ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და საქართველოს მოლოდინთა მენეჯმენტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-06-2015, 10:25 | პოლიტიკა | ნანახია - 2186

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და საქართველოს მოლოდინთა მენეჯმენტი

 

ნიკა რურუა

 

ჩვენი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ადგას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გძელ, მიმოხვეულ და აღმართებით სავსე გზას. იმის შემდეგ მართლაც მრავალმა წყალმა ჩაიარა, როდესაც საქართველომ ღიად გამოთქვა სურვილი NATO-ში გასაწევრიანებლად.

 

ამ გზაზე სახელმწიფომ და თავდაცვის სისტემამ უამრავი რთული რეფორმა ჩაატარა: ერთმანეთისგან გაიმიჯნა თავდაცვის სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობები; თავდაცვის მინისტრად უკვე მრავალი წელია სამოქალაქო პირი ინიშნება; ქართული ჯარი ბრიგადების სისტემაზე გადავიდა; როგორც ამას დასავლური სამხედრო ყაიდა მოითხოვს, თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა და თითქმის ქვეყნის მთლიანი მშპ-ს 4% დაუახლოვდა; სისტემატურად მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები ალიანსის ძალებთან თავსებადობის დონის ასამაღლებლად; შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლს (ასე თუ ისე) ახორციელებს პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი; ქართველი ახალგაზრდა სამხედროები განათლებას დასავლურ სამხედრო სასწავლებლებსა და უნივერსტეტებში იღებენ; ქართული ჯარი თანდათანობით ინტეგრირებული საბრძოლო სტრუქტურა ხდება; მიმდინარეობს დასავლური საბრძოლო ინფრასტრუქტურული გადაიარაღება და ა.შ.

 

თუმცა, ეს ყველაფერი აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის ფაქტორს წარმოადგენს იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო ერთხელ და სამუდამოდ გახდეს დაცული გარე სამხედრო საფრთხისგან მსოფლიოში უძლიერესი პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანების საფარველს ქვეშ შებიჯებით.

 

ჩემი აზრით, ამ მიზნის მიღწევის გზაზე მთავარზე უმთავრესი არის შემდეგი ორი ფაქტორი - პირველი, ესაა ქართველი ხალხის ურყევი ნება და სურვილი ამ ალიანსის წევრად ქცევისა, და მეორე - თვითონ ალიანსის ყველა წევრის პოლიტიკური ნება, რომ საქართველო სრულუფლებიან წევრად მიიღოს საკუთარ ოჯახში.

 

ამ ორი საკვანძო ფაქტორის შესახებ ჩვენ მტერსაც მშვენივრად მოეხსენება და ისიც არ იშურებს ძალას მათ შესასუსტებლად, და შეძლების შემთხვევაში, გასანადგურებლად.

 

ალიანსის ცალკეულ ქვეყნებში რუსეთი ყველანაირ ბერკეტს - ლობისტურს, ეკონომიკურს, დიპლომატიურს, სადაზვერვოს - იყენებს, რომ იპოვოს, აღჭურვოს, დააფინანსოს და გააძლიეროს ის გავლენიანი ჯგუფები, ვინც ალიანსის გაფართოების იდეას ეწინააღმდეგება.

 

ასეთები, ძირითადად დიდი ბიზნესის წარმომადგენლები და მათი ლობისტები არიან, ვისაც რუსეთში ბიზნეს-ინტერესი გააჩნიათ, და ვინც ამავე დროს საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლებადაც გვევლინებიან; ასევე, ასეთთა რიცხვში არიან არასამთავრობო, ანალიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობები, ვინც ამათუიმ გზით (ძირითადად დაფარულად) იღებს რუსულ დაფინანსებას საკუთარი პროექტებისა და ინიციატივებისთვის; აქვე არიან კორუმპირებულ უცხოელ ჟურნალისტთა ერთეულები, ვინც ცდილობს საერთაშორისო მედიაში დანერგოს ზემოთხსენებული სკეპტიციზმი ალიანსის გაფართოების შესახებ.

 

ეს სია გრძელია და საქართველოს მხრიდან მათ მხოლოდ საკმაოდ შეთხელებული დიპლომატიური უწყება თუ დაუპირისპირდება (ამის მიუხედავად, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში დარჩენილი ბევრი პატრიოტი ყველაფერს გააკეთებს ჩვენი საერთო სამშობლოს საციცოცხლო ინტერესების დასაცავად ამ უთანასწორო, მაგრამ ძალიან ღირსეულ ბრძოლაში).

 

რაც შეეხება მეორე ფაქტორს - ქართული საზოგადოებისა და ხალხის ურყევ სურვილს გავხდეთ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები, მტერი ასევე ებრძვის მისთვის ტიპიური ხერხებით: ანტი-პროპაგანდით, უიმედობის თესვითა და ღია თუ შეფარული მუქარით.

 

ეს უკანასკნელი რუსეთს კიდევ უფრო გაუადვილდა მას მერე, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით აღდგა რუსული სახელმწიფო არხების ტრანსლირება საქართველოში - ეს არხები, მოგეხსენებათ, ახალი რუსული ბრძოლის ტაქტიკის, ე.წ. ჰიბრიდული ომის იარაღს წარმოადგენენ. დღეისთვის მილიონობით ქართველის ცნობიერება იბომბება რუსული პროპაგანდით ამ მაუწყებლების ეთერებიდან, რის წინააღმდეგაც არ ჩანს თავდაცვის გასაგები და განხორციელებადი გეგმის არც კონტურები და არც პოლიტიკური ნება (თუმცა, ეს საკითხი - რუსული სახელმწიფო ტელეარხების ტრანსლაციის აღდგენა - განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მას მომდევნო პუბლიკაციებში განვიხილავთ.) ამ წერილის მიზნებისათვის კი ნათქვამი სრულიად საკმარისია - ეს არხები მუშაობენ იმაზე, რომ შეარყიონ ქართველ მოქალაქეთა რწმენა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანდეს.

 

მაგრამ, უმთავრესი საფრთხე მაინც არც რუსული ლობისტებისგან, არც მოსყიდული პოლიტიკოსებისგან ან ჟურნალისტებისგან, არც რუსული არხებისგან, არამედ ჩვენი საკუთარი საქციელიდან მომდინარეობს.

 

შევეცდები ავხსნა, რას ვგულისხმობ.

 

ჩემი აზრით, სერიოზული საფრთხე გამომდინარეობს NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიული მნიშვნელობის მიზნის პოლიტიკურ თამაშებსა და პოლიტიკური ქულების დაწერის საქმეში გამოყენებიდან.

 

თუ ხელისუფლება და პოლიტიკური პირები ამ მიზანს საკუთარ ეგოისტურ, პოლიტიკურ-კარიერულ მიზნებს დაუქვემდებარებენ და მას შესაფერისი სიფრთხილით არ მოექციევიან, კატასტროფა გარდაუვალი გახდება - შესაძლოა, განხიბლულმა ქართველმა ხალხმა დაკარგოს რწმენა ამ მიზნის რეალურობაში - ეს კი სწორედ ისაა, რასაც ცდილობს, მაგრამ ვერ აღწევს ვერც მოსყიდულ უცხოელ პოლიტიკოსთა ჯგუფები, მედია თუ არასამთავროები, ადგილობრივი რუსეთუმე პოლიტიკანები თუ რუსული სახელმწიფო არხები.

 

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, არაფრისდიდებით არ შეიძლება მოკლევადიანი მოლოდინების გაზრდა ქართულ საზოგადოებაში იმის იმედად რომ “ყველაფერი კარგად იქნება”, რადგან ეს სწორედ პირიქითაა - ყველაფერი ძალიან ცუდად შეიძლება მოტრიალდეს საქართველოსთვის, თუ ქართველი ხალხი დაკარგავს იმედსა და მოთმინებას ხსენებული მიზნისა. ესაა, რაც ასე სწყურია მტერს, და რისთვისაც მას, ჯერჯერობით, ვერ მიუღწევია.

 

აღწერილი საფრთხის შექმნის ერთერთი ნათელი მაგალითია, რასაც დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, ქ-ნი თინა ხიდაშელი უქმნის ალიანსში გაწევრიანების იდეას, როდესაც ის აცხადებს, რომ NATO-ს მომავალ სამიტზე ვარშავაში საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა, ე.წ. MAP-ი.

 

ცნობილია, რომ ეს ინსტრუმენტი, MAP-ი, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ქვეყნებისთვის იქნა შემუშავებული და იგი დღეისათვის სულაც აღარაა აუცილებელი იმისთვის, რომ ახალის წევრის (ან წევრების) მიღება დაანონსდეს, რადგანაც სწორედ ამ სიგნალზე შეიძლება ირეაგიროს პუტინის რუსეთმა არაპროგნოზირებადი სახით, რასაც თავს არიდებს ალიანსის გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილი რამდენიმე წევრი სახელმწიფო. ამავდროულად ე.წ. MAP-ი წევრობის კანდიდატ სახელმწიფოს, მისი მინიჭების შემთხვევაშიც კი, ალიანსის მხრიდან დაცვის არანაირ გარანტიებს არ გულისხმობს.

 

ალიანსში კულუარულად არსებობს მოსაზრება, რომ ეს ინსრუმენტი დღეისათვის დრომოჭმულიც კია, და რომ მას უფრო მეტი ზარალის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლობისა. აქედან გამომდინარე, ბევრი წევრი სახელმწიფოს მოჰყავს არგუმენტი, რომ MAP-ი სულაც არაა აუცილებელი ახალი წევრი სახელმწიფოს მისაღებად.

 

ამიტომ, ამ და სხვა ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ნაკლებადსავარაუდოა, რომ საქართველოს ვარშავის სამიტზე MAP-ი მიენიჭოს.

 

ამ სავარაუდო პროგნოზის მიუხედავად მინისტრი ხიდაშელი საჯაროდ ჯიუტად იმეორებს, რომ საქართველო სწორედ ამას მოელის ამ სამიტიდან და არაფერს ნაკლებს.

 

გინდაც ეს მართლაც ასე იყოს, და ალიანსი მართლაც მზად აღმოჩნდეს საქართვლოსთვის MAP-ის მისანიჭებლად, ამის ხმამაღლა და კატეგორიულად მოთხოვნა სწორედ ამ მიზნის მიღწევას უშლის ხელს იმ მიზეზით, რომ ალიანსის ზოგი წევრი რუსეთის ამჯერადაც “არგაღიზიანებას” დაუჭერს მხარს, ეს ერთი.

 

და მეორე და მთავარი - მორიგი გადადებული დაპირება, ანუ მორიგი “უარი” MAP-ზე ალიანსის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის უკიდურეს გაღიზიანებასა და განხიბლვას შეუწყობს ხელს, იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში MAP-ის გადადება არ ნიშნავს არანაირ “უარს” ალიანსის წევრობაზე - საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი მაინც გაგრძელდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზეც გადავა.

 

მიუხედავად ამისა, პარადოქსულად გამოიყურება ის, რომ გაწევრიანების პროცესში დარჩენა მორიგი განხიბლვის მერე ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭრდება სწორედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ იდეის რეალურობაში დაკარგავს იმედს. ეს საშიში ილუზია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს და რისი დაშვებაც არასდიდებით არ შეიძლება. არადა, ეს სწორედ ის შედეგია, რაც თავდაცვის მინისტრის პოპულისტურ და საკუთარ განდიდება-წარმატებულობაზე ორიენტირებულმა განცხადება-მოწოდებებმა შეიძლება გამოიწვიოს.

 

ახლა ფსონზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანის პოლიტიკური კარიერაა - ამიტომაც ვალდებულები ვართ მაქსიმალურ კეთილგონიერებას მოვუხმოთ და პირადი ამბიციები ამ საკითხის გადაწყვეტამდე მთლიანად გვერდზე გადავდოთ.

 

გამოსავალი ერთია: ჩვენი ხალხი არაა სულელი და მას მშვიდად უნდა ავუხსნათ, რომ NATO-ში გაწევრიანება არის გრძელი, და მრავალ უცნობ თუ ნაცნობ, პოლიტიკურ თუ პერსონალურ ფაქტორზე დამოკიდებული პროცესი, რომელშიც საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს - NATO-ს წევრობას, თუკი ის გააგრძელებს ამისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას წევრ სახელმწიფოებში.

 

 

მაგიდაზე საქართველოს მომავალია. უფლება არ გვაქვს ამაზე წინ რაიმეს დაყენებისა. ახლოვდება ის დრო, როდესაც ყველამ საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია