მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს - მძიმე ზაფხული

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-06-2015, 21:35 | კომენტარები | ნანახია - 2971


დავით მესხიშვილი

 

ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებმა 30%-ით მოიმატა, ასევე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც.

 

"ზაფხულის პერიოდის დადგომასთან ერთად, საგზაო მოძრაობა უფრო ინტენსიური გახდა და რეგიონებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ იმატა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ფატალურად და მძიმე ტრავმებით დასრულდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების, ახალგაზრდების ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მრავალი ქართული ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა. რამდენიმე ფაქტის გახსენებაც საკმარისია სამწუხარო რეალობის წარმოსადგენად: 21თებერვალს აგარა-გომის მონაკვეთზე-გარდაიცვალა დედა და 2 ჩვილი ბავშვი; 21 მაისს ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტო-ავარიის შედეგად; 25 მაისს ორი ბავში და ერთი ქალბატონი დაიღუპა სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაზე, სოფელ ჭალადიდში; 28 მაისს კახეთში ავარიის შედეგად სკოლის 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაშავდა; 29 მაისს, დაბა ჩაქვში, ავტო-ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი".

 

ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზებია: გადაჭარბებული სიჩქარე, მგზავრების გადაყვანის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაუცველობა, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაბალი კულტურა, მეორადი და ადგილობრივი დანიშნულების გზებზე არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურა და პოლიციის მიერ კანონონის არასრულფასოვანი აღსრულება.

 

ჩვენ, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ორგანიზაციები, მივმართავთ აღმასრულებელ ხელისუფლებას: 1. გამკაცრდეს სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე და ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე, პოლიციამ აღასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები; 2. დაევალოს რაიონულ მუნიციპალიტეტებს ქვეითად მოსიარულეთათვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; 3. საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს ჩაუტარდეთ რეალური ტექნიკური დათვალიერება და დაიწყოს ციფრული ტაქოგრაფების გამოყენება. 4. მოხდეს სახიფათო ადგილების იდენტიფიცირება და ავარიის გამომწვევი მიზეზის დეტალური ანალიზი, რის შემდეგაც საჭიროა დაიგეგმოს პრევენციული ხასიათის ღონისძიებები. 5. დაიგეგმოს PR-კამპანია, მომზადდეს და განთავსდეს სატელევიზიო ეთერში სოციალური რგოლი სიჩქარის გადაჭარბებისა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის კატასტროფული შედეგების შესახებ".

 

სრულიად გაუგებარია ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები. არჩევნების შემდეგ მალევე, ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და რიგ დარღვევებზე ანახევრებს ჯარიმებს, მათ შორისაა სიჩქარის გადაჭარბებაც. ამის მთავარ მიზეზად კი მოსახლეობის სოციალური პირობები დასახელდა (?!). გასაკვირია, რა შუაშია სოციალური პირობები? ეს ხომ არ არის ელექტროენერგიის ან სხვა ტიპის სავალდებულო კომუნალური გადასახადი, აქ სიტუაცია გაცილებით მარტივია, არ არღვევ-არ იხდი. არადა სიჩქარის გადაჭარბება და უწყვეტი ხაზის გადაკვეთა დარღვევების იმ კატეგორიას განეკუთვნებიან რომელთა შედეგიც ლეტალურია. ერთი შეხედვით მძღოლების მიმართ გამოჩენილმა „ლოიალურობამ“ და ჯარიმების განახევრებამ მოგვცა უკუშედეგი: 30%-ით გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევები და დაშავებულები. სამწუხაროდ ყველაზე მეტად ზარალდება საზოგადოების სოციალურად აქტიური ჯგუფი, ახალგაზრდები.

 

„კანონი იმიტომ არსებობს, რომ დაარღვიო“ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამონათქვამია, ზოგიერთისთვის კი საყვარელიც. ქვეყნის უნიათო ხელმძღვანელობასთან ერთად პრობლემას თითოეული ჩვენთაგანიც ქმნის. შესაბამისად პრობლემის დაძლევის გასაღები ძირითადად, მაინც ჩვენს ხელშია.

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის არარსებობამ მიგვიყვანა ურთულეს პრობლემებამდე, რომელთა გადაჭრაც, რაც დრო გადის უფრო და უფრო რთულდება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგეს საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა პრაქტიკულად უმოქმედოა და ის მხოლოდ გადაზიდვების ნებართვების გამცემი განყოფილების ფუნქციას ასრულებს, თუმცა საკითხავია ამ საქმესაც როგორ აკეთებს.

 

ასე, რომ მეგობრებო დიდი სიფრთხილე გვმართებს. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით:

 

• შორ გზაზე მგზავრობის წინ შეამოწმეთ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა;

• ბავშვის გადაყვანისთვის გამოიყენეთ სპეციალური სავარძელი, რომელიც უნდა დამაგრდეს უკანა სავარძელზე;

• არ იმგზავროთ ნაბახუსევ მდგომარეობაში;

• არ გადააჭარბოთ სიჩქარეს;

• გამართეთ მაშუქი-სანათი მოწყობილობები;

• თან იქონიეთ სააფთიაქო ჩანთა, ცეცხლმაქრი;

• იმოძრავეთ ფრთხილად განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებში და გზა დაუთმეთ ქვეითად მოსიარულეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ და ვაცხადებთ: მზად ვართ ჩავერთოთ პრობლემის გადაჭრისთვის დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში!

 

მიმართვა ღიაა საზოგადოების ყველა წარმომადგენლისათვის და მას ხელს აწერს შემდეგი ორგანიზაციები: ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“; „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“; „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“; თბილისის ტრავმაი; „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“; „იარე ფეხით“; საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია