პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა. მიზანმიმართულად თუ უნებლიედ დანერგილი წარუმატებელი რეფორმა, რომლის შედეგების გამოსწორებასაც წლები დასჭირდება.

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-05-2015, 21:59 | პოლიტიკა | ნანახია - 1957

პედაგოგთა  კატეგორიებად დაყოფა. მიზანმიმართულად თუ უნებლიედ დანერგილი წარუმატებელი რეფორმა, რომლის შედეგების გამოსწორებასაც წლები დასჭირდება.

 

თამარ მანჯავიძე

 

ახალ რეფორმას, რომელიც პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფასა და ხელფასების შესაბამისად განაწილებას ითვალისწინებს, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პედაგოგთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი ზემოთ აღნიშნული რეფორმის მიმართ და არც თუ უსაფუძვლოდ.

 

საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომლის პასუხებიც არ არსებობს.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ვკითხულობთ:

მასწავლებლობის უფლების განახლებისა და კრედიტების დაგროვების გზებია:

 

1. აკადემიური განათლება – ხარისხი

2. სერტიფიცირებულია თუ არა

 

სერტიფიცირება კვლავ რჩება მოთხოვნად, თუმცა გამოცდა, როგორც მასწავლებლის უფლების მოპოვების იურიდიული ფორმა გაქრება. თავიდანვე გაურკვეველია პრინციპი, როგორ უნდა გადავიდეთ მაღალ საფეხურზე სერტიფიცირების გარეშე (რადგან ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ სერტიფიცირებაა), ან როგორ უნდა ვიყოთ სერტიფიცირებულები თუ გამოცდა (როგორც მასწავლებლის უფლების მოპოვების იურიდიული ფორმა) გაქრება.

 

რეფორმის მიხედვით კატეგორიები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი;

ბ) წარჩინებული მასწავლებელი;

გ) მკვლევარი მასწავლებელი;

დ) მენტორი მასწავლებელი.

 

როგორც მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა: „ახალი ხუთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა, რომლის დასრულებისა და სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მასწავლებელი სკოლაში დაიკავებს არა პირველ, ანუ პრაქტიკოსი მასწავლებლის, საფეხურს, არამედ მიიღებს მეორე, უფროსი მასწავლებლის, სტატუსს და შედეგად, მაღალ ანაზღაურებას“. ზემოთ თქმულიდან ცხადია, რომ რამოდენიმე წელიწადში ცნება „პრაქტიკოსი მასწავლებელი“ აზრს დაკარგავს, რადგან პირდაპირ მეორე საფეხურიდან დაიწყებენ ახალგაზრდა პედაგოგები მუშაობას. მაშინ რა აზრი აქვს ცნების „პრაქტიკოსი პედაგოგი“ შემოტანას ამ სქემაში? ხომ არ ჯობია ნაკლებად დანაწევრებული იყოს კატეგორიები (თუ კატეგორიებად დაყოფა სამინისტროს პრიორიტეტია).

 

სალომე გოგოხია თავის სტატიაში ყურადღებას უთმობს მკვლევარი პედაგოგის სტანდარტების განხილვას, სადაც წერია, რომ მასწავლებელი იკვლევს კლასში მოტივაციის სხვადასხვა ფაქტორის გალენას, მოსწავლეთა ჩართულობას და სწავლის შედეგებს. იკვლევს მშობელთა ჩართულობის ეფექტიანობას, აგრეთვე კლასგარეშე საქმიანობის გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე, მრავალმხრივ განვითარებაზე, სკოლებში სწავლის სტრატეგიების გავლენას, მოსწავლეთა თვითეფექტიანი და თვითრეგულირება სწავლის უნარის განვითარებაზე. ასევე, იკვლევს საკლასო ორგანიზების სხვადასხვა გავლენას მოსწავლეთა სწავლაზე და განვითრებაზე. შემდეგ, შეფერხებების გავლენა მოსწავლის ინდივიდუალურ შეფასებაზე.

 

საინტერესოა:

1. არის თუ არა პედაგოგის კომპეტენცია სამეცნიერო კვლევების ჩატარება?

2. რა ფორმით მოხდება ამ კვლევის დაფინანსება?

3. რა ფორმით მოხდება კვლევის გასაჯაროვება ან გამოცდილების გაზიარება სხვა კოლეგებთან?

 

მოთხოვნებიდან გამომდინარე მესამე საფეხურის - მკვლევარი მასწავლებლისთვის სერტიფიცირება საკმარისი არაა, მისი ხარისხი დოქტორის ხარისხს უნდა უტოლდებოდეს, რათა მან შეძლოს კვლევების ჩატარება.

 

ვიღებთ პარადოქსულ სიტუაციას, ვითხოვთ დოქტორებს პედაგოგებად სკოლაში, თანაც არა უმაღლეს საფეხურზე და არა ადეკვატური ანაზღაურებით. ამასთანავე დასადგენია რამდენად ეფექტური იქნება პედაგოგიური მოღვაწეობა და პარალელურად ასეთი სერიოზული კვლევების ჩატარება.

 

ასევე ბუნდოვანია ორგანო რომელიც შეაფასებს პედაგოგს. როგორც რეფორმის ავტორი ბატონი კახა ჟღენტი განმარტავს: „შემფასებელი უნდა იყოს კვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებელი. თუ ჩვენს ქვეყანაში, თითოეულ რეგიონში არ გვეგულება 20 ასეთი მასწავლებელი, მაშინ აქვს კი აზრი საერთოდ სკოლების ფუნქციონირებას? ასე რომ, რა თქმა უნდა კვალიფციური კადრები გვყავს! მთავარია მათი ობიექტური და სამართლიანი შერჩევა და სისტემა იმუშავებს.“

 

არსებული რეალობის პირობებში, როდესაც თვით მინისტრიც კი აღნიშნავს რომ სისტემაში ძალიან ბევრი 70 წლის, 80 და 90 წლის პედაგოგები არიან და შიშობს, რომ როცა ისინი დატოვებენ სკოლას, კადრები არ გვეყოლება. სისტემაში დროულად შემოსაშვებად ძნელია მოვიძიოთ თუნდაც 20 პედაგოგი, რომლებიც კომპეტენტურად შეაფასებენ მკვლევარ პედაგოგებსა და მათ სამეცნიერო მიღწევებს.

 

„სქემის საბოლოო ვარიანტი ჯერ მზად არ არის. ეს პროცესი გრძელდება. წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ დაიწყება იმპლემენტაცია. დანერგვის პროცესში რაღაცები შეიცვლება. ჩვენ ჯერ ვერ ვამბობთ, რა აქტივობა რამდენი კრედიტით შეფასდება. ეს უნდა შემუშავდეს 2015 წელს. შეფასების სისტემა მზად იქნება 2016 წელს“, - ამბობს გია მაჩაბელი.

 

იქნებ პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფის ნაცვლად სკოლის ღირებულებაზე, მისი სტატუსის გამყარებაზე და მისი ფუნქციის ფორმულირებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება?

 

კახა ბენდუქიძის აზრით დაამთავრო სკოლა ნიშნავს:

• გესმოდეს რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება;

• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება;

• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით;

• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად;

• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე;

• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული;

• შეგეძლოს საკუთარი ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა;

 

რომელ ღირებულებებს სძენს დღევანდელი სკოლა ბავშვს? რა კეთდება მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის? რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე თაობის ჩამოსაყალიბებლად?

 

პედაგოგთა ხარისხი, მათი განვითარება და მათზე მუდმივი ზრუნვა სახელმწიფოს ვალია, თუმცა არა მათი კატეგორიებად დაყოფით, არამედ მათი მეტად დაფასებითა და მეტი პატივისცემით.

 

კატეგორიებად დაყოფის რეფორმამ კრახი განიცადა ლატვიაში. 2009 წლის ეს რეფორმა უარყოფითად შეფასდა საგანმანათლებლო სექტორის ყველა საფეხურზე.

 

როგორც მოძიებულმა მასალამ გვიჩვენა, ლატვიელების აზრით სქემა გასაუქმებელია, რადგან:

 

• კატეგორიებად მასწავლებლების განაწილება არ ემთხვევა რეალურ სურათს. მაღალ კატეგორიას აქ ფლობენ ისინი, რომლებიც სულაც არ არიან საუკეთესო მასწავლებლები, არამედ ისინი, რომლებსაც ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა უნდათ ქაღალდებთან მუშაობაზე. სკოლებში საუკეთესო მასწავლებლები ხშირად მესამე კატეგორიაში არიან (ლატვიაში 5 კატეგორიაა)

 

• კატეგორიები არ მეტყველებს განათლების ხარისხზე. მოსწავლეები იმ სკოლებში, სადაც მაღალი კატეგორიის მასწავლებლების მაღალი კონცენტრაციაა სულაც არ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს გამოცდებზე

 

• მაღალი კატეგორიის მასწავლებლებისგან ელიან, რომ ისინი მენტორობას გაუწევენ სხვებს, ჩაატარებენ კონსულტაციებს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოწყდებიან თავიანთ ძირითად სამუშაოს, და ამ საათებს შედარებით უფრო დაბალი კატეგორიის მასწავლებლები დაიკავებენ. ეს კი განათლების ხარისხს არ უწყობს ხელს.

 

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შეზღუდულ თანხას გულისხმობს, კატეგორიებად განაწილება შეუძლებელია კატეგორიების მიხედვით კვოტების დაწესების გარეშე.

 

კვოტების დაწესება ნიშნავს, რომ მაგ. „მკვლევარი პედაგოგის“ კატეგორიაში შეიძლება იყოს მასწავლებლების მხოლოდ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა. ეს კი ნიშნავს, რომ კატეგორიაში მოხვედრა ხდება არა საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცებით, არამედ სხვასთან კონკურენციით. შესაბამისად ხდება შიდა კონკურენცია, რაც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ჯანსაღ კონკურენციას არ გულისხმობს, რადგან კოლეგის წარუმატებლობა სხვებს ზედა კატეგორიაში გადასვლის შანსებს უმატებთ. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ მასწავლებლებს არ შეუძლიათ კატეგორიაში გადასვლა, თუ იმ კატეგორიაში ადგილები შევსებულია. ეს კი მათ მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

ლატვიამ, სადაც განათლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 5.0%-ია, კვოტების დაწესების გარეშე ვერ განახორციელა რეფორმა და სწორედ კვოტების არსებობამ განაპირობა ამ რეფორმის კრახი. ისმის კითხვა, როგორ აპირებს საქართველო (მთლიან შიდა პროდუქტში განათლებისთვის მხოლოდ 2%-იანი წილით) რეფორმის ეფექტურად განხორციელებას?

 

ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, თუ ლატვიაში წარუმატებელია რეფორმა რატომ არ აუქმებენ. პასუხი ყოველთვის ერთია: „ვერ შევიმუშავეთ სისტემა, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ფული, კატეგორიების გაუქმების შემდეგ. ყველას, გარდა დაბალი კატეგორიის მასწავლებლების, ეშინია, რომ ფულს დაკარგავს.“

 

იქნებ ლატვიის მაგალითი გამოვიყენოთ და სანამ ჩვენც იგივე დილემის წინაშე დავდგებით უფრო ეფექტური, აპრობირებული და წარმატებული რეფორმა დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია