ბიზნესის სტიმულირება თუ საგადასახადო შავი ხვრელების შექმნა?!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-05-2015, 22:40 | ეკონომიკა | ნანახია - 1864

ბიზნესის სტიმულირება თუ საგადასახადო შავი ხვრელების შექმნა?! 

 

დავით ნებიერიძე

 

ზოგადად მთავრობა არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მოსწონს მის მოსახლეობას და ეს ნორმალურია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საგანგაშო მაშინ არის, როდესაც მთავრობის რეიტინგი არანორმალურად მაღალია. მთავრობისადმი ნდობისა და პოლიტიკური სიმპატიების მაჩვენებელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საზოგადოების სიჯანსაღისა და ქვეყნის წარმატებულობის განსაზღვრისთვის. ამისათვის საკმარისია თვალი გადავავლოთ ევროპის წარმატებულ ქვეყნებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს და შევადაროთ იგივე მაჩვენებლები რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და შუა აზიის ავტორიტარული მმართველობის მქონე ქვეყნების სიტუაციას და ყველაფერი ნათელი გახდება! თუ რუსეთის მოტრფიალეებს საამაყოდ მიაჩნიათ პუტინის 85%-იანი რეიტინგი, ეს მხოლოდ მათი მინუსი და სრული საზოგადოებრივი კრახის მაჩვენებელია! ანუ, საზოგადოების სიჯანსაღისათვისა და წარმატებულობისათვის აუცილებელია მოქალაქეთა მიერ კრიტიკული აზროვნება! ლუმპინებისა და ”Быдло”-ს საზოგადოებამ არ შეიძლება შექმნას წარმატებული ქვეყანა. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ამ შესავალის გამო ნურავინ ჩამთვლით ჩვენი მთავრობის მოტრფიალეთ! რამე, თუ მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცა! ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. ამიტომ, აქვე მოვაყოლებ, რომ ნებისმიერი მთავრობის წარმატებულობის მთავარი კრიტერიუმი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე წარმატებულ საზოგადოებას მრავალი კითხვა უჩნდება, მთავრობა ვალდებულია ყველა ამ კითხვას ადექვატური პასუხი გასცეს! ხოლო, როდესაც პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა დღითიდღე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი უფრო მეტ კითხვებს ბადებს ვიდრე პასუხებს იძლევა, ეს ნიშნავს, რომ ასეთ მთავრობას დიდი დღე არ უწერია ჯანსაღი საზოგადოების არსებობის პირობებში! ზუსტად ასეთი ვითარებაა დღეს საქართველოში, რაც ზედმიწევნით სავალალოა ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის!

 

ჩემი წილი კითხვები მეც მრავლად დამიგროვდა ჩვენი მთავრობის მიმართ. მაგრამ, ამჯერად მინდა კონკრეტული თემის ირგვლივ დავსვა ეს კითხვები.

 

რაც ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა დაიწყო, მის მერე ნელ-ნელა აფაფხურდა მთავრობა ეკონომიკური ვითარების გასაჯანსაღებლად. მაგრამ, ყველა მისი მოქმედება ჩვილი ბავშვის პირველი ნაბიჯებივით არადამაჯერებელია და დაცემის განცდას უფრო ამძაფრებს, ვიდრე გამართულად სიარულის მოლოდინს!

 

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი მკაფიო იმპულსია ქვეყნის ეკონომიკისთვის. შესაბამისად, რაც უფრო მკაფიო და გასაგები სიგნალები ეგზავნება ეკონომიკას, მით უფრო დამაჯერებლად და სწორედ იქცევა ეკონომიკა. სამწუხაროდ, ზუსტად ამ კომპონენტში აქვს ყველაზე დიდი ჩავარდნა დღევანდელ ხელისუფლებას. ეკონომიკური გაჯანსაღების კონტექსტშია განსახილველი მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დღემდე გაურკვეველია, თუ რასთან გვაქვს საქმე? მოგების გადასახადის სრულად გაუქმებასთან, თუ როგორც კანონპროექტის ავტორების განცხადებებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, საქმე ეხება მხოლოდ რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახდიდან განთავისუფლებას?!

 

თავს უფლებას მივცემ და ვეტყვი ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ზოგადად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჯერ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბო შენი გზავნილი და შემდეგ გააჟღერო. რადგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებ მაქსიმალურ პოლიტიკურ დივიდენდებს, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკას ექნება მაქსიმალურად ჯანმრთელი რეაქცია!

 

ჩემს წინა სტატიაში საფუძვლიანად განვიხილე მოგების გადასახადთან დაკავშირებული მოცემულობა, რომელიც შეიქმნა ლარის კატასტროფული დევალვაციის შედეგად. სურათი კი ასეთია:

 

ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოგების გადასახადის განსაზღვრისათვის, ნებისმიერი საწარმო, რომელსაც საანგარიშო პერიოდში აქვს ჩატარებული სავალუტო ოპერაციები, ვალდებულია კურსთაშორისი სხვაობა ასახოს ბალანსში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა მონაცემებით იმპორტის წილი 80-85%-ია, ყველა იმპორტიორ საწარმოს კურსთაშორის სხვაობა (ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო) დაუჯდება ხარჯებში. რაც ცალსახად შეჭამს ამ საწარმოთა მოგებას და გაიყვანს მათ ზარალზე. ზარალის გამოქვითვის წესი კი უფლებას აძლევს ყველა ასეთ საწარმოს, საანგარიშო პერიოდში მიღებული ზარალი გადაიტანოს მომდევნო კალენდარულ წლებში. საქართველოს ბიუჯეტი ცალსახად დარჩება მოგების გადასახადის ლომის წილის გარეშე, მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში. ღრმად მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გააცნობიერეს ეს ფაქტი და ზუსტად აქედან გამომდინარე დაიწყო საუბრები მოგების გადასახადის ირგვლივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კი მოცემულობა ისეთია, რომ ბიუჯეტი უაპელაციოდ ისედაც ვერ მიიღებს მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსავლების ლომის წილს. ამიტომ, კარგი მომენტი იყო პოლიტიკური სპეკულაციისთვის და წამოწიეს კიდეც მოგების გადასახადის თემა. ანუ, ვითომ ნებაყოფლობით ამბობენ უარს იმ საბიუჯეტო შემოსავლებზე, ”ეკონომიკის სტიმულირების მიზნით”, რომელსაც ისედაც ვერ მიიღებდნენ. ეს ნაბიჯი პირველ რიგში პოლიტიკური სპეკულაციის საგანია! და პირველ რიგში ემსახურება უახლოეს მომავალში საბიუჯეტო კრიზისის გამართლებას! მითუმეტეს, რომ დღემდე ვერ დაადგეს თავი ბიუჯეტის კარდინალურ კორექტირებას შემცირების მიმართულებით.

 

ახლა დაუბრუნდეთ იმ მრავალ შეკითხვას, რომელიც ბიზნეს წრეებში გარდაუვლად წარმოიშვება მთავრობისაგან წამოსული ამ ინიციატივით:

 

პირველ რიგში, აუცილებელია ვიცოდეთ კონკრეტულად რას გვთავაზობს მთავრობა მოგების გადასახადის საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნებისათვის? ანუ, კონკრეტულად და მკაფიოდ ჩამოგვიყალიბონ, თუ რა ფორმით და რამდენად შემცირდება ბიზნესისთვის მოგების გადასახადის ტვირთი? მანამდე, ყველაფერი ვარაუდის დონეზეა!

 

თუ, ამგვარი ცვლილებები კანონში ხდება ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მიზნით, მაშინ პატივცემულ მთავრობას პირველ რიგში მინდა ვუთხრა, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო კლიმატი ისეთია, რომ მე, ბიზნესმენი მკაფიოდ ვხედავ ჩემი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს, მაშინ ყოველგვარი სატყუარების გარეშე მოვახდენ ინვესტირებასაც და რეინვესტირებასაც! ჩემზე ძალიან არცერთ მთავრობას არ უნდა ჩემი ბიზნესის განვითარება და წარმატებულობა! ხომ ლოგიკურია..?! ხოლო, თუ ეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში არ არის მომხიბვლელი, მაშინ ჭკვიანი და პრაგმატული ბიზნესმენი არანაირი სატყუარას ფასად არ ჩადებს საკუთარ ფულს ამ ქვეყანაში. უფრო მეტიც, ცუდი ბიზნეს გარემოს შემთხვევაში ამგვარი სატყუარები შეუქცევლად იწვევს მრავალი სახის მაქინაციებისა და საგადასახადო რისკების პროვოცირებას! ეს დადასტურებული ფაქტია, უამრავი ქვეყნის მაგალითზე სადაც მთავრობები პოპულიზმის მიზნით მრავალ სულელურ საგადასახადო შეღავათებს აწესებდა და აწესებს! ამიტომ, პირველ რიგში ეკონომიკური გარემო უნდა გავხადოთ გლობალურად მომხიბვლელი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ დამატებითი სტიმულირების მეთოდების გამოყენებაზე!

 

გარდა ამისა, თუ საქმე ეხება მოგების გადასახადიდან განთავისუფლებას რეინვესტირების შემთხვევაში, ძალიან მაინტერესებს, ბუღალტრულად როგორ გაიანგარიშება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა საანგარიშო პერიოდში, თუ პარტნიორებმა მოახდინეს გასანაწილებელი მოგების თანხის რეინვესტირება? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რომ ნათლად განსაზღვროს რეინვესტირების ფინანსური ეფექტი. ისე არ გამოვიდეს, რომ ქართული ანდაზის მსხვერპლი გავხდეთ - ”თხა გავყიდე, თხა ვიყიდეო”! მეორე მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რა პერიოდზე გავრცელდება ამგვარი საგადასახადო შეღავათი. ბიზნესმენებისთვის ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი ფინანსური გაანგარიშების გაკეთებას!? ამიტომ, სავალდებულოა იგივე კანონში განისაზღვროს ცვლილებების მოქმედების ვადა! მორიგმა არაადეკვატურმა ცვლილებამ, ხომ შეიძლება სრულად დაანგრიოს ნებისმიერი ყველაზე ეფექტური ფინანსური სქემაც კი! ვაი და ამ მთავრობამ იფიქროს, რომ ეს რა სისულელე მომივიდა და უნდა გავაუქმო მიღებული ცვლილებებიო!? მერე რა ქნას ბიზნესმენმა, რომელსაც გრძელვადიანი გათვლა ჰქონდა რეინვესტირების სქემით!?

 

ყველა ზემოთ დასმულ კითხვას მინდა კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მნიშვნელობის კითხვა მოვაყოლო:

 

საგადასახადო ტვირთის ნებისმიერი შემცირების შემთხვევაში იზრდება ბრუნვაში მყოფი თავისუფალი ფულის მოცულობა. ეს კი ცალსახად იწვევს ლარის გაცვლით კურსზე და ინფლაციურ პროცესებზე დამატებით დაწოლას. რამდენად აქვს მთავრობას გათვლილი ამგვარი რისკები? თუ, ყველაფრის მიუხედავად ისევ ეროვნულ ბანკს შეაწმინდავენ ხელს!? როგორც ვიცი ამჟამინდელ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს რამოდენიმე თვეში გასდის ვადა და გარდაუვლად ოცნების წევრი დაინიშნება ამ თანამდებობაზე. საკუთარი გუნდის წევრსაც გაწირავენ და შეაწმინდავენ ხელს..?!

 

ამავე თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს საკანონმდებლო ცვლილებების ავტორებთან:

 

რამდენად აქვთ გათვლილი საგადასახადო და კორუფციული რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ამგვარი შეღავათების დაწესების შემთხვევაში? ჩვენს საზოგადოებაში ხომ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ხალხის რაოდენობა, რომლებიც პირველ რიგში იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ აუარონ კანონს გვერდი და არა იმაზე თუ როგორ დაიცვან იგი! ეს რისკები გაცილებით იზრდება, როდესაც ეკონომიკურ პროცესებში მნიშვნელოვნად ერევა პოლიტიკური კონიუნქტურა და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კორუფციული ფაქტების რაოდენობა მმართველობისა და ადმინისტრირების სხვადასხვა დონეზე!? ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამგვარი ცვლლებები საგადასახადო შავ ხვრელად არ გადაიქცეს! ყველაფერი დეტალებშია გასათვლელი და ამიტომაც მჭირდება კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები დასმულ კითხვებზე. ოღონდ ისეთი პასუხები, რომ მათ შემდეგ კითხვების რაოდენობა არ გაიზარდოს!

 

ზოგადად, კი მე ცალსახად მომხრე ვარ ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების. მაგრამ, ყველასთვის და არა გამორჩევით! საგადასახადო ტვირთი, კი მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტენდენციების დროს არის დასაშვები, რომ არ მოხდეს დამატებითი დაწოლა ინფლაციურ და ლარის დევალვაციის პროცესებზე! ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუ ამ წესს პოლიტიკური კონიუნკტურის გამო გადააბიჯებს ნებისმიერი მთავრობა, ის გარდაუვლად მიიღებს ეკონომიკური კრიზისის დამძიმებას და პოლიტიკურ კრახს! ანუ, ბატონებო ჩვენს მთავრობაში, ჯერ ეკონომიკური ტრენდი შეცვალეთ ქვეყანაში და მხოლოდ ამას მოაყოლეთ ეკონომიკური და საგადასახადო შეღავათების ინსტრუმენტები! თან ეფექტური და არა პოპულიზმზე აწყობილი! ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ფასი აქვს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია