თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომა არის ყველაფერი ასე ცუდად?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-04-2015, 13:07 | პოლიტიკა | ნანახია - 2265

თემურ ავალიანი

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის ერთი თვის თავზე (2011 წლის 1 ნოემბერი), მე გავუგზავნე მას ღია წერილი, რომელშიც მადლობას ვუხდიდი მას ფასდაუდებელი ქველმოქმედებისთვის ქართველი ერის წინაშე, მაგრამ გამოვთქვამდი ჩემს ეჭვებს მისი მომავალი პოლიტიკური მოღვაწეობის წარმატებაში. ამის საფუძველს მაძლევდა მისი მიმართვები და ინტერვიუები, გადაჭარბებული და თითქმის შეუსრულებადი დაპირებები. უფრო მეტიც – მე პირდაპირ ვწერდი, რომ ის შორს იყო დიდი პოლიტიკისგან, განსაკუთრებით მისი „ბინძური“ ნაწილისგან (ყოველ შემთხვევაში მე მაშინ ასე მეჩვენებოდა) და ვურჩევდი არ გასვრილიყო ამ სიბინძურეში. თუმცა პირველი ნოემბრის მისი პრესკონფერენციის შემდეგ, იქვე მინაწერში, მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის საქართველოში თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა, რუსული ინტერესების გამტარებელი იქნებოდა.

 

„საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში იყვნენ გმირები და იყვნენ მოღალატეები. ყველას თავისი ადგილი აქვს ქართველი ხალხის მეხსიერებაში. თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება“. ასე მთავრდება ჩემი ეს პირველი წერილი, რომელიც დღესაც დევს „გრუზია ონლაინის“ განცხადებების გვერდზე. გასულმა ორნახევარმა წელმა, ნათლად დაადასტურა, რომ მას ეს არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა.

 

თუ გავაკეთებთ მოურიდებელ, არგუმენტირებულ ანალიზს (მას უყვარს ასეთი ანალიზები) ეს არჩევანი გაკეთებული იყო მაშინ, როცა ის საქართველოში დაბრუნდა და სააკაშვილის მთავრობასთან დაიწყო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა. მისივე აღიარებით ის გვერდში ედგა მათ, ეხმარებოდა სახელმწიფო პროექტების დაფინანსებაში, რჩევებსაც აძლევდა მათ და იცოდა მათი სამზარეულოს ყველა საიდუმლო. ამ თანამშრომლობამ საშუალება მისცა თავისუფლად ჩაედო ფული (პოლიტიკური ბიზნესი) როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საზოგადოების ფართო ფენებში – ცნობად სახეებში, ეკლესიაში, ხელოვნებაში, მოსახლეობაში... თუ გავიხსენებთ იმას, რომ სააკაშვილის მთავრობის ბევრი რადიკალური, ხალხში არაპოპულარი ღონისძიებები გატარდა, მისი მათთან „თანამშრომლობის“ პერიოდში, მას მათთან ურთიერთობა (თუ სხვა მიზანი არ ჰქონდა) უფრო ადრე უნდა გაეწყვიტა. ის იმასაც ამბობს, რომ პუტინს რომ გაეგო ამ ქველმოქმედების და თანამშრომლობის შესახებ, მთელ ჩემს ქონებას წამართმევდაო. რაღაც საეჭვოა, ბატონო ბიძინა, რომ პუტინმა არ იცოდა თქვენი „თანამშრომლობის“ შესახებ – სად და რა მიზნით ხარჯავდა რუსი ოლიგარქი რუსეთში ნაშოვნ ფულს, მით უმეტეს საქართველოში. საქართველო ხომ მაშინაც და დღესაც სავსეა რუსი ჯაშუშებით და ბევრი მათგანი თვით სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული? და მაშინ რატომ ელოდა ბატონი პუტინი, ასე თვითდაჯერებული 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საქართველოდან? მაშინ რატომ ასე მშვიდად და შეუფერხებლად, მისივე თხოვნით, გაუყიდა აქტივები რუსეთში, როგორც ამბობენ კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ? ან რატომ იმეორებს დაჟინებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთში არ ყოფილა – ეს ალიბია, თუ ძულს რუსეთი, პუტინს ვერ ენდობა და გეშინია იქ ჩასვლა? რა თქმა უნდა, მე არ გავიმეორებ ჭორებს, მათ შორის იმის შესახებ, რომ არჩევნების წინ „კანტორაში“ შეიარა და რაღაც დავალებები მიიღო. ერთი სიტყვით ბატონ ხაინდრავას ორმაგად კარგი, „ნოყიერი ნიადაგი“ აქვს ეროტიკასთან ერთად ამ ნაწილითაც გაამდიდროს ივანიშვილის მიერ შეკვეთილი სერიალები. ეს უფრო დაძაბულს და საინტერესოს გახდის ამ სერიალებს. სხვა მხრივ ხომ ცხოვრება საამურია...

 

დარწმუნებული ვარ ზემოთ მოყვანილი კითხვების გამო მისი თაყვანისმცემლები (კობახიძე, ბესელია, ვოლსკი, საგანელიძე, ქანთარია, სუბარი, მთელი მთავრობა, ნახევარი პარლამენტი, ნახევარი საქართველო) აღშფოთდებიან ბატონ ბიძინას ეს როგორ აკადრეთო. მაგრამ ეს ხომ ანალიზია და მისი ერთ–ერთი ვერსიაა, რომელსაც აქვს არსებობის უფლება (აქვე გეტყვით, რომ არავითარი კავშირი არ მაქვს ნაციონალებთან და მათ არცერთ წევრს არ ვიცნობ. ჩემს ირგვლივ მხოლოდ მოძალადე მეოცნებეები არიან).

 

მით უმეტეს, რომ არსებობს მეორე, ხალხის ნაწილში პოპულარული ვერსია ივანიშვილის უდიდესი ქველმოქმედების შესახებ. რომელსაც უანგაროდ გასცემდა ქართველ ხალხზე და სახელმწიფოზე, რომ მან შეასრულა მესიის როლი და სააკაშვილის რეჟიმისგან გადაარჩინა ხალხი და ქვეყანა. რომ მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლისა, ის დღესაც ეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას და მათ რჩევებს აძლევს, რომ მთელი მთავრობა, პარლამენტის უმრავლესობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მისი დაკომპლექტებულია და ისინი მას უდიდეს პატივს სცემენ... რომ საქართველომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით უდიდეს წარმატებას მიაღწია და მსოფლიოში და ევროპაში პირველ პოზიციებზე დგას, რომ მან შეასრულა დაპირებები, გააუმჯობესა ცხოვრების პირობები და ხალხს დემოკრატია მოუტანა.

 

ისტორია გვაჩვენებს ამ ორი ვერსიიდან რომელი იქნება მართალი. რაც შეეხება მის პასუხებს, ჩვენს პირველ ვერსიაზე, დარწმუნებული ვარ მას პასუხების გაცემა არ გაუჭირდება. მაგრამ ვინც „ბოროტების იმპერიას“ კარგად იცნობს, პუტინის პროფესია იცის და ქვეყანა (რუსეთი), რომელიც ძირითადად მეზობელი ქვეყნების დასუსტებით, ჯაშუშების შეგზავნით, თავისი აგენტების ჩანერგვით (უკრაინა, იანუკოვიჩი) და ამ ქვეყნებში ძირგამომთხრელი საქმიანობითაა დაკავებული, რათა პლანეტის ხმელეთის ერთი მეექვსედი კვლავ დაიბრუნოს, მისი პასუხების გულწრფელობაში ეჭვი შეეპარება – ძნელი დასაჯერებელია, რომ პუტინს ეს შესაძლებლობა ხელიდან გაეშვა.

 

აქვე მინდა „ჩავეკითხო“ – რა საქმეებითაა დაკავებული დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების (თუ კონტრდაზვერვის) სამსახური, რამდენი რუსეთის ჯაშუში (სხვას ვის ვაინტერესებთ) დააკავა და გამოავლინა ამ სამსახურმა ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. თუ აზრი დაკარგა მათმა გამოვლენამ, რადგან ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან და ლეგალიზებულად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს? მათ ხომ ამინისტიით ციხეებიდან ათავისუფლებენ ყოველგვარი პირობების გაუთვალისწინებლად.

 

თუ შევაჯამებთ ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზის შედეგს, ნათელი ხდება, რომ არა ივანიშვილის ეს ფასდაუდებელი (რომელსაც არჩევნების წინ 2 მილიარდ დოლარამდე ფასი დაედო და ცალკე წიგნად გამოიცა) ქველმოქმედება, რომელიც ქართულ ელექტორატში (ამომრჩევლებში) წინასწარ ჩადო და მეტი სიფრთხილისათვის უამრავი, შეუსრულებადი, ცრუ დაპირებებითა და გადამყიდველებისგან შეძენილი ციხის კადრებით მორთო, მაპატიოს ბატონმა ბიძინამ და ის თავისი პოლიტიკური მონაცემებით და ცარიელი ხელებით იმ 7%–საც ვერ მოაგროვებდა, რომელიც მისმა წინამორბედმა, ასევე რუსმა ოლიგარქმა – პატარკაციშვილმა მოაგროვა.

 

გზა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების დასაუფლებლად მან გამოიარა და მისი თქმით „ყველაფერი ასე კარგად გამოუვიდა“, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ შეფასებას და ის, როგორც მისი ექსკლუზივი ისე შევა საქართველოს ისტორიაში. სხვა საკითხია როგორ შეაფასებს მას შთამომავლობა, რა იქნება მისი მოღვაწეობის როლი და შედეგი ქვეყნის ისტორიის ამ მონაკვეთზე.

 

განვლილმა დრომ დაგვანახა, რომ მიუხედავად ფორმალური წასვლისა, ის ისევ რჩება მთავარ მოქმედ პირად საქართველოს ხელისუფლებაში. მანამდე მე ასეთივე ღია წერილები მივწერე ბ–ნ უსუფაშვილს და ბ–ნ ღარიბაშვილს, მაგრამ როგორც კომენტარებში წერდნენ – ტყუილად გავისარჯე – მათ არავითარი გავლენა საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე არა აქვთ. ყველაფერი ივანიშვილის ნება–სურვილით კეთდება. ამის უკანასკნელი დადასტურება იყო სპორტსმენი–დეპუტატების ვიზიტი შუშის სასახლეში, სპორტის მინისტრის, ყიფიანის გასათავისუფლებლად და ნოდარ ჯავახიშვილის - ივანიშვილის პირადი ბანკირის დანიშვნა ინფრასტრუქტურის მინისტრად.

 

სახეზეა ქვეყნის მართვის ყოვლად გაუმართლებელი, დიქტატორული, არაკონსტიტუციური ფორმა, რომელსაც ქვეყანა კატასტროფამდე მიჰყავს. კვლავ მოვაგონებ მას, თუ რა შედეგით დამთავრდა მმართველობის ასეთი ფორმა ლიბიაში, როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი მმართველისთვის. დასანანია, რომ ივანიშვილი ამ მწარე გამოცდილებას არ ითვალისწინებს.

 

დავიწყოთ იმით, რომ მემკვიდრეობა, რომელიც მან მიიღო და რომელზეც ხშირად და ძალზე უსამართლოდ აპელირებს ის და მისი თანამოაზრეები, არ იყო ისეთი რთული და შემაშფოთებელი, რომელიც წინა ხელისუფლებას შევარდნაძის, ფაქტიურად, არშემდგარი სახელმწიფოსგან ერგო და მისი გამოსწორება დღემდე არ შეიძლებოდა.

 

...ათჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა, მყარი ლარის კურსი, რეალური და მზარდი ინვენსტიციები, საიმედო საბანკო სისტემა, გამართული სახელმწიფო სტრუქტურები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მზარდი ინფრასტრუქტურა – აშენებული და მშენებარე ქალაქები და გზები, მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჯარში და პოლიციაში გატარებული ეფექტური რეფორმები, გაადვილებული და გამარტივებული სავიზო სისტემა და რეგულაციები, განადგურებული კრიმინალი და აღმოფხვრილი კორუპცია, განათებული და გაზიფიცირებული ქვეყანა, ახალი იუსტიციის სახლები, სულ სხვა თბილისი და ბათუმი, სულ სხვა ხალხი, თავაზიანობა და პატივისცემა, განვითარების ყველა სფეროში მსოფლიოში მაღალი რეიტინგები – ათეულების და ხუთეულების ფარგლებშიც კი. პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენელი მსოფლიო ცნობადობა და ავტორიტეტი, რომლის პრობლემები ყოველთვის იდგა დიდ სახელმწიფოთა ლიდერების და საერთაშორისო ინსტიტუტების დღის წესრიგში. ქართველი ხალხი ყოველთვის გრძნობდა მათ თანადგომას და უპირობო მხარდაჭერას ამ პრობლემების მოგვარებაში. სამწუხაროდ დღეს ეს თანადგომა თითქმის არ იგრძნობა.

 

ყველანი მოწმე ვართ, თუ რა უმძიმესი პერიოდი იყო ჩვენი სახელმწიფოსთვის ისტორიის ეს მონაკვეთი. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნდობა გამოუცხადა სააკაშვილის მთავრობას და აღუთქვა მას, შესაბამისი რეფორმების გატარების შემთხვევაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება.

 

სწორედ აქ ხედავდა ქართველი ხალხი თავის განვითარების და რუსეთის იმპერიული კლანჭებიდან თავის დახსნის ერთადერთ გზას. ამ მიზნით მთავრობას მოუწია დაჩქარებული წესით განეხორციელებინა ხალხში არაპოპულარული რეფორმები, გაეტარებინა რადიკალური ღონისძიებანი კრიმინალის, კორუპციის და ქვეყანაში განუკითხაობის და ძალადობის აღმოსაფხვრელად... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი ეს მიმდინარეობდა რუსეთის მუდმივი ზეწოლის, ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკადების, შანტაჟისა და საინფორმაციო ომის, შემდეგ კი ნამდვილი ომისა და ტერიტორიების ანექსიის, 300 ათასი დევნილის პირობებში. ამას თან ერთვოდა გარედან მართული ოპოზიციის მიერ თვეობით გაგრძელებული მიტინგები და დემონსტრაციები, კარვები, ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ანარქიის მოწყობის მცდელობები. ბევრი შეცდომები და გადაცდომები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, დაშვებული იქნა სწორედ ამ პერიოდში. მე არ მახსენდება ამ პერიოდში ბატონი ივანიშვილის პროტესტი ან მთავრობის კრიტიკა ამ დარღვევებსა და გადაცდომებზე.

 

მე ვერც წარმომიდგენია, რომ დღევანდელ მთავრობას, შევარდნაძის მემკვიდრეობა რომ მიეღო, თუ გააკეთებდა რამეს, ან შექმნიდა, ან იმ ზეწოლას გაუძლებდა, რასაც რუსეთი და მისგან მართული ოპოზიცია ქვეყანაში ახორციელებდა... და საერთოდ იარსებებდა დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა?

 

დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ შესძლო სწორ გზაზე დაყენებული ქვეყნის გაძღოლა, იმ შეცდომების გამოსწორება (გარდა სიცოცხლის მოსპობისა), რომელიც დიდ ძალისხმევასთან არ იყო დაკავშირებული და ქვეყანა, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით, უმძიმეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანეს. ამასთან დაუშვეს ისეთივე შეცდომები, რომელსაც ძველი ხელისუფლება უშვებდა და თავს იმართლებენ იმით, რომ ძველი ხელისუფლება უფრო მეტს უშვებდა. მაგალითად დაპირების მიუხედავად ვერ შესძეს გადაექციათ ციხე „სანიმუშო მომსახურეობის ობიექტად“ – ციხეებში კვლავ გახშირდა ცემისა და წამების ფაქტები, კედელზე მიჯაჭვული პატიმრები (ცოცხი აკლიათ), მკვლელობები, თვითმკვლელობები, მოშიმშილეები, აღსდგა „მაყურებლების“ ინსტიტუტი. გვყავს პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქეები, მათ მიერ გასროლით მოკლული ახალგაზრდა კაცი ქუთაისში, ძალადობა პოლიციელებზე და მათი მკვლელობის შემთხვევები, კონსტიტუციის ფარგლებიდან გასული და პირადად ბიძინას დაქვემდებარებაში შესული პროკურატურა, რომელსაც შურისძიების და ხალხის დაპირისპირების იარაღად იყენებს, პროკურატურის მიერ მოწმეებზე ზეწოლის და ძალადობის მრავალი ფაქტი, მათი წამების შედეგად მკვდარი თათუხაშვილი, შეკვეთილი მკვლელობები. პოლიტიკური პატიმრები – მათი ცხრათვიანი პატიმრობა ბრალის დაუდგენლად, შინაგან საქმეთა სამინისტროზე ტოტალური მოსმენების ფაქტიური ნებართვა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, რუსთავი–2–ის და ფაქტიურად ყველა ტელევიზიის მიმართ დაუფარავი კრიტიკა და მუქარა. ნეპოტიზმი, კორუფცია და გაზრდილი კრიმინალი... ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც მათ ახალი მმართველობის პერიოდში დაუშვეს და ეს წლები დემოკრატიის სრულყოფის წლებად გამოაცხადეს. გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილიც, რომელიც დემოკრატიის მათ მიერ მოწონებულ „სრულყოფას“ შეეწირა. შეაჩერეს ქვეყნის აღმშენებლობა და პრიორიტეტად გამოაცხადეს სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ამ ორ წელიწად ნახევარში მიაღწიეს მხოლოდ სამი პატიმრის ციხეში ჩასმას. ისიც საეჭვო ბრალდებებით, რომლითაც დაუპირისპირდნენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც მათ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებს. მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რომლებიც დიდ ფულზე აშკარად უარს არ იტყვიან და ხელისუფლებას ნებას დართავენ გააგრძელონ ეს გამოძიებები, უფრო ართულებს ამ პროცესს. რატომ აზრად არ მოსდითს ბატონ ბიძინას ასეთი ექსპერტები და სპეციალისტები ეკონომიკის და ფინანსების დარგშიც მოიწვიოს და ქვეყანა ხადურის და კვირიკაშვილის მაქინაციებისგან და არაკომპეტენტურობისგან გადაარჩინოს?

 

ბევრს გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ქვეყანას ხელოვნურად „აჩმორებენ“ და აღატაკებენ, ანგრევენ იმას რაც კარგი გაკეთდა, იმ მიზნით რომ ევროპამ ჩვენზე უარი თქვას და გზა გაგვიხსნან ევრაზიის კავშირში - ამის ნიშნები სახეზეა. მაგალითად მოჰყავთ უკრაინა და იანუკოვიჩი – ქვეყანა ხომ უფსკრულში გადაჩეხა, გაირკვა, რომ 50 მილიონიან ქვეყანას შეიარაღებული ჯარიც არ ჰყოლია, ისე როგორც ჩვენ, როგორც ბატონმა ბიძინამ განაცხადა „ტყვია–წამლის ფულიც არ გვაქვს“. რატომ არ ეხმარება ის, როგორც ადრე, ჩვენს უფულო ჯარს?

 

წერილი გამიგრძელდა, საკითხები კი ძალზე ბევრია. ამასთან იმედიც არ მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ბოლომდე წაიკითხავს. მინდოდა უფრო ვრცლად მელაპარაკა შეუსრულებელ დაპირებებზე, იმ ერთ ლარზე, „ნაცები“ რომ ყოველი ლიტრი ბენზინიდან „იპარავდნენ“ და რომელიც ცილისწამება აღმოჩნდა, შეუძლიათ უჩივლონ... ჩამოშლილ „ჭეშმარიტ“, რეალურ ეკონომიკაზე, რომლის შექმნას გვპირდებოდნენ, დამბლადაცემულ ლარზე, ას საწარმოზე, რომელიც „ორთქლის ამოსვლაზე“ არ არის გათვალისწინებული, უმუშევრობაზე, ხადურის ძალადობაზე ბიუჯეტზე, აღებულ ვალებზე და მთავრობის არაკომპეტენტურობაზე, გაზრდილ ფასებზე, დახურულ წვრილ და საშუალო ბიზნესზე. კრიმინალის და კორუფციის შემოტევაზე, გაყინულ ინვესტიციებზე, ინვესტორებზე ზეწოლის ფაქტებზე და ბრალდებებზე, რომელიც შვეიცარიის ელჩმა მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა. არასწორ და მავნე რეგულაციებზე, ხელისუფლების ერთ ხელში კონცენტრაციის და ივანიშვილის პირადი კონტროლის გაზრდის მიზნით არაკონსტიტუციური საბჭოების შექმნაზე, საყდრისზე, რომელიც მისი ბრძანების გარეშე არ განადგურდებოდა, პარლამენტზე, სადაც ივანიშვილის კიდევ შემორჩენილი მონები, მის ყოველ სიტყვას ლოცვად აღავლენენ და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ნგრევის პროცესში. მათ რიცხვში იყვნენ თავისუფალი დემოკრატებიც, რომლებიც როგორც იქნა გათავისუფლდნენ მისი მონობისგან და “რეალური აზროვნება” დაიბრუნეს.

 

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ივანიშვილის მიერ შერჩეული პრეზიდენტი, რომელიც ძალიან მოსწონდა და მისი „ნდობის მანდატით“ ხალხს აარჩევინა (დემოკრატიის ზეიმი). შემდეგ რაღაც არ დაუჯერა, გაუნაწყენდა და სოფლელი მეზობელივით დაემდურა. ახლა, როცა ამ წერილს ვწერ პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში წარმოთქმულია, მისი ინტერვიუც ვნახე, ახლა ლაპარაკია მისი სასახლიდან გამოსახლებაზე – ტრაგიკული მდგომარეობაა... მან ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა პატარა სოფლად გადააქცია, სადაც წარმოუდგენელი მოვლენები ხდება. რა ინსტიტუტები, რისი პატივისცემა... ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ბიძინას ინსტიტუტი და ყველა მას უნდა სცემდეს პატივს და ემორჩილებოდეს... ერთი მხრივ კარგია, რომ პრეზიდენტს საკუთარი აზროვნების უნარი დაუბრუნეს, ისე როგორც თავისუფალ დემოკრატებს, რამაც საგრძნობლად გაზარდა მათი რეიტინგები, მაგრამ როცა ამ ამბავს მსოფლიო გაშიფრავს ქვეყნის რეიტინგს რა ეშველება?

 

მინდოდა ივანიშვილისთვის ხალხის აზრი გამეზიარებინა ჩვენს უინიციატივო, პასიურ და უნისონში წასულ საგარეო პოლიტიკაზე, მსოფლიო დღის წესრიგიდან მოხსნილ ჩვენს პრობლემებზე (მას ხომ ამის დიდი სურვილი ჰქონდა), რუსეთთან, ოკუპანტთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის უაზრობაზე და მავნებლობაზე (რუსეთი ხომ კატეგორიულად გვიკრძალავს ნატოსთან რაიმე ურთიერთობას) და მავნებლობაზე, აბაშიძე–კარასინის კრემლთან ურთიერთობის სავარაუდოდ შეფუთულ და შენიღბულ ფორმატზე, საგარეო საკითხებში აბაშიძის ე.წ. „მეთვალყურედ“ დანიშვნაზე, რუსოფილების მომრავლებაზე და მათ დაუფარავ აქტიურობაზე, რუსული ტელეარხების და რუსული პროპაგანდის ტოტალურ შემოტევაზე, თავდაცვის სამინისტროში მოსულ ახალ კადრებზე, რომლებსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით ნატოს სარდლობა, საეჭვოა რომ ენდონ. დიდ ეჭვს აჩენს აგრეთვე ნატოს უელსის სამიტთან დაკავშირებული ჩვენში გასატარებელი ღონისძიებების შესრულების აშკარა ბლოკირების მცდელობა, რაც სავარაუდოდ რუსეთის გავლენით ხდება. როცა ჩვენი ქვეყანა გარშემორტყმულია რუსეთის სამხედრო ბაზებით და ჩვენი მიტაცებული ტერიტორიები მათ სამხედრო პოლიგონებად გადააქციეს, ჩვენ რუსეთის შიშით თუ შეთანხმებით? უფლება არ გვაქვს თავდაცვითი იარაღი შევისყიდოთ, ან ნატოს საწვრთნელი ცენტრი გავხსნათ. ჩვენ, ისე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას პასუხი არ გვაქვს რუსეთის კითხვაზე – შეთანხმების მიუხედავად რატომაა საჭირო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, მაშინ როცა რუსეთმა ააწიოკა მეზობელი ქვეყნები, წაართვა მათ ტერიტორიები, დაანაწევრა სახელმწიფოები და დღეს აწარმოებს აგრესიულ, დაპყრობით ომს უკრაინაში. მთავრობის მიერ გამოცხადებულ დარეგულირების, ლაქუცის და შეგნებულად გაყრუების პოლიტიკას მოჰყვა რუსეთის ქმედებები – მავთულხლართების გადმოწევა და აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ახალი სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება. იყო მცდელობა ცხინვალის რეგიონის მიერთების შესახებ, მაგრამ პუტინმა ამ პერიოდისთვის ეს არ გარისკა. რა ხდება ბატონო ბიძინა, რატომ არ აკეთებთ თქვენს სატელევიზიო გადაცემებში ამ მოვლენების ანალიზს. ერთხელ მაინც გავიგონოთ თქვენი მხრიდან პროტესტი რუსეთის მიმართ, პუტინის მიმართ. პუტინს, რომელსაც მსოფლიო XXI საუკუნის ჰიტლერს უწოდებს და რომელიც მარტო საქართველოს და უკრაინის პრობლემა კი არა – მსოფლიო პრობლემაა.

 

ბატონ ივანიშვილს თუ რამე ვალდებულება არ აქვს პუტინთან, რატომ არ ამზადებენ მასალებს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე, ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაზე მისი ჰააგის სასამართლოში წარსადგენად და სამართლებრივი გზით ჩვენი ტერიტორიების და დევნილების დასაბრუნებლად? და ამის ნაცვლად რატომ ამზადებენ მასალებს სააკაშვილის ბრალეულობაზე აგვისტოს ომში? ასეთი დავალება აქვთ კრემლიდან? პუტინის უმიზეზოდ შეჭრამ უკრაინაში და მისმა მოქმედებებმა ხომ ყველაფერი ნათელი გახადა, რომ საქართველო–რუსეთის ომი 2008 წლის აგვისტოში გარდაუვალი იყო? რომ თუ არ შედგებოდა ცხინვალი, ყველაფერი მზად იყო კოდორში შესაჭრელად და ქვეყნის შუაზე გასახლეჩად.

 

შევახსენებ ბატონ ბიძინას, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა საკითხზე, რომელმაც დააზიანა და აზიანებს ჩვენს ქვეყანას, პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მას, რადგანაც ხალხს არც ღარიბაშვილი, არც უსუფაშვილი და არც მარგველაშვილი არ აურჩევიათ, ყველაფერი მოხდა ისე როგორც წერილის შესავალში აღვწერეთ. ისევ თავის მიღწევად თვლის სოციალურ სფეროში და სოფლის მეურნეობაში გატარებულ ღონისძიებებს. მაგრამ ამ მიზნით დიდი სამუშაოები არ გაუწევიათ – ბიუჯეტში შეამცირეს სხვა მუხლები და მისი თითქმის ნახევარი გამოყვეს ამ სფეროებში. მდიდარი სახელმწიფოებიც კი ასეთ გულუხვობას ვერ იჩენენ. ასეთივე წარმატებით მათ შეეძლოთ გაეზარდათ პენსია 220 ლარამდე. რადგან ფულის ხარჯვას ეკონომიკაში და ინფრასტრუქტურაში ეს მთავრობა ვერ ახერხებს და სავარაუდოდ ამის მიზეზია ლარის კურსის გაუფასურებაც – დეკემბერში მილიარდზე მეტი ფულის გამოყრის გამო. სხვა საკითხია, გაუძლებს თუ არა ბიუჯეტი დაზღვევის ამ სისტემას, სოფლის მეურნეობაში დაბანდებულმა მილიონებმა კი ჯერჯერობით ვერც მოსავალზე და ვერც მის ფასებზე ვერ იმოქმედეს.

 

მართალი გითხრათ, არ ველოდები, რომ ხვალ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლიან და რაიმეს გამოასწორებენ, მათ ამის არც სურვილი და არც რესურსი არ აქვთ, უფრო მეტიც, მეშინია, რომ ქვეყნის მართვაზე კონტროლი დაიკარგოს და ანარქიისა და დესტაბილიზაციის პირობებში ჩვენმა ტრადიციულმა „მხსნელმა“ ისარგებლოს. უკრაინა ამის ნათელი მაგალითია. ამიტომ თუ ქართველ ხალხს ოდნავ მაინც პატივს სცემენ მთავრობამ უნდა ილაპარაკოს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. არ შეიძლება ერის ლიდერმა „ჯიბე და ოჯახი“ დემოკრატიაში აურიოს და ხალხს თვალებში ნაცარი აყაროს. ან შეუსრულებელი დაპირებები ასე ურცხვად შესრულებულად გამოაცხადოს.

 

მე ვუყურე ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გადაცემას და გამახსენდა პიესა ყვარყვარე თუთაბერი – გასული საუკუნის ოციანი წლების საქართველო. ბატონო ბიძინა დღეს XXI საუკუნეა, ხალხი უფრო ინფორმირებული და განათლებულია. არ შეიძლება გერმანიის ან შვედეთის 0,1% ეკონომიკის ზრდა საქართველოს 2,4%–ს შეადარო და იძახო ევროპაში ზრდის ტემპით პირველ ადგილზე ვართ და ჩვენი მთავრობის ევროპის ბევრ ქვეყანას შეშურდებოდაო. მაშინ აიღეთ ამ ქვეყნების ცხოვრების დონე, მათი საარსებო მინიმუმი და წლიური შემოსავალი და შეადარე ის ჩვენსას. ან რა კონტროლი უნდა ეკონომიკას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ეს გადაცემები ივანიშვილს ჩიხამდე მიიყვანს, მით უმეტეს მაშინ, როცა გადაცემაში ნამდვილ ოპონენტებს მოიწვევენ.

 

მთავრობას ვურჩევ მათ ნაცვლად გამოსცეს სამთავრობო გაზეთი, რომელიც გამოვა კვირაში ერთხელ და ექნება საინფორმაციო სახე – მთავრობის და სამინისტროების მუშაობის შესახებ. მათ მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისების მიმდინარეობის და მათი მიმართულების შესახებ. ასევე შემოსავლების მონაცემები, ცნობები ინვესტიციების მოზიდვის და მათი დანიშნულების შესახებ, პერიოდულად იქნება ცნობები რა ღონისძიებები ტარდება ეკონომიკის და ლარის კურსის გასაჯანსაღებლად, ინფორმაცა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სასურველია მსგავსი გაზეთები გამოიცეს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. აგრეთვე ქალაქებში. თუ მთავრობას რაიმეს გაკეთება და მისი ხალხამდე მიტანა სურს, ეს გაზეთი კარგი საშუალება იქნება ხალხის და მთავრობის ეფექტური კომუნიკაციის.

 

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხის და ქვეყნის ისტორიაში არის გადამწყვეტი პერიოდები, როცა მათი ბედი და მომავალი საუკუნეებით წყდება. ორი საუკუნე ვიყავით ჩვენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და 25 წლის წინ ფაქტიურად შიშველ–ტიტველი, სიცივეში და სიბნელეში გამოვედით ამ იმპერიის შემადგენლობიდან, გადაგვკიდეს ერთმანეთს, მოგვიწყვეს ომები. დაგვანაწევრეს, წაგვართვეს ტერიტორიები, ჯართად გაიყიდა ჩვენი ჰაერში დარჩენილი ფაბრიკები და ქარხნები, ნოლზე დავიდა ჩვენი ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა, უმუშევარი და გამათხოვრებული ხალხის დიდი ნაწილი ლუკმა–პურის საშოვნელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხელზე მოსამსახურედ გადაიხვეწა და დღესაც იქ რჩებიან. ბურჯანაძეებს, თოფაძეებს და ზოგიერთ სხვებს უნდათ საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ და როგორც პუტინს უნდა – „ტიფლისკაია გუბერნიად“ გადაგვაქციონ. ჩვენ ეს საბედისწერო შეცდომა კვლავ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ეს არ უნდა გავიმეოროთ. მინდა, ძალიან მინდა, რომ „ზოგიერთ სხვებში“ ივანიშვილი და მისი მთავრობის ზოგიერთი წევრი არ ერიოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია