საქართველოს მთავრობის არაადეკვატურობის ზეიმი და სახელმწიფო მენეჯმენტის პრაფანაცია!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-06-2015, 09:55 | ეკონომიკა | ნანახია - 2193

საქართველოს მთავრობის არაადეკვატურობის ზეიმი  და სახელმწიფო მენეჯმენტის პრაფანაცია!

 

დავით ნებიერიძე

 

პრემიერ მინისტრმა, ხადურთან უნისონში სიამაყით განგვიცხადა, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 140 მილიონი ლარით შემცირდება, ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხარჯზეო! და ამგვარი გადაწყვეტილება შექმნილ ვითარებაში ოპტიმალური და ეფექტურიაო!

 

ბატონი ხადურის განცხადებით, 140 მილიონიანი სეკვესტრის ფონზე გაიზრდება ინფრასტრუქტუეული ხარჯების მოცულობა 85 მილიონითო. რაც, მოხმარდება სტიქიით გამოწვეულ ზარალსო. მისივე თქმით, ამ ზარალმა ას მილიონს გადააჭარბა და რა გამოდის..? სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამ დაგეგმილი რეალური ინფრასტრუქტურული ხარჯები მინიმუმ 15 მილიონით უნდა შეამციროს?! თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იმაშია, რომ მთავრობა გამწვავებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე არ ამცირებს სოციალურ ხარჯებს! ზუსტად აქ არის დამარხული ”ძაღლის თავი”!

 

ბატონებო, ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ესოდენ მაღალი არაკომპეტენტურობის ხარისხი შეიძლება არსებობდეს მთავრობის ეკონომიკურ ხედვებში და მაკროეკონომიკური მართვის ინსტრუმენტებით სარგებლობაში! არა და პირველი შეხედვითვე წარმოუდგენელი სიბეცე და არაკომპეტენტურობაა! ეს იმდენად ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებაა, რომ მიზანმიმართული მავნებლობის ელფერი დაჰკრავს. ამიტომ, საფუძვლები პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა ვეძებოთ. ბატონო ბიძინა, მინდა გირჩიოთ, რომ საბოტაჟი თქვენივე მთავრობაში ეძებოთ!

 

ახლა, კი მაქსიმალურად ლაკონურად და მარტივი ენით შევეცდები აგიხსნათ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების აუცილებლობის და მასში სტრუქტურის ცვლილებების შინაარსი:

 

შექმნილი მაკროეკონომიკური მოცემულობის ფონზე, რომელიც დამძიმებულია სავალუტო კრიზისით და ეკონომიკური არასტაბილურობით, ქვეყნის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი შემცირების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო, არა მარტო საბიუჯეტო შემოსულობების ობიექტურად შემცირების გამო, არამედ, პირველ რიგში მაკროეკონომიკური პარამეტრების ფუნდამენტალური გაუმჯობესებისა და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ხარისხობრივი გაჯანსაღების მიზნით. ეკონომიკური ანალიზისა და სანაციის მეთოდების გამოყენების აქტუალობით, პირველხარისხოვანი ამოცანაა ხარჯვითი ნაწილის კარდინალური ოპტიმიზაცია და ფუნდამენტალური სტრუქტურული რეფორმირება! ამისათვის, კი სავალდებულოა ჯანსაღი მაკროეკონომიკური ხედვა, რომელიც მაქსიმალურად იქნება განთავისუფლებული პოლიტიკური პოპულიზმისა და პოლიტიკური სპეკულიაციისაგან! რაც ამ მთავრობას არ გააჩნია. ან, მიზანმიმართულ მავნებლობასთან გვაქვს საქმე. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ვითარების უპირველესი პრობლემაა მისი გაუმართლებლად გაზრდილი სოციალური ტვირთით დამძიმება! კრიზისულ ვითარებაში მემარცხენე იდეოლოგია დამღუპველია და ნებისმიერი მთავრობა უნდა აცნობიერებდეს ამ რისკებს. პოლიტიკური თვითგადარჩენის ინსტიქტმა არ უნდა გადაიყოლოს სახელმწიფოს მომავალი. თუმცა, მიმდინარე პროცესები ზუსტად ამაზე მეტყველებს! და ეს ვითარება პირდაპირპროპორციულად დამძიმდება საპარლამენტო არჩევნების მოახლოების შესაბამისად! ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მკაფიო მაგალითებით არის სავსე ისტორია. რისი ყველაზე ნათელი მაგალითია საბერძნეთი. ამ ქვეყნის მთავრობამ ანალოგიური მიდგომებითა და ხედვებით დააქცია ქვეყნის ეკონომიკა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ეკონომიკა დეფოლტის რეალური საშიშროების წინაშე დააყენა.

 

შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი კომპეტენციის ხელისუფლება პირველ რიგში უნდა აცნობიერებდეს იმ ფაქტს, რომ სოციალური ხარჯები ყველაზე მაღალი ინფლაციური რისკების შემცველია, რამე, თუ ამგვარი საბიუჯეტო ხარჯები არ ემსახურება დამატებული ღირებულების შექმნის პროცესს. რაც აუცილებელია ეკონომიკური ზრდის ტრენდის დასამკვიდრებლად. ზუსტად ამიტომაა სავალდებულო, არა მარტო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი თანხობრივი შემცირება, არამედ მისი ფუნდამენტალური სტრუქტურული ცვლილებები. შესაბამისად, ხარჯვით ნაწილში აქცენტები რადიკალურად უნდა გადავიდეს ეკონომიკის სტიმულირების პროექტებზე და მოხდეს სოციალური ხარჯების შემცირება! 140 მილიონი, ეს ისეთი თანხაა, რომ საკმარისი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური წახალისების მექანიზმების (პრემიებისა და დანამატების) რადიკალური ოპტიმიზაცია და შემცირება მომხდარიყო, რომ გაცილებით უფრო მაღალ ეკონომიის მაჩვენებელს მივიღებდით. თუმცა, მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ფინანსური წახალისების ინსტრუმენტის დაკნინებისა. უბრალოდ, საჭიროა მისი ეფექტურობისა და ოპტიმიზაციის ამაღლება. ყველაფერი დამსახურების შესაბამისად ბატონებო! დაიმსახურეთ და მიიღეთ ბატონებო! ამისთვის, კი პირველ რიგში საჭიროა მენეჯერთა კორპუსის ხარისხობრივი გაუმჯობესება. მაგრამ, რასაც მე ვხედავ ამ გაჭირვებულებს კვალიფიცირებული დამლაგებლებიც კი არა ყავთ!

 

ეკონომიკისთვის პატრიოტული მოტივაციის მქონე დელეტანტი უფრო სახიფათოა მენეჯმენტში, ვიდრე მერკანტილური ინტერესების მქონე პროფესიონალი. თუმცა, ფინანსური ინტერესების მქონე პროფესიონალი სავსებით ჯანმრთელი სუბიექტია სახელმწიფო მენეჯმენტში და ასეც უნდა იყოს. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით სულ ცოტა სამასი მილიონით მაინც უნდა შემცირებულიყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ამასთანავე, უნდა მოხდეს აქცენტების გადანაცვლება და ფინანსური დისციპლინის ამაღლება. რათა, უაზრო და სტატისტიკური მონაცემებზე ორიენტირებული ხარჯვის პროცესებმა დამატებითი სირთულეები არ შეუქმნას მაკროეკონომიკურ პროცესებს. აბსოლუტურად ნათელია, რომ ბატონი ხადურის უპირველესი ამოცანაა კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის ფურცელზე შექმნა. მაგრამ, იმ მოქალაქეებმა რა ქნან, რომლებიც კეთილდღეობაზე საკუთარი ჯიბითა და საკუთარი მაცივრის შიგთავსით მსჯელობენ?!

 

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ხარჯების ოპტიმიზაციას და ფინანსური მენეჯმენტის ხარისხობრივ ამაღლებას. მათ შორის ფინანსურ დისციპლინას ხარჯვებთან მიმართებაში. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი, კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მთავრობის დაუყოვნებელი შეცვლის საჭიროებაში. არ შეუძლია ამ ხალხს გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემა და ეკონომიკური ვითარების ფუნდამენტალურად შეცვლა. ბატონო ბიძინა, ვერავინ დაგწამებთ გამბედაობისა და პრაგმატული აზროვნების არქონას. ჰო და თუ შეგრჩათ პოლიტიკური თვითგადარჩენის ელემენტარული ინსტიქტი, ჩახსენით ეს ხალხი სახელმწიფო მენეჯმენტის პროცესს. საქართველოს კიდევ ეშველება, მაგრამ აი თქვენს პოლიტიკურ მომავალს კატასტროფული სისწრაფით უმძიმდება პერსპექტივა! ვერ დავიჯერებ, რომ ვერ ხედავთ ამ რეალობას! და თუ ფიქრობთ, რომ არჩევნების წინ ”გორდას კვანძის” პრინციპით გადაჭრით პრობლემებს, მინდა გითხრათ, რომ არაფერი გამოგივათ. რამე, თუ მაგ დროისათვის დიდი ალბათობით ხმალიც კი აღარ შეგრჩებათ კვანძის გადასაჭრელად!

 

მოდით თავი დავანებოთ სახელმწიფო მენეჯმენტის განხილვას და ელემენტარულად დავეშვათ ბიზნესის მართვის ენამდე. როდესაც საწარმო მწვავე ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგება და ნათელი ხდება გაკოტრების რისკი, სანაციის მეთოდების შესაბამისად, საწარმოში შემოდის დროებითი, კრიზისული მმართველობა. თუ, საჭიროა გაკოტრების ჯანსაღი პროცესიც კი იწყება! გაკოტრების პროცესი კი საწარმოსათვის არ ნიშნავს ლიკვიდაციას. არამედ, ერთად-ერთი შანსია მისი გადარჩენისა და შემდგომი პერსპექტივების შენარჩუნების.

 

P.S. ქვეყანაში იმდენად მძიმეა სოციალურ-ელონომიკური ვითარება, სახელმწიფო მართვის პრობლემების ფონზე, რომ ეკონომიკური ანალიზიც კი აზრს კარგავს! და როდესაც პრობლემების მოგვარების გზებზე ვფიქრობთ, უპირველეს და ერთად-ერთ მოთხოვნად ობიექტურად რჩება მთავრობის დაუყოვნებელი და სრული შეცვლა! უკვე სხვა, დანარჩენზე ფიქრიც კი უდროო და კონტრპროდუქტიულია! დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა! ყველაფერი უნდა განოლდეს და დაიწყოს ფუნდამენტალური რეფორმების ახალი ტალღა. რომელიც, ხარისხობრივად და ფუნქციონალურად გაცილებით უფრო მაღალი დონისა და ეფექტურობის უნდა იყოს, ვიდრე 2004 წელს დაწყებული რეფორმები. ამისათვის, კი სავალდებულოა მაღალპროფესიული ტექნოკრატიული მთავრობის მოყვანა! არჩევნებამდე, თუ არ მოხდა ყოველივე ეს და ძალაუფლება კვლავ შეინარჩუნა ქართულმა ოცნებამ, მაშინ მერწმუნეთ, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდი იქნება კრიზისების გამწვავების, სოციალური რყევებისა და სახელმწიფოს ინსტიტუციური რღვევის პერიოდი. რომელიც, განსაკუთრებით დამძიმდება კორუფციული რისკებით! რამე, თუ ნებისმიერი სახელმწიფო მენეჯერისთვის, ”ქართული ოცნების” ბანაკიდან ნათელი იქნება, რომ ეს არის მისი უკანასკნელი ”კუდის მოქნევა” და უკანასკნელი შანსი საკუთარი მერკანტილური ინტერესების რეალიზებისთვის. რაც, გარდაუვლად გადაისვრის საქართველოს შევარდნაძის დროინდელ ეპოქაში! ვერ ხედავთ, რომ მმართველი ძალის პოლიტიკური ლიედერების უმრავლესობაც კი, თანამედროვე მენეჯერის სახის შეძენის ნაცვლად, სულ უფრო ემსგავსებიან გაზულუქებულ რაიკომის მდივნებს, შესაბამისი ატრიბუტიკითურთ!? საით მივდივართ..? ”რუსული სამყაროს” რეალობისკენ..?! პუტინისეული მმართველობის სტილისკენ..?!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია