პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები - Habemus Presidentum

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-05-2015, 13:27 | მსოფლიო | ნანახია - 2194

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები - Habemus Presidentum

 

გუგა ჯულუხიძე

 

2014 წელი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრებისათვის: ჩატარდა ევროპარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნები, დაანონსდა ახალი სამხედრო დოქტრინა (42$-მილიარდიანი გადაიარაღების გეგმით - გაწერილი მომდევნო 10 წელიწადზე). გარდა ამისა, შეიცვალა პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის ხელმძღვანელი, გადაადგილებები მოხდა მინისტრთა კაბინეტში, ხოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლა.

 

მთლიანობაში, გასული წელი წარმატებული იყო მმართველი გუნდისათვის. შესაბამისად, მიმდინარე წლის დასაწყისში Platforma Obywatelska-ს („სამოქალაქო პლატფორმა“) ტრიუმფს საპრეზიდენტო არჩევნებშიც აანონსებდნენ, თუმცა მეორე ტურში. მოქმედი პრეზიდენტი ბრონისუავ კომოროვსკი, ლამის ყოველდღე საუბრობდა (თავდაჯერებული ტონით) იმ პოლიტიკაზე, რომელსაც მისი ადმინისტრაცია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაატარებდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, კომოროვსკის მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზი, ზედმეტად თავდაჯერებული წინასაარჩევნო რიტორიკა იყო ... თუმცა დავიწყოთ თავიდან.

პოლონეთის სეიმის მარშალის, რადოსუავ შიკორსკის 2015 წლის 4 თებერვლის დადგენილებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 10.05.2015 დასახელდა.

 

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობამ, 5 ძირითადი კანდიდატი გამოარჩია (ტელესივრცეში, საზოგადოებასა და პრესაში გამოჩენის ინტენსივობით):

 

1. მოქმედი პრეზიდენტი ბრონისუავ კომოროვსკი;

 

2. Prawo i Sprawiedliwość-ის („კანონი და სამსართლიანობა“) „ამომავალი ვარსკვლავი“ - ანდჟეი დუდა. ადამიანი, რომელიც ლეჰ კაჩინსკის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩეველი იყო იურიდიულ საკითხებში;

 

3. როკ-მუსიკოსი პავეუ კუკიზი. უპარტიო კანდიდატი, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდა;

 

4. მაგდალენა ოგურეკი Sojusz Lewicy Demokratycznej-დან („მემარცხენე ძალების დემოკრატიული გაერთიანება“). ქალბატონი, რომელიც თავისი მომხიბვლელი გარეგნობით უფრო გამოირჩეოდა, ვიდრე პოლიტიკური ხედვებით;

 

5. ევროპარლამენტარი იანუშ კორვინ-მიკკე Kongres Nowej Prawicy-დან („ახალ მემარჯვენეთა კონგრესი“).

 

განსაკუთრებულ ინტერესს მაინც 2 მთავარი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის, კომოროვსკისა და დუდას დაპირისპირება იწვევდა.

 

კომოროვსკის კამპანია ძირთადად, სტაბილურობასა და განვითარების ტემპების შენარჩუნებას ეხებოდა. პრეზიდენტის წინასაარჩევნო შტაბი აქცენტს კურსის გაგრძელებაზე აკეთებდა. იყო «სიურპრიზიც“ - „სამოქალაქო პალტფორმის“ კანდიდატმა უარი თქვა საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობის მიღებაზე! საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და იგი ზედმეტ თავდაჯერებულობასა და არჩევნებისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, ბევრი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, კომოროვსკის კამპანიას აკლდა „აგრესია“ და საზოგადოებასთან/ელექტორატთან ეფექტური კომუნიკაცია.

 

ანდჟეი დუდას შემთხვევაში კი, ყველაფერი საპირისპიროდ იყო. მან ბევრად მეტი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, ეწვია თითქმის ყველა ქალაქს და მთავარი ოპონენტისგან განსხვავებით, გაცილებით ადრე დაიწყო კამპანია. დუდას საპრეზიდენტო პროგრამა ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა:

 

1. სოციალური მიმართულება: საპენსიო ასაკის ჩამოწევა (ქალებისათვის - 60; მამაკაცებისთვის - 65); უფასო სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურება ყველა სკოლას; იმ მოქალაქეების დახმარება, ვისაც კრედიტი შევიცარიულ ფრანკში აქვთ გამოტანილი; უფასო საბავშვო ბაღები; ბიუროკრატიის შემცირება და ამ კუთხით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობა და ა.შ.

 

2. საგარეო პოლიტიკის მიმართულება: პოლონეთის გაცილებით უფრო აქტიური ჩართულობა უკრაინისა და აღმოსავლეთ-ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერის პროგრამაში (მოლდოვა, საქართველო და ბელორუსი). საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით, მეტი დამოუკიდებლობა (ე.წ. „ფრანგულ-გერმანული ზეგავლენისაგან“ გათავისუფლება); უკრაინისათვის ქმედითი დახმარების გაწევა (არამხოლოდ ეკონომიკური); ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავება (განსაკუთრებით, ლიტვასთან); ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალი ფაზის დაწყება და ა.შ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებათა თეატრის ეპიცენტრში დუდა და კომოროვსკი იყვნენ, არც სხვა კანდიდატები პასიურობდნენ. მაგალითად, მაგდალენა ოგურეკი საკუთარი გარეგნობის წყალობით ხვდებოდა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. კორვინ-მიკკე კი, სკანდალური განცხადებებით: „მაიდანზე ის ამერიკელი სნაიპერები ხოცავდნენ მშვიდობიან აქტივისტებს, რომლებმაც მომზადება პოლონეთში გაიარეს“; „საფეხბურთო ფანების დაპირისპირებაში პოლიცია არ უნდა ჩაერიოს, დაე გაუსწორდნენ ისინი ერთმანეთს!“.

 

თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი „სიურპრიზი“ მაინც პავეუ კუკიზი აღმოჩნდა:

 

ანდჟეი დუდა 5 179 092 ხმა 34,76%

ბრონისუავ კომოროვსკი 5 031 060 ხმა 33,77%

პავეუ კუკიზი 3 099 079 ხმა 20,80%

იანუშ კორვინ-მიკკე 486 084 ხმა 3,26%

მაგდალენა ოგურეკი 353 883 ხმა 2,38%

 

პროგნოზი გამრთლდა - მეორე ტური დაინიშნა!

 

მეორე ტურის საპრეზიდენტო დებატების წინ, დუდამ მცირეოდენი უპირატესობა მოიპოვა. ამ უპირატესობის მთავარი „შემოქმედი“ კი, არც მეტი, არ ნაკლები თავად ბრონისუავ კომოროვსკია. ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე პრეზიდენტი შუახნის ქალბატონთან ერთად გამოჩნდა, რომელიც პარალელურ რეჟიმში კომოროვსსკის სხვადასხვა ტექსტებს კარნახობდა. გარდა ამისა, ოპონენტები სულ უფრო ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას კომოროვსკის ინტელექტზე და მის არცთუ ისე გამართულ პოლონურზე.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები - Habemus Presidentum

 

საბოლოო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნებში დუდამ გაიმარჯვა:

 

ანდჟეი დუდა 8 630 627 ხმა 51,55%

ბრონისუავ კომოროვსკი 8 112 311 ხმა 48,45%

 

რა შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში?

 

გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთში პრეზიდენტი არ/ვერ არის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მართალია, ანდჟეი დუდა ლეჰ კაჩინსკის პოლიტიკის მხარდამჭერი და თაყვანისმცემელია, ნაკლებად სავარაუდოა პოლონეთის მომავალმა პრეზიდენტმა (ინაუგურაცია დაგეგმილია 06.08.2015) მსგავსი პოლიტიკის გატარება მოახერხოს. პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრების მომავალი სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული, სადაც გადამწყვეტი როლი არა ორ ძირითად პოლიტიკურ ძალაზე („სამოქალაქო პლატფორმა“ და „კანონი და სამართლიანობა“), არამედ მმართველი გუნდის მთავარ მოკავშირეზე, SLD-ზეა („მემარცხენე ძალების დემოკრატიული გაერთიანება“) დამოკიდებული. თუკი SLD კვლავ გაურიგდა PO-ს და კოალიციის შექმნა მოხერხდება - პოლიტიკური ამინდი პოლონეთში არ შეიცვლება, თუმცა დაიწყება ძალიან საინტერესო ეტაპი - კოჰაბიტაციის მეორე ტალღა.

დღეს კი იროსუავ კაჩინსკის პარტიას შეუძლია იზეიმოს და ხმამაღლა განაცხადოს: „Habemus Presidentum!”

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია