არჩვენები თურქეთში: დემოკრატია აღმოსავლურად

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-06-2015, 19:46 | მსოფლიო | ნანახია - 2556

არჩვენები თურქეთში: დემოკრატია აღმოსავლურად

 

გიორგი იმედაშვილი

 

თბილისში მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ ჩვენთვის ყველა მსოფლიო თუ რეგიონული მნიშვნელობის მოვლენა სამართლიანად გადაფარა. თუმცაღა, გასული კვირის მანძილზე საერთაშორისო საზოგადოება რამდენიმე საინტერესო ფაქტის მოწმე გახდა, მათ შორის კი, გამორჩეულად სენსაციური თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგები გამოდგა. რასაკვრიველია, ჩვენთვის, მომხდარის ფონზე, მართლაც, შეუძლებელი იყო თურქეთში გამართული არჩევნების შედეგების შესახებ საუბარი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოსა და ზოგადად რეგიონისათვის ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დადგა დრო, როცა საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს მგდომარეობის მოკლე მიმოხილვა.

 

ბევრისთვის მოულოდნელად, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯიპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ არათუ სასურველი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის აუცილებელი მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა, არამედ მარტივი უმრავლესობაც დაკარგა და 13 წლის მანძილზე პირველად ვერ ახერხებს მთავრობის ფორმირებას. ამის ფონზე კი, საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა ქურთული პარტია. პირველად ქურთებმა მოახერხეს და მათი რაოდენობის შესაბამისი წარმომადგენლობი მოხვდნენ ეროვნულ ასამბლეაში - 80 მანდატით. უხეში დათვლებით თურქეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე ქურთული წარმოშობის არის, თუმცა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში მათ არ ეძლეოდათ პოლიტიკურ პროცესებში ღია ჩართულობისა და თანამონაწილეობის საშუალება, რასაც ხელს უწყობდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერი, რომელიც საერთო ხმების მხოლოდ 10%-ზე მეტის მოპოვების შემდეგ აძლევდა ასამბლეაში მოხვედრის საშუალებას პარტიებს. რასაკვრიველია, ეს ბარიერი, თავიდანვე სპეციალურად ქურთული მოსახლეობის ჯეროვანი რეპრეზენტაციის წინააღმდეგ იყო ჩაფიქრებული და დღემდე ბრწყინვალედ ასრულებდა „დაკისრებულ“ მოვალეობას. მაგრამ, დღეს, 2012 წლის აგვისტოში დაარსებულმა „ხალხის დემოკრატიის პარტიამ“ მოახერხა და საერთო ხმების 13% პროცენტი მოიპოვა, რაც 550 მანდატიან ასამბლეაში 80 ადგილს უდრის.

 

დღემდე, ითვლებოდა, რომ ქურთული წარმოშობის ხალხის ინტერესების დამცველი ღიად სეპარატისტული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ იყო, რომელიც არაერთი ათწლეული აბდულა ოჯალანის ხელმძღვანელობით იარაღით ებრძოდა თურქეთის ხელისუფლებას. მაგრამ, უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ოჯალანი ციხეშია და ქურთულ მოსახლეობისაც მასთან დაკავშირებული, იარაღით განთავისუფლებული ქურთისტანის წარმოდგენა უფრო და უფრო მეტად უჭირს. სწორედ ამიტომ, ბევრმა ქურთმა 13 წლის წინ სწორედ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ დაუჭირა მხარი, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს ბევრად უფრო ლიბერალურ დამოკიდეულებას და ზოგადად სახელმწიფოს ეკონომიკურ განვთარებას ჰპირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ერდოღანმა ორივე დაპირება შეასრულა და მისი მმართველობის პირველ წლებში იქამდე ძლიერ რეპრესირებული ქურთული უმცირესობის ცხოვრებაც გამოსწორდა და ქვეყნის ეკონომიკამაც დიდი წინასვლა განიცადა. დღემდე, ქურთები ვერ ახერხებდნენ უმცირესობის დამცველი დამოუკიდებელი პარტიის შექმნას და მის პარლამენტში მოსახვედრად აერჩევნებზე მობილიზებას, მაგრამ ბოლო რამდნეიმე წელია აშკარა გახდა ერდოღანის ავტოკრატიული მისწრაფებები (რაზეც დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ), რამაც ქურთებს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშის ჩამოყალიბებისაკენ უბიძგა.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ხალხის დემოკრატიის პარტიამ“ საკუთარი თავი არამხოლოდ ქურთების ინტერესების დამცველ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადა, არამედ ყველა უმცირესობის ინტერესებისათვის მებრძოლად და ზოგადად ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულად, რამაც მას უამრავი თურქი რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ხმა მოუტანა. პირველად ეროვნულ ასამბლეაში მოხვდა ღიად ჰომოსექსუალისტი კანდიდატი, აღარაფერს ვამბობ სომეხ და ქურთ კანდიდატებზე. გარდა ამისა, „ხალხის დემოკრატიის პარტიამ“ პირველად შესთავაზა საოზგადოებას ქალების 50%-იანი კვოტა - მისი კანდიდატების ზუსტად ნახევარი ქალია. აღსანიშნავია, რომ თურქულ საზოგადოებაში ქალის ჩაგვრის პრობლემა საკმაოდ სერიოზულად დგას და პირველად თურქეთის ისტორიაში გამოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც გენდერულ ბალანსსა და ქალის და მამაკაცის თანაბარ ჩართულობაზე საუბრობს. სწორედ ამის გათვალისწინებით ბევრმა თურქული წარმოშობის ადამიანმაც დაუჭირა მხარი „ხალხის დემოკრატიის პარტიას“ და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხერხდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საარჩევნო ბარიერის გადალახვა.

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეჯიპ ტაიპ ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის ჟამს თურქეთმა დიდი ეკონიმიკური წინსვლა განიცადა და ფაქტობრივად, გაიუმჯობესა ყველა ეკონომიკური მახასიათებელი. გატარებული რეფორმების შედეგად განსაკუთრებით გაადვილდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც, რა თქმა უნდა, დიდად დაეხმარა ეკონიმიკის აღორძინებას, უფრო მეტად გამოცოცხლდა ტურიზმიც და თურქეთის ეკონომიკისათვის მესამე უმნიშვნელოვანესი სფერო აგრარული სექტორი. თითქოს, ამ ყველაფერმა თურქეთი კიდევ უფრო დაახლოვა ევროვშირს და ერთი პერიოდი, სწორედ ერდოღანი განიხილებოდა იმ პოლიტიკოსად, რომელსაც თურქეთისა და ევროკავშირს შორის საბოლოო ხიდის გადება შეეძლო.

 

მაგრამ, პოლიტიკური მდგომარეობა ნელ-ნელა შეიცვალა და დღეს სულ სხვაგვარი ვითარება გვაქვს. გარკვეულწილად, თავიდანვე ცხადი, რომ იყო 2000-იანი წლების დასაწყისში დაარსებული „სამართლიანობისა და განვითარების პარტია (რომლის ლიდერიც ერდოღანი გახლავთ), ისლამისტური ორგანიზაციის მემკვიდრე იყო და მისი საგარეო პოლიტიკური ხედვაც აშკარად ერთგვარ „ნეოოსმალურს“ ჰგავდა, მაგრამ თავდაპირველმა ეკონომიკურმა წარმატებებმა და ქურთებთან მიმართების წინამორბედებთან შედარებით ლიბერალურმა დამოკიდებულებამ ბევრს ევროკავშირთან მიახლოების იმედი გაუჩინა.

 

მაგრამ აშკარაა, რომ ერდოღანის და ზოგადად მისი პარტიის მმართველობას თურქეთში მოჰყვა მთელი რიგი პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ვერც დემოკრატიისა და ვერც სეკულარიზმის გამყარებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობდა.

 

ერდოღანმა რამდენიმე თვის წინ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო და თურქეთის ხელისუფლებას უვე ახალი თანამდებობით უძღვება. კარგად ვიცით, რომ თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და მის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას ძირითადად პრემიერ მინისტრი განსაზღვრავს. ერდოღანის გაპრეზიდენტების შემდეგ პრემიერი მისი პარტიის წევრი და ერდოღანის გულმხურვალე მხარდამჭერი აჰმეთ დავითოღლუ გახდა, რომელიც ძირითადად მიყვება ერდოღანის პოლიტიკას და პრეზიდენტობის პირველი თვეების განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, სახელმწიფოს მეთაურად და უმაღლეს ხელისუფლად კვლავ ერდოღანი რჩება და როგორც მისი, ასევე დავითოღლუს პოლიტიკური განცხადებებიც ამაზე მიუთითებს.

 

ბოლო პერიოდში თურქეთის საზოგადოების დიდი ნაწილი და რაც მთავარია, ხელისუფლება მკვეთრად დაადგა ისლამიზაციის გზას. ერდოღანამდელი პრეზიდენტი აბდულა გიულიც მსოფლიოში ცნობილი ისლამისტი გახლდათ და თავის დროზე მისი გაპრეზიდენტებაც ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა სტამბოლის ქუჩებში. დღეისათვის კი, სკოლებში უკვე დაშვებულია ჰიჯაბის ტარება, რაც ათათურქის მთავრობიდან მოყოლებული აკრძალული იყო. ეს არღვევს განათლების სისტემის სეკულარიზმის იდეას, რომელიც, თავისმხრივ, ათათუქრის რეფორმების ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა. ამას დაემატა ისიც, რომ შემოდგომის მიწურულს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, სკოლებში სავალდებულო გახდეს ოსმალური ენის სწავლება.

 

შეგახსენებთ, რომ ოსმალური ენა თანამედროვე თურქულისაგან განსხვავებით არაბული დამწერლობით გამოისახება და გარდა ამისა, მისი ლექსიკის დაახლოებით ოთხ მეხუთედს არაბული და სპარსული ენებისგან შემოსული სიტყვები შეადგენენ. ბევრი თურქეთში ოსმალური ენის აუცილებელ სასწავლო საგნად შემოღებას ისლამისა და ოსმალური იმპერიალიზმის საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნებად მიიჩნევს, რაც, პირადად ჩემი აზრით, ცალსახა სიმართლეა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერდოღანის ინიციატივით მოსწავლეებს კვირაში ერთხელ ისლამის გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. ამას უკვე სეკულარიზმის ნორმების დარღვევად და განათლების სისტემის კრახის დასაწყისად აღიქვამენ თვითონ პროფესორ-მასწავებლებიც და ისინი ამ რეფორმის წინააღდეგ სტამბოლის ქუჩებშიც გამოვიდნენ. სამწუხაროდ, მათი პროტესტი ხელისუფლებამ ჯერ არაფრად ჩააგდო, ხოლო შემდეგ დაარბია.

 

თურქული ენა თურქეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს იცავს ისლამისტური ზეგავლენისაგან, ვინაიდან ასეთი მოწოდებების ძირითადი ნაწილი არაბულ ენაზე ვრცელდება, ხოლო უბრალო მოსახლეობას საკმაოდ უჭრს არაბული ენოს შესწავლა, რასაც ოსმალური ენის კურსები ერთი ორად გაადვილებს და ახალგაზრდობას არაბულ დამწერლობასა და ლექსიკას შეაჩვევს, ამის შემდეგ კი ისლამის გაკვეთილების მეშვეობით მათ საშუალება ექნებათ ყურანის დახმარებით დაეუფლონ არაბულ ენასაც. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფაქტია, თუმცა დაბალი ფენებისათვის საკმაოდ საშიში შეიძლება იყოს.

 

ერდოღანი ზედიზედ აკეთებს არადემოკრატიულ და ზოგ შემთხვევაში აღმაშფოთებელ განცხადებებსაც. შემოდგომაზე და დეკემბრის დასაწყიში მან რამდნჯერმე გაიმეორა, რომ არ ეთანხმება გენდერულ თანასწორობას და რომ მამაკაცსა და ქალს არ შეიძლება ერთნაირი სირთულის საქმე დაავალო. ის ასევე აქტიურად უწევს პროპაგანდას დედობას, როგორც ქალის არსებობის მთავარ მიზანს და ყოველ თურქ ქალს მინიმუმ სამი შვილის გაჩენას თხოვს. ეს რასაკვრიველია კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებს ქვეყანაში ისედაც ცუდ გენდერულ მგომარეობას და სწორედ ამ განცხადებებმაც შეუწყვეს ხელი იმას, რომ ბევრმა თურქმა ქალმა არჩევნებში „ხალხის დემოკრატიის პარტიას“ დაუჭირა მხარი და არა ერდოღანს.

 

პარალელურად კი, დეკემბრის შუა რიცვებიდან მოყოლებული ერდოღანმა დაიწყო თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. დააკავა ათობით ჟურნალისტი, ასევე არეერთი პოლიტიკური ფიგურა და ცნობილი ადამიანი, რომელიც, პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის ხელისუფლების (და პირადად მის) წინააღმდეგ ამბოხის და გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ. თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე. ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მკაცრად გააკრიტიკეს თურქეთის პრეზიდენტი, ხოლო ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მთავარმა პასუხისმგებელმა პირმა, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ერდოღანის ქმედებებს არადემოკრატიული და ევროკავშირთან შეუსაბამო უწოდა. ამის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ უფრო უცნაური რამ გააკეთა და საკუთარ განცხადებაში ევროკავშირში გამოხატული უკმაყოფილება გააკრიტიკა და ამ ორგანზაციის მესვეურებს მოუწოდა საკუთარი პრობლემები მოეგვარებინათ. ამ განცხადებამ თურქეთში მცხოვრებ ბევრ ადამიანს კიდევ უფრო გაუმყარა ის ეჭვი, რომ ერდოღანი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის მოწადინებული სულაც არ არის. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის ახალი მოწოდებაც გამოჩნდა, რომელშიც ის დასავლურ სამყაროს მუსლიმებისადმი რასისტულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

 

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ შემოდგომაზე და დეკემბრის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები სასკოლო განათლების შესახებ. პრეზიდენტმა მაშინ აინშტაინისა და იბნ სინას მაგალითები მოიყვნა - ყველა თურქი ბავშვი გეტყვითო ვინ არის აინშტაინი, მაგრამ ცოტა თუ გიპასუხებთო შეკითხვაზე ვინ არის იბნ სინა. ეს მის მიერვე მოყვანილი შემთხვევა ერდოღანმა ახსნა იმით, რომ დასავლური სამყარო ისლამურ ქვეყნებს თავის განათლებასა და ღირებულებებს ახვევს და მუსლიმთა ვალია ამ პროცესში შეინარჩუნონ საკუთარი რელიგია და ტრადიციები.

 

იყო შემთხვევაც, რომ სასტიკად გაუსწორდნენ სკოლის მასწავლებელს, რომელმაც ბავშვების ადამიანის წარმოშობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, პასუხი დარვინის თეორიის მიხედვით გასცა. სავარაუდოა, რომ ამ თეორიისათვის ადგილი ახალ სასწავლო პროგრამაში საერთოდ აღარ მოინახება.

 

როგორც ვხედავთ, ერდოღანი აშკარად არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს, როდესაც წამდაუწუმ არბევს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს მიტინგებს. ერთ-ერთი ასეთი დარბევის დროს თურქეთის ქურთისტანში სამართალდამცვებმა სიგარეტის საყიდლად სახლიდან გამოსული უდანაშაული 17 წლის ყმაწვილი მოკლეს კიდეც. გარდა ამისა, მის მიერ ინიცირებული ცვლილებები, აშკარად, ძირს უთხრის სეკულარულ საგანმანათებლო სისტემას და ქმნის სკოლას, რომელშიც ბავშვებს ჰიჯაბის ტარების უფლება ექნებათ და ისწავლიან ისლამსა და ოსმალურს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. თურქეთი 82 მილიონიანი ქვეყანაა და იქ უამრავი სკოლა ფუნქციონირებს. ვინ გააკონტროლებს ყოველი სკოლის ისლამის საგნის მასწავლებლებს, რომელსაც სულ ადვილად შეუძლია ბავშვებს რადიკალური ისლამისტური იდეოლოგია გააცნოს და რაიმე „ბოკო ჰარამის“, ანდაც „ისლამური სახალიფოს“ მსგავსი ორგანიზაციისათვის ახალ-ახალი კადრები შუაგულ თურქეთში შეამზადოს.

 

გარდა ამისა, კარგად გვახსოვს, რომ თურქეთის ხელისუფლება (ძირითადად დავითოღლუს პირით) ღიად უჭერს მხარს ისეთ ისლამისტურ ორგანზიაციას, როგორიც არის „მუსლიმი ძმები“, ხოლო დავითოღლუს წვლილი სირიის სამოქალაქო ომის გაჩაღებასა და საეჭვო წარმოშობის „დემოკრატიისათვის მებრძოლების“ მხარდაჭერის საქმეში ნამდვილად არ არის პატარა. მას შემდეგ კი, რაც „დემოკრატიისათვის მებრძოლებმა“ ნიღბები მოიხსნეს და ღიად გადაიქნცენ ისლამისტურ-ექსტრემისტულ ძალებად თურქეთმა ჯეროვნად არ ჩაკეტა თავისი საზღვრები და დღეს, ყველა დათვლებით, „ISIS“-ის უცხოელი მებრძოლების აბსოლიტური უმრავლესობა, სწორედ თურქეთის საზღვრის გავლით არის ერაყსა და სირიაში მოხვედრილი.

 

საგანგაშო შეიძლება იყოს 27 დეკებმერს ერდოღანის პარტიის ყრილობაზე ჰამასის ლიდერის ხალიდ მაშალის უეცარი გამოჩენაც, რასაც შეძახილები „ძირს ისრაელი“ და „ალაჰი დიდია“ მოჰყვა. თავად მაშალმა მადლობა გადუახადა ქალაქ კონიის მოსახლეობას, რომელმაც დიდი დემოსნტრაციით გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები პალესტინასთან მიმართებაში. ბევრი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანზიაციად აღიარებულ ჰამასთან ასეთი ღია და გულთბილი ურთიერთობა რამდენად სწორია დემოკრატიული ქვეყნის მეთაურისთვის, ვფიქრობ, გასარკვევია.

 

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ერდოაღანის ხელსიუფლების არაერთი წარმომადგენელი გაეხვა კორუფციულ სკანდალში, ხოლო ახალმა პრეზიდენტმა ღიად მოისურვა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება. ერდოღანს სურდა ამ არჩევნებზე ასამბლეის მანდატების სამი მეხუთედი მოეპოვებინა, რაც მას საშუალებას მისცემდა განეხორციელებინა კონსტიტუციური ცვლილებები და სახელმწიფოს მართვა პარლამენტიდან პრეზიდენტის ხელში გადასულიყო. ამისათვის ის ჯეროვნად მოემზადა და 1100 ოთახიანი პრეზიდენტის რეზიდენციაც ააგო. ბევრი ევროპელი მკვლევარი მიიჩნევდა, რომ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ 51%-იან მხარდაჭერას მოსახლეობის დანარჩენი 49%-ის დასაჩაგრად გამოიყენებდა.

 

თურქეთში სეკულარიზმს ჯერ კიდევ ბევრი მიდმევარი ჰყავს. გარდა ამისა, არიან ამერიკაში გაქცეული მუსლიმი თეოლოგისა და ხოჯის - ფეთულაჰ გიულენის მხარდამჭერებიც, რომლებიც სეკულარიზმსა და ლიბერალურ ისლამს უჭერენ მხარს. გიულენი ერდოღანთან პოლიტიკურ უთანხმოებაში იმყოფება, მისი მხარდამჭერები იდევნებიან და ბევრი ექსპერტი თვლის, რომ მათმა დიდმა ნაწილმა სწორედ „ხალხის დემოკრატიის პარტიას“ დაუჭირა მხარი და ამ გზით შეუწყო ხელი ერდოღანის პოლიტიკურ დასუსტებას.

 

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილასათვის აშკარა გახდა, რომ ერდოღანი ერთგვარი ისლამიზაციის, ათათურქის იდეოლოგიის რევიზიისა და ავტორიტარიზმის გზას დაადგა და დემოკრატიული არჩევნები მისი შეჩერებისა და „გონზე მოყვანის“ ერთადერთი მართებული გზა იყო. დღეისათვის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ 258 მანდატი მოაგროვა (დაახლოებით ხმების 42%) და 18 მანდატი დააკლდა მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო მარტივი უმრავლესობის მოპოვებისათვის. რაც შეეხება კონსტიტუციურ უმრავლესობას, ამას 330 ხმის თავმოყრა სჭირდება. ამისათვის ერდოღანს 72 მანდატი დააკლდება, ხოლო წინა არჩევნების შედეგის გასამეორებლად 69 მანდატი.

 

132 მანდატი მოიპოვა მეორე ადგიზლე გასულმა სეკულარულმა, ქემალისტურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“, რომელმაც წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით 3 მანდატი დაკარგა. „ნაციონალური მოძრაობის პარტიამ“ შედეგი 53 მანდატიდან 81 მანდატამდე გაზარდა. აშკარაა, რომ თურქეთში ნაციონალისტური ხედვებიც ძლიერდება. როგორც უკვე აღვიშნე, 80 მანდატი მოიპოვა „ხალხის დემოკრატიის პარტიამ“.

 

ასეთ სიტუაციაში უნდა ველოდეთ უმცირესობის მთავრობის ფორმირებას, ვინაიდან პარტიების იდეოლოგიიდან გამომდინარე მათი კოალიციები ძნელი წარმოსადგენია. ქემალისტები ვერ შეეკვრებიან ერდოღანს, ვინაიდან ის ქემალიზმის რევიზიის მომხრეა. ვერც ნაციონალისტებს და ქურთულ უმცირესობას შეეკვრებიან, ვინაიდან სახელმწიფო ინტერესების ხედვები მათგან განსხვავებული აქვთ. თავისმხრივ ნაციონალისტები არ შეეკვრებიან ქურთებს, რომელთა დაჩაგვრის გაცხადებული სურვილიც აქვთ. ასე რომ, უმცირესობაში მოხვედრილი პარტიების კოალიციას არ უნდა ველოდეთ. მაგრამ, ყველა მათგანს ცალ-ცალკე გაუჭირდება ერდოღანთან მორიგებაც, ამიტომ სავარაუდოა, რომ ან ნაციონალისტები ან ქემალისტები ერდოღანის პარტიის მიერ შემოთავაზებულ სამთავრობო კანდიდატებს მხარს დაუჭერენ, თუმცა უარს იტყვიან მთავრობის შექმნაში თანამონაწილეობაზე და აიძულებენ ერდოღანს პოლიტიკურ დათმობებზე წავიდეს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ამით ისინი შეინარჩუნებენ ბერკეტებს უმცირესობის მთავრობაზე და თანაც არ ექნებათ არანაირი პასუხისმგებლობა.

 

თუ პარტიები ვერ მორიგდნენ ახალი არჩევნები იქნება, რომელშიც „ხალხის დემოკრატიის პარტია“ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ვინაიდან მან დაანახა თურქეთის მოსახლეობის ქურთულ მეხუთედსა და ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რომ მათი ინტერესებისათვის იბრძვის და რეალურად ძალუძს პარლამენტში მოხვედრა, ამ პატიამ მოახერხა და დადგა ქურთულ ნაციონალიზმზე მაღლა და მალევე ჩატარებულ არჩევნებში მისი შედეგები აუცილებლად გაიზრდება, რაც კიდევ უფრო შეავიწროვებს სხვა პარტიებს. ამიტომ ამ სიტუაციაში უმცირეობის მთავრობა დანარჩენებისათვის ოპტიმალური გამოსავალი იქნება.

 

ერდოღანი იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს. ამ არჩევნებით მას ავტორიტარიზმისაკენ გზა მოეჭრა და თურქეთის მოსახლეობამ ღიად დაამტკცია, რომ მას შეუძლია არჩევნებისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით აიძულოს მთავრობა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და ღია. მოსახლეობის აქტივობა ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო- 86%. საქართველოს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს გაკვეთილი და ადამიანებმა უნდა გამოიყენონ საკუთარი ბიულეტინი რეალური ცვლილებებისათვის და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია არჩევნებზე. სამწუხაროდ ბოლო ორი არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა (განსაკუთრებით შარშანდელი თვითმმართველობის არჩევნები) და თუკი ასე იქნება მომავალ არჩევნებზეც ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაცია გაგრძელდება, რაც, ისევ და ისევ, მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას დააკნინებს.

 

 ------------------------------------

1. „კეთილდღეობის პარტიის“ მემკვიდრე- ეს ორგანზიაცია სასამართლომ სეკულარიზმის დარღვევისათვის აკრძალა.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია