რუსეთის მეგობარი ზემანი (უკანასკნელი ათწლეულის „საპრეზიდენტო ტრადიცია“ ჩეხეთში)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-06-2015, 20:48 | მსოფლიო | ნანახია - 1851

გუგა ჯულუხიძე

 

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ჩეხეთის პრეზიდენტს უფლებები მნიშვნელოვნად ეზღუდება. შესწორების თანახმად, რესპუბლიკის ხელმძღვანელი საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებასა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას ვეღარ მოახერხებს სენატის თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის თავმჯდომარის დანიშვნის უფლებაც ერთმევა და მისი ძალაუფლება თითქმის ნომინალური ხდება.

 

„იძულებითი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ კონფლიქტს აღკვეთავს“ ასე შეაფასეს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მმართველ გუნდში. მაღალი ალბათობით, ჩეხეთის სენატი პრეზიდენტის უფლება-მოსილების განსაზღვრის შესახებ კონსტიტუციურ შესწორებას მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო დაასუსტებს თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურის პოზიციებს.

 

სკანდალური განცხადებების „წყალობით“, იგი ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. ძლიერ ეტრფის ალკოჰოლს და ტელეკამერების წინ, არაერთხელ უბარბაცია ნასვამს. ღიად გამოხატავს საკუთარ სიმპათიების რუსეთისადმი და არც პოლიტიკოსისათვის შეუფერებელ ლექსიკაზე ამბობს უარს.

 

ამ სიტყვებით ძალიან ზოგადი წარმოდგენა შეგექმნებათ ადამიანზე, რომელიც ჩეხეთის მესამე და ამავდროულად, პირველი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია. გაიცანით - მილოშ ზემანი.

 

ზემანის პოლიტიკური ბიოგრაფია არაერთ საინტერესო ფაქტს მოიცავს: 1968-1970 წლებში, იგი კომუნისტურ პარტიაში ირიცხებოდა. საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკეთში შესვლის შემდეგ, ზემანმა პარტია დატოვა (ოფიციალური ვერსიით გარიცხეს) და მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა არაპოლიტიკური თანამდებობები ეკავა. 1990 წელს, იგი Občanské Fórum-ს („სამოქალაქო ფორუმი“) შეუერთდა. მოგვიანებით, Česká Strana Sociálně Demokratická-ში („ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია“) ჩაირიცხა. რამდენიმე წელიწადში, ზემანი პარტიის თავმჯდომარე გახდა და 1998 წელს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. 4-წლიანი „სამთავრობო თავგადასავლის“ შემდეგ, იგი „პოლიტიკურ თამაშგარეში“ აღმოჩნდა და არამხოლოდ პრემიერის, არამედ პარტიის თავმჯდომარის პოსტიც კი ვეღარ შეინარჩუნა. საბოლოო ჯამში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერთან, ირჟი პაროუბეკთან კონფლიქტის გამო, ზემანი იძულებული ხდება პარტია დატოვოს და 2009 წელს, საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებას - Strana Práv Občanů-ს („სამოქალაქო უფლებათა პარტია“) აფუძნებს. მართალია, ზემანის პარტიამ 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფიასკო განიცადა, თუმცა ეს წარუმატებლობა, ერთგვარი პრელუდია იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრიუმფისა.

 

2013 წლის თებერვალში, მილოშ ზემანმა საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში კარელ შვარცენბერგი დაამარცხა და ჩეხეთის რესპუბლიკის არსებობის მანძილზე, პირველი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი გახდა!

 

გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე კვირაში ზემანი უკვე სკანდალში გაეხვა. მან უარი თქვა ცნობილი ჩეხი ისტორიკოსისათვის, მარტინ პუტნასთვის პროფესორის ტიტულის მინიჭებაზე. მიზეზად კი, პუტნას ერთ-ერთ გეი აღლუმში მონაწილეობა დაასახელა.

 

ზემანი ასევე ხშირად აკრიტიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგადად, დასავლურ პოლიტიკას. მისი კრიტიკული პოზიციები განსაკუთრებით კოსოვოს აღიარებასთანაა დაკავშირებული. მან კოსოვოს პოლიტიკურ ელიტას „ტერორისტული რეჟიმი“, ხოლო მათ დამფინანსებლებს „ნარკო-მაფია“ უწოდა.

 

მორიგი „უხერხულობა“ ზემანს ჩეხეთის სამეფო ძვირფასეულობის გამოფენაზე შეემთხვა. მილოში ღონისძიებაზე ნასვამი მივიდა და იმდენად უჭირდა გადაადგილება, რომ მოძრაობისას სასულიერო პირებს ეყრდნობოდა (პირდაპირი გაგებით). პრეს-სამსახურმა პრეზიდენტის შეუძლოდ ყოფნის მიზეზად „ვირუსი“ დაასახელა, თუმცა ქვეყანაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი რაოდენობით ლუდი ისმევა მსოფლიოში, ეს „არგუმენტი“ ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნიეს.

 

ცალკე სასაუბრო თემაა ზემანის დამოკიდებულება რუსეთისადმი.

 

როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთიანი საგარეო პოლიტიკის არარსებობაზე საუბრობენ, ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი/ელემენტი მილოშ ზემანია.

 

გასული წლის ოქტომბერში, როდესაც მილანში, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად) ერთის მხრივ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თემაზე მწვავე მოლაპარაკებებს მართავდნენ ვლადიმირ პუტინთან და მეორეს მხრივ, სანქციების ახალი პაკეტის შესაძლებლობებს განიხილავდნენ, ჩეხეთის პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან ერთად რბილ სავარძელში იჯდა კომფორტულად და მხიარულ გარემოში სიგარეტს ეწეოდა. განსაკუთრებით საყურადღებო მაინც, ზემანის შეფასებებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა: „ეს არის უკრაინის მოქალაქეებს შორის არსებული სამოქალაქო დაპირისპირება“.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთისადმი მკაცრი პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე საუბრობს, აბსოლუტურად განსხვავებულად იქცევა ზემანი. ამის დასტური კი, მისი ვიზიტი იყო მოსკოვში. იგი ერთადერთი პრეზიდენტი იყო ევროკავშირიდან, რომელმაც 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მართალია, ზემანი უშუალოდ აღლუმს არ დასწრებია, თუმცა პუტინს მაინც შეხვდა:

 

- „ჩვენ გავახარებს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ შემორჩნენ ევროპაში ლიდერები, რომელთაც საკუთარი აზრის გამოხატვისა და დამოუკიდებელი მოქმედების უნარი შემორჩათ.“ - ვლადიმირ პუტინი

 

თავის მხრივ, ზემანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისადმი დაწესებული სანქციები უკვე წლის ბოლოს მოიხსნება მას შემდეგ, რაც „უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირება დასრულდება.“

 

ბევრი ჩეხი პოლიტიკური ექსპერტის თქმით, ზემანის სიმპათიები რუსეთისადმი, არ არის გამოწვეული მხოლოდ “სოციალისტური ნოსტალგიით“. ჩეხეთის პრეზიდენტს ახლო მეგობრობა აკავშირებს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელ, ვლადიმირ იაკუნინთან (სუკის ყოფილი აგენტი). გარდა ამისა, ზემანის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული „ლუკოილი“-ს მაღალჩინოსანი მარტინ ლეიედლი და მიროსლავ სლოუფი - ამავე კომპანიის ლობისტი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

 

ზემანის „რევოლუციური“ ხედვების და განცხადებების გამო, ხშირად ექმნება პრობლემა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, ბოჰუსლავ სობოტკას, რომლის თქმითაც: „პრეზიდენტი ურთიერთობებს უფუჭებს საკუთარ ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს წევრ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებთან.“

 

რაც შეეხეაბ მილოშ ზემანს, მას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ პრო-რუსული განცხადებებისა და გაურკვეველი რეპლიკების გამო (ერთ-ერთი შეხვედრისას მას კვერცხებიც კი დაუშინეს).

 

ზემანის უცნაური განცხადებების ტოპ-ათეულში, ალბათ მოწინავე ადგილს დაიკავებდა მისი რეპლიკა: „სიკვდილი ყველა ვეგეტარიანელსა და არამსმელს!“, ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას (შემდეგ პრეზიდენტმა თავი იმით გაიმრთლა, რომ მან ადოლფ ჰიტლერი იგულისხმა, რომელიც არც ალკოჰოლს ეტანებოდა და არც ხორცს).

 

თუმცა ფაქტია, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში არაფერი იცვლება. მსგავსად წინამორბედისა (ვაცლავ კლაუსი) მილოშ ზემანიც პრო-რუსული ბანაკის წევრად ითვლება და აღტაცებით აგრძელებს საუბარს რუსეთის ეკონომიკურ პროგრსსა და პოლიტიკაზე.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია