2015 წლის 9 მაისი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-05-2015, 22:13 | კომენტარები | ნანახია - 1690

2015 წლის 9 მაისი

 

თორნიკე შარაშენიძე

 

ბოლო 20 წელი იქნება რაც რუსეთის პოლიტიკას ყურადღებით ვადევნებ თვალს და როცა 2008 წლის ომის შემდეგ რუსული ტელეარხები გაითიშა ერთის მხრივ გამეხარდა მაგრამ მეორეს მხრივ არ მესიამოვნა, რადგან ინფორმაციის სერიოზული წყარო დავკარგე. მოყოლებული იქიდან, 2013 წლამდე (როცა ქართული ოცნების გამარჯვებას ამ არხების ხელახალი ჩართვა მოჰყვა) რუსულ არხებს უცხოეთში მოგზაურობისას თუ ვუყურებდი ხოლმე, რაც დაახლოებით 1-2 თვეში ერთხელ ხდებოდა. ქვეყნიდან ყოველ ახალ გასვლაზე ორი რაღაც მხვდებოდა თვალში:

 

1. რუსული არხები სულ უფრო და უფრო მეტად, შეურაცხადამდე, ანტიდასავლური ხდებოდა;

 

2. გეომეტრიული პროგრესიით მატულობდა ფილმები და სერიალები ”დიდ სამამულო ომზე”.

 

პირველ პუნქტზე არ შევჩერდები, რადგან ეს სხვა და უფრო ფართო თემაა. მეორე პუნქტი ალბათ პირველის ნაწილია, თუმცა ის ნაწილი, რომლის გარეშეც პირველი ვერ იარსებებდა. პირველი ანტიდასავლურობაა - პუტინის რუსეთის იდეოლოგია, მისი არსებობის გამართლება. მეორე კი ისაა რაზეც იდეოლოგია დგას - წარმატება და გამარჯვება, იმის მაგალითი რომ რუსეთს რაღაც ძალუძს. თანაც საუბარია სტალინის რუსეთზე, რომელიც პუტინის რუსეთზე კიდევ უფრო ბნელი და ანტიდემოკრატიული იყო.

 

არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ ატარებს სამხედრო პარადს და არც ზეიმობს ასეთი პომპეზურობით რაიმე ომში გამარჯვებას. დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადართულები არიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უფასო განათლება და ჯანდაცვა, აბორტების აკრძალვა-არაკრძალვა, გარემოს დაცვა, სავაჭრო ბარიიერების მოხსნა და ა.შ. იქ დიდი ხანია მოიხსნეს იმის მოთხოვნილება საკუთარ თავს უმტკიცონ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. რუსეთს ეს მოთხოვნილება კვლავაც გააჩნია და ამიტომაც იხსენებს როგორ დაამარცხა ოდესღაც გერმანია. ამ ქვეყანაში ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ამიტომაც საჭიროა მოსახლეობას მუდმივად შეახსენო, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ოდესღაც ვიღაც დაამარცხე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია 2015 წლის 9 მაისს, როცა ყირიმის მიერთებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის ატეხვის შემდეგ ეკონომიკა მძიმე დღეში ჩავარდა და შესაბამისად კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩავარდა ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა. ამიტომაც წითელ მოედანზე ახალი, აქამდე არნახული სამხედრო ტექნიკა გრიალებს, შავებში ჩაცმული ბაიკერები 70 წლის შემდეგ ისევ ლაშქრავენ ბერლინს და როცა მათ საზღვარზე არ უშვებენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვარშავისა და ბერლინის მისამართით მრისხანე ნოტებს აფრქვევს. როცა ვიღაც ”საბჭოთა განმათავისუფლებელი” ჯარისკაცის ძეგლს ეხება აღმოსავლეთ ევროპაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კრემლიც აფრქვევს ხოლმე რისხვას და საქმეში ჰაკერებისა და ტროლების არმია ერთვება. ”დიდი სამამულო ომი” პუტინის რუსეთისათვის ყოველთვის ხელშეუხებელი იყო და მითუმეტეს ხელშეუხებელია ახლა, როცა ქვეყანაში ისევ ომის პროპაგანდა მიდის.

 

ალბათ არ ღირს იმის გახსენება, რომ ”დიდი სამამულო ომი” დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირს თავს დაესხა მისი მოკავშირე. ის მოკავშირე, რომელთან ერთადაც საბჭოთა კავშირმა ძალიან კომფორტულად გაიყო აღმოსავლეთ ევროპა და ამით შეუწყო ხელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებას. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, საბჭოთა პროპაგანდა ყველაფერს არა გერმანიას, არამედ ბრიტანეთს აბრალებდა.

 

არც იმის გახსენება არ ღირს, რომ უკვე ”დიდი სამამულო ომის” დროს საბჭოთა კავშირმა უდიდესი ოდენობის მატერიალური დახმარება მიიღო ამერიკისგან, რომ ბრიტანეთი ორი წლის განმავლობაში (სანამ გერმანია და საბჭოთა კავშირი მოკავშირეები იყვნენ) მარტოდ ეომებოდა გერმანიას, შემდეგ კი უზარმაზარი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში იმით, რომ გერმანელების საიდუმლო კოდი ენიგმა გატეხა. არც იმის, რომ ამერიკელებმა ზღვაზე დაამარცხეს იაპონია და გერმანია და ბრიტანელებთან ერთად საჰაერო შეტევებით მოსპეს გერმანიის სამხედრო ინდუსტრია. 1944 წელს ნორმანდიაში ჯარის გადასხმით კი საბოლოო დარტყმა მიაყენეს გერმანიას.

 

არ ღირს, რადგან ყოველივე ეს არ ამცირებს იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირმა მაინც დიდი წილი შეიტანა ჰიტლერის გერმანიის დამარცხებაში. აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ 1945 წლის შემდეგ რუსეთს პრაქტიკულად არაფრისათვის მიუღწევია. მან კატასტროფა განიცადა ავღანეთში, წააგო ცივი ომი და დაენგრა იმპერია. ამიტომაც ერთადერთ გამარჯვებად 9 მაისი რჩება. მას ალბათ ყირიმის შემოერთებაც დაემატება, მაგრამ თავისი მასშტაბით იგი ცხადია 9 მაისთან ვერ მივა.

 

ალბათ მკითხავთ რატომ ითვლება ამ ქვეყნისათვის გამარჯვებებად მაინდამაინც ისეთი მოვლენები როგორიცაა ბერლინის აღება და ყირიმის შემოერთება. ალბათ იტყვით, რომ გამარჯვებულ ქვეყანას გერმანია უფრო ჰგავს, რომელიც რუსეთზე გაცილებით უკეთ ცხოვრობს და ა.შ. მე მგონი ზემოთ პასუხი უკვე გავეცი ამ შეკითხვაზე, მაგრამ თემა რომ ამოვწუროთ დასასრულს ერთ ნამდვილ ამბავს გიამბობთ.

 

ნიუ-იორკის ტაქსიში ჩემს მეგობარ კოლეგას მძღოლი გაესაუბრა, რომელიც რუსი აღმოჩნდა. ტაქსისტმა იწუწუნა იმაზე, რომ ამერიკაში დამკვიდრება საკმაოდ გაუჭირდა. როცა მეგობარმა უთხრა, რომ გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა კანადაში დამკვიდრება, ტაქსისტმა გაოგნებულმა შეხედა და უთხრა.

 

- მე კანადაში??!!! არაფრის დიდებით. მე მხოლოდ დიდ სახელმწიფოში თუ ვიცხოვრებ (Я смог бы жить только в великой державе)!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია