ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები: მარკო რუბიო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-04-2015, 17:28 | პოლიტიკა | ნანახია - 3554

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები: მარკო რუბიო

 

ნიკა რურუა

 

სტატიათა ციკლში რომელსაც მომდევნო კვირების განმავლობაში “ივერიის” მკითხველს შევთავაზებ, შევეცდები მათთვის მაქსიმალურად გასაგები გავხადო აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის მხრიდან პრეზიდენტობის ის კანდიდატები, ვისაც ამ პარტიის ნომინაციაში გამარჯვების უკეთესი შანსები გააჩნია. ასევე შევეცდები, რომ ერთად გავეცნოთ მათ სამოქმედო პროგრამებს, როგორც მათი პიროვნული და პოლიტიკური ფილოსოფიის ღირებულებებათა ერთგვარ ერთობლიობას.

 

ეს დაგვეხმარება იმის განჭვრეტაში, თუ რა კონკრეტულ პოზიციას დაიკავებს მათგანი ჩვენი ქვეყნისა და მის წინაშე მდგომი ამოცანებისა და გამოწვევების მისამართით; ანუ, რამდენად იქნება საქართველოსთვის მომგებიანი ამათუიმ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მის მიერ გატარებული პოლიტიკა.

 

უდაოა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები მეტწილად განსაზღვრავენ მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს განვითარებებს და ამას ეს ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარი მოქმედებით, არამედ საკუთარი უმოქმედობითაც ახერხებს ხოლმე. ასევე უდაოა, რომ როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკა პრო-აქტიურია, ბევრი რამ იცვლება უამრავი სახელმწიფოს დღის წესრიგში - განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოებისა, როგორიც აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიებია, და მათ შორის, საქართველოც; მაშინ კი, როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკა უფრო იზოლაციონისტური ხდება, ნათელია, რომ ამგვარ საწყის ეტაპზე მყოფ დემოკრატიებს რთული ჟამი დაუდგებათ ხოლმე.

 

“ცივი ომის” დამთავრების შემდგომ, ყველაზე მკაფიოდ და აშკარად, დღეისათვის კრისტალირდა ორი შეუთავსებელი ბანაკი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიებისა: ერთ მხარესაა ლიბერალური დემოკრატია და მეორე მხარეს დგას მოდერნიზებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით კარგად აღჭურვილი ავტოკრატიული მმართველობა, რომელიც წარსულში ტოტალიტარული რეჟიმების დღევანდელ მემკვიდრედ გვევლინება.

 

პირველ ბანაკში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის კავშირთან, დიდი ბრიტანეთთან, კანადასთან, ავსტრალიასთან, იაპონიასთან და უკრაინასთან ერთად საქართველოც ირიცხება - ჯერჯერობით მაინც. მეორე ბანაკში კი რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და სირია არიან ყველაზე გამორჩეული მოთამაშენი და ლიბერალური დემოკრატიის მოწინააღმდეგენი. დანარჩენი სახელმწიფოების უმეტესობა ამ ორ ბანაკს შორის ლავირებს და ღიად და ცალსახად არც ერთ მათგანს არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს.

 

აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი ბარაქ ობამა, როგორც საგარეო პოლიტიკის მოთამაშე, უფრო იზოლაციონისტური პოლიტიკის მომხრე აღმოჩნდა, რაც არაერთხელ დადასტურდა მისი ადმინისტრაციის ქმედებებიდან: როგორც გვახსოვს, შემთხვევით ჩართულ მიკროფონში მთელმა მსოფლიომ გაიგო მისი სიტყვები რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიმართ, რომელიც ობამამ რუსეთი ნამდვილ მმართველს, ვლადიმერ პუტინს გადაუმისამართა - “გადაეცით ვლადს, რომ ჩემი მეორედ არჩევის პერიოდში უფრო მოქნილი (flexible) ვიქნები თქვენს მიმართ”.

 

პრეზიდენტ ობამას დროსვე დატოვეს აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ერაყი და ავღანეთი; ამავე პერიოდში თქვა უარი ამერიკამ პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო კომპლექსის განთავსებაზე; ამავე დროს მოხდა ე.წ. რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვის” წარუმატებლობისთვის განწირული პოლიტიკის ანონსირება; ამავე ადმინისტრაციის პირობებში დაკარგა აშშ-ს სიტყვამ ე.წ. “წითელი ხაზების” გადაკვეთის შემთხვევაში გარდაუვალი სასჯელის მოლოდინი, როდესაც სირიის დიქტატორმა ბაშარ ალ ასადმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამერიკის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად ქიმიური იარაღი მაინც გამოიყენა და ამაზე არანაირი პასუხი არ აგო; სწორედ პრეზიდენტ ობამას მმართველობისას გატეხა ამერიკამ გარანტორის სიტყვა უკრაინის მიმართ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისა და ურღვევობის გარანტიის საფუძველზე უკრაინამ საკუთარი ბირთვული იარაღი დათმო ბუდაპეშტის ხელშეკრულების მიხედვით; სწორედ პრეზიდენტ ობამას მმართველობისას მიიტაცა რუსეთმა სუვერენული უკრაინის ტერიტორია ყირიმში და სწორედ ობამა გახლავთ წინააღმდეგი უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებისა, რასაც მისგან მოითხოვს როგორც თითქმის მთელი თავისუფალი სამყარო, ასევე აშშ-ს კონგრესისა და სენატის სრული უმრავლესობა.

 

ამ არასრული ჩამონათვალიდან თვალნათლივი ხდება, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი: იქნება ის რესპუბლიკელი, თუ დემოკრატი, როგორც ობამა; გააგრძელებს ის ობამას “ფლექსიბილურ” იზოლაციონიზმს, თუ გახდება უფრო აქტიური და დაუბრუნებს შეერთებულ შტატებს შელახულ პრესტიჟს, სანდოობასა და ძლევამოსილებას?!

 

ეს ის კითხვებია, რომელიც არა მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიებისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისეთი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვისაც, როგორსაც ჩვენი სამშობლო, საქართველო და ჩვენი მოკავშირე, უკრაინა წარმოადგენენ.

 

აქტიური ამერიკული საგარეო პოლიტიკის გარეშე ყველა ახალგაზრდა თუ საშუალო ასაკის დემოკრატიებს სასიცოცხლე საფრთხე ემუქრებათ და ეს არაერთხელ დადასტურდა როგორც მთელი მეოცე საუკუნის ისტორიის განმავლობაში, ისე უკანასკნელ წლებშიც.

 

მეორეს მხრივ, ზემოთთქმული ნამდვილად არ მინდა იმგვარად იქნეს გაგებული, რომ ყველა ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა, ყოველთვის იზოლაციონისტი იყო; ან, რომ ყველა რესპუბლიკელი პრეზიდენტი აქტიური და წარმატებული საგარეო პოლიტიკის ავტორი გახდათ. არა. ამ არაზუსტი დასკვნის გაკეთებას ხელს მკაფიო ფაქტები უდგას წინ: პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა, იყო ადამიანი ვის დროსაც დაფუძნდა NATO და ე.წ. საბჭოთა ბანაკისთვის “წრისშემორტყმის” (Containment) პოლიტიკა; რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჰენრი ფორდის მმართველობისას კი საბჭოთა კავშირი თავს მეტად კომფორტულად გრძნობდა და აშშ-სგან დიდი წინააღმდეგობის გარეშე განაგრძობდა საკუთარი ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას მთელ მსოფლიოში.

 

ამიტომ, ზედმეტი განზოგადოებებისგან თავშეკავება სჯობს, რადგანაც ისინი ხშირად არასწორ დასკვნებამდე მიყვანას იწვევენ.

 

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ამ წერილში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, მარკო რუბიოს განვიხილავთ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებების დანახვის სურვილით.

 

მარკო რუბიო შტატ ფლორიდაში დაიბადა, შედარებით ხელმოკლე კუბელ ემიგრანტთა ოჯახში, 1971 წელს. მან, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ნახა “ბევრი ამერიკული ოცნების აუხდენელი ვერსია” მისი წინა თაობის სხვა გაჭირვებული კუბელი ემიგრანტების სახით, რის მიუხედავადაც მასში “ამერიკული ოცნებისადმი” ლტოლვას ძალა არ დაუკარგავს.

 

ფლორიდის უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ მარკო რუბიო მაიამის უნივესტეტის სამართალმცოდნეობის სკოლაში აბარებს, და მას წარჩინებით ამთავრებს, რის მერეც იწყება მისი პოლიტიკური კარიერა. სულ მალე იგი ფლორიდის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი ხდება და 2003 წელს, ამ პოზიციისთვის არჩევნებში ხელახალი გამარჯვების შემდეგ ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს იკავებს, როგორც პირველი კუბელი-ამერიკელი ამ თანამდებობაზე.

 

2009 წელს კი მარკო რუბიო ამერიკის შეერთებული შტატების სენატის არჩევნებში იღებს მონაწილეობას გადამდგარი ფლორიდელი სენატორის, მელ მარტინესის ადგილის მოსაპოვებლად (აღსანიშნავია ფაქტი, რომ მელ მარტინესი, ვისი ადგილიც რუბიომ აშშ სენატში დაიკავა, საქართველოში სხვა სენატორებთან ერთან ნამყოფია 2009 წელს სენატორ ჯონ მაკკეინისა და სენატორ ლინდზი გრემის ინიციატივის ფარგლებში).

 

სენატორი რუბიო სენატის სხვა ქვეკომიტეტებთან ერთად საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტშიც მოღვაწეობს და ამერიკის უფრო მეტად აქტიური საგარეო პოლიტიკის აშკარა დამცველად გვევლინება.

 

ასევე არაორაზროვანია რუბიოს ფრუსტრაცია ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების ინიციატივის მიმართაც.

 

რესპუბლიკურმა პარტიამ სწორედ მარკო რუბიო შეარჩია იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს პასუხი გაეცა საკუთარი სიტყვით პრეზიდენტ ობამას ყოველწლიური სახელმწიფო მოხსენებისათვის, რაც ისტორიაში პირველად რუბიომ ორ ენაზე - ესპანურად და ინგლისურად გააკეთა საკუთარი სიტყვის წარმოთქმით.

 

2014 წელს მარკო რუბიომ მიმართა ახლადარჩეულ რომის პაპს, ფრანცისკეს, რომ ამ უკანასკნელს ხელში აეღო მსოფლიოში დემოკრატიის დამცველის დროშა, როგორც ეს “ცივი ომის” წლებში გააკეთა იოანე პავლე მეორემ, რამაც ძალიან დიდი ეფექტი იქონია აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებასა და “ცივი ომის” თავისუფალი სამყაროს მიერ გამარჯვებაზე.

 

რაც შეეხება მისეულ საგარეო პოლიტიკის ხედვას, რუბიო ღიად აცხადებს, რომ დღევანდელი დღეისათვის ამერიკამ მეტწილად მიატოვა საკუთარი მოკავშირეები მსოფლიოში ბედის ანაბარა, რაც, რუბიოს აზრით, სრულიად დაუშვებელია და რასაც ის, გაპრეზიდენტების შემთვევაში რადიკალურად შეცვლის, როგორც ამერიკის კონტინენტზე განლაგებული დემოკრატიების, ისე მსოფლიოს სხვა დემოკრატიების მიმართ.

 

რუბიოს მიაჩნია, რომ აშშ-ს ესაჭიროება მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა მსოფლიო პოლიტიკისა, რაც მას, რუბიოს, მისივე სიტყვებით, კარგად აქვს გააზრებული. იგი მომხრეა ISIS-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდის გამოყენებისა და პირველ რიგში იორდანიისთვის სამხედრო დახმარების გაწევისა, რაც ამ უკანასკნელს უნდა დაეხმაროს სამხედრო წარმატებების მიღწევაში ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ.

 

რუბიო ასევე არაორაზროვნად მოიხსენიებს ჩრდილოეთ კორეას არა სახელმწიფოდ, არამედ “კრიმინალურ სინდიკატად”, რომელსაც ამერიკა შესაბამისად უნდა მოექცეს. ის აგრეთვე თვლის, რომ სამხედრო ძალის გამოყენების გამორიცხვა ირანთან და სირიასთან ურთიერთობისას არ წარმოადგენს მართებულ პოლიტიკას: იმისათვის, რომ ამ ორ ძალაზე დასავლეთმა ეფექტურად ზეიმოქმედოს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ სამხედრო ჩარევა არაა გამორიცხული, თუ ისინი არ იქნებიან კონსტრუქციულები ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას.

 

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუბიო ამ მიმართულებითაც არაორაზროვანი და მკაფიოა: ის რუსეთის მთავრობას “ცრუპენტელების მთავრობად” მოიხსენიებს, და ობამას ადმინისტრაციისაგან არსებული სანქციების გამკაცრებას მოითხოვს რუსეთის უკრაინის მიმართ ჩადენილი და მიმდინარე უკანონობებისა და აგრესიის საპასუხოდ. იგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პუტინს სურს რუსული იმპერიის აღდგენა და მას სჯერა, რომ ამ წამოწყებაში პუტინს ეფექტიანი წინააღმდეგობა მხოლოდ ამერიკას შეუძლია რომ გაუწიოს.

 

რუბიო აცხადებს, რომ მსოფლიოში ტოტალიზარიზმის აღკვეთა მხოლოდ ამერიკას ხელეწიფება და რომ ეს მის, ანუ ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. იგი აგრეთვე თვლის, რომ ამერიკული განსაკუთრებულობა (Exceptionalism) მართლაც არსებობს და რომ თუ არა ამერიკა, დემოკრატიის გავრცელებასა და დაცვას მსოფლიოში სხვა ქომაგი არ ჰყავს - რუბიოს მიაჩნია რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა სწორედ ასეთი, ორმხრივ მომგებიან ურთიერთობებს უნდა ეძებდეს და ამყარებდეს, რა პროცესშიც მას საგარეო დახმარებების გულუხვად მიწოდებებისა სჯერა; იგი ამტკიცებს, რომ ამერიკული საგარეო დახმარება ხელს უწყობს აშშ-სთვის პოზიტიური გავლენის მოპოვებას მიმდინარე პროცესებზე.

 

მარკო რუბიო ასევე ღიად აცხადებს, რომ პრესის თავისუფლება მიჩნეულ იქნას და ჩაითვალოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შორის.

 

რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკას ეხება, მარკო რუბიო იქაც აქტიურ მემარჯვენედ გვევლინება და ღიად ემხრობა აბორტის მოწინააღმდეგეთა ბანაკს, საემიგრაციო პოლიტიკის დახვეწას და ლიბერალიზაციას, რითიც ამერიკამ მისი სიტყვებით “ნიჭის მოზიდვის შეჯიბრში” დანარჩენ სახელმწიფოებს უნდა მოუგოს. ის ასევე მკარცრი დამცველია აშშ კონსტიტუციის უფლებათა ბილის მეორე ჩასწორების - ანუ იარაღის ტარების უფლების დაცვისა. რუბიო აგრეთვე ეწინააღმდეგება მარიხუანის სამკურნალო მოხმარებას, და ამტკიცებს, რომ შეუძლებელია გაკონტროლება იმისა, რომ ნარკოტიკი მოქალაქეებმა მხოლოდ სამედიცინო მიზნებით მოიხმარონ. იგი ასევე წინააღმდეგია ერთსქესიანი ქორწილისა და სჯერა ამ სიტყვის, ამ კავშირის ისტორიული მნიშვნელობით გაგებისა.

 

მთლიანობაში, მარკო რუბიო ახალი პოლიტიკური თაობის წარმომადგენელია, ვიზეც კრიტიკოსები სხვათა შორის აცხადებენ, რომ “მისი ჯერი ჯერ არ მოსულა”, რითაც ხაზს უსვამენ მის ახალგაზრდობასა და მის ასაკს. მიუხედავად ამისა, ვერავინ ამბობს, რომ ამ კანდიდატს არ გააჩნია მკაფიო და მყარად ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა და ხედვა მომავლისა, რაც მის სამშობლოს სჭირდება.

 

ფაქტი, რომ რუბიო კუბური წარმოშობის ამერიკელია, მას უდაოდ დიდ მხარდაჭერას მოუტანს ესპანურენოვან ამომრჩეველსა და ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევნლებს შორის. მისი მკაფიოდ გამოხატული მემარჯვენე ფილოსოფიაც დემოკრატების მმართველობის რვაწლიანი პერიოდის შემდეგ ამერიკელი ამომრჩევლის უმეტესობის თვალში შესაძლოა უპირატესობად იქცეს.

 

ისიც, რომ იგი ვაშინგტონის პოლიტიკურ სცენაზე შედარებით ახალწვეულია, მისსავე საკითილდღეოდ შეიძლება შემობრუნდეს, რახან ამერიკელი ამომრჩევლის თვალში ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტები ხშირად გაცინიკოსებულ, პრაგმატულ პოლიტიკურ მანქანებათ არიან აღქმულნი, ვინც არა ამომრჩევლის, არამედ საკუთარი ეგოისტური პოლიტიკური მიზნებისათვის უფრო მეტს იბრძვიან.

 

ფაქტია ის, რომ ყველა არსებულ სენტიმენტს ერთგვარი საფუძველი გააჩნია და ამ შეხედულებათა და ინტერესთა მორიგ ჭიდილში გაირკვევა ვინ და რომელი კანდიდატი დაიმსახურებს ამერიკელი ხალხის უმეტესობის ნდობას, რასაც ამერიკისთვის უნიკალური, ე.წ. ელექტორალური კოლეჯის ხმები დაადასტურებს არჩევნების შემდეგ (თუ რას წარმოადგენს “ელექტორალური კოლეჯი” ამას მკითხველს მომდევნო პუბლიკაციებში მოვახსენებ).

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი მარკო რუბიოს ჯერ საკუთარი, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიში სჭირდება გამარჯვება იმისათვის რომ საკუთარი პარტიის ნომინაცია მოიპოვოს. მას ამ ბრძოლისათვის აუცილებელი ყველა თვისება გააჩნია და იმედს გამოვთქვამ, რომ რუბიო საარჩევნო ბრძოლას ღირსეულად და ენერგიულად წარმართავს.

 

ჩემი პირადი მოსაზრებით, ამ კანდიდატის გამარჯვება მისასალმებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ახალგაზრდა და შედარებით დაუცველი დემოკრატიისთვის, არამედ მსოფლიოში თავისუფლების დაცვისა და განვრცობისათვის. მოხდება თუ არა ასე, ამას სულ წელიწადნახევარში გავიგებთ. მანამდე კი ერთად დავაკვირდეთ წინასაარჩევნო პროცესებს თავისუფალი სამყაროს ლიდერ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია