ლარის დევალვაციით გამოწვეული საფრთხეები და რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური კორექტირება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-04-2015, 22:57 | ეკონომიკა | ნანახია - 2135

ლარის დევალვაციით გამოწვეული საფრთხეები და რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური კორექტირება

 

დავით ნებიერიძე

 

სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას არა აქვს სათანადო თეორიული ცოდნა მაინც, რომ ადეკვატურად გაანალიზოს ეროვნული ვალიუტის დევალვაციის ზემოქმებება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე! ამიტომ, ერთად–ერთი, რაც შეიძლება იფიქროს ეკონომიკაში სათანადო კომპეტენციის მქონე ნებისმიერმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, არის ის, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე არგუმენტები, რის გამოც მთავრობა და კერძოდ ფინანსთა სამინისტრო არ თანხმდება სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას! და ეს არგუმენტები, მხოლოდ პოპულიზმისა და ვოლუნტარიზმის ასპექტებით არის გაჯერებული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამგვარი მოქმედება გაცილებით უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს მმართველ გუნდს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. მაგრამ, სამწუხაროდ ქვეყნის ეკონომიკა და შესაბამისად ქვეყნის სოციალური მდგომარეობა გაცილებით უფრო დაზარალდება ვიდრე მათი პიროვნული კეთილდღეობა.

 

აპრიორი მინდა განვაცხადო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა, შემოსავლების ნაწილში ვერაფრით ვერ შესრულდება! უზარმაზარი გარღვევა იქნება მოგების გადასახადიდან მისაღებ, დაგეგმილ შემოსავლებში. და ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, როგორც ბატონ ხადურს, ასევე ჩვენს პრემიერ მინისტრს! აი, რაშია საქმე და რატომ უწინასწარმეტყველებ მათ სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობას, განსაკუთრებით მოგების გადასახადის სეგმენტში.

 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკის ლომის წილი მოდის ვაჭრობაზე და მომსახურეობის სფეროზე. გარდა ამისა, წარმოების სეგმენტში უდიდესი წილი უკავია იმპორტირებულ ნედლეულსა და წარმოების საშუალებებს. ანუ, ეკონომიკაში გადაუფასებლად დიდია იმპორტის წილი. რაც, იმას ნიშნავს, რომ მატერიალური აქტივების ამ მოცულობის შეძენა ხდება უცხოურ ვალიუტაში და კონკრეტულად ამერიკულ დოლარებში. ანუ, ჩვენი ეკონომიკა თითქმის მთლიანად არის ორიენტირებული დოლარზე. ახლა, კი ეს მოცემულობა გადავიტანოთ ბუღალტრული აღრიცხვის სიბრტყეში და ყურადღება გავამახვილოთ მოგების გადასახადის გაანგარიშების ასპექტებზე. ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის მქონე ბუღალტრისთვისაც კი ნათელია, რომ მიუხედავად იმისა მაღალია, თუ დაბალი საწარმოს მოგების მაჩვენებელი, როდესაც მოხდება ბუღალტრულად მოგების გადასახადის გაანგარიშებისთვის, კურსთა შორის სხვაობის ბალანსში ასახვა, ეს პარამეტრი შეამცირებს და ხშირ შემთხვევაში მთლიანად შეჭამს საწარმოს მოგებას. იმის პირდაპირპროპორციულად, თუ რაოდენ დიდად არის დამოკიდებული საწარმოს საქმიანობა იმპორტზე. ანუ, ლარის დევალვაციის აღნიშნული ტემპების პირობებში, საანგარიშო წლის სავალუტო კურსთა შორის სხვაობა გარდაუვლად მოექცევა გამოსაქვით ხარჯებში. მისი მოცულობა ლარის დევალვაციის ამ პირობებში კი საწარმოთა უმრავლესობას გარდაუვლად გაიყვანს ზარალზე. ამ ფაქტს ვერ უარყოფს ვერც ერთი, თუნდაც დაბალი კვალიფიკაციის მქონე ბუღალტერი. შესაბამისად, ძალიან მიკვირს, ნუ თუ ფინანსთა სამინისტროში, ან მინისტრთა კაბინეტში არ არის არცერთი ადამიანი, რომელსაც ესმის შექმნილი რეალობის ეს ბუღალტრული ასპექტი!? ამ ასპექტის უარყოფა ხომ შეუძლებელია! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებით, ყოველ საწარმოს უფლება აქვს შემდგომი პერიოდის ბალანსში გადაიტანოს მიღებული ზარალი. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მარტო მიმდინარე წელს კი არ დარჩება მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობების გარეშე, არამედ ეს გარემოება მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს შემდგომი წლების ბუღალტრულ ანგარიშგებაშიც და სიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად მნიშვნელოვნად შეამცირებს მომდევნო წლების მოგების გადასახადს!

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებით ვაცხადებ, რომ 2015 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტი მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობების გარეშე დარჩება და ეს ძალიან დიდი თანხებია! იმდენად დიდი, რომ მთავრობას მოუწევს, სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანად გაზრდა. მაღალი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, საქართველოს ვალი, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო, საანგარიშო წლის ბოლოს მშპ–ს 85%–ს მიაღწევს. თუმცა, თუ მთავრობა არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების რადიკალურ კორექტირებას, მაშინ მას ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად გარდაუვლად მოუწევს ვალის მოცულობის მნიშვნელოვანად გაზრდა და ზემოთ მოყვანილი სახელმწიფო ვალის საგანგაშო მოცულობა სანატრელი გახდება! ანუ, სახელმწიფი ვალი შესაძლებელია მშპ–ს ასი პროცენტიც, კი გახდეს! ეს, კი რადიკალურად გააუარესებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზებს, საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგთან მიმართებაში. რაც, თავის მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში და ობიექტურად შეამცირებს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკაში. ანუ, მოჯადოებული წრე არ გაწყდება და პროგნოზირებული შედეგები უკვე ლარის შემდგომი დევალვაციის ობიექტურ და გარდაუვალ მიზეზებად გადაიქცევა!

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მიერ წინა სტატიებში გაკეთებულ პროგნოზს, რომ მმართველ ძალას საქართველოს ეკონომიკა „საბერძნეთიზაციის“ გზით მიჰყავს! შედეგები კი შეგვიძლია საბერძმეთის რეცესიული და ფაქტიურად დეფოლტის პირობებში მყოფი ეკონომიკის მაგალითზე ვიხილოთ! დამატებით, კი უნდა ითქვას: არანაირი ნიშანი იმისა, რომ დღევანდელი მმართველი ძალა ადექვატურად აღიქვავს ეკონომიკურ რისკებს, არ ჩანს. შესაბამისად, ლაპარაკიც, კი ზედმეტია იმაზე, რომ მათავრობამ მეტნაკლებად ეფექტური ღონისძიებები გაატაროს სიტუაციის გასანეიტრალებლდ. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკური ვითარების შემობრუნებაზე და ქვეყნის ეკონომიკის მართებული გზით განვითარების შესაძლებლობებზე!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია