პოლიტ-ეკონომიკური რომანი ძალადობის სცენებით

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-06-2015, 22:33 | ეკონომიკა | ნანახია - 2121

პოლიტ-ეკონომიკური რომანი ძალადობის სცენებით 

 

დავით ნებიერიძე

 

ირონია და სარკაზმი გაცილებით უფრო ეფექტურ იარაღად მიმაჩნია, ვიდრე პომიდორები და კვერცხები! ამიტომ, თუ ჩემს ნათქვამში ჭარბად იქნება ირონიაც და სარკაზმიც, ეს მხოლოდ ჩემი პროტესტის ნიშანია, ყველაფერ იმასთან მიმართებაში რაც ხდება საქართველოში.

 

მემგონი ველოსიპედს თავიდან არ გამოვიგონებ, თუ ვიტყვი, რომ პოლიტიკა არ არსებობს ეკონომიკის გარეშე და პირიქით. ამ ტანდემში, კი იდეალური ურთიერთობები პარიტეტზე უნდა იყოს დამყარებული და არა ურთიერთ ძალადობაზე! სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ ჩვენი მთავრობა და მმართველი პოლიტიკური ძალა, ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში უზნეო მამაკაცს ჰგავს, რომელსაც გარიგებით მოაყვანინეს ცოლად ჯერ კიდევ უმწიფარი, გარდატეხის ასაკში მყოფი, არასრულწლოვანი ქართული ეკონომიკა. მაგრამ, მთავარი ტრაგედია იმაშია, რომ ეს მამაკაცი იმის ნაცვლად, რომ სიამტკბილობაში და სიყვარულში იცხოვროს მასთან ერთად, თავის არასრულწლოვან მეუღლეს ყოველ ჯერზე აუპატურებს და საქვეყნოდ აბანძებს. ანუ, ამ გარიგების შედეგად შემდგარი ქორწინებით მივიღეთ ოფიციალური პედოფილი და პატივ აყრილი, გაუპატიურებული ეკონომიკა!

 

თუ, კი ვინმეს ეჭვი გეპარებათ ამგვარი ტრაგიკული ვითარების არსებობაში, შევეცდები მეთოდურად და კონკრეტულ მაგალითებზე აგიხსნათ სიტუაციის რეალობა:

 

მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. ანუ, იმ დაპირებებით და იმ მოლოდინებით რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში. მოკლედ და ირონიით თუ ვიტყვით, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ ”თუ უფალი სამოთხეს მხოლოდ სიკდილის შემდეგ, იმქვეყნად გპირდებათ, მე ამას ყველაფერს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაგიმკვიდრებთო”! სამოთხის დადგომის გრაფიკიც კი შეგვიდგინა - მისი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი წელი წინაზე საგრძნობლად უკეთესი უნდა ყოფილიყო და სრული ნირვანა უკვე მეოთხე წელს მიიღწეოდა!

 

ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარეა პოლიტიკური მესიჯების მიმართ და მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი უსწრაფესად აისახება მის სიჯანსაღესა და კომფორტზე. ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ ჭირდება! ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, მიუხედავად მისი რანგისა და სტაჟისა, სანამ საკუთარ გადაწყვეტილებას გააჟღერებს ვალდებულია ცხრაჯერ დაუსაბუთოს საკუთარ თავს, რომ ამგვარი განაცხადი არ ავნებს ისეთ სათნო და სუსტ ორგანიზმს, როგორიცაა ქართული ეკონომიკა!

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უაღრესად განმაცვიფრა იმ ფაქტმა, როდესაც ყოფილმა პრემიერმა მისი პირველივე დიდი საერთაშორისო ვიზიტის დროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პატივი აჰყარა ქართულ ეკონომიკას და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქვეყნოდ განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკის წარმატებული და მზარდი ტრენდი ბანალური ფიქცია და მისი წინამორბედების ბლეფიაო! ეჭვიც არ მეპარება, რომ ამგვარი განცხადება მთლიანად პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა და მთლიანად მიმართული იყო მხოლოდ მისი, როგორც მესიის იმიჯის დამკვიდრებისაკენ! მაგრამ, ამგვარი პოლიტიკური ეგოიზმის შედეგი გამოდგა ის, რომ ქართული ეკონომიკის საინვესტიციო კლიმატს ლახვარი ჩაეცა ზურგში! ანუ, თუ ამ განცხადებას ყველასთვის გასაგებ ენაზე გადავთარგმნით, ბიძინამ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს საინვესტიციო და ბიზნეს სამყარო დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება წარმატებული ინვესტიციების გაკეთებაო და მეორე ეტაპის საინვესტიციო ბუმის ნაცვლად მეთოდურად და თანმიმდევრულად შემცირდა ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში და უცხოურმა კაპიტალმა დაიწყო ქართული ეკონომიკური სივრციდან გასვლა. აი ეს არის ჯანსაღი და ადექვატური რეაქცია ბატონო ბიძინა! რეაქცია იმ მესიჯზე რომელიც თქვენ უმაღლესი ტრიბუნიდან გაუგზავნეთ მსოფლიო ბიზნეს სამყაროს!

 

გამომდინარე იქიდან, თუ როგორ და რა ფასეულობებზეა აწყობილი ”ქართული ოცნების” მენეჯერული ვერტიკალი, ქართული ეკონომიკის მდგომარეობის და მისი სიჯანსაღის ძაგება ექოსავით გავრცელდა მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში და მოხდა ქართული ეკონომიკის კოლექტიური გაუპატიურება! მემგონი არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის არცერთი რიგითი დამლაგებელიც კი, რომელმაც არ თქვა, რომ ეკონომიკა როგორც ასეთი საქართველოში არ არსებობს და ის ბიზნესურთიერთობები და ბიზნეს სტრუქტურები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ მთლიანად არიან აწყობილი ძალადობრივ მეთოდებზე, რომლის აფოთეოზი არის ”ლევიოფანი” სახელად ”ელიტარული კორუფცია”. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს უოლსტრიტის ბირჟების მსგავსი ფინანსური ინსტიტუტები, თორემ ეფექტს მეორე დღესვე ნათლად დავინახავდით. როდესაც, ყველა წამყვანი ქართული საწარმოს აქციათა კურსი ”ნაგვისებურ მაჩვენებულს” ჩამოსცდებოდა! ამიტომ, შეფასებები მხოლოდ პროფესიონალი და არაანგაჟირებული ექსპერტების გასაკეთებელი გახდა! თუმცა, ისინიც კი წინასწარმეტყველ კასანდრას მაგონებენ, რომელიც კოცონზე დაწვეს სიმართლის თქმის გამო!

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური სიბეცის გამო ქართულმა ოცნებამ საკუთარი ხელით მოჭრა ის ტოტი რომელზედაც წესით დიდხანს უნდა მჯდარიყო, ანუ ეკონომიკა. ამიტომ, აქტუალური და უდაოა მოწოდება ყველა პოლიტიკოსის მიმართ, რომ ნებისმიერ თქვენს სიტყვას აუცილებლად ექნება ასახვა ეკონომიკაზე, რაოდენ უწყინარი და ნეიტრალურიც არ უნდა გეგონოთ. ამიტომ, ცხრაჯერ დაფიქრდით სანამ პირს გააღებთ! ანუ, ცალსახად ვთანხმდებით, რომ პოლიტიკამ არ უნდა გადაქაჩოს საბანი მთლიანად საკუთარი გვერდების გასათბობად, თორემ როგორც მინიმუმ ფილტვების ანთებას აკიდებს ეკონომიკას. პირიქით, სული უბერეთ და ცივი ნიავი არ მიაკაროთ ბატონებო. თორემ, მაგ პაციენტის მკურნალობას არ ითვალისწინებს თქვენივე ყბადაღებული საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უფასო პოლისი და ძალიან ძვირი დაგიჯდებათ!

 

არა ბატონო ”მეოცნებენო”, მარტო ამ მწარე მაგალითს ვერ დასჯერდებით. ამიტომ, გავაგრძელებ ფაქტების თქვენი ცხვირის წინ ფრიალს:

 

ყველაზე დიდი შეცდომა და პოლიტიკური სიბეცე იყო ის ფაქტი როცა რეფორმების ტრენდზე აწყობილი მზარდი ქართული ეკონომიკა ”გადაალაგეთ”! ანუ, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ მთავარი პოლიტიკური მესიჯის - ”რეფორმების” გაურკვეველი მესიჯით - ”გადალაგებით” ჩანაცვლებას! ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლისთანავე, ბიძინას ივანიშვილის პირიდან დაიბადა ეს უცნაური და არაფრისმთქმელი ახალი მესიჯი - ”გადალაგება”. გახსოვთ, როგორ აქებდა ღარიბაშვილს, რომელმაც შსს-ს რეფორმირება კი არა, გადალაგება მოახდინა: ”ირაკლიმ ბრწყინვალედ გადაალაგა შსს-ო”. და ეს სულ მალე იქცა ახალ უტოპიურ ტრენდად! ნაცვლად რეფორმებისა, დაიწყო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ”გადალაგება”. შედეგად კი, ნაცვლად რეფორმების ახალი, მეორე ტალღისა, რომელიც მასშტაბებითა და ფუნქციური დატვირთვით გაცილებით უფრო ძლიერი, ფუნდამენტალური და კრეატიული უნდა ყოფილიყო, ვიდრე მიშას პირველი ტალღის რეფორმები, მივიღეთ ის მოცემულობა, რომ რეფორმები ფაქტიურად შეწყდა და ჩაიყლაპა ბიუროკრატიული რუტინის ჭაობში! და რა შვა ”გადალაგებამ”? შვა წულუკიანის მავნებლური სავიზო კანონმდებლობა. რომელმაც ფუნდამენტალური პრობლემები შეუქმნა ინვესტიციების შემოდინებას, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის სეგმენტში. იმიტომ, რომ მსხვილ ბიზნესს ”მწვანე შუქს” უნთებს პირადად ბიძინა ივანიშვილი. რაც თავის მხრივ მრავალ სუბიექტურ და ობიექტურ პრობლემებს ქმნის ზოგადად მსხვილი ბიზნესის ჯანსაღ განვითარებაში, რამე თუ პირდაპირ ურტყამს ჯანსაღი კონკურენციის ფუნდამენტალურ პრინციპებს!

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია წარმოქმნილი ტენდენციები სამართლის სფეროში. სასამართლო, ზოგადად სამართალი და მისი აღსრულების ოპერატიულობა და გარდაუვალობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ამკვიდრებს წარმატებულ ტრენდს ეკონომიკაში! ეს არის ყველაზე სენსიტიური თემა იმ მესიჯებში, რომელიც ხელისუფლებისგან ეგზავნება ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნეს საზოგადოებას! ზუსტად სასამართლოს გარშემო უნდა შეიქმნას წარმატების აურა, რომ ეკონომიკა ჯანსაღ რელსებზე გადავიდეს! ამავე დროს, ზუსტად ამ სეგმენტში აქვს ჩაშვებული ხელისუფლებას ყველაზე არამდგრადი და არაპროგნოზირებადი პროცესები და ამიტომაც აგებს ბრძოლას ეკონომიკურ ფრონტზე! თუმცა, მიზეზები კიდევ მრავლადაა. მაგრამ, სასამართლოში და სამართალში არსებული კლიმატი გადამწყვეტია ბიზნესისთვის. უახლესი, ყველაზე მწვავე თემაა მოსამართლეების მაკონტროლებელი ორგანოს ინსტიტუციურ დონეზე შემოღება! ამგვარი გადაწყვეტილება პირველ რიგში შექმნის მოსამართლეების მიმართ არასანდოობის განცდას და ჯერ იმიჯის დონეზე დააზარალებს მათ, ხოლო შემდეგ დამოკიდებულს გახდის ამ მაკონტროლებელ ინსტიტუტზე. დამოკიდებული მოსამართლე კი ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც კი შეიძლება შეეყაროს სამართლის განცდის გრძნობას რიგით მოქალაქეში და მათ შორის ბიზნესს! ასე, რომ პოზიტიური ტენდენციების ნაცვლად საკუთარი ხელით ანგრევთ ბატონებო იმ ფუნდამენტს, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკა! აღარაფერს ვამბობ იმ ყბადაღებულ, გახმაურებულ პოლიტიკურ, თუ არაპოლიტიკურ საქმეებზე, რომლებიც წლებია იჭიმება სასამართლოებში და მოსახლეობას ვეღარ გაურჩევია სად არის სიმართლე და როდის დადგება სამართლიანობა! პირველ რიგში მაინც ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ საქმეებს, რომლებიც აღძრულია მმართველი ძალის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ! ნუ გგონიათ, რომ პოლიტიკა მხოლოდ თავის ნაჭუჭში იხარშება. მას გადამწყვეტი გავლენა აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სეგმენტზე. მთელი მსოფლიო თანამეგობრობა გიმტკიცებთ, რომ დამღუპველ გზას ადგახართ და პოლიტიკური ნიშნით ირჩევთ მსხვერპლს. ან დაუმტკიცეთ დანაშაული და აგებინეთ პასუხი ან საერთოთ შეწყვიტეთ ეს მარაზმი! ნუ ჭიმავთ პროცესებს იმ მიზნით, რომ არჩევნების წინ გამოიტანოთ გამამტყუნებელი განაჩენები და გაზარდოთ საკუთარი ამომრჩევლების რაოდენობა! უფრო მეტს კარგავთ, ვიდრე მოიპოვებთ არჩევნების წინა პერიოდში. რაც მთავარია ამ სიბრიყვით ქვეყანას ავნებთ!

 

ბიზნესისთვის იგივე საფრთხის მატარებელია ეროვნული ბანკისა და მისი ხელმძღვანელობისთვის გამოცხადებული ომი! ბატონმა მეჭიაურმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკისთვის კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის სურვილი მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილებააო. უთქვენოდაც ყველამ იცის, რომ ეს ასეა. მაგრამ, მითუმეტეს თქვენი რანგის პოლიტიკურ ფიგურას განსაკუთრებულად მოეთხოვება პოლიტიკური წინდახედულობა, ბატონო მეჭიაურო! პოლიტიკაში მთიულური და მოხევური პირდაპირობა სამწუხაროდ პოლიტიკური სიბეცეა! ამგვარი ქმედებები კი პირდაპირ ურტყამს როგორც ზოგადად ეკონომიკას და საინვესტიციო გარემოს, ასევე მთელ საბანკო სისტემას, რომელიც ნებისმიერი ეკონომიკის გულსისხლძარღვთა სისტემაა! როგორც მინიმუმ ეკონომიკურ ათეროსკლეროზამდე მიგვიყვანთ ბატონებო..! აქედან კი ინფარქტამდე და ათასგვარ ინსულტამდე ერთი ნაბიჯია!

 

ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური ტენდენციები განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის სურვილით საბოლოოდ და შეუქცევლად განიმტკიცოს ძალაუფლება. მაგრამ, ამ მისწრაფებებს უნდა ჰქონდეს ფუნდამენტალური ჯანსაღი საფუძვლები. თქვენ კი იმასაც ვერ ხედავთ, თუ როგორ ანგრევთ იმ საფუძვლებს, რომელზედაც ზოგადად დგას ძალაუფლება. აი აქ კი მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინსტრუმენტს, როგორიცაა პიარი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყველაზე კეთილშობილური და სასარგებლოც კი ისეა მისაწოდებელი საზოგადოებისთვის, რომ მას წინსვლის და წარმატების განცდა დაეუფლოს. ეს კი პიარ სამსახურების უპირველესი ფუნქციაა! ჩვენ მთავრობას სასარგებლო გადაწყვეტილებების სწორედ და მომგებიანად მიწოდების უნარიც კი არა აქვს, არამც, თუ საეჭვო და არშემდგარი გადაწყვეტილებების! ვინ გყავთ ამ პიარში შეყრილი, საიდან მოიყვენეთ ეს უნიათო და არაფრისმცოდნე პიარშიკების ამხელა კორპუსი?! ერთი სამინისტროს პიარსამსახურის უფროსი მაინც დამისახელეთ, რომელსაც პროფესიონალური განათლება აქვს მიღებული ამ დარგში?! ისევე როგორც ყველგან, ამ სეგმენტშიც დელეტანტები გყავთ შეყრილი ბატონებო! ნუ გგონიათ, რომ წარმატებული ჟურნალისტი წარმატებული ”პიარშიკია”! პრობლემა კომუნიკაციაშიც არის. აბსოლუტურად არ იგრძნობა მუშაობის გენერალური ხაზი და ცენტრალური ტენდენციები პრეს-სამსახურებისა და პიარ სამსახურების მუშაობაში. ანუ, არ არსებობს ცენტრალური ტრენდი. აღნიშნული სამსახურები ხშირად აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციასაც კი ავრცელებენ. გაყარეთ კინწისკვრით ყველა, ბატონებო! შექმენით ერთი ცენტრალიზებული პიარსამსახური მთავრობის შიგნით. დააკომპლექტეთ პროფესიონალი ”პიარშიკებით” და შეიმუშავეთ ერთიანი პოლიტიკა, როგორც სტრატეგიაში ასევე ტაქტიკაში. თუ, მთავრობამ ვერ მოახერხა და პიარის სეგმენტში ვერ გადატეხა წარუმატებლობის ტრენდი, ვერც რეალობაში მოახერხებს ამას და ნებისმიერი რეფორმის, ნებისმიერი დადებითი გადაწყვეტილების მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება უაღრესად დაბალი! საზოგადოებაში, თუ არ დაინერგა წარმატებულობის ტრენდი ყველა მცდელობა ვითარების რადიკალურად შემობრუნებისთვის იქნება ფუჭი. მითუმეტეს, რომ საზოგადოების იმედგაცრუების მუხტი წამოსული ზვავივით იზრდება და არა მარტო თქვენს მმართველობას უქმნის ფატალურ პრობლემებს, არამედ ქვეყანასაც აყენებს გამოუსწორებელ ზარალს!

 

ახლა, კი მინდა გადავიდე უშუალოდ ეკონომიკაზე და მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რომლებიც უფრო თავწაცლილი ქათმის კონვულსიებს მაგონებს, ვიდრე ცოცხალი ორგანიზმის ადექვატურ მოქმედებებს. ნებისმიერი მთავრობის არსენალში არსებობს მრავალი მაკროეკონომიკური ზემოქმედების ინსტრუმენტი, რომლებიც მაქსიმალურად ამცირებს სახლმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ხარისხს და არის უაღრესად ეფექტური, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის დამკვიდრება-განვითარებისთვის. მთავარია სიღრმისეული ხედვა და ფუნდამენტალური ფასეულობების პირუთვნელი დაცვა!

 

ბიზნესის და ეკონომიკის წარმატებულად განვითარებისთვის ნებისმიერი მთავრობის უპირველესი ამოცანაა თამაშის წესების გამჭვირვალე, გრძელვადიანი დამკვიდრება და მისი დაცვა! იდეალური თამაშის წესები არ არსებობს. მაგრამ, ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა და გამჭვირვალეობა. მაშინ, ის თვითონ მოახდენს ამ წესების მიმართ ადექვატურ ადაპტირებას და ამ წესების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურ ეკონომიკას მივიღებთ! ანუ, უპირველეს ყოვლისა ბიზნესისთვის სავალდებულოა სტაბილურობის განცდა გრძელვადიან პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მსხვილი ფინანსური სქემების წარმატებით განხორციელება.

 

მემგონი აღარ არის საკამათო, რომ ქართული ეკონომიკა ზოგადად სერიოზულ კრიზისშია შესული, რისი ნათელი გამოხატულებაც არის სავალუტო კრიზისი, იმპორტისა და ექსპორტის კლება და მრავალი სხვა მახასიათებელი. ამიტომ, მთავრობის წინაშე მდგარი პრობლემები განსაკუთრებულად არის დამძიმებული. ამისათვის საჭიროა ფუნდამენტალური ცვლილებები. მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები და აკადემიურად მივუდგეთ ამ პრობლემებს!

 

პირველ რიგში გარდაუვლად აუცილებელია მთავრობის დღევანდელი შემადგენლობის დათხოვა. რამე, თუ ეს მთავრობა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო ასოცირდება წარუმატებლობასთან. ამ ტრენდის შეცვლა კი ახალი მთავრობის გარეშე შეუძლებელია! მეორე, რაც სავალდებულოა, არის პოლიტიკური ნება იმისა, რომ ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. თუნდაც გასათვალისწინებელი გახდეს უკრაინის მაგალითი და მოსაწვევი გაგვიხდეს უცხოელი სპეციალისტები. თუნდაც, მეორე მენეჯერულ ეშელონში და არა მინისტრებად. ანუ, მენეჯერული რგოლი უნდა დაკომპლექტდეს მელიტოკრატიით! უცხოელებისკენ იმიტომ გამექცა აზრები, რომ ”მეოცნებეებს” უაღრესად მწვავედ უდგათ საკადრო პრობლემები. ანუ, ფაქტიურად არ გააჩნიათ სათადარიგო სკამი! ამ მხრივ გაცილებით უფრო მძიმეა სიტუაცია რაიონებში! აი იქ, კი ნამდვილი კატასტროფაა! გაავსეს სახელმწიფო მენეჯმენტი ”ქოცებით”, რომლებიც მეორე კლასელებსაც ვერ ჯობიან ინტელექტით და განათლების დონით! აღარ ვლაპარაკობ თანამედროვე მენეჯერულ უნარჩვევებზე!

 

მეორე უმთავრესი საკითხი არის ბიუჯეტის ფუნდამენტალური ცვილება, როგორც ხარჯვითი ნაწილის შემცირების მიმართულებით, ასევე პრიორიტეტების შეცვლის მხრივ. თუმცა, ამას მტკიცე პოლიტიკური ნება სჭირდება, რათა პირველ პლანზე გადმოვიდეს ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი ინტერესები და არა ვიწრო პარტიული, აგებული პოპულიზმზე! ანუ, მე პირადად მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პოპულისტური სოციალური პროგრამების შეკვეცა ოპტიმიზაცია, ვიდრე ხარჯვითი ნაწილის ”ქამრების შემოჭერით” შემცირება! ეს ყბადაღებული მესიჯი - ”ქამრების შემოჭერა” თავისთავად კონტრპროდუქტიული და სოციალისტური ლოზუნგია! მის ავტორს საერთოდ ადგილი არა აქვს მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში! რა, ”ქამრების შემოჭერამდე” თავზე იმხობდით ქვეყანას..? ასე გამოდის ამ მესიჯით! ზოგადად, ყოველთვის და ყველა ქვეყანაში ნებისმიერი სოციალური ხარჯები არის ინფლაციური პროცესების ძირითადი კატალიზატორი. მითუმეტეს ისეთი ეკონომიკის პირობებში როგორიცაა საქართველოს ეკონომიკა. მნიშვნელოვნადაა დასაფიქრებელი საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შეჩერების ან ცვლილებების შეტანა მაქსიმალური ოპტიმიზაციის მიზნით. ასევე, ფუნდამენტალურ ოპტიმიზაციას მოითხოვს სოფლის მეურნეობის სტიმულირების პროგრამებით გაწეული საბიუჯეტო ხარჯები. დღევანდელი მოცემულობით მთავრობამ ფაქტიურად სოფლის მეურნეობის სტიმულირება კი არ მოახდინა ამ უზარმაზარი სბიუჯეტო სახსრებით, არამედ მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობის საყოველთაო ბოსტანიზაცია! აქსიომაა, რომ მსხვილი აგროკომპლექსების შექმნისა და განვითარების გარეშე არანაირი წარმატება არ მიიღწევა სოფლის მეურნეობაში. მითუმეტეს, რომ ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მაქსიმალური წილი არ აღემატება მშპ-ს 4-5%-ს. ბიუჯეტის ფუნდამენტალური კორექტირების შედეგად გამონთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრები უნდა მიიმართოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. რომელიც, თავის მხრივ მომყოლი ეკონომიკის დარგების სტიმულირებას მოახდენს და გადაიქცევა ეკონომიკური ზრდის კატალიზატორად. მაგრამ, რად გინდა..? საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრი დააწინაურეს და თბილისის მერად დანიშნეს! არ ჯობდა დედაქალაქი გადაგვეტანა სოფელ კოკში..?! თბილისი მაინც გადარჩებოდა! მოეშვით ბატონებო პოპულიზმს. ეს გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სახელმწიფოზე ადექვატური ზრუნვა!

 

უაღრესად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური საკითხია ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა და ზოგადად ინვესტიციების სტიმულირება. როგორც უკვე ავღნიშნეთ მმართველი პოლიტიკური ძალის ფუნდამენტალური შეცდომების გამო, საინვესტიციო კლიმატი საქართველოში კატასტროფულად გაუარესდა და უცხოურმა კაპიტალმა დაიწყო ქვეყნიდან გასვლა. ეს ტენდენციები განსაკუთრებით შემაშფოთებელ მასშტაბებს ღებულობს მცირე ბიზნესის სეგმენტში. ზოგადად, საგადასახადო ტვირთის შემცირება იწვევს ბიზნესის სტიმულირებას და რეინვესტირების ზრდას. მაგრამ, აქ უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის ტემპები და ზოგადად ეკონომიკური ზრდის ტრენდი. თუ, ქვეყნის ეკონომიკა არ არის ზრდის გზაზე, განიცის სტაგნაციას და შედის კრიზისში, მაშინ საგადასახადო ტვირთის შემცირება კონტპროდუქტიული იქნება და უაღრესად გაზრდის დაწოლას ინფლაციურ პროცესებზე. როდესაც ქვეყანაში ადგილი აქვს სავალუტო კრიზისს, გართულებული ეკონომიკური ტენდენციების ფონზე ნებისმიერი ადექვატური მთავრობა დროებით მაკროეკონომიკურ იარაღად იყენებს გადასახადების გაზრდას, რათა ამოიღოს ქვეყნის ეკონომიკიდან ინფლაციური ფულის მასა და შეამციროს დაწოლა ეროვნულ ვალიუტაზე. ამით მე მინდა ვთქვა, რომ მოგების გადასახადის გაუქმების თემა შეიძლება კონტრპროდუქტიული გამოდგეს მოცემულ სიტუაციაში. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა საკითხის სიღრმისეული, აკადემიურ დონეზე შესწავლა! ამიტომ, მეც შევეცდები უფრო ფართოდ გავშალო ეს საკითხი:

 

ჩემს წინა სტატიებში რამოდენიმეჯერ შევეხე ფისკალურ პოლიტიკას და კერძოდ მოგების გადასახადს. მაგრამ, ამჯერად მინდა რეზიუმირება გავაკეთო. დავიწყოთ იქიდან, რომ მთავრობას ჯერ არც კი ჩამოუყალიბებია თავისი გადაწყვეტილება მოგების გადასახადდთან დაკავშირებით, რეინვესტირების სტიმულირების ჭრილში. ეს მოუქნელობა და არადამაჯერებლობა თავის თავად სისუსტის ნიშანია. გარდა ამისა, პოლიტიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით ”ქოცები” აშკარად აგებენ ”ნაცებთან” დაპირისპირებაში. თავისი მოუქნელობისა და არაოპერატიულობის გამო, რეფორმების თვალსაზრისით ”ნაცები” ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებენ ”ქოცებს” სავალდებულო მოქმედებების გასაჯაროების კუთხით. საკმარისია ”ქოცებმა” რაიმე ცვლილებები ჩაიფიქრონ, რომ ”ნაცები” ამ ცვლილებების ყველაზე ნოყირერ ნაჭრებს თავის ლეიბლს მიაწეპებენ და ”ქოცები” მაშინათვე ხელმოცარულები რჩებიან. მთავრობა ვიწროპარტიული პოპულისტური ინტერესებიდან გამომდინარე ხომ არასოდეს არ გაატარებს იმ ღონისძიებებს რომლის ავტორობაც მინიმალურადაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე მოხდება ამჯერადაც! სანამ ”ქოცებმა” დაამთქნარეს, ”ნაცებმა” უკვე წარმოადგინეს მოგების გადასახადის ტრანსფორმირების პრაგმატული გეგმა. გეგმა, რომელიც წარმატებით იყო ადაპტირებული რიგ ქვეყნებში, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გეგმას მოუწევს თავისი სისწორე დაუმტკიცოს ქართულ ეკონომიკასაც. ანუ, ”ქოცებს” ჯერ არაფერი კონკრეტული არ წარმოუდგენიათ, გარდა გაურკვეველი საუბრებისა. ამიტომ, განვიხილოთ ”ნაცების” პროექტის ავკარგიანობა. რამე, თუ არა მგონია მთავრობამ რაიმე, უფრო უკეთესი შემოგვთავაზოს. უფრო მეტიც, ”ნაცების” ჯინაზე ალბად საერთოდ ჩაკლავენ ამ თემას!

 

ნაციონალური მოძრაობის პროექტით მოგების გადასახადი უნდა ჩანაცვლდეს დივიდენდის გადასახადის ტრანსფორმირებული საპროცენტო განაკვეთით. ანუ, მეწარმე ფინანსურად ანგარიშვალდებული ხდება სახელმწიფოს წინაშე, თუ ის გაიტანს გასანაწილებელ მოგებას დივიდენდის სახით. სტრატეგიული ჩანაფიქრი აქ ნათელი და ცალსახაა - სახელმწიფო ეუბნება მეწარმეს, რომ ”მე არ გამოგართმევ ჩემს კუთვნილ ფულს, თუ შენ ამ თანხას მოიხმარ რეინვესტირებისთვისო”. ბატონებო, ამ საკითხში მთავარია, რომ მეწარმეს აპრიორი ჰქონდეს მოთხოვნილება საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის. არანაირი სატყუარა არ აიძულებს პრაგმატულ მეწარმეს ჩააბრუნოს ფინანსური სახსრები კვლავწარმოებაში, თუ ის ვერ ხედავს საკუთარი ბიზნესის წარმატებული განვითარების პერსპექტივებს. ამისათვის კი ცალსახად საჭიროა ეკონომიკური კლიმატის გაჯანსაღება ყველა მაკროეკონომიკურ სეგმენტში და წარმატებული განვითარების ტრენდის დანერგვა სტაბილურობის განცდის ფონზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ამგვარი წახალისების ინსტრუმენტი გაზრდის საგადასახადო რისკებს ფისკალურ სეგმენტში. ანუ, ყველასთვის გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, ნებისმიერი მეწარმე ამგვარ შეღავათს გამოიყენებს მხოლოდ გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. მაგალითად: ნებისმიერი პრაგმატული მეწარმე, რომელსაც ჰყავს მაღალკვალიფიცირებული ბუღალტერი დაიწყებს გასატანი დივიდენდების ანგარიშვალდებული პირების საქვეანგარიშო თანხებად ტრანსფორმირებას. რაც გამოიწვევს დივიდენდის გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის განოლებას, მაშინ როდესაც მის პატრონს უკვე დახარჯული ექნება ეს თანხები პირადი ინტერესებისთვის. ან მეორე ვარიანტი: მეწარმეები დაიწყებენ შვილობილი იურიდიული პირების შექმნას, რომელთაც სამეწარმეო მიზნებისათვის ავანსად გადაუხდიან დივიდენდის სახით მისაღებ თანხებს, შექმნიან რეინვესტირების იმიტაციას და ბიუჯეტი ყოველგვარი ეფექტის გარეშე დაკარგავს მისაღებ თანხებს. ანუ, პროფესიონალი ბუღალტრისათვის არ არის რთული ამ შეღავათის ხარჯზე გადასახადებისგან თავის არიდება. ამით, პირველ რიგში მინდა გითხრათ ისევ და ისევ ის, რომ ნებისმიერ მეწარმეს უნდა ჰქონდეს ობიექტური და რეალური მოთხოვნილება საკუთარ ბიზნესში რეინვესტირებისა. ანუ, ქვეყნის ეკონომიკაში აღმასვლისა და განვითარების ტრენდის დანერგვის გარეშე ამგვარი საგადასახადო შეღავათები კონტრპროდუქტიული იქნება. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ფისკალურ მენეჯმენტში აღნიშნული ცვლილებები შეიძლება გადაიქცნენ ადმინისტრირების აქილევსის ქუსლად!

 

გარდა ამისა ყველას ავიწყდება, რომ იმ ”სისხლიანი ცხრა წლის” შედეგად მიღებულ იქნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კანონი, რომელიც მართლა ახალისებს რეინვესტირებას ეკონომიკაში. ეს არის საგადასახადო კანონი კაპიტალური ხარჯების გამოქვითვის წესის შესახებ. ანუ, ნებისმიერ მეწარმეს მიეცა უფლება 100%-ით გამოქვითოს გაწეული კაპიტალური ხარჯები იმ საანგარიშო პერიოდშივე, რომელშიც იქნა გაწეული ამგვარი ხარჯი. აღნიშნული გამოქვითვის წესით ხელისუფლებამ ცალსახად უთხრა მეწარმეს, რომ სანამ შენ არ ამოიღებ ინვესტირებულ თანხებს მე მოგების გადასახადს არ გადაგახდევინებო. ასე, რომ ნებისმიერი მეწარმე დაუბეგრავად იღებს უკან იმ თანხებს, რომლებიც ჩადებული აქვს საკუთარ ბიზნესში. ხოლო ჩააბრუნებს თუ არა მეწარმე ამოღებულ თანხებს უკან ეს უკვე ობიექტურ პირობებზეა დამოკიდებული და არა სატყუარებზე. ასე, რომ ამ ახალი ცვლილებებითაც კი ვერ ჯობნიან მიშას და მისი რეფორმების ეფექტს! ზუსტად ამიტომ მოგმართავთ ბატონებო, რომლებიც რაიკომის მდივნებს დაემგვანეთ მთავრობაში: ხსნა ფუნდამენტალურ კრეატიულ ცვლილებებშია!

 

აქვე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ რეალურ მოტივზე, თუ რატომ დაიწყო მთავრობამ ამ თემის წამოწევა:

 

საქმე იმაშია, რომ სქართველოს ეკონომიკა 80-85%-ით მთლიანად იმპორტდამოკიდებულია. ანუ, როგორც ვაჭრობაში, ისე წარმოებასა და კვლავწარმოებაში უდიდესია იმპორტირებული საქონლის წილი. ანუ, საწარმოთა უმრავლესობა ხარჯებს გასწევს უცხოურ ვალიუტაში. ზუსტად ასეთ მოცემულობაში სავალიუტო კრიზისმა და ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ უაპელაციოდ შეჭამა მოგების გადასახადის, თუ სრული მოცულობა არა, მისი ლომის წილი მაინც. საქმე ეხება საბუღალტრო აღრიცხვის წესებს, კურსთაშორისი სხვაობების ბალანსში ასახვას, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელსაც საანგარიშო პერიოდში უწარმოებია სავალუტო ოპერაციები, შესყიდვის მიზნით გამოქვითავს ხარჯებში ლარის კურსის ვარდნით მიღებულ ზარალს. რაც, გარდაუვლად შეჭამს მისი მოგების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას და საწარმოთა უდიდესი უმრავლესობა საანგარიშო პერიოდში გავა ზარალზე. ზარალი კი თავის მხრივ გადაიტანება შემდეგ საანგარიშო პერიოდებში მისი სრული ამოღების მიზნით. ე.ი. მიღებული ”შოკუნიების” გამო საქართველოს ბიუჯეტი მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების გარეშე დარჩება როგორც 2015 წლის შედეგებით, ასევე მნიშვნელოვანწილად მომდევნო რამოდენიმე წლის მანძილზე. ანუ, მთავრობას ისედაც უკვე დაკარგული აქვს ამ გადასახადით მისაღები შემოსავლები და როდესაც წამოწია საკითხი მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ, პირველ რიგში ეს იყო მოტივირებული აღნიშნული ეკონომიკური კრახის დამალვის მოტივით და ყველა დანარჩენი მოტივი უკვე მეორეხარისხოვანია! თუ, მთავრობა მოახერხებს მოგების გადასახადის რაიმე გზით გაუქმებას ან ტრანსფორმირებას, მაშინ ის ყოველთვის შეეცდება გაიმართლოს თავი ამ ცვლილებებით, რომლებიც ვითომ და მოტივირებული იყო საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებით. ანუ, ფაქტიურად საქმე გვაქვს ფინანსთა სამინისტროს ბანალურ ვირეშმაკობასთან. რომელიც ცდილობს ერთი ადგილი მოუსუფთაოს მთავრობას, არჩევნების წინ! რამე, თუ საწარმოთა უმრავლესობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უკვე დარჩენილია მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გარეშე. აი ეს შედეგი გამოიღეს ”შოკუნიებმა”! თქვენ რა გითხარით ბატონო ბიძინა ამ ქაღალდის ჭია ხადურის ფინანსთა მინისტრად დანიშვნისათვის..! როგორი აღფრთოვანებით გვახალა ქაღალდზე დაფიქსირებული უმუშევრობის კლება..!? თურმე 10-დან 9 მოქალაქე დასაქმებული ყოფილა საქართველოში. ეტყობა საკუთარ გარემოცვას გულისხმობდა ”მეამიტი”!

 

ბატონო ქვეყნის მმართველებო, თუ თქვენ ნამდვილად მომართული ხართ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად, მაშინ უფრო ფუნამენტალურ ცვლილებებზე უნდა გვესაუბრებოდეთ, ვიდრე არის ცვლილებები მოგების გადასახადში. და ამ ცვლილებებს, ცნობისათვის ქვია ფუნდამენტალური რეფორმების ახალი ტალღა, რომლებიც დაფუძნებული იქნება პროგრესული ქვეყნების ფასეულობებზე და გამოცდილებაზე. რეფორმები რომლებიც დამყარებულია ოპტიმიზიაციის ამოცანებზე! აი ეს უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ლეიტმოტივი! მეტი დემოკრატია, მეტი გამჭვირვალობა, მეტი სამართალი და მეტი კრეატიულობა. ეს არის ის ოთხი ბურჯი რომელზედაც დგას ნებისმიერი ქვეყნის ჭეშმარიტი წარმატება!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია