მმართველი პოლიტიკური ძალა კორუფციას ინსტიტუციურ დონეზე აკანონებს!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-06-2015, 15:34 | ეკონომიკა | ნანახია - 2333

დავით ნებიერიძე

 

დასაწყისისთვის პატარა შესავალი მინდა გავაკეთო, სადაც შეძლებისდაგვარად მარტივად და მოკლედ შევეცდები კორუფციის შინაარსისა და სტრუქტურის განმარტებას. რამე, თუ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას იგი, მხოლოდ ქრთამის აღებ-მიცემა ჰგონია და ჯოკია ბოდოკიას დონეზე აქვს დაყვანილი საკუთარი წარმოდგენები!

 

კორუფცია ეს არის უზარმაზარი მონსტრი, რომლის სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცე ორი ძალიან დიდი ნაწილისაგან შედგება. პირველი და უფრო მცირე, არის ის სივრცე სადაც უშალოდ იქმნება ისეთი საშუალებები, რომლეთა გამოყენებითაც ხდება როგორც ქრთამის აღება და გაცემა, ასევე მრავალი სხვა უკანონო შემოსავლების მიღება. ამ სივრცის არსებობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მასაზრდოებელი წყაროები არიან მაქსიმალურად გაუმჭვირვალე და საზოგადოების კონტროლს მოკლებული ბიზნეს და საზოგადოებრივი ურთიერთობები. გარდა ამისა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფასეულობებს, რომელთა საფუძველზეც წარმოიქმნება ზემოთ ნახსენები ურთიერთობები. ანუ, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით საზოგადოებაში და მის სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩნდება გარდაუვალი მოთხოვნილება უკანონო ფულად-მატერიალური ურთიერთობების დამყარებისათვის. ამ სივრცესთან ბრძოლისა და მისი ეფექტურად განადგურებისთვის რამოდენიმე მძლავრი სოციალურ-პოლიტიკური ინსტრუმენტი არსებობს. განსაკუთრებით ძლიერი და გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუციების არსებობის პირობებში. მათ შორის, ძლიერი და ეფექტური სამართალდამცავი ორგანოები. მაგრამ, ეს ინსტრუმენტი არ წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას. ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები დევს სწორი ადმინისტრირებისა და მაქსიმალური დერეგულაციების სიბრტყეში. ანუ, როდესაც ნებისმიერი მოქალაქე შეუფერხებლად იღებს სახელმწიფოსგან იმ მომსახურეობის პაკეტებს, რომელიც მას კანონით ეკუთვნის. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ, რომ თუ, შევარდნაძის დროს რაიმე ცნობის მისაღებად საჭირო იყო ათი სხვადასხვა ცნობის მოტანა და ყოველ ცნობაში კონკრეტული ოდენობის ქრთამის გადახდა და ეს დაკანონებული იყო სახელმწიფო რეგულაციების მაქსიმალური სიუხვით; ძალისმიერი მეთოდებით მასთან ბრძოლა ნაკლებად ეფექტური იყო. გადამწყვეტი გახდა დერეგულაციისა და სწორი, გამჭვირვალე ადმინისტრირების მექანიზმების დანერგვა. რომელთა ერთობლიობამ პირველ რიგში გააუქმა იმ ათი დამატებითი ცნობის მიტანის აუცილებლობა, რომლის საფუძველზეც გაიცემოდა ის ერთი, მოქალაქისათვის საჭირო ცნობა! ანუ, ამგვარი გადაწყვეტილებით, ერთი ხმლის მოქნევით მოისპო კორუფციული სივრცის ცხრა მეათედი. ასე მოკლედ შევეცადე ყველასთვის გასაგებ ენაზე ამეღწერა კორუფციული სივრცის პირველი შემადგენელი ნაწილი. მაგრამ, გაცილებით უფრო დიდი, რაფინირებული და გაცილებით უფრო დიდი დატვირთვის მატარებელია მეორე ნაწილი:

 

ეს არის სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს უკანონო გზით მიღებული შემოსავლების (მათ შორის ქრთამის სახით) ”გათეთრებას”, ანუ ლეგალიზაციას. თუ, ეს სეგმენტი არ იქნება გამართული და მაქსიმალურად ადაბტურებული შექმნილ მოცემულობაზე, უკანონო შემოსავლების მიღება, მათ შორის ქრთამის სახით, გახდება უაღრესად არაეფექტური! ზოგადად, მექრთამეობა დაძლეულად ითვლება იმ ქვეყნებში და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების იმ სივრცეში სადაც ამგვარი კანონდარღვევები არაეფექტურია და მოქალაქისთვის გაცილებით მომხიბვლელი და ფინანსურად მიზანშეწონილია გამჭვირვალე, პატიოსანი ცხოვრების წესით ცხოვრება! ამიტომ, კორუფციასთან ბრძოლა და ამ პროცესში ფუნდამენტალური გარღვევა იწყება მაშინ და იმით, როდესაც სახელმწიფო პირველ რიგში ინსტიტუციურ დონეზე მაქსიმალურად ზღუდავს უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის საშუალებებს! აი ზუსტად ამგვარი სისტემის სრული ანტიპოდი ხდება მმართველი პოლიტიკური გუნდი და მთავრობა საქართველოში!

 

მომიტევეთ, თუ მნიშვნელოვნად გამიგრძელდა შესავლის ნაწილი. უბრალოდ, აუცილებელია ყოველმა მოქალაქემ იცოდეს რაოდენ ღრმა ფესვები და რთული სტრუქტურა აქვს კორუფციულ სივრცეს. ახლა, კი მინდა გადავიდე ჩემს ძირითად და უაღრესად საგანგაშო სათქმელზე, რომელიც იმედია უაპელაციოდ დაგანახებთ რაოდენ დიდი კატასტროფის წინაშე დგება საქართველოს სახელმწიფოებრიობა მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ეგრედწოდებული ”მთის მინისტრის” გეგმის განხორციელების შედეგად:

 

როდესაც მედიასაშუალებებიდან შევიტყვე მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან მთის მინისტრის ახალი ინსტიტუტის შემოღების შესახებ, პირველად გულიანად ვიხალისე და ვიცინე. კონტექსტიდან ამოგლეჯილად ეს განზრახვა მორიგ, კომუნისტური მეთოდებით ქვეყნის მართვის სურვილად ჩაუთვალე. ყოველი ასეთი არაეფექტური და უგუნური განზრახვის შემდეგ, უკვე ნიძლავებს ვდებთ, რომ ამაზე მეტად უკვე ვეღარ გაგვაკვირვებენ ”ქოცებიო” და ყოველ ჯერზე ვტყუვდებით! დავიწყეთ დაცინვა ქილიკი და შაყირი...! რა აღარ ვუწოდეთ ”ქოცების” ამ ახალ განზრახვას და რა ეპითეტით არ შევამკეთ. ყველაზე ძალიან მომეწონა ვერსია მთისა და პიტალო კლდეების სამინისტროს შექმნის შესახებ! თან გულიანად ვიცინოდით..! მაგრამ, ამ სიახლის ინიციატორებმა გააკეთეს თუ არა პირველი და თუნდაც მცირედი განმარტებები, ამ გეგმის ირგვლივ, ყველაფერი ლოგიკურ ჯაჭვში ჩაჯდა და შეშფოთებისგან მე პირადად თმები ყალყზე დამიდგა! სანამ განმარტებების ნაწილზე გადავალ აპრიორი მინდა გავაკეთო განცხადება, რომ მაქვს ლეგიტიმური და თითქმის უტყუარი ეჭვი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა კორუფციას ინსტიტუციურ დონეზე აკანონებს! ყოველ შემთხვევაში, საკმარისია ჩავიხედოთ უახლეს ისტორიაში (ედუარდ შევარდნაძის ეპოქაში), გადავავლოთ თვალი მსოფლიოში არსებულ კორუფციულ ხვრელებთან ბრძოლის მეთოდოლოგიას, რომ ეჭვის საფუძველიც არ დარჩება და კატასტროფის მოლოდინი ცხადი შეიქმნება!

 

აღნიშნული ინიციატივის ავტორებმა გააკეთეს მცირედი განმარტებები საკუთარ წამოწყებასთან დაკავშირებით და ცვლილებების მთავარ ქვაკუთხედად გამოყვეს განზრახვა მთლიანად გაანთავისუფლონ მთის ზონა საგადასახაო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადებისგან! ამ კოშმარის განცდის გრძნობა განსაკუთრებით გაგიძლიერდებათ და ყველაფერი ნათელი გახდება, თუ ყველაფერს ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივყვებით. მემგონი აღარავისთვის აღარ არის დაფარული, რომ მთავრობა კომუნისტური მმართველობის ინსტრუმენტების შემოღების ფონზე მეთოდურად უტევს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობას და მეთოდურად ანადგურებს ანტიკორუფციულ ფილტრებს, რომლებიც თავის დროზე ჩაიდო სახელმწიფოს ინსტიტუციურ მშენებლობაში. ამის ყველაზე ნათელი ბოლოდროინდელი გამოხატულებაა ”ქოცების” შეუვალი სურვილი მაქსიმალურად ჩამოაცილონ პრივატიზაციის პროცესს ქალაქ თბილისის საკრებულო. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო ტენდერებში ტოტალურად გამეფებულ გაუმჭვირვალობაზე, სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე, კონტროლის მექანიზმების მოსპობაზე და ნელ-ნელ დამკვიდრებულ დაუსჯელობის განცდაზე - ”სანამ ჩვენი დროა უნდა მოვასწროთ მაქსიმალურის შოვნაო”! ამით დაიწყო ბატონმა გუბაზ სანიკიძემ, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ლეგიტიმურად მოსვლამდე და იგივე ტენდენციები გრძელდება და მძლავრდება დღესაც. შედეგად კი მივიღეთ ბოდოკიები და მრავალი სხვანნი, მასზე უფრო მაღალი მდგომარეობის მქონე და ძლიერი სახელმწიფო მოხელეები! მაგრამ, ახლა მთის სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტის შემოღებითა და მთის ზონაში უპრეცენდენტო საგადასახადო პრეფერენციების შექმნის გზით, მმართველი ძალა ინსტიტუციურ დონეზე ფართოდ გაუღებს კარს ტოტალურ კორუფციას! რამეთუ ამგვარი ცვლილებები იქნება კრიმინალური ფულის ლეგალიზების ყველაზე იაფი ინსტრუმენტი! ანუ, შექმნის საქართველოს საგადასახადო სივრციდან ამოგდებულ ”შავ ხვრელს” რომელშიც უპრობლემოდ და თავისაუტკივებლად გაირეცხება ყველა მოცულობისა და წარმოშობის ”ჭუჭყიანი” ფული! ამ ყველაფერს კი იმპლემენტაციის მიზნებისათვის სათავეში ჩაუყენებენ ოდიოზურ მთის სახელმწიფო მინისტრს! ეჭვიც არ მეპარება, რომ ვიზუალითა და ჰაბიტუსითაც, კი ეს პიროვნება მოგვაგონებს გაზულუქებულ რაიკომის მდივანს! მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სიტყვაც არ დასცდენიათ, თუ ვინ იქნება ეს პიროვნება!

 

მერწმუნეთ, როგორც უკვე ვთქვი და კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ, რომ ამ სიახლის მთავარი მიზანი ნებით თუ უნებლიედ არის საგადასახადო შავი ხვრელის შექმნა, რომელიც შეისრუტავს და გაათეთრებს ნებისმიერ უკანონო შემოსავალს და ფანტასტიურად გაამდიდრებს მის შემომქმედებს! თანამოქალაქენო, გიცხადებთ, რომ თუ მმართველ პოლიტიკურ ძალას მივეცით ამ განზრახვის განხორციელების საშუალება, მაშინ შევარდნაძის ეპოქაც კი სანატრელი გაგვიხდება! თვალსაჩინოებისათვის კი წარმოგიდგენთ ყველაზე მარტივ და უტრირებულ მაგალითს:

 

ნებისმიერი პრაგმატული, მაგრამ ბინძური განზრახვების მქონე მოქალაქეც და არარეზიდენტი პირიც კი სულ რაღაც 1000 ამერიკულ დოლარად, მთის ზონაში იყიდის მივარდნილ ქოხს. ჩაეწერება იქ და ამავე მისამართზე დაარეგისტრირებს თუნდაც ყველაზე მარტივი იურიდიული ფორმის მქონე საწარმოს. აღნიშნულის შედეგად იგი ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე გახდება აღნიშნული საგადასახადო შეღავათების სრულყოფილი ბენეფიციარი! ანუ, იგი კბილებამდე ხდება შეიარაღებული იმ კორუფციული ინსტრუმენტებით, რომლებიც თავის აუტკივლებლად მისცემს საშალებას ეკონომიკურ და საგადასახადო ჩრდილში შეიყვანოს ნებისმიერი ოდენობის ”ჭუჭყიანი” ფული და მოახდინოს მისი იაფი გათეთრება და იაფი ლეგალიზება! ანუ, პირველ რიგში, კორუფციულ ჭაობად გადაიქცევა ის სივრცე, რომელიც გამოსულია საგადასახადო ტვირთიდან და პატიოსან გადამხდელთან შედარებით გაცილებით იაფი უჯდება შემოსავლების ლეგალიზება. ეს აქსიომაა და არავითარი საჭიროება არ არის პასუხებისთვის მკითხავთან წასვლა!

 

კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის ნათელი მაგალითია ის ზოგადი ტრენდი რომელიც სულ უფრო მკაფიოდ მკვიდრდება მსოფლიო ეკონომიკაში, ოფშორული ზონების შეზღუდვისა და მოსპობის გზით! რამე თუ, ჩრდილოვანი ეკონომიკური ზონები, რომელთა გამჭვირვალობის ხარისხი არის უაღრესად დაბალი და არაკონტროლირებადი, ფუნდამენტალურ საფრთხეებს უქმნის მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს. მსოფლიო თანამეგობრობამ შვეიცარული ბანკებიც კი აიძულა მაქსიმალურად გამჭვირვალე გაეხადა საკუთარი საქმიანობა და მოესპო ჩრდილოვანი საბანკო ანგარიშები! და დღეს, ყველაფერ ამის ფონზე საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნას ესოდენ უზარმაზარი ფინანსური შავი ხვრელი. ამ ინიციატივის მესვეურნო, ბატონებო, ნებით თუ უნებლიედ, წინასწარი განზრახვით, თუ არა, მიზანმიმართულად თუ სიბრიყვით, ამგვარი ღონისძიებების იმპლემენტაციით თქვენ გარდაუვლად უთხრით ძირს საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს ყოველგვარ მომავალს და ისტორიაში შეხვალთ საქართველოს პოსტრეფორმისტული ეპოქის კორუფციის მამების სახელით!

 

ლიბერალური ეკონომიკის წარმატებული მოდელისათვის დაუშვებელია მისი რეზიდენტების გამორჩევით, საგადასახადო შეღავათებით დაჯილდოება! ეს საფუძველშივე კლავს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე ეკონომიკის იდეას! თუ გინდათ, რომ ჭეშმარიტად დაეხმაროთ მთას, მაშინ მოეშვით ამ მარაზმს და შეიმუშავეთ ჯანსაღი და მაღალეფექტური სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები და ნუ გადააქცევთ ისედაც გავერანებულ მთას კორუფციის ჭაობად და ფინანსურ ”ბერმუდის სამკუთხედად”!

 

არავითარი გამონაკლისები სახელმწიფოს ფისკალურ პოლიტიკაში! აი ეს უნდა იყოს დღევანდელ მოცემულობაში მთავარი ლოზუნგი! გინდათ ეკონომიკისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირება..? შეამცირეთ ყველასათვის! „ნო პასარან“ – ვერ გაგვტეხავთ, ვერ გაგვაჩუმებთ!

 

თუ, ამ ჩემი მცდელობით მოხერხდება მთელი საზოგადოების დარაზმვა, რომ ავაცილოთ ქვეყანას კორუფციული ჭაობი, მაშინ მე ვიქნები ამაყი, რომ მოვახერხეთ ”შავი ძალების” კრაზანების ბუდის დაწიოკება! თუმცა, იმდენად შავბნელი და პრიმიტიული აზროვნებისაა ეს ”შავი ძალები”, რომ სავსებით რეალურია მათი რისხვის საშიშროება! მაგრამ, მიუხედავად ამ გარემოებისა, მაინც გეტყვით, რომ არ შეგიშინდებით..! ამიტომ, ყველანაირად ვეცდები ჩვენს პროტესტს მივცეთ მაქსიმალური საჯაროობა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია