ისევ ისლამური სახელმწიფო: სტრუქტურა, ისტორია, აწმყო, მომავალი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-05-2015, 10:07 | მსოფლიო | ნანახია - 3764

ისევ ისლამური სახელმწიფო: სტრუქტურა,  ისტორია, აწმყო, მომავალი

 

გიორგი იმედაშვილი

 

საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ თბილისიდან ბაღდადი უფრო ახლოა ვიდრე მოსკოვი. ისიც დაივიწყეს, რომ საქართველოს მთელი ისტორიის მანძლიზე მისი ბედი პირდაპირ კავშირში იყო გეოგრაფიულ სირიაში, ერაყში, ირანსა და სხვა ახლო აღმოსავლურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან. ხშირად თბილისში, დმანისში, ალეპოში, ისფაჰანში, დამასკოსა და იერუსალიმში მცხოვრები ადამიანები ერთი სახელმწიფოსა და ერთი მმართველის ქვეშევრდომებიც იყვნენ. მიუხედავად საბჭოთა კავშირის სამოცდაათწლიანი მმართველობისა, საქართველო ახლო აღმოავლეთიდან არსად წასულა და არც ირანს, ერაყსა და სირიას მოუცვლიათ ადგილი. მთელს რეგიონსა და ჩვენს ქვეყანას მჭიდრო ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გააჩნია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რეგიონში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების სწორი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და მოსახლეობისათვის. მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ დამანგრეველ ტერორისტულ ძალასთან გვაქვს, როგორიც არის „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“.

 

ბოლო დღეებში გახშირებულია შეტაკებები ერაყის ტერიტორიაზე, სადაც „ისლამურმა სახლემწიფომ“ განაახლა ბრძოლა თიქრითისათვის, რომელიც მარტის ბოლოს დაკარგა. ერაყის მთავრობა შიიტურ მილიციასთან ერთად ცდილობს გაწმინდოს ანბარის პროვინცია და დაიცვას თიქრითთან ერთი თვის წინ მოპოვებული ტერიტორია, მაგრამ ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბოლო კვირების ბრძოლების მთავარი ეპიცენტრი ანბარის პროვიცნიაში მდებარე ქალაქი რამადია, რომელიც არაერთხელ აიღეს და დაკარგეს ერაყულმა ძალებმა. დღეისათვის ქალაქის ცენტრის დიდ ნაწილს „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს, მაგრამ ბრძოლები ისევ მიდმინარეობს.

 

ეს ორგანზიაცია გააქტიურდა ლიბიაშიც, სადაც სამოქალაქო ომის მიმდინარეობით სარგებლობს და პატარა ტერიტორიას უკვე თავადაც აკონტროლებს. ამ კვირაში მათ მიერ არაერთი ლიბიაში მცხოვრები ეთიოპიელი და ერითრიელი ქრისტიანის სიკვდილით დასჯის კადრებიც გამოჩნდა.

 

არაერთხელ გავრცელდა ცნობა ორგანზიაციის მოთავის, თვითგამოცხადებული ხალიფას, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ, მაგრამ დღეისათვის ეს მაინც არ დასტურდება. როგორც ჩანს, „ხალიფა“ მართლაც სერიოზულად დაშავდა ერთ-ერთი საჰაერო დაბომბვისას, ის გადაიყვანეს „სახალიფოს“ დედაქალაქში - რაკაში (ზოგიერთ ცნობით მოსულში) მდებარე საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. თუმცა რამდენად მისცემს მიღებული დაზიანებები მას სამუშაოს გაგრძელების საშუალებას ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია და არ ვიცით როდის გახდება ცნობილი. იქამდე კი, ორგანზიაციას აბუ ალა-აფრი - დიდი ხნის წევრი და ყოფილი ფიზიკის მასწავლებელი უხელმძღვანელებს.

 

ბევრს აინტერესებს როგორ ახერხებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოუსლი და ხშირად სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე, დილეტანტი, რადიკალი ისლამისტებისაგან შემდგარი „ისლამური სახელმწიფო“ იყოს დღეისათვის ყველაზე ეფექტური და საშიში ტერორისტული ორგანზიაცია. დღემდე ჩვენ ვიცოდით, რომ ეს დაჯგუფება “ალ-ქაიდას” მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი რადიკალი ექსტრემისტი ბოევიკის დაფუძნებული და „ალ-ქაიდას“ მემკვიდრე ორგანზიაცია იყო და რომ მის ბირთვსაც ერაყის საოკუპაციო ძალების წინააღდეგ მებრძოლი პარტიზანები შეადგენდნენ. არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პარტიზანების დიდ ნაწილს დამხობილი სადამ ჰუსეინის ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები წარმოადგენდნენ. დღეს ეს ვარაუდი დამტკიცდა.

 

ცნობილმა გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ ხელში ჩაიგდო სამირ აბდ მუჰამად ალ-ხლიფავის ხელნაწერები, რომლებზეც „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვის სამსახურის სტრუქტურები კალმით იყო დატანილი. ალ-ხლიფავი 2014 წლის იანვარში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთ-ერთი შეტაკებისას მოკლეს სირიელმა აჯანყებულებმა და მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ის ორგანზიაციის ერთ-ერთ შეიხი იყო, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ჯაშუშების მთელი ქსელისა და მთელი ორგანიზაციის სტრუქტურის არქიტექტორი შემოაკვდათ. როგორც აღმოჩნდა, ალ-ხლიფავი საკუთარი სახელით არასდროს მოქმედებდა და მისი ფსევდონიმი ჰაჯი ბაქრიც მხოლოდ ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი. მისი სახლის ჩხრეკისას, აჯანყებულებმა იპოვეს სხვადასხვა რვეულებსა და ფურცლებზე დატანილი სქემები, სიები და სტრუქტურები. ამ დოკუმენტების შესწავლას დრო დასჭირდა, რაღაც ნაწილი მოხვდა „შპიგელის“ ხელშიც. შემდეგ თავად ჟურნალმა დიაწყო კონკრეტული სქემების კვლევა და შედეგები მხოლოდ რამდენიმე დღეა გასაჯაროვდა.

 

როგორც აღმოჩნდა, ჰაჯი ბაქრს თავად შეუქმნია სტრუქტურა „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვის სამსახურისათვის, ხოლო იმ პრინციპების გაცნობის შემდეგ, რომლითაც ეს სამსახური მუშაობს, ადვილად მივხდებით, რომ ამ ტერორისტული დაჯგუფების ხერხემალი სწორედ რომ დაზვერვაა.

 

ჰაჯი ბაქრი, წარსულში სადამ ჰუსეინის საჰაერო ძალების დაზვერვის პოლკოვნიკი იყო, ანუ სეკულარისტი ლიდერისა და სეკულარული პარტია „ბაასის“ („არაბული სოციალიზმის აღორძინების პარტიის“) მმართველობის გაძლიერებისათვის იბრძოდა. 2012 წელს კი, ის სეკულარისტებისა და არასუნიტი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში განთქმული ტერორისტული ორგანზიაციის უმთავრესი არქიტექტორი გახდა და სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმს, ანუ „ბაასის“ სირიულ განყოფილებას ებრძვის - შესაშური ტრანფორმაციაა. „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ დაწერილ წინა წერილში ვამბობდი, რომ ამ ორგანიზაციას არც ისლამურ ღირებულებებთან და არც თავისუფლებისათვის ბრძოლასთან კავშირი არ აქვს და ის უბრალოდ ძალაუფლებისათვის მებრძოლი ბანდიტებისაგან შედგება. მაშინ ინფორმაცია ჰაჯი ბაქრის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ არ იყო. დღეს, კი მისი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ილსამური სახელმწიფოს“ ლიდერებსა და შემქმნელებს სულაც არ ადარდებთ ის პრინციპები, რომელთათვისაც იბრძვიან. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ძალაუფლებაა და სულ ერთია ამ ძალაუფლებით ისლამის სახელს ამოფარებულები დატკბებიან თუ სეკულარული არაბული სოციალიზმისა.

 

ჰაჯი ბაქრი „ივერიის“ მკითხველისათვის კარგად ნაცნობ აბუ მუს’აბ ალ-ზარკავის ერაყში ამერიკელებთან ბრძოლაში დიდად ეხმარებოდა. წოდებისა და ყოფილი სამუშაო ადგილის გათვალისწინებით მას გააჩნდა საკუთარი ჯაშუშური ქსელიც და ამგვარი სტრუქტურების მენეჯმენტის საკმაო გამოდცილებაც. ისიც კარგად ვიცით, რომ ალ-ზარკავი რელიგიური ფანატიკოსი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვით იმავეს მის გარემოცვაზე. „ისლამური სახელმწიფოს“ სულისჩამდგმელების უმრავლესობა ჰუსეინის დროინდელი მმართველი ელიტის წარმომადგენლები იყვნენ.

 

ორგანზიაციის გასაძლიერებლად ჰაჯი ბაქრმა მოიფიქრა ახალი წევრების მოზიდვისა და გადაბირების მთელი სცენარი და ამ პროცესში დაჯგუფების დაზვერვის შესაქმნელი გეგმაც გაითვალისწინა.

 

გეგმა შემდეგი იყო: რაც შეიძლება მეტ დასახლებულ პუნქტში ორგანზიაციას უნდა გაეხსნა რელიგიური სწავლების ცენტრები, სრულიად ლეგალური დაწესებულებები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული სიხშირით ლექციებს წაუკითხავნდენ ისლამისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ. რასაკვირველია, ამას ყოველთვის ორგანზიაციის მიერ შერჩეული რადიკალი ისლამისტები აკეთებდნენ. გარდა იმისა, რომ ისლამის შესახებ ლექციებზე დასწრება ახლო აღმოსავლეთის ახალგაზრდობისათვის საკმაოდ მოდური ტენდენციაა, როგორც წესი, ერაყისა და სირიის ადგილობრივი სუნიტი მოსახლეობა ძალიან გაჭირვებულიც არის, ბევრს ელემენტარული განათლების საშუალება საერთოდ არ აქვს. ამიტომ ისინი ყოველგვარ უფასო ლექციებსა და სემინარებს სიამოვნებით ესწრებიან.

 

გეგმის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ლექციებზე ხშირად მოსიარულე ახალგაზრდებისაგან უნდა შეერჩიათ ერთი ან ორი თანამოაზრე, რომლებსაც დაუახლოვდებოდნენ და დაავალებდნენ „ჯიჰადისათვის“ საჭირო ინფორმაციის მოპოვებას მათი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს, სამეზობლოში, უბანში, სოფელში და ა.შ.

 

აინტერესებდათ, თუ რომელი ოჯახები იყვნენ მდიდრები და პატივსაცემები, რა იყო მათი შემოსავლის წყარო, ვინ იყო კონკრეტულ ოჯახში ყველაზე გავლენიანი პიროვნება და რა პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებები ჰქონდა მას. ახალგაზრდებს ინფორმაცია უნდა მოეძიათ ადგილობრივ მოლებზე, იმამებზე და შეიხებზე. ისლამის რომელი მაზჰაბის მხრდამჭერები იყვნენ, სუფიზმის რა ცოდნა ჰქონდათ, იღებდნენ თუარა შემოწირულობებს, თუ იღებდნენ ვისგან და ა.შ. გარდა ამისა, აგროვბდნენ შანტაჟისათვის საჭირო ჭორებსა და სხავდასხვა ტყუილ-მართალს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ: ვინ ღალატობდა ცოლს, ვინ იყო ჰომოსექსუალი, ვინ აცდენდა პარასკევის ლოცვებს, ვინ სვამდა ალკოჰოლს და ა.შ. შემდეგ ამ ინფორმაციის საფუძველზე აშანტაჟებდნენ კონკრეტულ ადამიანებს და იღებდნენ მათგან ხან ფულს, ხანაც ახალ ინფორმაციას.

 

როდესაც 2011 წლის თებერვლიდან მთელს ახლო აღმოსავლეთში „არაბული გაზაფხული“ დაიწყო, ერაყში ჯერ კიდევ ამერიკული ჯარები იდგნენ. ასე რომ იქ გადატრიალების მოწყობა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ჰაჯი ბაქრმა და „ისლამური სახელმიწიოს“ სხვა წინამძღოლებმა გადაწყვიტეს სირიაში ახალდაწყებულ სამოქალაქო ომში ჩართვა, მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის მოპოვება და შემდეგ გაძლიერებული ორგანზიაციით ერაყში შეჭრა. სირიაში მაშინ ომი ახალი დაწყებული იყო და ბაშარ ასადის ხელიფულებას არაერთი ოპოზიციური აჯანყებული ძალა ებრძოდა.

 

ასე და ამგვარად, ჯაშუში ახალგაზრდების მეშვეობით "ისლამური სახელმწიფოს" მცირერიცხოვანმა ხელმძღვანელობამ დაიწყო მხარდამჭერებისა და იმავდროულად საჭირო ინფორმაციის მოგროვება. 2012 წლის მიწურულს ჰაჯი ბაქრი თავისი ამბიციური ჩანაფიქრის განსახორციელებლად ერაყიდან უკვე სამოქალაქო ომში ჩაფლულ სირიაში გადავიდა და "რეზიდენიცად" პატარა ქალაქი ტალ-რიფატი აირჩია. სირიიდან წლების განმავლობაში ბევრი განათლებული ადამიანი სამუშაოდ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა და საუდის არაბეთში მიდიოდა, საიდანაც ხშირად რადიკალურ ისლამისტებთან გაჩენილი კავშირებით ბრუნდებოდნენ. გამორჩეულად ბევრი ასეთი ადამიანი ცხოვრობდა პატარა ქალაქ ტალ-რიფატში და ჰაჯი ბაქრმაც, სწორედ ამიტომ, ის აირჩია ერთგვარ საყრდენ წერტილად.

 

სულ მალე მან ამ ქალაქში დაარსა სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს უფასო ლექციებს უტარებდა ისლამის შესახებ და რასაკვრიველია, ამ გზით "ავერბოვკებდა". მოგვიანებით დაიწყო გავლენიანი ოჯახების შანტაჟი და ზოგიერთ მათგანში გარიგებული ქორწინებების გზით თავის მსტოვრების ჩანერგვაც. მალე სირიის არაერთ ქალაქსა და სოფელში "ისლამური სახელმწიფოს” ამგვარი "სასწავლო ცენტრები" გაიხსნა და დაიწყო ორგანიზაციის წევრების მომრავლებაც. ანუ, მთელი ორგანიზაციის შექმნა დაზვერვის სტრუქტურების შექმნით დაიწყო და სწორედ მისი შემქნელები იყვნენ მთელი დაჯგუფების ლიდერებიც.

 

ჰაჯი ბაქრი მისი ჯაშუში ახალგაზრდებისაგან ყველაზე გამორჩეულებსა და მიხვედრილებს შეიხებად ირჩევდა და უკვე მათაც ატარებინებდა "ლექციებს", ხოლო ისინი თავისმხრივ სხვა დასახლებულ პუნქტში ახალ ჯაშუშურ ქსელს ქმნიდნენ, რომლებიც ასევე ახალ შეიხებს ზრდიდა და ასე დაურსულებლად. ხალხის მომრავლებასთან ერთად ამ სისტემამ უფრო სტრუქტურირებული ხასიათი მიიღო: ყოველ რეგიონს თავისი "ემირი" ჰყავს, მას ემორჩილებიან "თვალთვალისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი"; "შარიათის მოსამართლის დეპარტამენტი"; "უსაფრთხოებისა და საიდუმლო აგენტების მწვრთნელისა და ლიდერის სამსახური"; "საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი" და პირველი და მეორე მოადგილეები. ყველა ამ "მოხელეს" რეგიონალურ დონეზე თავისი სამსახური ექვემდებარება. მაგრამ გარდა ამისა, არსებობს რაიონული განყოფილებაც, რომლის ემირიც პირდაპირ არის დაქვემდებარებული "რეგიონის ემირზე". რაიონულ განყოფილებას ევალება ყველა სახის "შავი სამუშაოც", ციხეებისათვის თვალყურის დევნება, იარაღის საცავების მოფრთხილება, ადგილობრივი რაიონის ეკონომიკური საკითხები და ა.შ. "ისლამური სახელმწიფო" ყველანაირად ცდილობს მართლაც სახელმწიფოდ იქცეს და შექმნას მმართველი ორგანოები, მაგრამ მის შემხთხვევაში ეს ორგანოები პირდაპირ არიან სადაზვერვო სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტები.

 

ყველა ემირი ვალდებულია სხვა ემირების რეგიონზეც ეჭიროს თვალი და იქ იქონიოს გარკვეული სადაზვერვო ჯგუფები, რათა ადვილად და მალე მოახსენოს ხელმძღვანელობას სხვა ემირის რეგიონში რაიმე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში. ასეთ სისტემაში არაფერი იმალება, ყველა ყველას უთვალთვალებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტერორისტული ორგანზიაციის სადაზვერვო სამსახური ლეგენდარული აღმოსავლეთ გერმანული "შტაზის" სისტემით მუშაობს და ამ მხრივ "ისლამური სახელმიწფო" მართლაც ძლიერია.

 

ჰაჯი ბაქრი მართლაც ძლიერი მენეჯერი აღმოჩნდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დაზვერვის კარგი სკოლა აქვს გავლილი. სადამ ჰუსეინის სახელმწიფო ათეული წლების მანძილზე აკონტროლებდა თავის მოსახლეობას და მისი სადაზვერვო სამსახური მართლაც გამორჩეული იყო არაბულ სამყაროში. "ისლამურმა სახელმწიფომ" სადამ ჰუსეინის სადაზვერვო სისტემას მხოლოდ დისკურსი შეუცვალა და თუ ძველი ერაყელი მზვერავები რეკრუტებს წარსული არაბული დიდებითა და სეკულარული სოციალიზმით ურეცხავდნენ ტვინს, ჰაჯი ბაქრი და მისი თანამებრძოლები იმავეს ისლამის სახელით აკეთებენ. "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებებში არაფერი რელიგიური არ არის. ეს ორგანზიაცია კარგად დაგეგმილი ოპერაციებისაგან შემდგარ ციკლს ახორციელებს. ეს ოპერაციები კი ძალაუფლებას დახარბებული, უმუშევრად დარჩენილი, სხვა ადამიანების ჩაგვრას დაჩვეული ჯაშუშებისა და სამხედრო პირების მიერ არის მოფიქრებული. ჰაჯი ბაქრი 2006 წლიდან 2008 წლამდე იჯდა ამერიკულ სამხედრო ბანაკში, შემდეგ კი აბუ-ღრეიბის ციხეში. როგორც ჩანს, ამ ადგილებში მისი კავშირები სუნიტ ექსტრემისტებთან კიდევ უფრო გაიზარდა და "ისლამური სახელმწიფოს" არაერთი ლიდერი სწორედ ამ ციხეებში გადაიბირა. მათ შორის იყვნენ თურქმენული წარმოშობის ექსტრემისტები, რომელთა რიგებშიც არაერთი ერაყის ყოფილი სადაზვევრო სამსახურის თანამშრომელი ერია. დღეს ეს ადამიანებიც ე.წ. „სახალიფოს“ მმართველ ბირთვში მოიაზრებიან.

 

ჰაჯი ბაქრის მენეჯმენტის უნარი შეერწყა ალ-ზარკავის იდოლოგიურ პლატფორმას (რომელზეც წინა წერილში ვსაუბრობდი) და ამგვარად შეიქმნა ფსევდო-რელიგიური ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც რადიკალური ჯიჰადისტური პროპაგანდული მანქანა და კარგად ჩამოყალიბებული, მოქნილი სადაზვერვო სისტემა აქვს. რაც შეეხება აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის, ის ორგანზიაციის კლერიკალური ფრთის წარმოამდგენელი იყო და სასულიერო იერის გასამტკიცებლად ხალიფად სწორედ ის აირჩიეს. რამდენად აქვს მას ერთპიროვნული ძალაუფლება ეს უკვე მეორე საკითხია და ჩემთის ცნობილი ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ არ აქვს. ორგანზიაციას ლიდერების ჯგუფი მართავს და არა ერთი ადამიანი, სწორედ ამირომ არც ალ-ზარკავის სიკვდილმა დაშალა, არც ჰაჯი ბაქრის გარდაცვალებამ და არც ალ-ბაღდადის სავარაუდო სიკვდილი დაშლის.

 

ასე რომ, 2012 წლის მიწურულიდან „ისლამური სახელმიწიფო“ აქტიურად გამოჩნდა სირიაში და იქ არაერთ დასახლებულ პუნქტში საკუთარი სასწავლო ცენტრები დაარსა, მაგრამ პირველი დიდი პოლიტიკური განაცხადი რაკაში გააკეთეს. როგორც ვიცით, სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ არაერთი მხარე გამოვიდა, თავიდან ოპოზიციას ძირითადად სეკულარული ძალები და დემოკრატიის მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. რევოლუციამდე რაკა მშვიდი, აპოლიტიკური ქალაქი იყო და მისი მოსახლეობაც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული რელიგიურობით. ზოგადად სირიას ყოველთვის გააჩნდა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე „განათლებული“ და სეკულარული საზოგადოების მქონე სახელმწიფოს სტატუსი. 2013 წლის მარტში სეკულარული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ასადის ხელიფულების წარმომადგენლებს რაკა იძულების წესით დაატოვებინეს და დემორკატიულმა ძალებმა მალევე აირჩიეს ქალაქის საკრებულო, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტები, იურისტები, ექიმები და სხვადასხვა განათლებული ადამიანები აირჩიეს. ოპოზიციურ ძალად „ისლამური სახელმიწფო“ ჯერ კიდევ არ განიხილებოდა, მაგრამ უკვე მაისის შუა რიცხვებში უგზუკვლოდ გაქრა საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ ცნობილი დემორკატი ნოველისტის ძმა, ხოლო შემდეგ ის ადამიანი ვინც რევოლუციონერების დროშა აღმართა ქალაქის საკრებულოზე. ივლისში ჯერ ათობით, შემდეგ კი ასობით ადამიანი გაქრა და რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო ქალაქში, ბევრი ადამიანი გაიქცა. დაძაბულობა გრძელდებოდა მთელი ზაფხული და სექტემბერი, ხოლო უკვე 17 ოქტომბერს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა მთელი დარჩენილი სამოქალაქო ოპოზიციის ლიდერები (სულ 300 ადამიანი) შეხვედრაზე დაიბარეს, როგორც დანარჩენები ვარაუდობდნენ ოპოზიციური კოალიციის შექმნის საკითხზე სამსჯელოდ, მაგრამ სინამდვილეში ტერორისტები ქალაქის მართვას თავად აპირებდნენ და ეს გამოუვიდათ კიდეც. დამსწრე საზოგადოებიდან მხოლოდ ორმა ადამიანმა გაბედა მათ წინააღდეგ წასვლა და „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა გაუჩინარებებში. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალაქში კარგად ცნობილი ჟურნალისტი მუჰამად ჰაბაიებნა, რომელიც ხუთი დღის შემდეგ დაბმული მოკლეს თავში გასროლით. გარდაცვლილის ფოტოები კი, მის მეგორბებსა და ოპოზიციის ლიდერებს გაუგზავნეს ელექტრონულ ფოსტაზე ტექსტით: „ეხლა გული გწყდება შენს მეგობარზე?“. რამდენიმე საათში ოპოზიციის 20-მა ლიდერმა ქალაქი დატოვა. რაკა სრულიად მთლიანად „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში გადავიდა და ხარუნ არ-რაშიდის სახალიფოს უძველესი დედაქალაქი დღეს დამნაშავე არმაზადების მთავარ ცენტრად იქცა.

 

ამის შემდეგ ყველა ოპოზიციურმა ძალამ მთელს სირიაში შეთანხმებულად დაუწყო ბრძოლა „ისლამურ სახელმწიფოს“ და მათ ბევრი ადამიანი დაკარგეს. მაგრამ ბაშარ ასადი მალე მიხვდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ხელით გაუადვილდებოდა დანარჩენი ოპოზიციის მოშორება და ამ ტეორისტული ორგანზიაციის გაძლიერებით ის დაანახებდა მსოფლიოს, რომ ორი ცუდი ვარიანტიდან, თავად იყო უკეთესი. სწორედ ამიტომ მისმა ძალები ოპოზიციისა (ე.წ. „აჯანყებულების“) და „ისლამური სახელმწიფოს“ შეტაკებებში მხოლოდ აჯანყებულებს ბომბავდა და ამით აძლიერებდა ტერორისტების პოზიციებს. სწორედ ამან გამოწივია დღევანდელი ვითარება. ბაშარ ასადის სეკულარული ოპოზიცია, ფაქტობრივად, განადგურდა, ხოლო მის ერთადერთ ალტერნატივად „ისლამური სახელმწიფო“ რჩება, რომელიც, თავისმხრივ, შიშის ზარს სცემს მთელს თავისუფალ სამყაროს და ასადი, ამ შემთხვევაში, ყველას მართლაც ორი ცუდი ვარიანტიდან უკეთესად ესახება.

 

„ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“ საკუთარი წევრებისათვის მოიაზრება ნამდვილ სახელმწიფოდ, რომელიც აკონტროლებს გარკველ ტერიტორიას (საკმაოდ დიდს) და ჰყავს საკუთარი მოსახლეობაც (დაახლოებით, 6 მილიონი ადამიანი). მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას არ აქვს რეალური მმართველობითი ორგანოები. ამ ტერორისტულ ორგანიზაციას გააჩნია მხოლოდ მცირერიცხოვანი გადაწყვეტილების მიმღებთა ჯგუფი და რეალურად ძლიერი სადაზვერვო სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების შესრულებასა და ახალი წევრების რეკრუტირებას, თანაც მეტ-ნაკლებად მთელს მსოფლიოში. „ისლამური სახელმწიოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჩენილი 6 მილიონი ადამიანისათვის კი ცხოვრება, ფაქტობრივად, ქაოსია. მათ უწევთ ყოველდღიურად სრული დესტაბილიზაციის პირობებში თავის გატანა და ამავდროულად ტერორისტების ნებისმიერი სურვილის შესრულება. თუმცა, არაერთი სუნიტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა იმიტომ, რომ ამ არეული სიტუაციითა და გამეფებული სისასტიკით სარგებლობს. იაფად ყიდულობს მონას, აუპატიურებს იეზიდ გოგონებს და ა.შ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უამრავი სუნიტი მუსლიმი „ისლამური სახელმწიფოს“ ისეთივე მსხვერპლია, როგორიც შიიტი, იეზიდი, ქურთი და სხვა უმცირესობების წარმომადგენლები.

 

ფაქტია, რომ პროპაგანდისტული საქმიანობა ამ ტერორისტულ ორგანიზაციას მართლაც შეუდარებლად გამოსდის. ალ-ზარკავის მიერ შერჩეული ჯიჰადისტური ნარატივი ბრწყინვალედ ესადაგება ბევრი ადამიანის სურვილებს. მით უმეტეს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მართლაც უპრეცენდენტო რამ მოახერხა, დაიპყრო და შეიანრჩუნა გარკვეული ტერიტორია, რომელზე საცხოვრებლადაც და რომლისთვის საბრძოლველადაც იწვევს ახალ-ახალ ჯიჰადისტებს. დაჯგუფებას რეალურად რამდენიმე მიმართულებით უწევს საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ამას ემატება დაბომბვების სერია - ორგანიზაციის რიგებში მსხვერპლი ძალიან დიდია და ისინი ყოველდღიურად საჭიროებენ ახალი ძალით შევსებას. ახალი წევრების გადმობირებას კი პროპაგანდისტული მანქანა და სადაზვერვო სტრუქტურების აქტიური მუშაობა უზრუნველყოფს.

 

პროპაგანდაში და საკუთარი საქმიანობის „რეკლამირებაში“ ტერორისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ „სადამსჯელო ოპერაციების“ ფირზე აღბეჭდვასა და გავრცელებას. მათ ჰყავთ ევროპაში ნასწავლი მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ადამიანის მკვლელობებს იღებენ პროფესიონალურ დონეზე და შემდეგ ავრცელებენ სხვადასხვა ადგილებიდან. თანაც, მათთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ვიდეოების ინტერნეტში ატვირთვა მოხდეს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან, რათა შეიქმნას შთაბეჭიდლება, რომ ეს ორგანიზაცია მთელს მსოფლიოს მოდებული, გლობალური აქტორია.

 

ის ტერიტორია, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის იკავებს მათთვის მთავარი სარეკლამო კოზირია. მათ შეუძლიად სავარაუდო წევრებს შესთავაზონ საცხოვრებელი ადგილი, მონები, ცოლები და ა.შ. რეკრუტირების სისტემა საზღვარგარეთაც ისევე მუშაობს როგორც ერაყსა და სირიაში. ოღონდ ორგანზიაციის მიერ გახსნილი სასწავლო ცენტრების როლს აქ უკვე არსებული მეჩეთები და მედრესეები ასრულებს. სწორედ ასეთ ადგილებში ზოგიერთი სასულიერო მოღვაწის გადაბირების (უფრო მოსყიდვის, ზოგის კი დანიშვნის) გზით და შემდგომში მათი „პირით“ ტერორისტები ჯიჰადისტურ კამპანიას უწევენ აქტიურ პროპაგანდას, ხოლო მრევლის იმამთან დაახლოების შემდგომ უკვე იწყება რეალური მოწოდება სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასასვლელად.

 

არაბულ სამყაროში უმუშევრობაა გამეფებული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის ძალიან რთულია სამუშაო ადგილის პოვნა. როგორც წესი, ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. სწორედ ასეთი ადამიანების გადაბირებისათვის არის „ისლამური სახელმიწიფოს“ პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედებული. იგივე ხდება ევროპაშიც, მცირერიცხოვანი მუსლიმური ანკლავების ახალგაზრდობა ხშირად უმუშევარი, ღარიბი და გაუნათლებელია და მათ გარშემო საკმაოდ შეძლებული საზოგადოების არსებობით დათრგუნული და გაბოროტებული სამუდამოდ იძულებს დასავლურ ცხოვრების წესსა და საზოგადოებას, რომელშიც საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. სწორედ ასეთი ხალხი უერთდება „ისლამურ სახელმწიფოს“ სხვადასხვა ევროპული და ამერიკული ქვეყნიდან. მრავალშვილიანი მუსლიმური ოჯახების გაჭირვების გამო უამრავი ახალგაზრდა დაოჯახებას ვერ ახერხებს. ეს კი მუსლიმურ (განსაუთრებით არაბულ) საზოგადოებაში, ფაქტობრივად, სირცხვილად ითვლება და ტერორისტებიც ამ ფაქტორის გათვალისწინებით დაოჯახებასაც ერთ-ერთ პირველ დაპირებად სთავაზობენ სავარაუდო წევრებს, ცოლებს კი, როგორც უკვე ვიცით, „ჯიჰადისტების საცოლედ“ სპეციალურად ჩასული მუსლიმი გოგონებისაგან ამოარჩევენ და მოჯაჰედს პირდაპირ ჩუქნიან, ან იძულებით გამუსლიმებულ იეზიდ, ან ქრისტიან გოგონას იაფად მიჰყიდიან ხოლმე, როგორც მონას. ხოლო გადაბირება ხდება ინტერნეტითაც, რამდენიმე კვირის წინ იყო შემთხვევა, როდესაც 19 წლის ამერიკელმა შენონ კონლიმ ისლამი მიიღო და სირიაში ჯიჰადისტებთან შესაერთებლად გამგზავრებას ცდილობდა. მისი მშობლები თავად დაუკავშირდნენ გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელმაც შენონი დააკავა და ის ახლა სასამართლოს განაჩენით 4 წელიწადს გაატარებს ციხეში (თანაც სახელი შეიცვალა და „ამათუალაჰ“- ანუ ალაჰის მსახური დაირქვა). ეს ყველაფერი კი გამოიწვია შენონის ინტერნეტ-ნაცნობმა, ზრდასრულმა, 32 წლის თუნისელმა მამაკაცმა, რომელმაც „სკაიპის“ მეშვეობით ჯერ გაამუსლიმა, ხოლო შემდეგ სირიაში წასვლაზე დაითანხმა 19 წლის დენვერელი შენონი (როგორც აღმოჩნდა, ცოლობასაც ჰპირდებოდა).

 

სამოქალაქო ომების ტალღის დაწყებიდან, არაბული სამყაროდან ბევრი დევნილი ჩავიდა ევროპაშიც. არაა გასაკვირი, რომ მათ შორის არაერთი ადამიანი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი და დაზვერვის „თანამშრომელია“. ამის გარეშეც, ბევრი უბრალოდ რადიკალი ექსტრემისტია. მაგალითად, აპრილის ბოლოს ლიბიიდან იტალიისაკენ მიმავალმა 104 დევნილით დატვირთულმა გემმა ჩაძირვა დაიწყო, ბორტზე მყოფებმა, რასაკვირველია, ლოცვა წამოიწყეს და ღმერთს შესთხოვეს შველა, მათ შორის ქრისტიანებიც აღმოჩნდნენ, მუსლიმი დევნილები გაცოფდნენ და „ალაჰუ აქბარის“ ძახილით 12 ქრისტიანი ხმელთაშუა ზღვაში მოისროლეს. დარჩენილებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ესე მოიგერიეს მუსლიმები. საბედნიეროდ იტალიური ხომალდი მალე მივიდა მათ გადასარჩენად და ეხლა 15 მუსლიმი მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს განაჩენს ელოდება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ასეთ პირობებში ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი მაქსიმალურად უნდა ეცადნონ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ძალადობრივი აქტების აღკვეთის გზით.

 

საბედნიეროდ ევროპულმა და ამერიკულმა უსაფრთხოების სამსახურებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა სირიაში მებრძოლების ნაკადის გადინების შესაჩერებლად და რაც მთავარია, ექსტრემიზმის პროპაგანდას ისინი უთვალთვალებენ სავარაუდოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეკრულ იმამებსა და სასულიერო პირებს, მეჩეთებს, აკვირდებიან ყველა ადამიანს, ვინც ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში ამართლებს ტერორისტულ აქტებს. ასე რომ, უკვე საკმაოდ საფუძვლიანად და კარგად დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ, სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ქართულ სპეც-სამსახურებზე. როგორც უკვე ვთქვით, დიდი დანაკარგების გამო, „ისლამური სახელმწიფოსათვის“ უმნიშვნელოვანესია ახალი მოჯაჰედების გადმობირება - ამისათვის კი ჩრდილო-კავკასია ერთ-ერთი ყველაზე უფრო „ნოყიერი“ რეგიონია. როგორც ვხედავთ, რუსეთი ხელს არაფრით უშლის მისი ტერიტორიიდან მუსლიმი მოქალაქეების სირიაში და ერაყში საბრძოლველად გადინებას. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს მისთვის პრობლემის მოშორებასაც ჰგავს. მუსლიმი ექსტრემისტები ხომ ისტორიულადაც უდიდეს საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთის ინტერესებს ჩრდილოეთ კავკასიაში, ახლა კი მათ რუსეთისათვის აღარ სცალიათ და სავარაუდოდ, უმრავლესობა საბრძოლო მოქმედებებს შეეწირება კიდეც. ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა სწორედ საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს ამის წარმოდგენა, მაგრამ სიმართლეა, რომ უამრავი ჩრდილო-კავკასიელი მოჯაჰედი საქართველოს გავლით გადადის სირიასა და ერაყში და მათი „დამვერბოვკებელი“ ჯგუფებიც რეგულარულ მიმოსვლას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ კი არავინ აკონტროლებს. აღარაფერს ვამბობ, პანკისის რაიაონზე, სადაც ადამიანების გადასაბირებლად პირდაპირ და ღიად მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც არასრულწლოვანი ადამიანები (რომელთაც ID ბარათიც კი არ აქვთ, პასპორტებზე ლაპარაკიც ზედმეტია) გადაჰყავთ სირიასა და ერაყში საბრძოლველად, როგორც ჩანს, საზღვარს არავინ აკონტროლებს. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციის პოლიტიკის გაღრმავებას ვარაუდობს. ეს კი, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მოხდება, პაატა ზაქარეიშვილს შეიძლება არ სჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მოჯაჰედები მართლაც მიდიან საომრად, მაგრამ ეს მაინც სიმართლეა და არავინ გაატარებს იმ ქვეყანასთან ლიბერალურ სავიზო პოლიტიკას, რომელიც საკუთარი საზღვრის გაკონტროლებასა და მის ტერიტორიაზე მოჯაჰედების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთასაც კი ვერ ახერხებს.

 

საქართველოს მთავრობა უნდა გამოფხიზლდეს და მიიღოს შესაბამისი ზომები იმ უკონტროლო სიტუაციის შესაცვლელად, რაც ჩვენს საზღვრებსა და ზოგიერთ სოფელში არის გამეფებული. საზოგადოებამაც უდნა აიძულოს ხელისუფლება გაახილოს თვალები და დაინახოს რეალური საფრთხე. ცოტა ხნის წინ თბილისში ასირიელი მოსახლეობის გენოციდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია იყო. რატომ არ ვთხოვთ მთავრობას აღკვეთოს ქვეყანაში იმ ადამიანების მიმოსვლა და საქმიანობა, ვინც ამ გენოციდის თანამონაწილეა?

 

რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“, ერაყის ხელისუფლება ჯერ კიდევ დემორალიზებულია და როგორც ჩანს, არ შესწევს ამ ორგანზიაციის დამარცხების ძალა, ასადს ჯერჯერობით არც სურვილი გააჩნია ამისათვის. ხოლო მასშტაბური სახმელეთო ოპერაციების გარეშე ასეთი ძლიერი, მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული ძალის დამარცხება ამ ეტაპზე არარეალურია. ძნელია მათთვის ფინანსური შემოსავლის წყაროების წართმევა. მათ დაკავებულ ტერიტორიაზე მოპოვებული უმაღლესი ხარისხის ნავთობი შავ ბაზარზე იყიდება და გარდა ამისა, დაკავებული ტერიტორიების ძარცვა და ძვირფასეულობით ვაჭრობაც სერიოზულ შემოსავალს იძლევა. რასაკვრიველია, უმნიშვნელოვანესია, მათი სადაზვერვო ნაწილებისათვის გზების გადაჭრა, მოჯაჰედების გადაბირებაში ხელის შეშლა, მათი პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ადეკვატური და უფრო ხისტი საინფორმაციო ომის წარმოება, რაც ჯერჯერობით სათანადო დონეზე ვერ ხორციელდება. ჩვენს ქვეყანაში კი ამ ორგანიზაციის არსებობა, საქმიანობა და მთლიანად ეს ფაქტები საერთოდ მედია ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია