ISIS-ის „კავკასიის ვილაიეთი“, რუსული „რაზვოდკები“ და ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-07-2015, 15:36 | მსოფლიო | ნანახია - 4945

ISIS-ის „კავკასიის ვილაიეთი“, რუსული „რაზვოდკები“  და ვითარება ახლო აღმოსავლეთში

 

გიორგი იმედაშვილი

 

რამდენიმე დღის წინ, 23 ივნისს “ისლამურმა სახელმწიფომ ერაყსა და სირიაში“ გამოაცხადა ჩვენს რეგიონში ახალი პროვინციის „კავკასიის ვილაიეთის“ დაარსება და ამით როგორც იქნა მოახერხა და მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება. ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამიზმმა რომ დიდი ხანია მოიკიდა ფეხი, ახალი ამბავი არ არის, თუმცა დღესიათვის უძლიერესი ტერორისტული ორგანზიაციის კავკასიაში გამოჩენა, რასაკვრიველია, დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისათვის და თავისთავად, საქართველოსთვისაც.

 

ზოგადად, მთელს ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად კრიტიკულია. სირიასა და ერაყში გამალებული შეტაკებები გრძელდება, იღუპება უდანაშაულო მოსახლეობა და „ისლამური სახელმწიფო“ ახალ-ახალ, შემზარავი სისასტიკის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებს. თუნისში საშინელი ტერორისტული აქტის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა, იემენი და ლიბია სამოქალაქო ომის ქაოსში არიან ჩაფლული, ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე კი ოთხშაბათიდან მოყოლებული ისეთი მასშტაბის შეტაკებებია ტერორისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის, როგორიც 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ არ ახსოვს იქაურობას.

 

მოდით, რიგ-რიგობით გავყვეთ და გავაანალიზოთ ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში მომხდარი მოვლენები. ჯერ კავკასიით დავიწყოთ.

 

„ივერიის“ მკითხველმა კარგად იცის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის კავკასიელები უკვე დიდი ხანია ირიცხებიან, მათ შორის არის საქართველოში კარგად ცნობილი, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, რომელმაც სირიაში გადასვლის შემდეგ გვარი გამოიცვალა და დღეს ომარ აშ-შიშანის სახელით იბრძვის, რაც არაბულად ჩეჩენ ომარს ნიშნავს. სირიასა და ერაყში მან საკმაოდ „დიდ სიმაღლეებს“ მიაღწია და დღეისათვის ორგანზიაციის ერთ-ერთი მთავარსარდალია. მართალია, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ დღემდე არც ერთი არ დადასტურებულა. ისიც კარგად ვიცით, რომ ბათირაშვილი წარსულში ქართულ ჯარში მსახურობდა და არმიიდან რუსეთთან კავშირის გამო დაითხოვეს. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი ცნობაა და სწორედ ამიტომ, კარგად უნდა დავიმახსოვროთ შემდგომი მოვლენების ასახსნელად.

 

ჩრდილო-კავკასიაში ვითარება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აირია. 1991 წლის 5 სექტემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და უკვე ოქტომბერში პრეზიდენტად ჯოჰარ დუდევი აირჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მთავრობის გარდა, არც ერთ სხვა სახელმწიფოს ოფიციალურად არ უღიარებია. ხოლო რუსეთის ფედერაციამ, ელცინის ხელმძღვანელობით მაშინვე დაიწყო სამხედრო ძალით დუდაევისთვის სრული დამოუკიდებლობის მოსპობის გეგმებზე მუშობა. იმ დროს, ჩეჩნეთის პოლიტიკური ელიტის დიდმა ნაწილმა არჩევანი არა სეკულრული სახელმწიფოს შენებაზე, არამედ ისლამისტურ იდეოლოგიაზე გააკეთა. ეს არჩევანი განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით: პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბევრი ჩეჩენი სამხედრო პირი ავღანეთში იბრძოდა, ხოლო 1979 წლის საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ ავღანეთი იქცა მსოფლიოში ისლამისტების პირველ დიდ გამაერთიანებლად. ყველა სალაფისტურმა მოძრაობამ ერთად ჯიჰადი გამოაცხადა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ბევრი მოხალისე ავღანეთში მოჯაჰედების მხარეს საბრძოლველად ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნები, ძირითადად, საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ, მათმა დიდმა ნაწილმა კარგად შეითვისა ისლამისტური ნარატივი და გარდა ამისა, პარტიზანული ომის ხელოვნებაც, რასაც ავღანეთის ათწლიან ომში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებაც, რომ ჯერ 1967 წლის ისრაელ-არაბების „ექვსდღიანი ომის“ და მერე 1979 წლის ირანული რევოლუციის შემდეგ ისლამისტების პოპულარაბა გაიზარდა და მათთვის ერთგვარი „აღმავლობის ხანა“ დაიწყო. ეს ყველაფერი კი უკვე ავღანეთის ომის დროს, 80-იანი წლების შუიდან გადაიზარდა მდიდარი მუსლიმების მიერ (ძირითადად საუდის არაბეთის სამეფოს მოქლაქეების მიერ) ჯიჰადისტური მოძრაობების დაფინანსებაში. ამ პერიოდიდან იწყება ჩეჩნეთის უკვე რადიკალური ისლამიზაცია. საუდის არაბეთიდან დაფინანსდა არაერთი სასულიერო პირი, რომელთაც დაიწყეს ისლამის ერთი-ერთი ფუნდამენტალისტური მიმართულების ვაჰაბიზმის ქადაგება (ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის სამეფო დინასტიისა და ზოგადად მთელი ქვეყნის ოფიაციალურად გაცხადებული პრიორიტეტული მიმდინარეობაა). ამას დაემატა ისიც, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პირველი და მეორე ომის დროს, ისლამისტებმა ჯიჰადი გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციას და არაერთი მუსლიმი ჩავიდა ჩეჩნეთში მოჯაჰედების მხარეს საბრძოლველად. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო სამირ სალეჰ აბდალა სულეიმანი, იგივე ამირ იბნ ალ-ხატაბი. საუდის არაბეთში დაბადებული ცნობილი ვაჰაბისტი, რომელმაც ჯერ ავღანეთში იომა საბჭოთა კავშირის წინააღმეგ, შემდეგ კი ჩეჩნეთის ორივე ომში და იქ ბოევიკების ერთ-ერთი მთავარსარდალი და სულიერი ლიდერიც გახდა. 2002 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

 

ვაჰაბისტების მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ულამების (მუსლიმი სწავლული სასულიერო პირები) დაფიანსების პროცესი დღემდე გრძელდება და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მთელი რეგიონი, განსაუთრებით კი ჩეჩნეთი ვაჰაბისტების ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, ყოველგვვარი ჯიჰადისტური მოძრაობებისათვის იქ საკმაოდ ადვილია ხალხის გადაბირება და ახალი რეკრუტების შოვნა, მით უმეტეს, რომ რუსეთის ამ ნაწილში საკმაოდ მაღალია უმუშუვრობა, სიღარიბის დონე და ახალგაზრდა მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზარდა ახლობელი ადმაიანების გარეშე. ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი განსაკუთრებით დიდი იყო. ხშირად ერთადერთი ადგილი, სადაც ადმიანებს განათლების მიღება შეეძლოთ იყო საუდის არაბეთიდან დაიფინანსებული მედრეესები და მეჩეთები, სადაც ყმაწვილები იდეოლოგიურად შეცვლილ, დამახინჯებულ ფუნდამენტალიზმს ეზიარებოდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ამაზრზენი სისასტიკით ჩაახშო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფება, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი რუსეთის ისეთი მტრები, როგორებიც შამილ ბასაევი და მისი ხროვა იყო, სინამდვილეში სწორედ ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების ოფიციალურ თარიღამდე (1994 წელი) ერთი და ორი წლით ადრე აფხაზეთში რუსების მხარდამხარ გაუგონარ სისასტიკეს სჩადიოდნენ საქართველოს სახელმწიფოსა და ეთნიკურად ქართველების მიმართ. მათ შორის უშუალოდ მონაწილეობდნენ ლესელიძეში დატრიალებულ უზარმაზარ ტრაგედიაში. ასეთი დიდი „დამსახურებისათვის“ ჯილდოებიც ჰქონდა ბასაევს. მათ შორის არძინბას მიერ მინიჭებული „აფხაზეთის გმირის“ წოდება. ასევე, ყველამ კარგად იცის სად გადიოდნენ ჩეჩენი ბოევიკები სამხედრო მომზადებას აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსეთის ჯარის 345-ე საჰაერო დესანტის პოლკის ბაზაზე, რომელიც 1992 წლიდან 1998 წლამდე მდებარეობდა გუდაუთაში აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელი კონსტანტინ ნიკიტინი ამტკიცებდა, რომ ბასაევი სწორედ ამ ბაზაზე გადიოდა მომზადებას. „ფე ეს ბე“-ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრ მიხაილოვმა კი განაცხადა, რომ ბასაევის, როგორც პროფესიონალი დივერსანტისა და სამხედრო საქმის სპეციალისტის ჩამოყალიბებაში უშუალო წვლილი შეიტანეს რუსმა სამხედრო სპეციალისტებმა, რომლებიც იმ პერიოდში აფხაზეთის მხარეს იბრძოდნენ. ჩეჩნეთის სახალხო კრების წარმომადგენელი დუკ-ვაჰა აბდურაჰმანოვი საერთოდ ამტკიცებდა, რომ ბასაევი „ГРУ“-ს საკადრო ოფიცერი იყო. ასეთი რამე აქვთ ნათქვამი რუსლან აუშევს და ალექსანდრ ლებედსაც.

 

ანუ რა გამოდის? რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ იყნებდა ტერორისტ ბოევიკებს, რომლებიც თავად შეაიარაღა და მოამზადა საკუთარი არმიის სამხედრო ბაზებზე, უბრალოდ რაღაც პერიოდის შემდეგ ზოგიერთ მათგანთან ვერ მორიგდა და მათთან მოუვიდა დაპირისპირება. ეხლა დავუკვრიდეთ იმას, თუ რა ხდება დღეს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში და რას აკეთებს რუსეთი.

 

ბოლო რამდნიმე თვის განმავლობაში „ისლამურმა სახელმწიფომ ერაყსა და სირიაში“ არაერთი ჩრდილო-კავკასიელი მოჯაჰედი სარდლისგან მიიღო ერთგვარი ერთგულების დადასტურების განცხადება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არაერთი ადგილობრივი მოჯაჰედი გადავიდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს. ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია დღეისათვის აღარ არსებობს. ჯოჰარ დუდაევის, ზელიმხან იანდარბიევის, ასლან მასხადოვისა და აბდულ-ჰალიმ სადულაევის „პრეზიდენტობის“ შემდეგ, მათმა მემკვიდრე დუკუ უმაროვმა 2007 წელს გააუქმა რესპუბლიკა და გამოაცხადა „კავასიის საამიროს“ (ბარბარიზმი „ემირატი“ არასწორია) შექმნა და მის ტერიტორიად არამხოლოდ ჩეჩნეთი, არამედ დაღესტანი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ინგუშეთი და ყაბარდო-ბალყარეთი გამაოცხადა. დუკუ უმაროვის ლიკვიდაცია 2013 წელს მოხდა.

 

მთელს ისლამურ სამყაროში ბოლო ერთი წელია გამალებული ბრძოლა მიდის ჯიჰადისტური მოძრაობის ლიდერობისათვის. თუ ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველობა „ალ- კაიდას“ ეკუთვნოდა და დღეს პირველი ვიოლინოს როლი აშკარად „ისლამურმა სახელმწიფომ“ გადაიბარა. კავკასიაც ამ ორი დაპირისპირებული ძალის პოლიგონად იქცა. „კავკასიის საამიროს“ ახლო კონტაქტები ჰქონდა „ალ-კაიდასთან“, გაეროს კლასიფიკაციით მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ორგანიზაციად იყო მოხსენიებული. „ისლამურმა სახელმიწიფომ“ დაიწყო კავკასიაში ამ „ალ-კაიდას“ შესასუტება და ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადაიბირა სამი ჩეჩენი და სამი დაღესტნელი სარდალი. მათ შორის საამიროს დაღესტნის რეგიონის უმაღლესი პირი რუსთამ ასელდეროვი. ყველა ამ სარდალმა „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებული ხალიფის აბუ ბაქ ალ-ბაღდადის ხელისუფლება სცნო. ამსობაში მოკლეს კაბეკოვიც, ამ ფაქტმა საამირო კიდევ უფრო დაასუსტა და სწორედ ამან გაუადვილა „ისლამურ სახელმწიფოს“ განცხადება გაეკეთებინა ახალი პროვინციის დაარსების შესახებ. ამ დროისათვის ალ-ბაღდადი თავის ხელისუფლებას „ავრცელებს“ ჩეჩნეთზე, ყაბარდო-ბალყარეთზე, ინგუშეთზე, დაღესტანსა და ყარაჩაიზე, უცნობია ჩერქეზეთისა და ჩრდილოეთ-ოსეთის რეგიონების მიმართ მისი დამოკიებულება.

 

რეალურად „ისლამურ სახელმწიფოს“ ბოლო პერიოდში საქმე კარგად არ ჰქონდა. მისმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთით რამდნეიმე მარცხი განციადეს კობანთან და უკან დახევა მოუწიათ, ქურთული ნაწილები მოხალისეებთან ერთად უტევენ ტერორისტებს და უვკე დაახლოებით ათი დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ საკუთარ „დედაქალაქ“ რაკაში ძალების კონცენტრაცია დაიწყო ქურთების მოსალოდნელი შეტევის მოსაგერიებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას სულაც არ „ეცალა“ ახალი პროვიცნიების დაასაარსებლად, მით უმეტეს მიესამე სახელმწიფოში.

 

ლოგიკურია შეკითხვა, ვის აძლევს ხელს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ახალი პროვინციის „დაარსება“? მე გიპასუხებთ - რუსეთს! ეხლა აგიხსნით რატომაც.

 

„ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ დაწერილ წინა სტატიებში მიმოვიხილავდით ამ ორგანზიაციის სტრუქტურასა და სტრატეგიას. ჩვენს მკითხველს ეხსომება, რომ ამ ორგანზიაციის წევრების დიდი ნაწილი არის რეკრუტირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ ახალი წევრების მოზიდვაა. ამ მხრივ ისიც ვახსენეთ, რომ ვაჰაბისტური ჩრდილოეთ კავკასია ერთ-ერთი ყველაზე „ნოყიერი“ რეგიონია. მაგრამ ნუ დაგავვიწყდება, რომ რამზან კადიროვის ხელით რუსეთი იქ მცხოვრები ადამიანების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და საზღვრების გადალახვაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ვერც ერთი პირი, კადიროვის ძალების თანხმობის გარეშე ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში და შემდეგ თურქეთში სირიის საზღვრის გადასაკვეთად ვერ გადმოვა. რა გამოდის? - რუსეთი ხელს არ უშლის იქაურ ბოევიკებს გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი და მეტიც შეაგროვონ იქ ახალი რეკრუტები. რატომ?- ჯერ ერთი იმიტომ, რომ სურს თავიდან მოიშოროს ყველაზე მეტად რადიკალური ძალები. სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს მემბრძოლი ბოევიკების სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი ნამდვილად არ არის, ასე რომ, სავარაუდოდ ეს პირები ადრე თუ გვიან იქ დაიხოცებიან. ეს კარგი, მაგრამ მე ვფიქრობ სხვა მიზეზებიც არსებობს.

 

რუსეთი სირიაში აქტიურად უჭერს მხარს ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელიც რეგიონში რუსეთის ერთადერთ პარტნიორად რჩება. ჰუსეინი ჩამოაგდეს, ეგვიპტეც დიდი ხანია აშშ-საკენ შეტრიალდა და პალესტინელებზეც კრემლს უკვე დაკარგული აქვს ძველი გავლენები. ირანთან დადებულმა ბირთვული პროგრამის შეთანხმებამ რუსეთ-ირანის სავარაუდო კავშირიც ჩანასახშივე მოსპო. რეგიონში ერთადერთ დასაყრდენად რჩება ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელსაც რუსეთი სამხედრო ინსტრუქტორებით, იარაღით, ფულითა და უშიშროების სამსახურების მონაცემებით ამარაგებს. რუსეთის ერთადერთი სამხედრო ობიექტიც მთელს ხმელთაშუა ზღვაზე სირიაში მდებარეობს - ქალაქ ტარტუსში, სადაც ტერიტორია თავის დროზე ბაშარის მამამ ჰაფეზ ასადმა დაუთმო საბჭოთა კავშირს. თუ თვალს კარგად გადავავლებთ 2011-12 წლების ზამთარსა და 2012 წლის გაზაფხულზე მომხდარ ფაქტებს, გაგვახსენდება რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოდადებული რეზოლუციები და დაბლოკილი ანტიკრიზისული გეგმები, რომელთაც არ უნდა დაეშვათ სირიაში ხანგრძლივი სამოქალაქო კონფლიქტის შესაძლებლობა. მთელი ამ ხნის მანძილზე „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამდე დასავლეთი ერთხმად უჭერდა მხარს „აჯანყებულ“ სირიელებს, თუმცა დღეს საშინელი ტერორის ფონზე უფრო და უფრო მატულობს ძველი რეჟიმის მომხრე ექსპერტების რაოდენობა.

 

ბაშარ ასადმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ რაკას აღების შემდეგ (2013 წლის ოქტომბერი) მათ წინააღმდეგ არაფერი მოიმოქედა, მაშინ როდესაც აქტიურად უტევდა სხვა „აჯანყებულებს“ და ასეთი დამოკიდებულებით რამდენჯერმე განადგურებას გადაარჩინა „ისლამური სახელმწიფო“. ამასობაში ეს ორგანზიაცია მოძლიერდა, ხოლო ორ ფრონტზე (ასადთან და „ISIS“-თან ერთდრულად) მემბრძოლი „აჯანყებულები“ დასუსტდნენ და დღეს, ფაქტობრივად, ქვეყანაში ბაშარ ასადის სეკულარული ოპოზიცია არ არსებობს. ანუ, ასადმა ხელი შეუწყო „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას და მსოფლიოს არ დაუტოვა არჩევანი. გამოვიდა, რომ თუ არ გვინდა ასადი, მივიღებთ ალ-ბაღდადის და მის ხროვას. ამ შემთხვევაში, ასადი უკვე ნაკლებ ბოროტებად ეჩვენება ყველას და შერეკილი ისლამისტების ბრბოს მაინც მის დარჩენას ამჯობენენ. ეს მოსაზრება გამყარდა მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა დაიკავა და კაცობრიობის უძველესი საგანძური დანაღმა. გავრცელდა კადრები, თუ როგორ ცდილობენ ასადის ჯარისკაცები გადაარჩინონ სიძველეები და როგორ გააქვთ შეფუთული კოლონები სატვირთოებით. ამ ფაქტის შემდგომ, ბევრმა მკვლევარმა შეაქო ასადის გადაწყვეტილება და მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა მისი მხარდაჭერისაკენ. რასკავირველია, ამ შემთხვევაში ასადის ხელისუფლება ყველა ადამიანს უფრო სტაბილურად და ლიბერალურად ეჩვენება, ვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებები.

 

ასადი და მისი გარემოცვა რუსული რჩევების გარეშე არ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამიტომ, სრული საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ „ისლამური სახელმწიფოსათვის“ თითქმის ერთწლიანი „მორატორიუმის“ გამოცხადება რუსეთთან შეთანხმებული იყო. ამას დაუმატეთ ის, რომ რუსეთის ხელისუფლება განგებ არ აკონტროლებს თავის საზღვრებს და იქიდან დაუზუსტებელი რაოდენობის ბოევიკები გადაადგილდებიან საქართველოს, შემდეგ კი თურქეთისა და სირიის მიმართულებით და აშკარა ხდება, რომ რუსეთი ხელს უწყობს „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას. ეხლა გავხსენოთ ამ ორგანზიაციის სტრუქტურის შემქმნელის ვინაობა. მუჰამად ალ-ხლიფავი, იგივე ჰაჯი ბაქრი, სადამ ჰუსეინის საჰაერო ძალების დაზვერვის პოლკოვნიკი. ისიც გავიხსენოთ, რომელი სახელმწიფოს დიდი ძალისხმევით და ფაქტობრივად რომლის მიერ იყო შექმნილი ჰუსეინის სადაზვერვო სამსახურები და მით უმეტეს მთელი საჰაერო ძალები - საბჭოთა კავშირის მიერ. ხოლო, რომელმა ქვეყანამ მიიღო საბჭოთა სადაზვერვო სისტემა და ყველა საბჭოთა მზვერავი მემკვიდრეობით - რუსეთმა. ანუ, ერაყსა და სირიაში მოქმედებს სადამ ჰუსეინისა და საბჭოთა სპეცსამსახურების მომზადებული კადრები ხელმძღვანელობენ, რომელთა ერთ-ერთი მთავარსარდალიც საქართველოს არმიიდან რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო გაგდებული თარხან ბათირაშვილია. ამ ხალხის რუსეთთან კავშირი, ვფიქრობ, ნათელია.

 

22 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ნომერ პირველი მტერი არის არა ნატო, არა საქართველო ან უკრაინა, არამედ „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“. ღმერთმანი, უცნაური განცხადებაა იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიან, რომელსაც მოქმედი საომარი მდგომაეობა აქვს საქართველოსთან, ხოლო უშუალო შეტაკებებს აწარმოებს უკრაინასთან. მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთის შინაგან საქმეთა სტრუქტურებს სულ მარტივად შეუძლიათ უთვალთვალონ „ისლამური სახელმწიფოს“ მოჯაჰედების გადაადგილებას და დააკავონ ისინი, ჩაკეტონ საზღვრები ჩრდილოეთ კავკასიაში და არ დაუშვან საბრძოლველად სირიაში გამგზავრება. ამით კი დაასუსტონ ეს ორგანზიაცია, რომელსაც სასიცოცხლო ძალა ჰაერივით სჭირდება. თუკი იმასაც გავიხსენებთ, თუ როგორ ცდილობდა ზამთრის ბოლოსა და გაზაფხულის დასაწყისში პუტინი უკრაინასთან ომის გამო დაკისრებული სანქციების მოხსნას და როგორ ვერ მოახერხა, ისევე როგორც ვერ შეძლო ვერც ირანთან ბირთვული შეთანხმების ჩაშლა, მივხვდებით, რომ იმ პერიოდში „ეფ ეს ბე“-ს მაღალჩინოსნებმა უვე კარგად გაწერილი სცენარით დაიწყეს „რაზვოდკის“ ოპერაცია. ხელოვნურად შექმნეს ახალი საფრთხე რუსეთისათვის (უმოწყალო საერთაშორისო ტერორიზმის სახით) - „ისლამურ სახელმწიფოს“ გამოაცხადებინეს ახალი ვილაიერთის დაარსება რუსეთის ტერიტორიაზე და ამით პუტინი გამოიყვანეს როგორც პირსისხლიანი ტერორისტების სამიზნე, მსხვერპლი. ეხლა უკვე იწყება მეორე ნაწილი, რაც პუტინის როგორც ტერორიზმთან მებრძოლი ძალისა და ამ საკითხებში დასავლეთის პარტნიორის წარმოჩენას გულისხმობს. ამავდროულად, უკვე აყვირდნენ დაფინანსებული „ექსპერტები“ (რომელთაც ზურგს „useful idiot“-ების დიდი არმია უმაგრებთ), რომლებიც რუსეთს მართლაც მიიჩნევენ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნედ და ტერორიზმის მსხვერპლად და ამიტომ მისთვის სანქციების მოხსნას უჭერენ მხარს.

 

სწორედ ამიტომ, გამოაცხადა „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ვილაიეთის შექმნა სწორედ მაშინ, როდესაც თავად ამისათვის ყველაზე ნაკლებად „ეცალა“, მაგრამ ძალიან სჭირებია რუსეთს. მაშინ როდესაც ობამამ ვერ დაბლოკა უკრაინისათვის იარაღის მიწოდების პროექტი, მაშინ როდესაც რუსეთის ეკონომიკა სანქციების გავლენით დღითი დღე ინგრევა და ნავთობის ფასიც არადა არ იზრდება. ამასობაში, პუტინს კიდევ ერთი მეგობარი - ფიფას პრეზიდენტი ბლატერი გამოეცალა ხელიდან თავისი კორუფციული მაქინაციებით და შესაძლებელია, რუსეთს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებაც ჩამოართვან. პუტინისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად მიდის. რუსეთს ამოსუნთქვა სჭირდება და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სიმტკიცე და სიფხიზლე არ მისცემს მას ამის საშუალებას. პუტინის, როგორც ტერორიზმის მსხვერპლისა და დასავლეთის მოკავშირის წარმოდგენა იქნება დამღუპველი შეცდომა, აღარაფერს ვამბობ სანქციების გაუქმებაზე.

 

რუსეთის ხელისულება პირველად არ ცდილობს თავის გამოზრდილი ტერორისტების საფრთხედ მოაჩვენოს თავი თავისუფალ სამყაროს. მმართველობის გარიჟრაჟზე პუტინმა ერთხელ უკვე წარმატებით განახორციელა „რაზვოდკა“- ბინ ლადენის ტერაქტების ფონზე, თავი თვითონაც გამოცხადა ტერორიზმის მსხვერპლად და მასთან მებრძოლ ნომერ პირველ ძალად. არადა შამილ ბასაევის არ იყოს, მისი „მტერი“ ტერორისტები სულ რუსული სპეცსამსახურების გამოზრდილი კადრები იყვნენ. კარგად გვახსოვს, ის ტერორისტული აქტები, რომლებიც უშუალოდ რუსული დაზვერვის მითითებით ხორციელდებოდა, პირველ რიგში, თავად რუსული მოსახლეობის მსხვერპლის ხარჯზე (თუნდაც მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების აეთქება რად ღირს). შემდეგ „ტერორიზმთან ბრძოლის“ დროშის ქვეშ პუტინმა უდიდესი სისასტიკით ჩაახშო ჩეჩნეთში სეპარატისტული მოძრაობები და ნელ-ნელა რეპრესიების დახმარებით მთელი სახელმწიფო ერთი კაცის უშუალო კონტროლს დაუქვემდებარა. ასე რომ, ტერორისტებსა და „რაზვოდკებს“ რუსეთის დღევანდელი ხელისუფალი კარგად არის დაჩვეული.

 

ვფიქრობ, მთლიანად რუსეთის ფედერაცია დღეისათვის თავად არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საეჭვო წარმოშობის პოლიტიკური მიზნებისათვის მუდმივ შიშსა და ტერორში ამყოფებს პირველ რიგში საკუთარ ხალხს, შემდეგ კი იმ სახელმწიფოთა მოსახლეობებს, რომლებზეც ხელი მიუწვდება. მთავრობა პანტა-პუნტით ხოცავს ოპოზიციურად განწყობილ მოღვაწეებსა და ჟურნალისტებს, სხვები ქვეყნიდან გარბიან, ტელევიზიები მოსახლეობას ამერიკის მხირდან მოსალოდნელი ატომური დარტყმისა და მესამე მსოფლიო ომის შესახებ მოყოლილი საშიში კოშმარებით ურეცხავენ ტვინს. გაიხსენეთ, რა ხდება გალის რაიაონში, როგორ ტერორში ცხოვრობს იქაური ეთნიკურად ქართული მოსახლეობა, ან როგორი მეთოდებით იბრძოდა ეს სახელმწიფო ჩვენს წინააღმდეგ ორი ათეული წლის წინათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და მოგვიანებით კიდევ 2008 წელს.

 

ამ ბოლო დროს რუსეთში კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი დაფიქსირდა. ორი დღეა, რაც „სამართალდამცავებს“ სულ პატარა დაუმორჩილებლობისათვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ ქალების წინააღმდეგაც, თუკი ამ უკანასკნელთ კარგად გამოკვეთილი ფეხმძიმობის ნიშნები არ აღენიშნებათ. ეს კანონი თითქოს ჩვეულებრივ ხალხს აფრთხილებს: „ნუ მოაწყობთ მიტინგებს! ძველებურად აღარ დაგშლით, პირდაპირ გესვრით, ეს უკვე დავიკანონეთ!“. მალე იმის მტკიცებაც დაიწყება, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა ვერ შენიშნა ქალის ორსულობის ნიშნები, იმიტომ რომ ქალს თბილად ეცვა, ან როგორ იფიქრა ლეიტენანტმა ხოხლოვმა, რომ მიტინგზე მისულ, „დაუმორჩილებელ“ გოგონას აკვარიუმი ჰქონდა მოპარული და ესროლა, თორემ ფეხმძიმეს როგორ გაიმეტებდა და ა.შ.

 

საქართველოს ხელისუფლებას სიფხიზლე მართებს. ჯერ კიდევ არ მოწმდება საქართველოს გავლით, ჩდრილოეთ კავკასიიდან თურქეთის მიმრთულებით მოძრავი პირების დანიშნულების ადგილი და ვინაობა, ამასობაში კი, სირიასა და ერაყში უკვე 14-ე პანკისელი დაიღუპა. როგორც ჩანს, რეკრუტთა ჯგფები თავისუფლად გადაადგილდებიან და საქმიანობენ საქართველოს ტერიტორიაზე- აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისუფლად ხვდებიან თურქეთშიც. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კავკასიის ვილაიეთის დაარსების შემდეგ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

 

„გამოწვევებს ცოტა ისე ვიტყოდი, ცოტა დიდი ნათქვამია, გამოწვევები განაცხადეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი ჩვენთვის და კავკასიისთვის. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის გამიჯნებულები და არ ეთანხმებოდნენ ამ ისლამურ სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჩავერთვებით, ჩვენ ვმუშაობდით როგორც ისლამური სახელმწიფოს მიმართულებით, ასევე კავკასიის მიმართულებით და ისევ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონტროლს და უფრო მეტად გავამკაცრებთ იგივე საზღვრებს და იგივე სადაც ეს ადამიანები მოძრაობენ, სირიაში, ასევ ვთქვათ, თურქეთში არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი თუ არის, ერთ-ერთი თურქეთის მიმართულებაა. აქედან გამომდინარე გამკაცრებულია, ასევე ხაზს ვუსვამ, ყველაზე ერთ-ერთი კარგად დაცული თუ არის უმაღლეს დონეზე - არის თურქეთის მიმართულება”.

 

ერთადერთი, რაც მე ამ კომენტარიდან გავიგე არის ის ის, რომ ბატონმა მინისტრმა არ იცის რაზე საუბრობს, ან ძალიან ოსტატურად ნიღბავს თავის ცოდნას მჭერმეტყველებით. საქმე იმაშია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე დაიკავა სირიის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი და ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მას მხარს უჭერენ ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს უპტრონოდ დარჩენილ ზოგიერთ პროვიცნიაშიც და უკვე ოთხშაბათიდან მოყოლებული ამ ორგანზიაციის წარმომადგენლებმა იერიში მიიტანეს ეგვიპტეზეც სინაის ნახევარკუნძულზე, ხოლო მისი უცხოელი მებრძოლების ნახევარზე ბევრად მეტი, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მონაცემებით, სწორედ თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მოხვდა სირიაში. ასე რომ, „ისლამური სახელმწიფოს“ ამბიციებთან არასერიოზული დამოკიდებულება არ არის სწორი, მით უმეტეს ისეთ პირობებში როგორშიც საქართველოა როდესაც, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დისკრედიტირებულია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაც აშკარად შესუსტებულია. კიდევ ერთ მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დღემდე არ სჯერა, რომ საქართველოდან სირიაში საბრძოლველად მართლაც მიდიან, სმაგიეროდ რუსეთის მხრიდან ცალმხრივად აღიარებულ სეპარატისტულ რეგიონებთან ახალ-ახალი ხელშეკრულებების გაფორმება რომ დადებით მოვლენაა ამის სჯერა.

 

ამასობაში, "ისლამურ სახელმწიფოს" სამწუხაროდ მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ "ჯაიშ ალ ისლამ" (ისლამის არმია). ეს არის 2011 წელს შექმნილი დაჯგუფება სირიაში, რომელიც დამასკოსთან ახლოს ქალაქ დუმასა და ღუტას ოაზისს აკონტროლებს, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ამ ორგანზიაციის წევრებმა "ISIS"-ის 18 ტერორისტი დასაჯეს სიკვდილით, ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყოვილები, ისევე როგორც ამას "ისლამური სახლემწიფო" თავის მსხვერპლს უკეთებს.

 

იუთუბიზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ორგანოზაციის ლიდერის - შეიხ ზაჰრან ალოუშის ერთ-ერთი უკანასნკნელი აღლუმი და მიმართვა (ინგლისური სუბტიტრებით), რითც დარმწუნდებით, რომ ეს ორგანზიაცია სუფთად ისლამისტურ იდეოლოგიას ქადაგებს, საკმაო ძალას წარმოადგენს და კარგადაც ფინანსდება (საუდის არაბეთიდან-სადაც სწავლობდა კიდეც ზაჰრანი).

 

კარგია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან", ცუდია რომ ებრძვიან იმავე მეთოდებით და არავინ იცის, რით დამთავრდება ეს დაპირისპირება და რომელი ძალა, თუ სავარაუდო შედეგია "უარესი". თავისუფალი სამყარო უნდა გააქტიურდეს, თორემ თუნდაც "ISIS"-ის დამარცხების შემთხვევაშიც, ახალ "ისლამურ სახლემწიფოებს" მივიღებთ სხვა ორგანზიაციების სახელით და ერთდროულად ბევრგან: სირიაშიც, ერაყშიც, ლიბიაშიც, ნიგერიაშიც, ყველგან სადაც სახელმწიფო ძლიერი არაა, ადგილს მოანხევენ ასეთი ძალაუფლებისათვის მებრძოლი დამნაშავეები. ამ მოსაზრებაში დაგვარწმუნებს გასული დღეების მოვლენათა მიმოხილვაც:

 

ორმოცამდე კაცი დაიღუპა ქუვეითში, სადაც მეჩეთში თვითმკლელმა (წარმოშობით საუდელმა) ტერორისტმა აიფეთქა თავი.

 

სინაის ნახევარკუძნულზე თვითმკვლელმა ტერორისტმა გამშვებ პუნქტთან აიფეთქა თავი და 100-მდე მოქალაქე იმსხვეპლა. თავს დაესხნენ სხვა გამშვებ პუნქტებსაც, პირველივე შეტაკებებისას ეგვიპტელებმა 22 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს. შემდგომ საათებში კიდევ ასამდე ტეორრისტის მოკვლა მოხერხდა. თუმცა ოპერაცია გრძელდება. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტაქტიკური სვლა გააკეთა და დაარტყა ეგვიპტის სამხედრო პრეზიდენტს გენერალ სისის, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში ხისტი, სეკულარისტი მმართველის სახელს იმკვიდრებს. ჰამასმა დაიწყო ღაზას სექტორისა და ეგვიპტის საზღვრებს გამაგრება, ისრაელის პრემიერმაც განაცხადა, რომ თუ საფრთხე ისრაელის საზღვრებს მიუხლოვდება, ებრაული ჯარი იმოქმედებს და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა ეგვიპტის მხარესაც. თურქეთსა და იორდანიაში უკვე ღიად დაიწყეს სირიაში ჯარების გაგზავნის გეგმაზე ფიქრი. მათი იდეაა, სირიის ტერიტორიაზე, გარკვეულ სიღრმეში საკუთარი ნაწილების განთავსება. ამ გზით ე.წ. „ბუფერული ზონების“ შექმნა, რომლებიც მათ საზღვრებს ტერორისტების მოახლოებისაგან დაიცავენ.

 

გარდა ამისა, უდანაშაულო მოსახლეობა ტერაქტებს ეწირება სომალისა და ნიგერიაშიც. გასულ კვირას შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თუნისსა და პარიზში- სადაც ტერორისტებმა არაერთი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლეს. თუნისის, სინაის და ქუვეითის ტერატებზე პასუხისმგებლობაც უკვე „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა აიღეს.

 

გარდა ამისა, ამ დაჯგუფების წევრმა ტერორისტებმა ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსანიშნავად მამათმავლობაში ბრალდებული პირები გადმოყარეს მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან და რამადანის დროს დღისით საჭმლის ჭამის ბრალდებით ორი ახლაგაზრდა ბიჭი დახვრიტეს. გარდა ამისა, გრძელდება შეტაკებებიც.

 

სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდ ტერაქტებს შეიძლება ველოდეთ დღეს 4 ივლისს- ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ამ დღემ შედარებით მშვიდობიანად ჩაიაროს.

 

ვითარება უაღრესად კრიტიკულია, ყველა სახელმწიფოს (განსაუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში) მართებს განსაკუთრებული სიფრთხილისა და სიმტკიცის გამოჩენა, თავისუფალი სამყარო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის სიბნელისა და სისასტიკის წინააღმდეგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია