პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა, რეფორმა თუ ფიქცია?! ანუ თავს სინანული ჯობია...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-06-2015, 21:29 | კომენტარები | ნანახია - 2124

თამარ მანჯავიძე

 

ჩემმა სტატიამ „პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა. მიზანმიმართულად თუ უნებლიედ დანერგილი წარუმატებელი რეფორმა, რომლის გამოსწორებასაც წლები დაჭირდება“, საკმაოდ დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა პირად მესიჯებსა თუ კომენტარებში. ამიტომაც გადავწყვიტე განმევრცო ეს თემა და ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა იმ მკითხველისთვის ვინც სტატიაში ნახსენები კონკრეტული ინფორმაციის დეტალურად ახსნა მთხოვა.

 

სანამ უშუალოდ პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფის სქემაზე გადავიდოდეთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში შექმნილ სურათს აღვწერ. 2015 წლის 20 თებერვალს 68 დადგენილებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ პედაგოგთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ვკითხულობთ: „მთელი რიგი რეგიონების საჯარო სკოლებში შეიმჩნევა გარკვეულ საგნებში კვალიფიციურ სპეციალისტთა დეფიციტი. ასევე რიგ საჯარო სკოლებში (განსაკუთრებით რეგიონებში) რამდენიმე საგანს ერთიდაიგივე პედაგოგი ასწავლის, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ერთი საგნის სპეციალისტია. რაც ბუნებრივია ამცირებს სწავლა-სწავლების ხარისხს, პრესტიჟს უკარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ზოგადად მასწავლებლის პროფესიას.“

 

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ შემდეგი სქემა შეიმუშავა:

 

„მასწავლებელთა მოსამზადებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესება

მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის დივერსიფიცირება და ხარისხის კონტროლი

მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია“ და ა.შ.

 

სქემა თავისთავად საკმაოდ ბევრ კარგ პუნქტს მოიცავს, რაც ნამდვილად დაეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას, ოღონდ მომავალში. მოცემულ სიტუაციაში კი, როდესაც ზოგი პედაგოგი რამოდენიმე საგანს მხოლოდ იმიტომ ასწავლის რომ კადრის ნაკლებობაა და თანაც ზოგ შემთხვევაში პედაგოგიური განათლება საერთოდ არ აქვს, წარმოუდგენელია სისტემის იერარქიაზე ფიქრიც კი. და თუ აღმოჩნდა რომ ეს „უნივერსალური პედაგოგი“ ვერ აკმაყოფილებს თუნდაც პრაქტიკოსი მასწავლებლის შესაბამის დონეს, რა გზას მიმართავს განათლების სამინისტრო? გაათავისუფლებს ამ პედაგოგს? რა თქმა უნდა ვერა, რადგანაც ვერ მოხდება მისი ჩანაცვლება. ან როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ სკოლაში დირექტორის მიერ ჩამოყალიბებული შეფასების „კომპეტენტური“ საბჭო, რომელიც ობიექტურ შეფასებას და კრიტერიუმის მინიჭებას მოახდენს.

 

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: იქნებ ხდება პედაგოგთა შესაბამისი გადამზადება და მომზადება იერარქიისთვის? ამ კითხვის პასუხი გაზეთ კომერსანტში ვიპოვე, რომელიც იუწყება რომ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება წინა წელთან შედარებით 2 მილიონითაა შემცირებული.“ აქვე ვკითხულობთ რომ „ბიუჯეტის პროექტში არ დევს კონკრეტულად მასწავლებელთა ხელფასების ზრდის თანხა“. თუმცა განათლების მინისტრი აღნიშნავს რომ: „ხელფასები იქნება რანჟირებული. გარკვეული მატება იქნება საბაზო ხელფასშიც, მაგრამ, ძირითადად, მატება განისაზღვრება რანჟირებულად კატეგორიების მიხედვით. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება იმ დამატებითი რესურსის შესახებ, რომელიც მიემართება მასწავლებლის ხელფასში. როგორც კი დასრულდება კანონპროექტზე მსჯელობა და კანონში განისაზღვრება ცვლილებები, ჩვენ შევძლებთ, ერთდროულად დავიწყოთ 2015 წელს სქემის ამოქმედება და დანერგვა და განვახორციელოთ ის სახელფასო ცვლილებები, რომელსაც სქემის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ. ეს იქნება ნაწილობრივ საბაზო ხელფასის ზრდა, თუმცა, ხელფასები ასევე გვინდა იყოს რანჟირებული, იმისათვის, რომ გაიზარდოს მოტივაცია".

 

არ გვაქვს საფუძველი არ დავუჯეროთ მინისტრს, სანამ შედეგები არ დაიდება, მითუმეტეს რომ პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა, თუნდაც მხოლოდ ხელფასის სახით ნამდვილად სასიცოცხლოდ აუცილებელია. როდესაც, როგორც ერთ-ერთი პედაგოგი აღნიშნავს თავის კომენტარში, პრაქტიკოს პედაგოგს საათში 0.15 თეთრი ერიცხება, (მაშინ როდესაც მანქანის სადგომზე გაჩერებაც კი 50 თეთრი ღირსო - სინანულით დასძენს იგი) უმჯობესია იმ პედაგოგების წახალისებაზე, მოტივირებაზე და პროფესიულ გადამზადებაზე ვიფიქროთ. არსებული რეალობიდან გამომდინარე მგონი არც თუ ისე კორექტულია ასეთი რთული იერარქიის კიბე შევქმნათ. ხომ არ ჯობს პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება საშუალო საათობრივ ანაზღაურებას მაინც გავუტოლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმნათ კონკურენტუნარიანი და თუნდაც იერარქიული სისტემა.

 

ფინანსებზე და ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე სტატიის დასკვნით ნაწილში ვისაუბრებ, ახლა შევეცდები განვიხილო რა გზით მოხდება კრიტერიუმებად დაყოფა. იმისათვის რომ პედაგოგმა იერარქიული სვლა განახორციელოს:

 

• პედაგოგს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქაღალდე (სქემით განსაზღვრული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებული);

 

• მან უნდა შეავსოს თვითშეფასების კითხვარი (მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას);

 

• მოხდება მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასება (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა.);

 

• დაარსდება მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა.

 

ჩამოთვლილი პუნქტებიდან დადებითად ვაფასებ პირველ და მეორე პუნქტს. ვთვლი რომ თითოეული მათგანი საკმაოდ მნიშვნელოვანია და დიდ წვლილს შეიტანს პედაგოგის განვითარებასა თუ კარიერულ ზრდაში.

 

რაც შეეხება გაკვეთილის შეფასებას, წარმოუდგენლად მიმაჩნია გაზომვადი კრიტერიუმების დაწესება. სწავლის პროცესი ცოცხალ ორგანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ რომელიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. რამოდენიმე ფაქტორია რომელიც ამ პუნქტის წარმატებულობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

როდესაც პედაგოგმა იცის რომ მისი გაკვეთილი იწერება და შემდგომ ფასდება ბუნებრივია გაკვეთილის პროცესი შედარებით უკეთესი, უფრო კარგად დაგეგმილი იქნება. შესაძლებელია, იშვიათად მაგრამ მაინც, წინასწარ დადგმული „სპექტაკლის“ შეფასებაც კი მოუწიოს კომისიას.

 

სასწავლო პროცესის შეფასება მეტ-ნაკლებად სუბიექტურია. თუ კითხვარში წერია რომ პედაგოგმა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა უნდა ახსნას, მაგრამ კლასის ინტერესიდან, სიძლიერიდან, კითხვებიდან, ა.შ. დამატებითი ინფორმაციის მიწოდება უწევს პედაგოგს ამის გამო მას დაბალი შეფასება უნდა მივცეთ? არსებობს შემთხვევები, როდესაც პედაგოგები სხვებისგან დაფარულად აძლევენ მოსწავლეებს დამატებით მასალას, რადგან მათი ცოდნის დონე, სისხარტე თუ სიძლიერე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ამ შემთხვევაში პედაგოგი უნდა წავახალისოთ რომ უკეთ დაიხარჯოს მოსწავლეებთან, ხოლო თუ ხშირია ასეთი შემთხვევები, მაშინ სასკოლო გეგმით გათვალისწინებული მასალა არაა ადეკვატური და გადახედვას საჭიროებს. სქემა კი კრეატიულობას ითხოვს მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის გამოყენებით.

 

ისევ კახა ბენდუქიძეს დავესესხები, როცა ამბობს: „გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს რომ ეთქვა - სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ მისწავლებიაო“ .

 

ამ ფრაზით კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას რომ სკოლის დანიშნულება მოსწავლეების „კაცად“ ანუ საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდაა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სკოლის ფუნქცია მოსწავლისთვის საჭირო ცოდნის და ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროა, მაგრამ სკოლამ დიდი ხანია ეს ფუნქცია დაკარგა და მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელ ინსტიტუტად გვევლინება.

 

დავუბრუნდეთ პედაგოგთა დაყოფის სქემას, რომლის მიხედვითაც მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან:

 

• პრაქტიკოსი მასწავლებელი

• წარჩინებული მასწავლებელი

• მკვლევარი მასწავლებელი

• მენტორი მასწავლებელი

 

პედაგოგის შეფასება მოხდება შემდეგი აქტივობების მიხედვით:

 

1. სასწავლო პროცესი:

• საგაკვეთილო პროცესი

• პროექტი

• სსსმ მოსწავლესთან მუშაობა

• კვლევა

• კლასგარეშე აქტივობა

• სადამრიგებლო პროგრამის განხორციელება

• პროფესიული ორიენტაცია

• სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა

• სასწავლო რესურსის შექმნა

• მოსწავლეთა მიღწევები

 

2. პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

• ტრენინგი

• სტაჟირება

• აკადემიური კურსები

• კოლეგებთან თანამშრომლობა

• კონფერენციები

• ექსპერტ-კონსულტანტობა

• პედაგოგიური პრაქტიკის მეურვეობა

• პროფესიული ლიტერატურის შექმნა

• საგნობრივი ტესტის ჩაბარება

• სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა

 

პრაქტიკოსმა პედაგოგმა წინ წასასვლელად სამ წელიწადში 24 კრედიტი უნდა დააგროვოს, წარჩინებულმა - 32. ხოლო მკვლევარმა - 40.

 

საინტერესოა პედაგოგთა განათლებისა და კვალიფიკაციის თანამედროვე გაგება, რომლის მიხედვითაც პედაგოგს შეიძება შემდეგი ტიპის განათლება ქონდეს მიღებული:

 

• სრული ზოგადი განათლება

• პროფესიული განათლება

• ბაკალავრიატი

• მაგისტრატურა

 

ამ ოთხ კვალიფიკაციას უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში ემატება დოქტორატურა ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის პირები, რომელთაც არ აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება, ან, სულ მცირე, 2011 წლიდან არ უმუშავიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოიპოვებენ მასწავლებლის უფლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა), ან სხვა ორგანიზაციის მასწავლებელთა გადამზადების აკრედიტირებული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ.

 

ბუნებრივია იბადება კითხვა, როგორ შეიძლება დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებელი იგივე პირობებით სარგებლობდეს, როგორც სრული ზოგადი განათლების მქონე ადამიანი. მაშინ რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა მაგისტრატურაში ან დოქტორატურაში? ამ ეტაპისთვის ეს კარგად მოფიქრებული სქემაა რადგან მესამე (მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პედაგოგები) და მეოთხე კატეგორიების არსებობა აბსოლუტურად გამოირიცხება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ 5 წლიანი პედაგოგიური განათლების მიღების შემთხვევაში პედაგოგი პირდაპირ მეორე კატეგორიიდან იწყებს, მივიღებთ რომ რეალურად ამ რეფორმას არც აზრი აქვს, არც დანიშნულება და არც რაიმე რეალური ცვლილების შემომტანია საგანმანათლებლო სისტემაში. აქვე დავძენ რომ, ეს სქემა შეურაცხყოფს მაგისტრატურა და დოქტორატურა დამთავრებულ პედაგოგებს, რადგანაც მათი სათანადოდ შეფასება არ ხდება და ხშირ შემთხვევაში უტოლდება სრული ზოგადი განათლების მქონე პედაგოგის სტატუსს.

 

დღევანდელი ე.წ. პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა მოთხოვნებით უტოლდება მოწინავე ევროპული პედაგოგების მოთხოვნებს, თუმცა არ არსებული კადრითა და პირობებით. ფინეთში პედაგოგის პროფესია იმიტომ არის დაფასებული რომ: 1. პედაგოგს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი უნდა ქონდეს. 2. მაგისტრატურა დამთავრებულთა მხოლოდ 10% იღებს სამსახურს, რადგან კონკურენცია დიდია და მხოლოდ საუკეთესო კადრი ხვდება სკოლაში. 3. მიუხედავად ამ რთული გზისა მათ მაინც უწევთ პროფესიული ტრენინგებისა და გადამზადებების გავლა. და ა.შ.

 

ასეთ პირობებში როდესაც პედაგოგის ხარისხი საშუალო სტანდარტზე ბევრად მაღალია საწყის ეტაპზე კი, შესაძლებელია მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება, მაგრამ დღევანდელ საქართველოში სადაც 1 პედაგოგი (რომელსაც შეიძლება პედაგოგიური განათლება არც აქვს) 3-4 საგანს ასწავლის და ამ პედაგოგის ჩანაცვლების ალტერნატივა არ არსებობს, რბილად რომ ვთხვა ნაადრევად მეჩვენება ასეთი ამბიციური სვლები.

 

როგორც მასწავლებლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში ვკითხულობთ, თუ პედაგოგი 3 წლის განმავლობაში ვერ დააკმაყოფილებს მინიმუმ პრაქტიკოსი მასწავლებლის დონის შესაბამის მოთხოვნებს, სკოლა ვალდებულია მასთან შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტოს. და თუ ამ პედაგოგის ალტერნატივა არ არსებობს ამ შემთხვევაში რა ხდება? სკოლა უნდა დავხუროთ? სამწუხაროდ მხოლოდ თბილისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ცვლილებები ვალიდური ნამდვილად ვერ გახდება. მაღალმთიან რეგიონებში სერიოზული დეფიციტია კადრის და ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ამ სისტემის ამუშავება მსგავს რეგიონებში თავიდანვე გამორიცხულია.

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია განსახილველი. ჩვენ პედაგოგებს კვლევების ჩატარებას, სახელმძღვანელოების შექმნაში მონაწილეობას და ა.შ. ვთხოვთ. რითი ფინანსდება პედაგოგის მიერ ჩატარებული კვლევა თუ სამეცნიერო ნაშრომის შექმნა? პედაგოგთა კვლევის წახალისებისათვის რა თანხაა გამოყოფილი, თუ არის საერთოდ ეს პუნქტი ჩადებული. ენთუზიაზმზე კი მოგეხსენებათ რთული სამეცნიერო კვლევის ჩატარება თითქმის წარმოუდგენელია.

 

და ბოლოს, დავუბრუნდეთ კრიტერიუმად დაყოფის ფინანსურ ნაწილს. თუ გავითვალისწინებთ რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის ბიუჯეტიდან ზოგადი განათლებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 497 900 000 ლარს, ხოლო 2014 წლის დეკემბრის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პედაგოგთა რაოდენობა 67394-ია, სრული თანხის გადანაწილებაც რომ მოხდეს პედაგოგებზე (რაც წარმოუდგენელია, რადგან ზოგადი განათლების ბიუჯეტიდან სხვა მრავალი განხრით ხდება თანხის გადანაწილება), თითო პედაგოგი 615 ლარს მიიღებს. შესაბამისად თუ ჩვენ იდეალურ სიტუაციას დავხატავთ, რაც გულისხმობს პედაგოგთა ოთხივე საფეხურის არსებობას, დიდი ალბათობით, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე საფეხურზე, მოგვიწევს კვოტების დაწესება. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს საფეხურები კიდევ დიდი ხანი არ იარსებებს იერარქიაში, შესაბამისად პრობლემაც „მოგვარებულია“. მიუხედავად იმისა, რომ კვოტების არსებობა არ თქმულა და არ გაჟღერებულა, თუ საკითხს რეალურად შევხედავთ და შევძლებთ სიტყვებს მიღმა ჩადებული აზრი გამოვიტანოთ, არ გაგვიჭირდება იმის მიხვედრა რომ სისტემაში კვოტების არსებობა თავისთავად იგულისხმება, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფიქსირებულია და შესაბამისად რომელ დონეზე რა თანხა უნდა განაწილდეს ესეც ფიქსირებული იქნება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ რომ მე სრული ბიუჯეტიდან მოვახდინე გაანგარიშება და ამ შემთხვევაშიც კი ნათელია სურათი, და თუ კონკრეტულად ხელფასებზე გაწერილ ბიუჯეტს პედაგოგთა რაოდენობაზე გავყოფთ კიდევ უფრო რეალურ, თუმცა პედაგოგთათვის არც თუ იმედისმომცემ სურათს მივიღებთ. თუმცა სამწუხაროდ ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ, არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე ხელფასების რეალური (არა 50-70 ლარიანი მატება იმ ინფლაცის ფონზე რაც საქართველოშია) მატება თითქმის შეუძებელია.

 

დასასრულისკენ დავძენ რომ ეს სტატია ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო. უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები წამოვწიეთ ვიდრე სისტემაში კვოტების არსებობაა. ამ სტატიით მინდოდა ის „ლაფსუსები“ ამეღნიშნა რაც პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფას ეხება, რადგან ვთვლი რომ დღევანდელ საქართველოში ეს ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. და თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა ჩემი აზრით, რამოდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბე.

 

1. პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა თანხა პედაგოგთა მობილობაზე გადანაწილებულიყო და აქცენტი სწორედ იმ პრობლემურ რეგიონებზე გაკეთებულიყო, სადაც ნამდვილად პედაგოგთა დეფიციტია. მაგალითად თუ ერთ-ერთ პროფესიონალ პედაგოგს 1,2 ან მეტ თვიან მივლინებას შევთავაზებდით, რა თქმა უნდა შესაბამისი პირობებით, ამ პედაგოგის მუშაობა კონკრეტულ სკოლაში ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემდა, ვიდრე გამოცდებით და წინასწარ დადგმული გაკვეთილებით პედაგოგთა შეფასება. ასევე შეიძლებოდა სტუდენტთა მივლინება მსგავს რეგიონებში, სადაც ისინი პრაქტიკას გაივლიდნენ.

 

2. ეს საკითხი ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ამ ბოლო დროს გახშირებულმა სუიციდის შემთხვევების რიცხვმა არაერთი ჩვენგანი შეაშფოთა. გარკვეული პასუხისმგებლობა, მშობელთან ერთად, პედაგოგს და სკოლას აკისრია. არავინ საუბრობს სკოლაში ფსიქოლოგის აუცილებლობაზე, რომელიც ერთნაირად საჭიროა როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლისთვის.

 

პედაგოგთა შეფასებაში არსად არაა ნახსენები მასწავლებლისთვის ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარება და ფსიქოლოგიური ტესტი. ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია პედაგოგს განათლების ფსიქოლოგია ქონდეს ნასწავლი, რადგან დამერწმუნეთ ეს ბევრი ბავშვის სიცოცხლეს იხსნის მომავალში. იქნებ სანამ კატეგორიებზე ვისაუბრებთ უმჯობესია პედაგოგები იმისთვის მოვამზადოთ რომ არ გამოეპაროთ ის ცვლილებები მოსწავლის ხასიათსა თუ ქმედებაში, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. სუიციდს ხომ ხშირ შემთხვევაში წინ ადამიანის პიროვნების შეცვლა, თავის თავში ჩაკეტვა, აგრესიულობა, დაბნეულობა და ა.შ. უძღვის წინ. პედაგოგი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს რომ არ გამოეპაროს ეს ცვლილებები რის შემდეგაც შეიძლება ფსიქოლოგთან კონსულტაციისა და მშობლის ჩართულობით შევძლოთ ბავშვის დახმარება .

 

3. მოგეხსენებათ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, მოსახლეობის დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობაა, რის გამოც მათ წიგნის ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ. განათლებულ ადამიანს კი ბევრად მეტი წიგნის წაკითხვა სჭირდება ვიდრე სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული მასალაა. სამწუხაროდ, წიგნი უკვე ფუფუნებად იქცა ბევრი ქართველისათვის. დავიჯერო პედაგოგთა კატეგორიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუდაც სკოლებში ბიბლიოთეკების გახსნა/ აღდგენა? როგორც რეი ბრედბერი ამბობს „განათლება მივიღე ბიბლიოთეკაში აბსოლუტურად უფასოდ“. ჩემი აზრით უმჯობესია მივცეთ მოსწავლეებს საშუალება მიიღონ მაქსიმალურად ხარისხიანი, მათ ინტერესებზე მორგებული და არა სასწავლო გეგმით შეზღუდული განათლება. რადგანაც ცნობილია რომ საქართველოში არსებულ სკოლათა 95%-ზე მეტი კომპიუტერებით აღჭურვილია, 21-ე საუკუნეში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ონლაინ საბიბლიოთეკო ქსელის შექმნა, რაც ყველა მოსწავლეს თანაბრად მისცემს საშუალებას გაიღრმავონ ცოდნის დონე მათთვის სასურველ და საინტერესო საგანში.

 

როგორც სამხრეთ კორეის განათლების სისტემის მკვლევარები ამბობენ, მოსწავლეები ცოდნის ძირითად ნაწილს სწორედ იმ დამატებითი აქტივობებითა თუ ინფორმაციით იძენენ, რაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არაა. იქნებ ჩვენც მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს იმის საშუალება რომ თვითონ გადაწყვიტონ მიღებული ცოდნის ხარისხი და რაოდენობა.

 

იქნებ დავფიქრდეთ და პრიორიტეტულობის მიხედვით დავგეგმოთ სამომავლო გეზი. ბევრად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი, ვიდრე კრიტერიუმები, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ რეფორმით მართლა რაიმეს შეცვლას ვგეგმავთ, ხოლო თუ რეფორმა მხოლოდ რეფორმისთვისაა, მაშინ სათქმელიც არაფერია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია