პოლიტიკური მიწისძვრა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-07-2015, 18:19 | მსოფლიო | ნანახია - 2185

პოლიტიკური მიწისძვრა

 

გუგა ჯულუხიძე

 

გასული წლის ზაფხულში, პოლონურმა გამოცემა Wprost-მა, ვინმე "პატრიოტი ბიზნესმენისგან" ფარული აუდიო ჩანაწერები მიიღო.

 

ანონიმური გზავნილის მთავარი გმირი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმ დროისათვის, პოლონეთში ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი რადოსუავ შიკორსკი გახლდათ (CBOS-ის მიხედვით, 2014 წლის დასაწყისში, მისი პოპულარობის მაჩვენებელი 54%-ს აღწევდა). აუდიო ჩანაწერების ერთ-ერთ ეპიზოდში, შიკორსკი პოლონეთის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს ფინანსთა ყოფილ მინისტრთან (იაცეკ როსტოვსკი): “პოლონურ-ამერიკული კავშირი არაფრისმომტანი და უვარგისია, რადგან უსაფრთხოების ყალბ განცდას უქმნის პოლონეთს! სრული სიბრიყვეა! ვეწინააღმდეგებით რუსეთს, გერმანიას და ვიჯერებთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, რადგან ამერიკელები ვასიამოვნეთ.“

 

გარდა პოლონურ-ამერიკული კავშირის მწვავე კრიტიკისა, საგარეო უწყების ყოფილი შეფი უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერებს (Prawo i Sprawiedliwość – „კანონი და სამართლიანობა“), ევროკავშირის მმართველობის სტილსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. რადოსუავ შიკორსკის გარდა, აუდიო ჩანაწერების რეზონანსულ საქმეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - მარეკ ბეუკა და შინაგან საქმეთა მინისტრი - ბარტუომიეი შენკიევიჩი „გამოიჭირეს“.

 

მართალია, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება მოახერხა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი „პოლიტიკური მიწისძვრის“ პროლოგი უფრო იყო, ვიდრე ეპილოგი.

 

ე.წ. „Polish Watergate”-ს შემდეგ, პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა: პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს. პირველად პოლონეთის ისტორიაში, მთავრობის ხელმძღვანელად ქალი დაამტკიცეს. ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს, მაგრამ მიუხედავად, მმართველი გუნდის (Platforma Obywatelska – „სამოქალაქო პლატფორმა“) დომინაციისა, გასული წლის დეკემბერში, კულუარული საუბრები დაიწყეს PO-ს მომავალ ფიასკოებზე. ანალიტიკოსების აზრით, მმართველი გუნდი რამდენიმე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მიზეზის გამო დაკარგავდა საზოგადოებრივ მხარდაჭერას: „ზედმეტად მორჩილი საგარეო პოლიტიკა“ (ფრანგულ-გერმანული დირექტივების უსიტყვო მორჩილება), „პასიური პოზიციები აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში“ (ზედმეტად რბილი დამოკიდებულება რუსეთისადმი), „ხელისუფლებით დაღლა“ („სამოქალაქო პლატფორმა“ 2007 წლიდანაა ხელისუფლებაში), „პოლონეთის მოქალაქეების მასობრივი გადინება საზღვარგარეთ“ (სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წელიწადში, 4 მილიონზე მეტი პოლონელი წავიდა ემიგრაციაში) და ა.შ.

 

საბოლოო ჯამში, ექსპერტების მოსაზრება გამართლდა: პირველი საგანგაშო სიგნალი მაისის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ბრონისუავ კომოროვსკი დამარცხდა და მესამე რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა გახდა (Prawo i Sprawiedliwość – „კანონი და სამართლიანობა“).

 

მართალია, პოლონეთის კონსტიტუციით ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურადაა ნომერ პირველი პირი და ძირითადი „დატვირთვა“ პრემიერ-მინისტრზე მოდის, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მარცხი სერიოზული დარტყმაა მმართველი გუნდისათვის. დუდას გამარჯვების მეორე დღეს, საუბარი იმაზეც კი დაიწყეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდება, „სამოქალაქო პლატფორმა“ თავის ძველ და ერთგულ მოკავშირესთან „პოლონეთის სახალხო პარტიასთან“ (Polskie Stronnictwo Ludowe) ვეღარ შეკრავს უმრავლესობის მიმნიჭებელ კოალიციას და 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ „კანონი და სამართლიანობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში.

 

მომდევნო დარტყმა PO-მ ივნისის თვეში მიიღო, როდესაც სახელისუფლებო გუნდის რამდენიმე წარმომადგენელმა დაკავებული თანამდებობები დატოვა - ბარტოშ არვუკოვიჩი (ჯანდაცვის მინისტრი), ანდჟეი ბერნატი (ტურიზმისა და სპორტის მინისტრი), ვუოჯიმიეჟ კარპინსკი (სახელმწიფო ხაზინის მინისტრი) და რადოსუავ შიკორსკი (პარლამენტის თავმჯდომარე).

 

- რა მოხდა სინამდვილეში?

 

- მინისტრების გადადგომას განსაკუთრებული რეზონანსი არ მოჰყოლია (მინისტრთა კაბინეტში ხშირად ხდება გადაადგილებები/ცვლილებები) - ძველი სახეები, ახლით ჩანაცვლდნენ თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არქიტექტორის განზე გადგომას. ადამიანი, რომელიც წელიწადნახევრის წინ, ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად ითვლებოდა პოლონეთში და ქეთრინ ეშტონის სავარაუდო შემცვლელად განიხილებოდა, საკუთარი ქალაქის, ბიდგოშჩის მაჟორიტარულ სიშიც კი ვეღარ ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მას არც მინისტრობის პერიოდში ჰყავდა ბევრი მეგობარი პარტიაში, სკანდალებგამოვლილი შიკორსკი კიდევ უფრო წამგებიანი და მიუღებელი გახდა „სამოქალაქო პლატფორმისათვის“.

 

თავის მხრივ, არც შიკორსკის გაუწევია დიდი წინააღმდეგობა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს გადასვლას, სადაც Atlantic Council-ში (ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან think tank-ში) საერთაშორისო მრჩეველად იმუშავებს და თავის თანამემამულეებს - ყოფილ პრეზიდენტ ალეკსანდ კვაშნიევსკისა და ბიზნესმენ - იან კულჩიკს შეუერთდება.

 

თუმცა ყველაფერი სექტემბერში გაირკვევა. სად წავა რადეკი, ვინ მოვა უმრავლესობით და რამდენად დამანგრეველი აღმოჩნდება საბოლოო ჯამში, პოლონეთში მიმდინარე „პოლიტიკური მიწისძვრა“ მმართველი გუნდისათვის.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია