ევროკავშირი და საქართველო - Different Dreams

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-06-2015, 23:04 | პოლიტიკა | ნანახია - 1840

ევროკავშირი და საქართველო - Different Dreams

 

მართა იამანიძე

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობა გაფართოებას არ ისახავს მიზნად - ის დაახლოებისთვის არის შექმნილი“ - გერმანიის კანცლერის ქ-ნი ანგელა მერკელის ეს სიტყვები ალბათ ყველაზე კარგად ასახავდა ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნების მიმართ თავად ევროკავშირის „დიდი ძალების“ დამოკიდებულებას რიგის სამიტზე. მერკელს დამცველებიც გამოუჩნდნენ - პრობლემა თავად ჩვენში უნდა ვეძიოთო - ცალმხრივი გრძნობებით ნატანჯი ყმაწვილივით იმეორებდა ზოგიერთი ევროპის აღმოსავლეთით.

 

პრობლემები მართლაც დაგროვდა. წინაღობებიც. წინაპირობებიც და გამოწვევებიც. ევროკავშირის გაფართოვებაც არ ჩანს ჰორიზონტზე, სამაგიეროდ ჯერ კიდევ ბუნდოვანი „კრიტერიუმები“ ევროპულ კავშირში გასაწევრიანებლად ყოველ სამიტზე ახალი ტემპით იწყებს გაფართოებას. მგონი ევროპელებს უბრალოდ მოვბეზრდით. ევროსკეპტიციზმის გაღვივებას არასოდეს ვემხრობოდი, და არც ეს არის წინამდებარე სტატიის მიზანი. მაგრამ ვაღიაროთ, რომ ჩვენს მისწრაფებებში ერთი დიდი სხვაობაა - ჩვენ ძალიან გვინდა. იმათ არასაკმარისად. ჩვენ გვგონია რომ მზად ვართ. იმათ გონიათ რომ არც თავად არიან მზად და არც ჩვენ. ყველაფერი მაინც „ჩვენ“ და „ისინ“-ად დაიყვანება. თითქოს ორი განყენებული ცნებაა, შეურიგებელი და ძნელად ინტეგრირებადი.

 

ამგვარი კონცეპტუალური დაყოფა თავად ევროკავშირის შიგნითაც არის - აღმოსავლეთით და დასავლეთით - თუმცა ეს უკვე მოეცემულობაა და ვერაფერი შეცვლის. ჩვენ კი შეგვიძლია უკვე არსებულის შეცვლა. არ ვიცი ევროკავშირ-საქართველოს მიმდინარე ურთიერთობის სწორი დეფინიცია რა არის - „ხიდჩატეხილობის პრობლემა“ (როგორც ორ განსხვავებულ მხარეს შორის ინტერესთა და ფასეულობათა აცდენა), წრეზე ტრიალი (როგორც ერთიდაიმავე შეცდომების გამეორება) თუ ბერმუდის სამკუთხედი (მესამე „კუთხის“ - რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით). მაგრამ ეს პრობლემები არის ორმხრივი. შესაბამისად, ალბათ ურიგო არ იქნება მათ, ვინც თავის თავს უღრმავდება ამ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, ხელი თავად ევროკავშირს გაუწვდინოს მის მოსაგვარებლად. წესით ასე უნდა შეიცვალოს უძრავი სტატუს-ქვო ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში.

 

დიპლომატიაში ხშირად თანხმდებიან, რომ როდესაც პოზიციების შეჯერება შეუძლებელია, მხარეებმა თავ-თავიანთი ინტერესები უნდა შეაჯერონ. ეს რთული საკითხია. კონკრეტული ქვეყნის რეალური ინტერესის განსაზვღრა ხშირად სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგრამ ინტერესთა შეჯერებამ ევროკავშირისა და საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელია შედეგი გამოიღოს. ამისათვის, ჯერ თავად უნდა ჩამოვყალიბდეთ რა არის ჩვენი ინტერესი - ევროკავშირთან დაახლოება (მერკელის სიტყვების კონტექსტში), რომელმაც ჩვენი მისწრაფებები ადრე თუ გვიან რეალობად უნდა აქციოს, თუ მხოლოდ ინერციით სვლა ევროკავშირისკენ, რადგან ამის შეწყვეტა სახალხო მღელვარებას გამოიწვევს.

 

ჯერჯერობით, სახეზე მხოლოდ ინერციაა. ისიც მართალია, რომ ქართველ დიპლომატებს ვერ მოვთხოვთ გარღვევას საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპულ დედაქალებში ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა არ გაააქტიურონ მუშაობა საქართველოს მიმართ მიზიდულობის გაფართოებისათვის. უძრაობა მხოლოდ შიშს ბადებს არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაშიც. ალბათ ქვეყნის მიმდინარე კურსით კმაყოფილი დამქაშები შემეკამათებაინ - ეს სიფრთხილე უფროა, ვიდრე უძრაობაო. სიფრთხილე კეთილგონიერი ჟესტია, თუნდაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკასთან მიმართებაში, მაგრამ დაუშვებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში გაბედული ნაბიჯებისგან თავშეკევება მხოლოდ რუსეთის გაღიზიანების შიშით იყოს განპირობებული.

 

ბალანსი. მშვენიერი სიტყვაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის მესვეურები ალბათ ამას გულისხმობენ, როდესაც ერთი ხელით ასოცირების ხელშეკრულებას ეპოტინებიან, მეორეთი კი გრეგორი კარასინს ართმევენ ხელს. მაგრამ ამ „ხელგაშლილ“ პოზიციას ფონად კანკალი სდევს - არც ერთი გამოგვდის ისე, რომ მოსკოვიდან მუშტი არ მივიღოთ და ბრიუსელიდან - ნიჩვრიტი. საბოლოოდ არც ევროპა რჩება მოხიბლული საქართველოთი და არც მოსკოვი ჩქარობს მავთუხლართების დაშლას საოკუპაციო ხაზზე. რეალურად, ბალანსი მაშინ გამოდის, როდესაც ქვეყნის შიგნით არსებობს როგორც მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტები, ისე ეროვნული თანხმობა და გამბედაობა. ჩვენთან ერთი მყიფეა, მეორე იმ ავბედითი 31%-ით არის დაღდასმული და მესამეს კლინიკური სიკვდილი აქვს.

 

ამგვარად, არსებული პოლიტიკის მიხედვით, ჩვენი ინტერესი უფრო მეტად უხეირო ბალანსია ვიდრე მყარი სვლა ევროკავშირისკენ. ჰოდა, რა გვინდა? თუ ჩვენ არ ვჩქარობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ დაახლოებას, თავად მათ რატომ-ღა უნდა იჩქარონ? საქართველომ თავისი მოლაპარაკებებით ოფიციალურ მოსკოვთან იმდენს მიაღწია, რომ რუსეთის ფაქტორი აღარ წარმოადგენს პრობლემას დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობაში - ჩვენი მეგობრები დავარწმუნეთ, რომ ჩვენვე დავალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან და არავის დახმარება არ გვჭირდება ამაში. პრობლემაც აღარ არის და ყველა ბედნიერია.

 

ევროპელებისთვის ეს ძალზე მოსახერხებელი პოზიციაა და მას სტრატეგიული მოთმინება ჰქვია. ის, რომ ევროკავშირის ინტერესი გაფართოება არ არის, ჯერ კიდევ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჩამოყალიბებით დაიწყო და რუსეთ-უკრაინის ომით გამყარდა.

 

დაშოშმინებამ, რომელსაც ევროპულად გონივრული პოლიტიკა ჰქვია (ე.წ. smart power), ცხადყო, რომ რუსეთის ტერიტორიული ექსპანსიის მიუხედავად, მას „ანგარიშგასაწევ“ ძალად თვლიან და დე-ფაქტოდ აძლევენ ნებას გავლენა ჰქონდეს თავის „ახლო საზღვარგარეთში.“

 

ჩვენ ვერ ვაიძულებთ ევროპელებს შეცვალონ თავიანთი ინტერესები. მაგრამ ჩვენივე ინტერესებში სიცხადის შეტანით იმ 31%-საც გავუნათებთ გონებას, ინსტიტუციურადაც მოვმძლავრდებით და გაბედულადაც დავიწყებთ მოქმედებას. ამით შევძლებთ ბალანსს, მაგრამ არა რუსეთთან ენის მოჩლექვით, არამედ მასზე ზეწოლით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ამგვარად დავუახლოვდებით ევროკავშირსაც, მაგრამ არა დატუქსული მოსწავლის პოზიციაში ყოფნით, არამედ თამამი ნაბიჯებით, როდესაც უარგუმენტოდ დარჩებიან ჩვენი ევროპელი მეგობრები სტრატეგიული მოთმინების პროცესში.

 

ყველაფერი ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ევროკავშირის დახმარებით შევეცდებით პრობლემების გადაჭრას, ჩვენივე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. როდესაც ჩვენი ინტერესები მკაფიო გახდება, იქნებ მერე შევჯერდეთ ევროკავშირის ინტერესებთან მის დაახლოებაზე. მანამდე ყველანაირი ძალისხმევა კი მხოლოდ ფუჭი ოცნებაა, და მხოლოდ იმ აზრისკენ გვიბიძგებს, რომ ჩვენ და ევროპელები განსხვავებული ოცნებებით ვსულდგმულობთ. მოკლედ, ევროპული მზე ჩვენთვის ჯერ არ ამოსულა. მაგრამ რიგის სამიტზე რაღაცას გვირჩევდნენ. ვიღაცას ეცინებოდა. ვიღაცას ციოდა. და ვიღაცა ზამთარზე ფიქრობდა. საინტერესო ის იყო, რას ფიქრობდნენ თბილისში - ალბათ აღარც ოცნებობდნენ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია