვანა. საერთაშორისო თანამეგობრობის აღტაცებას არ იზიარებენ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატი, ამ პარტიის მხარდამჭერები, კუბური ემიგრაცია, ისრაელი, რუსეთი. ხსენებული დიპლომატიური წარმატება რესპუბლიკელებთან არაერთი ცხარე კამათის საგანი გახდება საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. ქ-ნი კლინტონის მხარდამჭერები კი ამ დაპირისპირების აღსაწერად ალბათ ერთ პორტუგალიურ ანდაზას მოიშველიებენ, რომელსაც ზუსტი ესპანური ანალოგიც აქვს: "Aos olhos da inveja, todo sucesso é crime" (შურიანის თვალში ყველანაირი წარმატება დანაშაულია).

 

როგორც აღვნიშნეთ, რესპუბლიკელები სავარაუდოდ შეეცდებიან საგარეო-პოლიტიკურ დისკუსიაში ქულების მოპოვებას, მათ რეალურად აქვთ მოფიქრებული რამდენიმე კარგი სვლა, მაგრამ დებატებში ჰილარი კლინტონის დამარცხება ამ თემებით ძალიან გაუჭირდებათ ყოფილი სახელმწიფო მდივნის 25-წლიანი გამოცდილების და ცოდნის, აგრეთვე სხვა კანდიდატების გამოუცდელობის გათვალისწინებით. არც ჯ. ბუშს, არც მ. რუბიოს, არც ტ. კრუზს, არც ბ. ჯინდალს საგარეო პოლიტიკასთან სერიოზული შეხება არ ჰქონიათ, მრჩეველები კი დებატების რეპეტიციების დროს რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის ყველაფრის სწავლებას არც შეეცდებიან ამ საქმის სრული უიმედობის გამო.

 

მომავალი კამპანია ყველა რეკორდს მოხსნის კანდიდატების მიერ საარჩევნო ბატალიებისთვის შეგროვებული თანხის კუთხით, რაც უკვე დღეს თითქმის ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. ფლორიდის ყოფილი გუბერნატორის ჯ. ბუშის განცხადებით - "Moments ago Hillary Clinton officially announced her White House bid - and it’s up to us to stop her. I’m going to be straightforward with you, this isn’t going to be easy. Hillary plans to raise $1.7 billion to win the White House and she already has 135,000 donors at the ready". აღსანიშნავია, რომ წარსულში ჰ. კლინტონის არცერთ კამპანიას ფინანსური სირთულეები არ განუცდია. ფინანსების სიუხვე კი ამერიკულ, და არამარტო ამერიკულ, არჩევნებში სერიოზული არგუმენტი გახლავთ.

 

მომავალი საარჩევნო კამპანია ალბათ ნეგატიური პიარის ყველა რეკორდსაც მოხსნის. პრესა და ინტერნეტი უკვე სავსეა სტატიებით - "ბილ კლინტონის საყვარლები", "რუსეთის მიერ კონტროლირებადი კანადური კომპანია Uranium One ფულს სწირავდა კლინტონების ფონდს", "რა უთხრა ჰილარიმ სახელმწიფო დაცვის აგენტს", "ჰილარი: ცივი და უბრალო ხალხს დაშორებული", "ჰილარი კლინტონი სამსახურეობრივი მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ მისამართს იყენებდა" და ad infinitum ამავე სულისკვეთებით. რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ პრესაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო წიგნის რეკლამა "Clinton Cash: The Untold Story of How and Why Foreign Governments and Businesses Helped Make Bill and Hillary Rich". წიგნი ა.წ. 5 მაისს გამოდის. ოპონენტები დაუნდობელ ბრძოლაში ყველა ხერხს გამოიყენებენ - ასეთია თამაშის წესები. "ამ პირობებში", - წერს 2015 წლის 13 აპრილს USA Today, - "მოწინააღმდეგებს სურთ თქვენ (პირადულ თავდასხმებზე - გ.ვ.) პასუხისკენ გიბიძგონ. ამიტომ იქნება კიდევ უფრო მეტი წიგნები, კიდევ უფრო მეტი შეტევები პრესაში, კიდევ უფრო მეტი დაცინვა თქვენი საარჩევნო ღონისძიებების, კიდევ უფრო მეტი პერსონალური თავდასხმები... იყავით მშვიდი. იყავით თავშეკავებული. ილაპარაკეთ მხოლოდ იმაზე, რაც ამერიკელ ხალხს აინტერესებს უპირველეს ყოვლისა... მაგრამ ამავე დროს თქვენ დაგჭირდებათ "სიმართლის რაზმი", რომელიც დაახარისხებს მოწამლულ ისრებს, და ყურადღებით და მოფიქრებულად გადაწყვეტს, რომელზე არის პასუხი გასაცემი... სერიოზული, ფაქტებზე დაფუძნებული კონტრშეტევით, ისეთით, რომ ადვილად გადახარშოს პასუხისმგებელმა პრესამ და ადვილად გაითავისოს საზოგადოებამ. ...რაც მთავარია, თქვენი კამპანია არ უნდა იყოს "თავდაცვითი". ქარი თქვენს იალქნებს უბერავს, იმიტომ რომ ამერიკის კანდიდატი არ შეიძლება იყოს ანტი-ქალური, ანტი-აფროამერიკული, ანტი-ესპანურენოვანი, ანტი-აზიური, ანტი-ახალგაზრდული, ანტი-გეი, ანტი-მძიმედ მომუშავე ოჯახებისა, და პრო-ერთი პროცენტი, - და მაინც გაიმარჯვოს არჩევნებში".

 

სხვათა შორის, დემოკრატიული პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა უკვე აამოქმედა "სიმართლის რაზმი". მაგალითად, ბრიტანულმა გაზეთმა Guardian-მა ხელში ჩაიგდო დემპარტიის მემორანდუმი, სადაც ნაციონალურ კომიტეტს ჩამოთვლილი აქვს მოპოვებული ფაქტები, თუ როგორ აწარმოებდნენ რესპუბლიკელები ჯ. ბუში, ს. უოკერი და ბ. ჯინდალი სამსახურეობრივ მიმოწერას პირადი ელექტრონული მისამართიდან. რაც შეეხება ამომრჩეველთან დაახლოებას, ქ-ნ კლინტონმა აიოვას და ნიუ ჰემფშირის შტატებში დაიწყო ე.წ. მოსმენის ტური (The Listening Tour), სადაც ის ხვდება მცირე ბიზნესს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ცალკეულ ოჯახებს. ამ წამოწყებას უკვე სერიოზული დივიდენდები მოაქვს.

 

ამჟამად ჰილარი კლინტონი სოციალურ გამოკითხვებში ყველა ოპონენტს უგებს, თუმცა მისი უპირატესობის 2-4% ცდომილების ზღვარზეა. მომავლისთვის ყველაფერი დამოკიდებული იქნება მისი საარჩევნო შტაბის ეფექტურობაზე, შტაბის შიგნით მკაფიო სუბორდინაციაზე, კამპანიის აქცენტირებაზე შინაარსობრივ საკითხებზე და იმ დაღის მოშორებაზე, რომელსაც "კლინტონების დინასტია" ან "ობამას მესამე ვადა" ჰქვია.

 

და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთან შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეობა ორპარტიული პოლიტიკაა და ძნელი წარმოსადგენია ადმინისტრაცია, რომელიც ამ კურსს გადაუხვევს.

 

თუმცა საქართველოს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოების, პოლიტიკურ კლასში ყველას აქვს უფლება ჰქონდეს პირადი პრეფერენციები.

 

P. S. მკითხველს შეუძლია იკითხოს, სად არის ამ პასეანსში საქართველო? ეს ღია წყაროებში დისკუსიის საგანი არ არის, მაგრამ ერთი მომენტის აღნიშვნა ნამდვილად შეიძლება: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის და საელჩოს წარმომადგენლები უკვე უნდა ამყარებდნენ სამუშაო ურთიერთობებს კანდიდატების შტაბებთან და უნდა იყვნენ ქვეყნის ინტერესების ლობიზმით დაკავებულები. სამწუხაროდ, ჩვენი ე.წ. ხელისუფლების "პოტენციალს" და საელჩოს მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ამის თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია