დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების დიდი სიურპრიზი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-05-2015, 22:25 | მსოფლიო | ნანახია - 2407

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების დიდი სიურპრიზი

 

გიორგი ბადრიძე

 

7 მაისს ბრიტანეთში ნამდვილი სენსაცია მოხდა - საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ სრული უმრავლესობა მოიპოვა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას. სენსაცია იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შედეგს არცერთი ანალიტიკოსი (მათ შორის თქვენი მონა-მორჩილი) არ ელოდა: ამომრჩეველთა აზრის უამრავი კვლევის შედეგი იმაზე მეტყველებდა, რომ ვერც კონსერვატორები და ვერც ლეიბორისტები მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 326 ადგილს (650-დან) ვერ მოიპოვებნენ და კოალიციის შესაქმნელად პარტნიორის ძებნა მოუწევდათ. ანუ მთავრობის ბედს რეალურად რომელიმე პატარა პარტია გადაწყვეტდა.

 

კონსერვატორების მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში მათი კოალიციური მთავრობის პარტნიორი ლიბერალ-დემოკრატები სრული განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ და მათი იმედი დიდად არ უნდა ჰქონოდათ. და კიდევ ერთი ობიექტური სირთულე კონსერვატორებისთვის ის ფაქტი გახლდათ, რომ მთავრობაში ყოფნის და მტკივნეული რეფორმების ხუთი წლის თავზე ახალი მანდატის მოპოვება ნებისმიერი პარტიისთვის უფრო რთული იქნებოდა.

 

უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც კონსერვატორების გამარჯვების მაუწყებელი ეგზით-პოლები გამოქვეყნდა, პადი აშდაუნმა, ლიბერალების ყოფილმა ლიდერმა და დიდმა პოლიტიკურმა ავტორიტეტმა, ღია ეთერში განაცხადა, რომ საკუთარ ქუდს შეჭამდა, თუკი ეგზით-პოლები გამართლდებოდა. მომდევნო დღეს მას გადაცემაში სტილიზებული ნამხცვრის ქუდი მიართვეს. ამავე გადაცემაში ალისტერ კემპბელს, ტონი ბლერის ყოფილ პი-არ მენეჯრს და პოლიტიკურ სტრატეგოსს სტილიზებული კილტის შეჭმა მოუწია, რადგან არჩევნების დღეს ამტკიცებდა, SNP ასეთ შედეგს ვერაფრით მიაღწევსო.

 

მარგამ არჩევნების შედეგმა, როგორც აღვნიშნე, ყველა სახტად დატოვა, მათ შორის თავად გამარჯვებული კონსერვატორებიც.

 

არჩევნების სიურპრიზები სამთავრობო პარტიის მიერ წინა არჩევნებთან შედარებით მეტი ხმების მიღებით არ შემოიფარგლა. ყველასთვის ნათელი იყო, რომ შოტლანდიის ნაციონალისტური პარტია (SNP) უპრეცედენტოდ ბევრ ხმას მიიღებდა თავად შოტლანდიაში (ლეიბორისტებისთვის მათთან კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი რეალისტური ვარიანტი იყო), მაგრამ შედეგი სრულიად განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. SNP-მ შოტლანდიაში 58-დან 56 ოლქი მოიგო, რამაც ლეიბორიტების გრანდებიც კი პარლამენტის გარეთ დატოვა. ყველაზე მტკივნეული ალბათ დაგლას ალექსანდერის (ლეიბორიტული ჩრდოლოვანი კაბინეტის საგარეო მდივანი) მარცხი იყო SNP-ს წევრ ოცი წლის (!) სტუდენტ ქალთან, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა პარლამენტში SNP-ს მხოლოდ ექვსი დეპუტატი ჰყავდა.

 

კიდევ ერთი დიდი ცვლილება იმაშია, რომ ათწლეულების მანძილზე მესამე პარტიად ჩამოყალიბებული ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც წინა არჩებნებში 55 ადგილი ქჰონდა და კოალიციიაში რამდენიმე მინისტრის პორტფელიც, სრულიად ჩამოიშალა და ამჯერად მხოლოდ რვა ადგილი მიიღო. უფრო მეტიც, პარლამნტში ვერ მოხვდნენ ვინს კეიბლი და საიმონ ჰიუზი, პარტიის და ზოგადად ბრიტანული პოლიტიკის გამოჩენილი ფიგურები.

 

არსებობდა მოლოდინი, რომ კონსერვატორების პარტნიორები ახალ კოალიციაში ბრიტანეთის მემარჯვენე ანტი-ევროპული პოპულისტული პარტია UKIP გახდებოდა. მათ მართლაც უპრეცედენტოდ ბევრი ხმა (12%-ზე მეტი) მოიპოვეს, მაგრამ ბრიტანეთის საარჩვენო სისტემის თავისებურების გამო, სადაც ყველა პარლამენტარი ერთმანდატიანი მაჟორიტატული ოლქიდან ირჩევა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი(!) მანდატი მოიპოვეს. თავის ოლქში თავად პარტიის ქარიზმატული ლიდერი ნაიჯელ ფარაჟიც კი დამარცხა. ის ერთი მანდატიც ისევ კონსერვატიული პარტიიდან UKIP-ში გადასულმა დაგლას კასველმა მოიპოვა. ცნობისვის, SNP საერთო ეროვნული ხმების 5%-ზე ნაკლები მიიღო, მაგრამ 56 ადგილი მოიპოვა.

 

რომ შევაჯამოთ მომავალ პარლამენტში ვითარება ასეთია:

 

650 მანდატიდან:

კონსერვატიული პარტია - 331

ლეიბორისტული პარტია - 232

შოტლანდიის ნაციონალური პარტია (SNP) - 56

ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 8

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია (UKIP) – 1

მწვანეთა პარტია - 1

სხვა პარტიები - 21

 

ახლა ორიოდე სიტყვა ამ არჩევნების პოლიტიკურ შედეგებზე, რაც უდაოდ სცდება მხოლოდ საპარლამენტო მანდატების დაგანაწილებას.

 

მართალია, არ გამართლდა წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ვერც ერთი ტრადიციული პარტია მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად საკმარის ხმებს ვეღარ მიიღებდა, ამ არჩევნების შემდეგ ბრიტანეთის პოლიტიკური ლანდშაფტი მაინც დრამატულად შეიცვალა. პოლიტიკიდან წავიდნენ ედ მილიბენდი (ლეიბორისტების ლიდერი), ნიკ კლეგი (წინა მთავრობის ვიცე-პრემიერი და ლიბერალების ლიდერი) და ნაიჯელ ფარაჟი (UKIP-ის ლიდერი). სამიდან ორმა მთავარმა პარტიამ - ლეიბორისტებმა და ლიბერალებმა უდიდესი დანაკარგები განიცადეს - პარლამენტში ვერ მოხვდნენ მათი ლიდერების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. ლიბერალების კრახი შესაძლოა აუნაზღაურებელი გახდეს - მისი მომავალი დღეს სრულიად ბუნდოვანია. ასევე, უკვე ნათელია, რომ შესაძლებლობა, რომ UKIP სერიოზულ გავლენას მოახდენდა ბრიტანეთის პოლიტიკაზე, პირველ რიგში ევროკავშირიდან გამოსვლის მიმართულებით, აღარ დგას დღის წესრიგში. ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების პირობა თავად კონსერვატორების წინასაარჩევნო მანიფესტშიც იყო დაფიქსირებული და მის ჩატარებას 2017 წინ არაფერი უდგას.

 

მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი რეალობა შოტლანდიელი ნაციონალისტების (რეალურად კი - სეპარატისტების) ტრიუმფი აღმოჩნდა, რასაც დიდი ალბათობით შედეგად შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი მოყვება, თანაც გამარჯვების უფრო მაღალი ალბთობით, ვიდრე ეს 2014 წელს იყო.

 

თუმცა დღეს ყველაფერი კონსერვატორების ახალი მთავრობის სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული: მათ არა მხოლოდ უნდა უზრუნველყონ განვითარებულ სამყაროში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის გაგრძელება (მათ გამარჯვებაში ლომის წილი წარმატებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შეიტანა), არამედ ისე დააბალანსონ ურთიერთობები შოტლანდიასთან, რომ სეპარატისტებმა მომდევნო რეფერენდუმზე ვერ გაიმარჯვონ. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს მხოლოდ ერთი გეგმა აქვს - მეტი უფლებები ედინბურგის პარლამენტს და მთავრობას, თუმცა რამდენად იმუშავებს ეს გეგმა, მალე გამოჩნდება.

 

ამ არჩევნებმა, სხვა ყველაფერთან ერთად, ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაკვეთილი დაგვიტოვა. პირველი ლეიბორისტების წარუმატებლობას ეხება, რომელსაც საფუძველი ედ მილიბენდის პარტიის ლიდერად არჩევისას ჩაეყარა და მე კანონზომიერი მგონია. საქმე იმაშია, რომ წლების მანძილზე ლეიბორისტების ამომავალ ვარსკვლავად და მომავალ ლიდერად არა ედი, არამედ მისი უფროსი ძმა დევიდი მოიაზრებოდა. 2010 წელს არჩევნებში დამარცხების და გორდონ ბრაუნის ლიდერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, დევიდ მილიბენდმა ლიდერობის არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთა განცხადება. თუმცა ამავე არჩევნებში მისი ძმა, ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ფიგურა - ედ მილიბენდიც ჩაეთო. მართალია დევიდ მილიბენდმა პარტიის წევრთა და ლეიბორისტ პატლამენტარებს შორის ხმების უმრავლესობა მიიღო, ლიდერად ედ მილიბენდის არჩევა მის მიმართ პროფკავშირების მხარდაჭერამ გადაწყვიტა (რაც ბევრმა ედ მილიბენდის და მემარცხენე პროფკავშირული ორგანიზაციების გარიგებად აღიქვა).

 

შედეგად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ლეიბორისტულმა პარტიამ ცენტისტული პოზიციები დათმო და პოლიტიკური სპექტრის მარცხნისკენ გადაინაცვა, რაც პროფკავშირების გავლენა უნდა იყოს. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ედ მილიბენდის არჩევის ფორმამ (ვგულისხმობ არა ძმის მიმართ „ზურგში დანის ჩაცემას“, არამედ მისი არჩევის არადემოკრატიულ ფორმას) და პროფკავშირების გავლენით ჩამოყალიბებულმა ეკონომიკურმა სტრატეგიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს იმაში, რომ ამომრჩეველი მას უბრალოდ არ ენდო.

 

მეორე საინტერესო გაკვეთილი, რომელიც ამ არჩევნებმა კვლავ წამოწია, არის პოლიტიკაში ელემენტარული ზნეობის დეფიციტის პრობლემა. მრავალი ამომრჩეველი, რომელიც წლების განმავლობაში ლიბერალებს უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ პარტია ათწლეულების განმავლობაში მთავრობაში არ ყოფილა, მათ სწორედ ხუთწლიანი სამთავრობო პერიოდის შემდეგ განუდგა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მთავრობაში ყოფნის საფასურად ლიბერალებმა მრავალი საკუთარი პრინციპი და დაპირება დივიწყეს. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო კი ერთი კონკრეტული ლიბერალი პოლიტიკოსის ისტორიაა: მაიკ ჰენკოკი ასაკოვანი პარლამენტარი იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ მას ბრალი დასდეს ამომრჩეველ ქალზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ბევრი მსგავსი შემთხვევა ამოატივტივა, მაგრამ მთავარი ის იყო, რაც მისი პარტიის ლიდერებმა და კოლეგა პარლამენტარებმა ყოველთვის იცოდნენ, მაგრამ მაინც უჭერდნენ მხარს: წლების განმავლობაში მაიკ ჰენკოკს საპარლამენტო თანაშემწედ ჰყავდა ახალგაზრდა რუსი ქალბატონი, რომელის კავშირი რუსეთის უშიშროებასთან პარლამნტში მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გახდა ცხობილი. MI5-მა მას ბრალდება წაუყენა და მხოლოდ ამის შემდეგ მოუწია პარლამენტის საშვის ჩაბარება.

 

ყველაზე საოცარი ამ ისტორიაში ისაა, რომ რუსი ქალბატონის რუსულ დაზვერვასთან კავშირის დადგენას ამდენი დრო დაჭირდა - ის და მისი შეფი, ბატონი ჰენკოკი, პუტინის დაუღალავი პროპაგანდისტები იყვნენ როგორც ბრიტანეთის პარლამენტში, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰენკოკმა და მისმა თანაშემწემ (რომელთანაც სექსუალური კავშირი ჰენკოკმა გამოძიებასთან აღიარა) საქართველოს მეორე ფრონტი ბრიტანეთის პარლამენტში გაუხსნეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ლიბერალების კრახში მათ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ - უზნეობისთვის, ადრე თუ გვიან, საფასურის გადახდა ყველას უწევს.

 

როდესაც არჩევნების წინა დღეს ჩემმა მეგობარმა პროგნოზის გაკეთება მთხოვა, ვუთხარი, რომ უარესისთვის ვემზადებოდი, მაგრამ უკეთესის იმედი მქონდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემთვის კარგი შედეგი, რომელიმე კონტრეტული პარტიის გამარჯვება იქნებოდა. დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნორია ევროკავშირში, ნატოში და მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში და მისი წარუმატებლობა, ან მისი როლის შესუსტება რომელიმე ამ ორგანიზაციაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება. ამიტომ დევიდ კამერონის ახალ მთავრობას წარმატებას ვუსურვებ.

 

P.S.

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი სტატია, რომელიც არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე დავწერე და ეხება დიდი ბრიტანეთის არჩევნების სავარაუდო შედეგებს:

 

http://iveria.biz/1314--.html

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია