იან დეილის მარგარეტ ტეთჩერი - როგორც თავად იტყოდა გამომცემლობა „არტანუჯი“ 2015

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-05-2015, 21:36 | წიგნები | ნანახია - 3499

იან დეილის მარგარეტ ტეთჩერი - როგორც თავად იტყოდა  გამომცემლობა „არტანუჯი“ 2015

 

გიორგი ბადრიძე

 

მარგარეტ ტეთჩერს მსოფლიოში იცნობენ, როგორც ბრიტანეთის პირველ ქალ პოლიტიკურ ლიდერს და პრემიერ-მინისტრს (1979-90). თავისი მტკიცე მრწამსისა და გაუტეხელი ხასიათის გამო ის ისტორიაში „რკინის ლედის“ სახელით დამკვიდრდა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი და რეფორმატორი.

იან დეილის წიგნი, რომელშიც ტეთჩერის ინტერვიუები და სიტყვით გამოსვლებია თავმოყრილი, წარმოგვიდგენს ამ დიდი პოლიტიკური ფიგურის შეხედულებებს, ფასეულობებს და ადამიანურ სახეს. ამ ყველაფრის შესახებ მოგვითხრობენ არა ტეთჩერის თანამებრძოლები ან მოწინააღმდეგეები, არამედ მისი საკუთარი სიტყვები, წარმოთქმული ან დაწერილი პოლიტიკაში მოსვლის ადრეული დღეებიდან მის გარდაცვალებამდე.

 

ერთი მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა, რასაც ამ უაღრესად საინტერესო წიგნის მკითხველი გააკეთებს, არის ის, რომ მარგარეტ ტეთჩერის წარმატების მთავარი საიდუმლო არა პოლიტიკის ხელოვნების სიღრმისეული ცოდნა ან ნიჭი გახლდათ, არამედ ის, რომ პოლიტიკაში ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, საკუთარი მრწამსით და ფასეულობებით ხელმძღვანელობდა. მისთვის გამორიცხული იყო ამ ფასეულობების შეწირვა პოლიტიკური სარგებელის სანაცვლოდ და სწორედ ამან გამოიწვია როგორც მისი აღმასვლა ბრიტანეთის და მსოფლიო პოლიტიკის მწვერვალებზე, ისე ძალაუფლების დაკარგვაც, როდესაც, ზედიზედ სამ არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, 1990 წელს საკუთარმა თანაგუნდელებმა გადადგომა აიძულეს.

 

ტეთჩერის მონათხრობი გვამცნობს მისი მოკრძალებული წარმოშობის და ტრადიციული ოჯახის შესახებ, რომლისგანაც მან დაუღალავი შრომა და ქრისტიანული ფასეულობები ბავშვობიდანვე შეითვისა და მთელი ცხოვრება თავის მორალურ კომპასად ატარა.

 

ძნელად წარმოსადგენია სხვაგვარი ადამიანი, რომელიც ესოდენ მტკივნეულ და ფუნდამენტურ რეფორმებს შეეჭიდებოდა, რათა ბრიტანეთი ეკონომიკური და პოლიტიკური უფსკრულიდან გამოეყვანა. ეს რეფორმები - მასობრივი პრივატიზაცია, სოციალური პროგრამების შეკვეცა და ბევრი სხვა რადიკალური ცვლილება, რომელთაც „ტეთჩერის რევოლუციას“ უწოდებენ, დღემდე მწვავე დაპირისპირების საგნად რჩება ბრიტანეთში. მემარცხენე ძალებს არ წარმოუდგენიათ ტეთჩერზე უფრო საძულველი პოლიტიკური ფიგურა, ხოლო სხვებისთვის ის სწორედაც რომ გმირია, რომელმაც ქვეყანა სრულ განადგურებას გადაარჩინა. ასე თუ ისე, ფაქტია, რომ 1979 წლისთვის, როცა ტეთჩერმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად მოიპოვა, ბრიტანეთი წლების განმავლობაში ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსის პირობებში ცხოვრობდა და ერთ დროს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე იდგა. 1990 წელს მან სულ სხვა ბრიტანეთი დატოვა - უფრო დარწმუნებული საკუთარ თავში და ეკონომიკური აღმასვლის გზაზე შემდგარი.

 

მსოფლიოს ასევე გაუმართლა, რომ გლობალური კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ორ ბუმბერაზ ფიგურას - რონალდ რეიგანს და მარგარეტ ტეთჩერს ერთდროულად მოუწიათ მოღვაწეობა, რამაც ისინი უახლოეს თანამებრძოლებად და მეგობრებად აქცია. ტრანს-ატლანტიკური კავშირი და აშშ-ბრიტანეთის „განსაკუთრებული ურთიერთობები“ არასოდეს ყოფილა უფრო მყარი, ვიდრე რეიგანის და ტეთჩერის პარტნიორობის პერიოდში.

 

ამ წიგნის გაცნობის შედეგად მკითხველი ასევე თავად დარწმუნდება, რომ ტეთჩერი ბრწყინვალე ორატორიც იყო. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც იან დეილმა გადაწყვიტა მარგარეტ ტეთჩერის პიროვნება ჩვენთვის ტეთჩერის საკუთარი სიტყვებით გაეცნო - მასზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებდა.

დღევანდელ მსოფლიოს მწვავედ აკლია ისეთი ლიდერები, რომლებიც პოლიტიკური უნარების გარდა ჭეშმარიტ ფასეულობებს ატარებენ და ძალაუფლების მოსახვეჭად უახლოესი არჩევნების მოგების გარდა უფრო დიდი მიზნებით ხელმძღვანელობენ.

 

მართალია, მკითხველთა ნაწილს, რომელიც არ იცნობს პრიტანეთის პოლიტიკურ სისტემას, შესაძლოა გაუჭირდეს გარკვეული ტერმინების გაგება, მაგრამ ეს წიგნი ფრიად საინტერესო იქნება არა მხოლოდ პოლიტიკის და ისტორიის მკვლევარებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია