შეტევა სუსტზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-06-2015, 09:10 | პოლიტიკა | ნანახია - 1733

შეტევა სუსტზე

 

ნიკა რურუა

 

რამდენიმე დღეა, რაც იუსტიციის მინისტრი აანონსებს, რომ ქართველ მოსამართლეებს ე.წ. ინსპექტორები უნდა დაენიშნოთ, რომ ამ უკანასკნელებმა მოსამართლეთა გადაწყვეტილებების “მართებულობა” და “კანონიერება” უზრუნველყონ.

 

ფრჩხილები ზემოთ, ბუნებრივია, შემთხვევითი არაა. ეს დამღუპველი ნოვაცია იურიდიულად სრულ უაზრობას, კონსტიტუციურად კი სრულ უკანონობას წარმოადგენს.

 

რაც მთავარია, იუსტიციის მინისტრს, ვინც აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს წარმოადგენს, ამაში მხარი აუბა ახლადდანიშნულმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ანუ სასამართლო ხელისუფლების სახელისუფლებო განშტოების პირველმა პირმაც, რაც სავალალოა, რადგანაც ამ უკანასკნელი პიროვნების სრულ არაკომპეტენტურობასა და უუნარობას ცხადყოფს, რაზეც დასაბუთებული ეჭვი მანამდეც გამაჩნდა.

 

სასამართლოსთვის ამგვარი ზედამხედველების დანიშვნას ეწინააღმდეგება (ყოველ შემთხვევაში აქამდე) იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ანუ ორგანო, რომელსაც ევალება მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის ეფექტიანობისა და მართლზომიერების კონტროლი.

 

სასამართლო ხელისუფლება, იმისათვის რომ მან ეფექტურად იმუშაოს და ასევე გააჩნდეს მისდამი ნდობა, საჭიროებს სრულ დამოუკიდებლობას დანარჩენი ორი სახელისუფლებო განშტოებისაგან - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან; ძალაუფლების დანაწევრების პრინციპი სწორედ ამაში მდგომარეობს: სამივე სახელისუფლებო შტოს საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და ისინი ერთმანეთს აკონტროლებენ, რომ არც ერთმა მათგანმა ძალაუფლების უზურპაცია არ მოახდინოს და ვერ მოახერხოს.

 

ძალაუფლების უზურპატორად ისტორიაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლება იყო ხოლმე, რადგანაც ის ფლობდა უხეშ ფიზიკურ ძალას და მისი გამოყენების უფლებას; პარლამენტის მიერ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევები, ძირითადად, არაკონსტიტუციური კანონმდებლობის მიღებაში გამოიხატებოდა ხოლმე, რასაც შემდგომში ან საკონსტიტუციო (ან თუ ამათუიმ ქვეყანაში არ იყო სასამათლოთა ამგვარი კლასიფიკაცია) ან უზენაესი სასამართლო გააუქმებდა ხოლმე.

 

სხვა საქმეა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის შემთხვევები. რადგანაც ხელისუფლების ეს განშტოება აკონტროლებს საჯარისო, საპოლიციო, და ბრალმდებელ ორგანოებს (პროკურატურას), მისგან ყველაზე მეტი ხიფათი მომდინარეობს ძალაუფლების დაყოფისა და ურთიერბალანსის სისტემისათვის.

 

ამიტომაც განგაში სწორედ მაშინაა ასატეხი, როდესაც სასამართლო ხელისუფლება პირისპირ რჩება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს არად დაგიდოთ კონსტიტუცია, და სხვა განშტოებათა ხარჯზე განადიდოს, ანუ მიიტაცოს, მეტი ძალაუფლება.

 

დღეს საქმე სწორედ ამ მცდელობასთან გვაქვს.

 

ამგვარი რამ სრულიად გაუგონარი იქნებოდა კონსოლიდირებული დემოკრატიების პირობებში, როგორიცაა, მაგალითად ევროპის კავშირის ქვეყნები, ან ამერიკის შეერთებული შტატები. ამგვარი ინიციატივა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რაც მოსამართლეთა უფლებების შეზღუდვას დააპირებდა, პირდაპირ მოინათლებოდა არაკონსტიტუციური სისტემური გადატრიალების დამღუპველ მცდელობად, რასაც მისი ინიციატორების უსათუო იმპიჩმენტი მოყვებოდა.

 

საქართველო, როგორც მოგვეხსენება, ახალგაზრდა და არაკონსოლიდირებული დემოკრატიაა, და შესაბამისად ამგვარი აბერაციები არაა გამორიცხული, როგორზეც ახლა ვსაუბრობთ - აღმასრულებელ ხელისუფლებას აშკარად სურს, რომ კონტროლი დაამყაროს სასამართლო ხელისუფლებაზე და ის საკუთარ მარიონეტად აქციოს.

 

უდაოა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს სასამართლო ხელისუფლებისადმი ისედაც მცირე ნდობას მოქალაქეთა მხრიდან კიდევ უფრო დაასუსტებს; გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ქმედება საერთოდ გამორიცხავს დემოკრატიის, როგორც მმართველობის სახეობის, კონსოლიდაციას ჩვენს სახელმწიფოში, რადგანაც სასამართლო ხელისუფლების ამგვარი დასუსტება კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და განმტკიცების ყველა შანსს გააქრობს.

 

ზედმეტია თქმა, რომ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს ის საკითხია, რომელიც ყოველ მოქალაქესა და მის პირად თავისუფლებას, მის პირად კეთილდღეობას ეხება.

 

ამდენად, ყველანი ერთად - პოლიტიკური კლასი თუ სამოქალაქო საზოგადოება - წინ უნდა აღვუდგეთ სასამართლოს ხელისუფლების, ამ ჯერჯერობით ძალიან სუსტი ინსტიტუციის ფაქტობრივ ფიქციად ქცევას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს დემოკრატიას არათუ ნათელი, არამედ არანაირი მომავალი არ გააჩნია.

 

ამის დაშვება კი ნამდვილად არ გვაწყობს.

 

აღმასრულებელი ხელისუფალის მზარდი აპეტიტი კონსტიტუციის ფარგლებში მოქცევას იმსახურებს და ეს ჩვენი გასაკეთებელია.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია