ევრაზიული კავშირის კონტურები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ჰორიზონტზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-07-2015, 21:59 | მსოფლიო | ნანახია - 2348

ევრაზიული კავშირის კონტურები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ჰორიზონტზე

 

დავით ბრეკი

 

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რომ საკმაო ბუნდოვანებით გამოირჩევა საყოველთაოდაა ცნობილი, ქვეყანას მკაფიოდ არ აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ცდილობს საკუთარი ადგილი დასავლეთს, რუსეთსა და თურქეთს შორის იპოვნოს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და პირადად ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ პოლიტიკური მიმართულებების მსგავსი დივერსიფიკაცია აზერბაიჯანულ საზოგადოებაში აღიქმება მცდელობად, ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ძალასთან უპირობო კავშირზე, თუმცა მეორეს მხრივ, მსგავსი ბუნდოვანება და გაურკვევლობა საბოლოო ჯამში დაღს ასვამს ქვეყნის განვითარებას.

 

მოკლედ შევეხოთ თითოეულ ზემოთმოყვანილ მიმართულებებს, რომელთა შორისაცაა „დაკარგული“ აზერბაიჯანი:

 

დავიწყოთ აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებით, რომელიც დამყარებულია პრინციპზე - ერთი ერი, ორი სახელწიფოთი (One nation with two states). ეს ურთიერთობები მოიცავს მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ისლამური ერთობის თვალსაზრისით ისლამური სამყაროსათვის აქ მეტად საინტერესოდ ჩანს სუნიტური თურქეთისა და შიიტური აზერბაიჯანის ურთიერთობები. უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე თურქეთის მკვეთრმა პროაზერბაიჯანულმა პოლიტიკამ ჩამოაყალიბა აზერბაიჯან-თურქეთის ახლო ურთიერთობები და ეს ურთიერთობები დღესდღეობით კიდევ უფრო გააქტიურებულია. თურქული მხარის განცხადებით, აზერბაიჯანი მისთვის მეტად ძვირფასი პარტნიორია და თურქეთი მას საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

 

რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობებს, წლების მანძილზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებდა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანი დასავლური ღირებულებების გაზიარება, ევროპული კრიტერიუმების დაკმაყოფილება და ევროპასთან ინტეგრაციაა, თუმცა ექსპერტები ამის განხორციელებას ბოლო დროს რუსეთთან დამთბარი ურთიერთობების ფონზე საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებენ.

 

როგორც ცნობილია, 2013 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა თავი შეიკავა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის განცხადებით, ის ძალიან სკეპტიკურად უყურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის თემას, რამდენადაც ამ პროგრამამ უფრო მეტი პრობლემები შექმნა, ვიდრე გადაჭრა (It brought more troubles than solutions).

 

რა თქმა უნდა ექსპერტები აზერბაიჯანის აღნიშნულ ნაბიჯს რუსეთის ფაქტორს უკავშირებენ. აზერბაიჯანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა ევროპასთან, მეორეს მხრივ არ სურს გაართულოს ურთიერთობები რუსეთთან მრავალი შიდა თუ გარე ფაქტორის გამო.

 

პარალელურად აზერბაიჯანის ოფიციოზი არ იშურებს სახსრებს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ქვეყნების გავლენიანი წარმომადგენლების აზერბაიჯანულ ვოიაჟებში, არის ხმები, რომ ხშირად მსგავსი ვიზიტებისას უხვად ასაჩუქრებენ ევროპული დელეგაციების წარმომადგენლებს, აზერბაიჯანისადმი კეთილგანწყობილების მოპოვების სანაცვლოდ.

 

დასავლელი ექსპერტები აზერბაიჯანის აღნიშნულ მცდელობებს „ხიზილალას დიპლომატიად“ (Caviar Diplomacy) მოიხსენიებენ. თუმცა მიუხედავად აზერბაიჯანის ხელისუფლების ამგვარი ძალისხმევისა, ევროკავშირისა და აშშ-ს როგორც ოფიციალური ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა ქვეყანაში მიმდინარე არაჯანსაღი პროცესების და განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.

 

როგორც აღვნიშნეთ, აზერბაიჯანი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება რუსეთთან ურთიერთობას, ითვალისწინებს რა ჩრდილოელი მეზობლის უზარმაზარ სამხედრო რესურსს, ამბიციებს და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე კვლავ ჰეგემონობის მცდელობებს.

 

მაშინ, როდესაც თანამედროვე ცივილიზებულმა სამყარომ ბოიკოტი გამოუცხადა მიმდინარე წლის 9 მაისს მოსკოვში ჩატარებულ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საზეიმო ცერემონიალს, ღონისძიებას დაესწრო ილჰამ ალიევი მეუღლითურთ, უფრო მეტიც აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთმა მარშით ჩაიარა წითელ მოედანზე. მსგავს ორმაგ სტანდარტებს კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შეაქვს ქვეყნის პოლიტიკურ-სტრატეგიული ვექტორის მიმართულებაზე.

 

ამ ფონზე რუსეთი თავგამოდებით ცდილობს აზერბაიჯანის ევრაზიულ საბაჟო კავშირში შეტყუებას. რუსეთი ხვდება, რომ დსთ-მ, რომელმაც ავად თუ კარგად გარკვეულ ეტაპამდე იმუშავა, ახლა დრო მოჭამა, შესაბამისად იგი ცდილობს ახალი გაერთიანების შექმნას, რომელიც ევროკავშირის საპირწონე გახდება. დღესდღეობით კი იმისათვის, რომ იმპერიამ თავისი გავლენა შეინარჩუნოს, ახალი სისხლი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), ახალი იდეები და კავშირებია საჭირო.

 

როგორც ცნობილია აზერბაიჯანი 2015 წლამდე დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ქვეყანა არ გეგმავს არც ერთ გაერთიანებაში და მით უმეტეს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. რა უნდა იყოს ის სატყუარა, რომელიც შეიძლება რუსეთმა აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში შესვლისათვის გამოიყენოს? რუსეთი, რომელსაც ერთის მხრივ აღიზიანებს ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი და მისი დამოუკიდებელი პროექტები, რომლებიც რუსეთის გვერდის გავლით ითვალისწინებენ ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანზიტს, ეკონომიკური პროექტებით და რუსული კრედიტებით ვერ მოხიბლავს აზერბაიჯანს. რუსეთმა იცის, რომ ძირითადი აქცენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე უნდა გადაიტანოს და ისეთი რაღაც შესთავაზოს მას, რომელიც რუსეთისაკენ შეატრიალებს ქვეყანას.

 

სავარაუდოდ ასეთი „დაპირება“ აზერბაიჯანის ხელისუფლებას უკვე მისცეს რუსმა პოლიტიკოსებმა, რაც არაპირდაპირ იკითხება აზერბაიჯანის საგარეო უწყების პირველი პირის გამონათქვამებში. ბ-ნ ელმარ მამედიაროვის განცხადებით, აზერბაიჯანი ვერ იქნება ისეთ გაერთიანებაში, რომლის წევრიცაა ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, თუკი მომავალში შეიცვლება სიტუაცია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, თუკი სომხეთი გაიყვანს ჯარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გაიხსნება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი, აზერბაიჯანმა შესაძლოა განიხილოს ევრაზიულ კავშირში გაერთიანების საკითხი - „როგორც იტყვიან, არასოდეს თქვა არასოდეს“ დაამატა მან ტელეარხ „როსია 24“-თან მიცემულ ინტერვიუში. მამედიაროვის ეს განცხადება სენსაციად იქნა აღქმული როგორც რუსულ ისე აზერბაიჯანულ მასმედიაში (შენიშვნა: ელმარ მამედიაროვი მაისის ბოლოს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში, სადაც მოლაპარაკებები გამართა თავის კოლეგა სერგეი ლავროვთან). აქ თუკი გავითვალისწინებთ რუსული პოლიტიკის თავისებურებებს, რომელიც დაპირებებისა და ინტრიგის სინთეზს წარმოადგენს ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ლავროვს მამედიაროვთან დიალოგში დაპირებებთან ერთად აზერბაიჯანისათვის შემდეგი მტკივნეული საკითხებიც წამოეწია: 1) როგორც ცნობილია, რუსეთში მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებიც გარკვეულ სახსრებს აგზავნიან სამშობლოში და რომელთა ოჯახებისთვისაც ეს გზავნილები ძირითადი შემოსავლის წყაროა; 2) აზერბაიჯანის ჩრდილოეთით მცხოვრები ლეზგინებისა და ავარების საკითხი, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ არ არიან ლოიალურად განწყობილნი აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ; 3) აზერბაიჯანული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შემდგომი რეალიზაციის საკითხი და სხვ.

 

არ გვინდა ვივარაუდოთ, რომ იმდენად დიდია მთიანი ყარაბაღის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა ქვეყნისათვის, რომ ტერიტორიული აღდგენის პირობის სანაცვლოდ აზერბაიჯანი მზად არის თავი ევრაზიულ ხაფანგში ამოყოს. ცხადია, რომ აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სასიკეთო ვერ იქნება ქვეყნისათვის, რომლის ეკონომიკაც რუსული რეგულაციების ჩარჩოებში მოექცევა. ეს გამოიწვევს აგრეთვე ნეგატიურ ჯაჭვურ რეაქციას სხვა აქტორებისთვისაც, რამეთუ ზერბაიჯანი საკუთარი ბუნებრივი რესურსების ექსპორტიდან გამომდინარე საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. თუ განვიხილავთ გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტებში, აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მეტად არასახარბიელო იქნება ევროკავშირისათვის, რომელიც სამხრეთ კავკასიის კორიდორით, რუსეთის გვერდის ავლით მარაგდება ენერგორესურსებით და რომლისთვისაც სამხრეთ კავკასიის ენერგოკორიდორი რუსული ნავთობისა და გაზის ძლიერ ალტერნატივად განიხილება; იგი არასახარბიელო იქნება თურქეთისათვის, რომელიც ცდილობს ბოლო პერიოდში თავი წარმოაჩინოს, როგორც ენერგორესურსების თავმოყრისა და განაწილების მნიშვნელოვანმა ჰაბმა და რომლის ეკონომიკისთვისაც აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სერიოზული დარტყმა იქნება; რა თქმა უნდა ძალზედ ცუდი ფაქტი და საშიში გამოწვევა იქნება იგი საქართველოსთვისაც, რომლისთვისაც აზერბაიჯანი სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრება და მისი ევრაზიულ კავშირში გაერთიანებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ქვეყანაზე გამავალი ენერგო და სატრანსპორტო მაგისტრალების ეფექტურობა , ასევე სახიფათო იქნება იგი საქართველოსთვის პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

 

შესაბამისად, აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში შესაძლო გაერთიანებასთან მიმართებაში როგორც ევროკავშირი, ისე თურქეთიც და საქართველოც ერთ პოზიციაზე უნდა იდგნენ ვინაიდან რუსეთის მიერ საკუთარი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, შემდგომი მოვლენები სამივე მათგანისათვის მეტად არასახარბიელოდ განვითარდება.

 

თავად აზერბაიჯანიც უნდა აცნობიერებდეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი არა პრობლემების გადამჭრელ, არამედ პრობლემების შემქმნელ ქვეყნად ჩამოყალიბდა, რომელიც მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიციებით მოქმედებს და სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები მისთვის იმდენადაა მისაღები, რამდენადაც იგი რუსეთის ინტერესებს დაემთხვევა.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს იმასაც, რომ პოლიტიკური ლავირების ამგვარი მცდელობები აზიანებს ქვეყნის განვითარებას და რომ აუცილებელია ქვეყანას განვითარების მკაფიო და თანმიმდევრული სტრატეგია გააჩნდეს, მით უმეტეს თუ გაითვალისწინებენ უკრაინის მაგალითსაც, რომელიც იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში წლების მანძილზე ორი ბატონის მსახურის როლს თამაშობდა და რომელსაც პოლიტიკური ვექტორის გაორება ძალიან ძვირი დაუჯდა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია