ბლატერი, ფული და 2 მუნდიალი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-07-2015, 21:34 | სპორტი | ნანახია - 1197

ბლატერი, ფული და 2 მუნდიალი

 

გუგა ჯულუხიძე

 

მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ფიფას 7 თანამშრომელი დააპატიმრა. ოდნავ მოგვიანებით, შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ პარალელური გამოძიება დაიწყო „მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭების“ საქმეზე. საგამოძიებიო უწყება 2 საწყისი მიმართულებით წავიდა: 1. რუსეთი 2018 და 2.ყატარი 2022.

 

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ფიფას მაღალჩინოსნებმა უკანასკნელი წლების განმავლობაში, სატელევიზიო ტრანსლიაციების სანაცვლოდ 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღეს (ქრთამის სახით). აღნიშნული საქმის მთავარი ინფორმატორი ჩაკ ბლეიზერია, რომელმაც სამართლებრივი ხელშეუხებლობის სანაცვლოდ, დაიწყო გამოძიებასთან თანამშრომლობა. ბლეიზერის თქმით, იგი წლების განმავლობაში იღებდა ქრთამებს და რამდენიმე ქვეყანას FIFA World Cup-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებაშიც დაეხმარა - საფრანგეთს (1998 წელს) და სამხრეთ აფრიკას (2010 წელს).

 

გამოძიება ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო უწყებითაც დაინტერესდა. ანალიტიკოსების განცხადებით, კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები, სწორედ CONCACAF-იდან არიან (The Confederation of North, Central America and Caribbean Association Football).

 

როცა 2010 წელს, ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში რუსეთ-ყატარისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მინიჭება-არმინიჭების თემა განიხილებოდა, სხვადასხვა ფედერაციების წარმომადგენლებმა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა (ლორდი ტრისმენი) ხმამაღლა განაცხადეს, რომ ხმის მიცემის სანაცვლოდ, „ვიღაც-ვიღაცეებმა“ რამდენიმე მილიონი დოლარი შესთავაზეს. ამჟამად შვეიცარიის გენერალური პროკურატურა, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 10 წევრს კითხავს და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში, ბევრად უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

 

აგორებული კორუფციული სკანდალის საპასუხოდ, ფიფას მე-5 ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მან „მსოფლიო ფეხბურთი დაიცვა“, თუმცა სანამ ბლატერი „ფეხბურთის დაცვის“ აქტიურ ფაზაზე გადავიდოდა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ და ლამის, მთელმა ევროპულმა საფეხბურთო ელიტამ მისი გადადგომა მოითხოვა (პირდაპირი, თუ ირიბი განცხადებით).

 

თავის მხრივ, ბლატერის გადადგომას წინ არაერთი ბრალდება უძღოდა. მას ხშირად ადანაშაულებდნენ ე.წ. „ღარიბი“ ფედერაციების მოსყიდვაში.

 

რაში სჭირდებოდა ბლატერს მათი მხარდაჭერა?

 

პასუხი ძალიან მარტივია: ხშირ შემთხვევაში, სწორედ „ღარიბი“ ფედერაციების ხმა ხდებოდა გადამწყვეტი საპრეზიდენტო პოსტის შენარჩნებისათვის.

 

გამოძიება ნელ-ნელა ბლატერის უახლოეს გარემოცვას უახლოვდება; კერძოდ, ჟერომ ვალკეს (ფიფას გენერალური მდივანი), რომელსაც 10 მილიონი დოლარის გადარიცხვას ედავებიან (თაღლითური გზით).

 

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვები: „ფიფა“ და „კორუფცია“ ჯერ კიდევ ბლატერის წინამორბედის ჟოაო აველანჟის მმართველობის პერიოდშიც აქტუალური იყო (1974 წლის ჩემპიონატიდან, როდესაც სპონსორების მიერ გადარიცხული თანხის ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში გაქრა), ფუნდამენტური პრობლემა არა პრეზიდენტებში, არამედ მმართველობის სტილშია. ფიფა არც სამთავრობო უწყებაა, არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც ბიზნეს გაერთიანება. გამომდინარე აქედან, აღნიშნული საფეხბურთო კავშირი საკმაოდ დახურული და არაგამჭვრივალეა - რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს. იცვლებიან მთავრობები, პრეზიდენტები, მონარქები, თუმცა არაფერი იცვლება ფიფაში (ცნობისათვის: ბლატერი 1988 წელს გახდა საფეხბურთო ჩინოვნიკი ნომერი 1).

 

არის იმის შანსი, რომ რუსეთსა და ყატარს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვას? - კითხვა, რომელიც ერთი-ერთი ყველაზე აქტუალურია თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში.

 

მხოლოდ და მხოლოდ, ერთ შემთხვევაში - თუკი გამოძიება ხმის მიცემის დროს ქრთამის აღების პირდაპირ მტკიცებულებას წარადგენს.

 

ამასობაში, უფრო და უფრო მეტი რამ ირკვევა ფიფას კორუფციული საქმიანობის შესახებ; მაგალითად, ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ იმ კორუფციული გარიგების შესახებ განაცხადა, რომელიც ფიფამ ირლანდიელებს „ხმის არამოღების“ სანაცვლოდ შესთავაზა (საქმე ეხება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, როდესაც play-off-ის განმეორებითი მატჩისისას მსაჯს უხეში შეცდომა გაეპარა და შედეგად, ირლანდია მუნდიალს მიღმა აღმოჩნდა).

 

ერთი სიტყვით, გამოძება გრძელდება. თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი დეტალი ირკვევა და სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვები: ბლატერი, ფული და 2 მუნდიალი.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია