Вах, Одесса!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-06-2015, 21:27 | პოლიტიკა | ნანახია - 2745

Вах, Одесса!

 

ზურაბ კვაჭაძე

 

ამ მცირე ხნის წინ ფეისბუქის ჩემს ერთ-ერთ პოსტზე ოდესის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა ქართულ ენაზე "დაუკომენტა" და იქვე რუსულად ერთგვარი ირონიით დაამატა - "როგორც ვხედავ ქართულის სწავლა მოგვიწევსო". ალბათ მიმიხვდით სტატიის შინაარსს - ოდესა მიხეილ სააკაშვილის წესებით იწყებს ცხოვრებას, იმ წესების მიხედვით, რომელმაც ოდესის და მთელი ოლქის მოსახლეობის მეტი ნაწილის მოლოდინით რეგიონს აყვავება, კორუფციის დამარცხება, ინვესტიციები, ტურიზმის განვითარება, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და გამარტივებული სახელმწიფო სერვისები უნდა მოუტანოს. თუმცა ამისათვის ქართულის სწავლა სულაც არ არის საჭირო. უფრო ალბათ სტერეოტიპებისგან განთავისუფლება და ახლებურად აზროვნებაა საჭირო, ისევე როგორც ეს საქართველოში მოხდა 2003 წელს.

 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ოდესაში გუბერნატორად გამწესება ზოგმა ძლიერ სვლად, ზოგმა კი ექს-პრეზიდენტის "ჩამოლაბორანტებად" მიიჩნია. საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ კი ეს ნაბიჯი მას ლამის სამშობლოს ღალატად ჩაუთვალა, იმ სამშობლოს ღალატად, საიდანაც მას ფეხი ამოაკვეთინეს, თანამოაზრეები დაუჭირეს და თვითონაც დღემდე დასაჭერად დასდევენ დასავლეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად. არ დაიზარა და საერთო კრიტიკას სიტყვა მუდამ გაუგებარ პოზიციაზე მყოფმა საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც შეაწია, რომელმაც მ. სააკაშვილს ოდესაში გადასახლება გარდა იმისა რომ არ მოუწონა, მას "პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაში" და უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი. თავად კი ის ავიწყდება, რომ სააკაშვილის აშენებულ სასახლეში ცხოვრებით პირველი მოქალაქის ისეთი რისხვა დაიმსახურა, რომ თავად აქვს საქმე გამოსასახლებლად, თანაც ისე, რომ სულაც არ გახსენებია ვინმეს იგივე პრეზიდენტის იგივე ინსტიტუტის პატივისცემა.

 

თუმცა დავანებოთ თავი გასაოცარ ქართულ დემოკრატიას (უფრო კი უმწიფარ და შეუმდგარ ქართულ პოლიტიკურ კულტურას) და მცირე ხნით ოდესაში გადმოვინაცვლოთ. იუმორის დედაქალაქად აღიარებული ოდესა სააკაშვილსაც ჩვეული იუმორით დახვდა და ცნობილი ოდესური ჰიტი უკვე ქართული ინტერპრეტაციით აამღერა - Вах, Одесса, - ამას მხოლოდ ოდესელები თუ მოიფიქრებდნენ. თუმცა ამასაც არ დასჯერდნენ და მთელი ქალაქი აჭრელებულია ბილბორდებით "Мишка, ты одессит!". მსურს ხაზი გავუსვა, რომ ასეთი ხაზგასმული სითბოთი ოდესა არცერთ გუბერნატორს არ დახვედრია. ყოველ შემთხვევაში 1990 წლიდან.

 

ოდესა, ისევე როგორც უკრაინა (და ალბათ საქართველოც) შოკშია - ვერავინ იფიქრებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური მომავლისათვის ასეთ სარისკო ნაბიჯს გადადგამდა - ჩაუდგებოდა სათავეში უკრაინის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ეთნიკურად ყველაზე ჭრელ, კრიმინოგენურად ერთ-ერთ "მოწინავე" და კორუფციაში ერთ-ერთ ყველაზე ჩაძირულ რეგიონს. თუმცა ამ ოლქის მთავარი რისკ-ფაქტორი მაინც პოლიტიკურია - ოდესა პუტინის რუსეთისათვის ლუგანდონიის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და ალბათ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ სააკაშვილის დანიშვნის მთავარი მიზეზი.

 

დღეისათვის ოდესა თუ უკრაინის ნაწილია, ამაში დიდი დამსახურება თავად ოდესელებს მიუძღვით, რომლებმაც ეს ქალაქი, არაერთი სისხლიანი პროვოკაციის მიუხედავად, უკრაინას დღემდე "შეუნარჩუნეს". ახლა კი საჭიროა, რათა სახელმწიფომაც იზრუნოს ოლქის (და ამით მთლიანად ქვეყნის) უსაფრთხოებაზე, მით უმეტეს, რომ შემოდგომაზე უკრაინაში დანიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოდესის ოლქი კი, რომელიც ესაზღვრება პოტენციურად ფეთქებადსაშიშ სეპარატისტულ ე. წ. დნესტრისპირეთს, ერთ-ერთი საკვანძო რეგიონი იქნება ამ არჩევნებზე (ოდესის ოლქი დაახლოებით საქართველოსხელა რეგიონი კი არის - 24 რაიონითა და თითქმის 3 მილიონიანი მოსახლეობით) და დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ხალხის და ადმიანური რესურსების იმგვარად მომართვა, რომ უკრაინამ არ მიიღოს პრორუსული ადგილობრივი არჩევითი ორგანოები ოდესის რეგიონში. ამის საფრთხე კი მუდმივადაა, "ვატნიკები" აქ უამრავია და დღეს თუ ჩუმად არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროს ელოდებიან. სხვას რომ თავი დავანებოთ, კრიმინალური წარსულის მქონე ოდესის ამჟამინდელი მერი გენადი ტრუხანოვი ცნობილი პრორუსია და არჩევნებშიც, როგორც ამბობენ, სწორედ რუსული ფულით გაიმარჯვა. გავიხსენებ ერთ, ბევრისათვის უცნობ და მრავლისმთქმელ ფაქტს - 2009 წლის 8 აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომის წლისთავზე, ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს შენობის წინ გაიმართა პრორუსი აქტივისტების საპროტესტო აქცია, რომელსაც სწორედ გენადი ტრუხანოვი, იმ დროს ერთ-ერთი პრორუსული ორგანიზაციის ლიდერი, ხელმძღვანელობდა. პირადად ვარ ამის მომსწრე და ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორ გმობდა ტელეკამერის წინ ლაცკანზე გეორგიევსკის "ლენტდამშვენებული" გენადი ტრუხანოვი მიხეილ სააკაშვილს. თუმცა ეს იყო 6 წლის წინ, დღეს კი ტრუხანოვი აღარც გეორგიევსკის ლენტს ატარებს (ყოველ შემთხვევაში სახალხოდ) და მიხაილ ნიკოლოზოვიჩთანაც ტკბილი ენით საუბრობს, თუმცა რა დგას ამის მიღმა - ალბათ ყველა მიხვდებით.

 

ასეთ სიტუაციაში მ. სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობა უკვე ბევრისათვის (პირველ რიგში კი უკრაინის ხელისუფლებისათვის) მისწრებაა, ვინაიდან მას, როგორც ძლიერ მენეჯერს და პუტინის მთავარ მტერს, ძალა შესწევს თავის გარშემო თავი მოუყაროს მოტივირებულ პატრიოტთა გუნდს, რომელმაც არამარტო რეფორმებისათვის უნდა იბრძოლოს, არამედ მთლიანად უკრაინის ერთიანობისათვის და ეს არის დღეისათვის ყველაზე მთავარი ამოცანა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის ოდესაში გამოჩენით ეს რეგიონი მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი დასავლეთის, ყურადღების ცენტრში მოექცა და ამგვარი ყურადღება დღეს ოდესას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება.

 

პოლიტიკურიდან სოციალურ-ეკონომიკურ სეგმენტზე თუ გადმოვინაცვლებთ, უნდა ვაღიარო, რომ მიხეილ სააკაშვილს ალბათ აქ უფრო მეტი სირთულეები დახვდა, ვიდრე ეს პოლიტიკურ ასპექტში მიმოვიხილეთ - ავარიული ინფრასტრუქტურა, კორუფცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მოსახლეობის დაბალი შემოსავლები, ბიუროკრატიზმი და სახელმწიფო სერვისების არარსებობა, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი (ზედიზედ მეორედ), წნეხი ბიზნესზე და კორუმპირებული საბაჟო, მუდამ მზარდი კონტრაბანდა და აქედან გამომდინარე მავნე შედეგები ზოდადად ეკონომიკისათვის, - აი ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლის გამოსწორებასაც ოდესელები აკისრებენ ახალ გუბერნატორს.

 

ორიოდე სიტყვით მსურს შევეხო ტურიზმს, რომელიც ოდესისათვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა (უძრავი ქონების ბიზნესი, ღამის კლუბები და რესტორნები, შიდა ტურები, სამგზავრო გადაზიდვები, სასტუმროები, სუვენირები და ა. შ.), რომელიც რეალურად დღეს 30-40%-ით თუ არის დატვირთული წინა წლებთან შედარებით. ძირითადი დარტყმა ამ მიმართულებამ მიიღო რუსეთთან ომის პერიოდში, ვინაიდან წინა წლებში არასწორი და ყოვლად გაუმართლებელი პოლიტიკის წყალობით ოდესა, როგორც ტურისტული პროდუქტი, მიბმული იყო მდიდარ რუს დამსვენებლებზე , რომლებიც ოდესას დისკოთეკებისა და გართობის დედაქალაქად მიიჩნევდნენ და ამ ქალაქსაც არ აკლდა მოსკოვურ/პეტერბურგული ბომონდი. ბოლო ორი წელია ოდესისათვის ეს არხი გადაიკეტა და ეს ეკონომიკურად დიდ ზარალს აყენებს ქალაქის ტურისტულ ინდუსტრიას.

 

უცხოელთა ნაკადი კი ოდესაში იმდენად მცირეა, რომ მათი წილი საერთო ტურისტულ შემოსავლებში ამინდს ვერ ქმნის. შესაძლოა იმიტომაც, რომ ოდესურ ტურისტულ პროდუქტს არ უკეთდებოდა სათანადო რეკლამა დასავლეთში და როგორც ზემოთ აღვნიშნე - იგი მიბმული იყო რუსულ ბაზარზე. თუმცა რა რეკლამაზეა საუბარი, როდესაც შავი ზღვის ერთ-ერთ უდიდეს საპორტო და ტურისტულ ქალაქში, რომლის მოსახლეობაც ზუსტად 1 მლნ ადამიანია, საერთაშორისო ქსელის არც ერთი სასტუმრო არ არის, რაც ყველასათვის დიდ გაკვირვებას იწვევს.

 

მ. სააკაშვილის მოსვლით ოდესის ტურიზმის სფეროს განვითარების დიდი იმედი გაუჩნდა - ყველას ახსოვს თუ რა სწრაფად იწყო შენება ბათუმმა და ახლა ოდესელებიც იმედის თვალით შეჰყურებენ ახალ გუბერნატორს, რომელიც უკვე შეპირდა ოდესელებს გამართულ ინფარსტრუქტურას, იაფფასიან ავიარეისებს, სხვადასხვა ფესტივალებს, საერთაშორისო ქსელის ახალ სასტუმროებს (რომლებიც რეგიონის სტაბილურობის ინდიკატორად უნდა იქცნენ უცხოელი ტურისტების თვალში) და უამრავ სხვას, რამაც ტურიზმი უნდა გამოაცოცხლოს. ამოცანა კი დაახლოებით ისეთივეა, როგორც ეს რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს დროს მოხდა - სასწრაფოდ უნდა მოხდეს დივერსიფიცირება და ახალი ტურისტული ბაზრების მოძიება, რაც სააკაშვილს, ოდესელების დიდი რწმენით, ხელეწიფება.

 

ზოგადად ტურიზმის განვითარება კი ვერ მოხდება კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე, რა სფეროშიც სააკაშვილს იმაზე მძიმე მემკვიდრეობა ერგო, ვიდრე ალბათ თავად ეგონა - მაგალითად, გზის საფარი, როგორც ასეთი, არ არსებობს არათუ ოდესიდან 100-200 კმ-ით დაშორებულ რაიონებში, არამედ თვით ოდესის ცენტრში, სადაც ადგილობრივი ორმოები დიდ კონკურენციას უწევენ ნარმანიას სახელობის ორმოებს ჩვენთვის საყვარელ თბილისში.

 

ძნელია ამაში დაადანაშაულო ადგილობრივი ხელისუფლება, თუნდაც იმის გამო, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის სათანადო თანხა, თუმცა იმაში დადადანაშაულება კი შეიძლება, რომ მაგალითად, ოდესის გზის საფარის რეაბილიტაციაზე "ზრუნავენ" ოდესის მერთან აფილირებული კომპანიები, ხოლო ოლქის საავტომობილო გზებზე კი სახელმწიფო კომპანია "უკრავტოდორი", რომელთა საქმიანობაშიც "ატკატებს" და "მიწერებს" მთავარი მიმართულება უკავიათ. ანუ გასაგები ენით რომ ვთქვათ, გზების მოწესრიგებაზე იხარჯება ამ მიზნით გამოყოფილი თანხების მხოლოდ 30-40 პროცენტი, დანარჩენი ილექება ამ სქემებში ჩართული ჩინოვნიკების ჯიბეებში.

 

კორუფცია - აი ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომლის აღმოფხვრაც ასე ეიმედებათ "ქართული სასწაულის" ავტორისგან ოდესის მოსახლეობას. კორუფცია, რომელიც გამეფებულია საბავშვო ბაღებიდან დაწყებული და დამთავრებული სახელმწიფო ადმინისტრაციამდე, "შემოსავლიანი" თანამდებობებით ვაჭრობის მთელ სისტემამდე იქნა აყვანილი. ასე, მაგალითად, "გაიშნიკის" თანამდებობა 4-6 ათასი დოლარი ღირს, პორტის უფროსის თანამდებობა კი 3 მილიონი აშშ დოლარიდან იწყება.

 

საჯარო სამსახურში მუშაობა პრესტიჟულია არა ხელფასის გამო, არამედ პრივილეგიებისა და "მარცხენა" შემოსავლის პერსპექტივის გამო. სახელმწიფო სერვისებიც და ნებართვების გაცემაც ოფიციალურთან ერთად ასევე ჩრდილოვანი ტარიფებით რეგულირდება. აღარაფერს ვამბობთ სამართალდამცავ ორგანოებზე, სადაც მიუხედავად ახალი ხელისუფლების მოსვლისა, არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. სწორედ ამის გამოც იყო, რომ სააკაშვილმა პირდაპირი იერიში მიიტანა ოლქის პროკურორებზე, რომლებიც რეკეტში დაადანაშაულა, რაც საზოგადოების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული.

 

საზოგადოების მხარდაჭერა და გამჭვირვალობა - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ყველაზე მთავარი საყრდენი, რომელთა გარეშეც იგი ვერცერთ რეფორმას ვერ გაატარებს და ვერც გამეფებულ კლანურ სისტემას დაამარცხებს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ დღეს სააკაშვილს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ვიდრე ეს მას საქართველოს პრეზიდენტობისას ჰქონდა აღებული - იგი აქ ერთბაშად ორივე ერის წინაშე აგებს პასუხს. ამასთან, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ქართველი, მისთვის ძალზე მაღალ თამასას იწესებს, რომლის გადალახვა-არგადალახვაზეა დამოკიდებული ბევრი რამ - მისი პოლიტიკური კარიერა (მათ შორის საქართველოში), რეფორმების ბედი უკრაინაში, და ზოგადად ქართველთა მიმართ დამოკიდებულებაც უკრაინაში - დღეს თუ ქართველ "ვარიაგთა" უკრაინაში მოღვაწეობით ბევრი ეთნიკური ქართველი ამაყობს, პირველთა წარუმატებლობის შემთხვევაში ისევ მეორეებს დაბრალდებათ ბევრი. არ დავმალავ, რომ უკრაინულ საზოგადოებაში უკვე ცდილობენ უცხოლეთა მიმართ გაღიზიანებისა და უნდობლობის კულტივირებას, რაც ქართველ "ვარიაგებს", და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მ. სააკაშვილს და მის გუნდს, ძალიან მცირე დროს აძლევს საზოგადობისათვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხევევაში მათი იდეოლოგიური მოწინააღმდეგები სრული ძალით აამუშავებენ შავი პიარის მანქანას "მაიდანგამოვლილ" საზოგადოებაში მათ მიმართ პროტესტის დასათესად. საქართველოში მან ეს თამასა დაძლია, ახლა კი ოდესისა და მთლიანად უკრაინის ჯერია.

 

დღეს სააკაშვილი ცნობილ "პრივოზზე" აცნობს ოდესელებს ადგილობრივი მილიციის ახალ შეფს, ასევე "ვარიაგ" გია ლორთქიფანიძეს, თანაც ჩვეულებრივი სამგზავრო ავტობუსით მგზავრობს ოდესიდან დაშორებულ რაიონებში და კომუნიკაციის ამგვარი ფორმებით ცდილობს უშუალოდ ხალხისგან მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ. ამასთან პარალელურ რეჟიმში იღებს უცხოელ ინვესტორთა ჯგუფებს და მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მოსაზიდად იწყებს მოლაპარაკებებს ძველ თუ ახალ პარტნიორებთან.

 

დღეს სააკაშვილი ცხოვრობს იმ დინამიზმით, როგორიც მას 2003-2004 წლებში ჰქონდა, როდესაც მან ომი გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს, კორუფციას, კონტრაბანდას და სახელმწიფო სისტემის ძველ, საბჭოურ მოდელს. იგივე ბრძოლა მას წინ ელოდება, თანაც უფრო სასტიკი, და ამ ბრძოლაში გამარჯვებულმა კი უნდა განსაზღვროს უკრაინის მომავალი...

 

P.S. ოდესის 230-წლიან ისტორიაში უცხოელებს ყოველთვის განსაკუთრებული, საკვანძო ადგილები ეკავათ. ასეთი იყო, მაგალითად, ფრანგი დიუკ დე რიშელიე, ოდესის პირველი ქალაქისთავი, ასევე ბერძენი მარაზლი, ესპანელი დე რიბასი და სხვანი, რომლებმაც ოდესას განვითარება და აყვავება მოუტანეს. ქალაქის განვითარებაში მათი წვლილის გამო, მადლიერმა ოდესელებმა ამ მოღვაწეებს ძეგლებიც დაუდგეს და ქუჩებსაც სახელები მათი ეროვნებების მიხედვით დაარქვეს - ასე გაჩნდა ოდესაში ფრანცუზსკი და იტალიანსკი ბულვარები, გრეჩესკაიას, ევრეისკაიას და პოლსკაიას ქუჩები და სხვა. სულაც არ ვარ ძეგლების მომხრე, მაგრამ სიამოვნებით მივიღებდი ცნობას, რომ სააკაშვილზე მადლიერი ოდესელები რომელიმე ქუჩას "გრუზინსკაიად" მონათლავდნენ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია