მძევალი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-04-2015, 23:12 | კომენტარები | ნანახია - 1615

ლაშა იმედაშვილი

 

სალამათ, გარდანქეშნებო!

 

ამგვარი ძარღვიანი შეძახილით იწყებდა თავის ცნობილ რომანს ტრაგიკული ბედის ქართველი მწერალი, რომელიც მსტოვრების წყალობით აღმოჩნდა ციხეში, ხოლო მოგვიანებით დახვრეტილ იქნა მათივე ხელით.

 

ჩვენ სხვანაირად დავიწყებთ.

 

სალამათ, მსტოვრებო!

 

ვისაც ეს სიტყვები ყურს სჭრის, გულს სტკენს და მათ გაგონებაზე წამსვე საკუთარი თავი ახსენდება, თანაც ისე, რომ აქეთ-იქით ცქერას იწყებს ოჯახის წევრებმა თუ მეგობრებმა ხომ არაფერი შემაჩნიესო, იმათ გასაგონად სხვაგვარადაც შეიძლება, უფრო რბილად, თუნდაც ასე:

 

სალამი, კომუნიკაციის ოსტატებო!

 

სალამი ამ საქმის ერთგულ ხალხს, ძველებს და ახლებს, იმათიანებს და ამათიანებს, ახალგაზრდებსა და დროულ ხალხს, მამაკაცებსა და მანდილოსნებს, ანგარებიან მსტოვრებს და ამ საქმისთვის მოწადინებულებს, როგორც თბილისში იტყვიან, დილიხორჩიკებს, იმათაც სალამი, ვინც ენის მიტანისთვის დროის შერჩევა იცის და ვინც დროის მიუხედავად ენას ვერ აჩერებს, მოკლედ, კიდევ ერთხელ გულითადი სალამი ყველას.

 

როდესაც მეგობრის ამბავს ყვები, ისე უნდა მოყვე, თითქოს ამ ამბის, უფრო კი მეგობრის გამო, შურისძიება გქონდეს გადაწყვეტილი. თავის მხრივ შურისძიება, როგორც ამბობენ, ცუდი საქმე უნდა იყოს და მის წამომწყებს სამარეც ორი უნდა ჰქონდეს გათხრილი, მაგრამ თუ შურისძიებაში სიმართლის თქმა იგულისხმება სულ მთლად დასაძრახი ამბავი ვერ იქნება.

 

სიმართლე კი ასეთია:

 

გიგი ზის.

 

გიგი ტყუილუბრალოდ ზის.

 

გიგი ტყუილუბრალოდ და ახლა უკვე, უკანონოდაც ზის.

 

მოკლედ, მძევალია, მძევლის გამოსახსნელად კი ხან რას თხოულობენ და ხან რას. ჯერ ორმოცდარვა მილიონს, მერე ორმოცდაათს, ხან რიყის ტერიტორიას, ხან ტელეიმედისთვის ბოდიშის მოხდას, ხან ჟღალთმიანი კაცისთვის პატიებას, ბარემ შავი კაცისთვისაც, ოღონდ ეგაა, ვერ პოულობენ, ახლა შვიდი ნოემბერი დაემატა, მერე იქნება რვა მარტი, პირველი მაისი, ოცდასამი თებერვალი, ასეა, ნუმეროლოგიამ ჩათრევა იცის. როდესაც ძალიან გაუჭირდებათ, საზოგადოებრივ აზრს იშველიებენ, მაგრამ განათლება აქაც ღალატობთ, თორემ ეცოდინებოდათ: ნული აყვანილი ნებისმიერ ხარისხში მაინც ნულია, ასეა მათემატიკაში, ცხოვრებაში ამას საზოგადოებრივი აზრი ეწოდება. ასე რომ დროა, ჩვენს პროკურატურას ფირნიში გამოვუცვალოთ და მიზეზეზ მიზეზ დავაწეროთ, რა გვაქვს დასამალი.

 

იცის ეს იმ მოსამართლემ, რომელმაც მერობა შეუჩერა და რომელიც მელირებაზე უფრო მეტ დროს კარგავს, ვიდრე საქმის გაცნობაზე, იმანაც, ვინც პატიმრობა შეუფარდა და მანტია ისე არ უხდება, როგორც ვირს პუანტები, იმანაც, ვინც შუამდგომლობის განხილვას საშველი არ დააყენა, ფარაონის გვარის ხსენებაზე გაუთხოვარი ქალის ისტერიკა დაიმართა და სასამართლო დარბაზიდან გაიქცა, იციან პროკურორებმა, რომლებსაც, პროფესიის მსგავსად, კოსტუმებიც ნათხოვარი აქვთ, იცის ბადრაგმა, იცის მანდატურმა, იცის მისმა კოლეგამ, კოკელ სპანიელმა, რომელიც სიამაყით აცხადებს, რომ ასაქმებს პარტიულ აქტივისტებს, თუმცა ძველი მერი მაინც დამნაშავეა, რადგან ასაქმებდა პარტიულ აქტივისტებს, იცის მისმა უფროსმა და უფროსის უფროსმა, მოკლედ ყველამ ყველაფერი იცის, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, რამის დამტკიცება შეუძლებელ საქმეს წარმოადგენს. ასე რომ, ეს ხალხი გიგის ვერ გაასამართლებს, არც ჯანი ეყოფათ, არც ჯანმრთელობა, არც განათლება, არც კომპეტენცია, არც ვაჟკაცობა, არც სიმტკიცე, არც რწმენა, არც შემართება და რაც მთავარია, არც დრო. რჩება ერთი იმედი, გიგიმ საკუთარი თავი თავად უნდა გაისამართლოს, მიზეზი მოინახება, თუნდაც ის ხალხი, რომელიც, როგორც იტყვიან, უბეში გამოზარდა, მათ კი საკუთარი კომფორტის შესანარჩუნებლად უყოყმანოდ გაწირეს, ანდა ისინი, რომლებიც არც ერთ სასამართლოზე არ ყოფილან, წელში მოხრილები, მონური ღიმილით ელაქუცებიან კოკელ სპანიელს, მეგობრებში კი საკუთარი ღალატის გასამართლებლად მაინც ჩურჩულით ამბობენ: რა ვქნათ, კრედიტები გვაქვს, თორემ გიგიზე კარგ მეგობარსა და მერს აბა კიდევ როდისღა ვნახავთო. ამ ხალხს სახელიც აქვს და გვარიც, ზოგს ორივე ერთად, მაგრამ არც ერთი ჭირდებათ და არც მეორე, რადგან იმ თბილისმა, რომელიც აღდგომის აღსანიშნავად რაიონში არ დაიარება, მათ სახელი უკვე შეურჩია, თბილისს კი ეს ამბავი არასოდეს შეშლია.

 

რაც არ გკლავს, გაძლიერებს, უყვარს გიგის ეს გამოთქმა და ხშირადაც იმეორებს. გემოვნების ამბავია, თორემ მე მეორე უფრო მომწონს: თუ მოთმინებით იჯდები ნაპირზე, მდინარე აუცილებლად ჩამოატარებს მტრის ცხედარს. ახლა ეს მდინარე გიგის საკანში გადის, უკვე გამოჩნდა ცალი ფეხსაცმელი, გატეხილი სათვალე და მაჯის საათი, სხვაც მალე გამოჩნდება. ოღონდ ეგაა, ჩინელებს ამ ბრძნულ გამოთქმაში ერთი სიტყვა გამორჩენილი უნდა ჰქონდეთ: ქვეყნის!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია