13 ივნისის სტიქია - კუდიანი ქარი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-07-2015, 21:52 | --- | ნანახია - 2475

13 ივნისის სტიქია - კუდიანი ქარი

  

დავით მესხიშვილი

 

ნაწილი პირველი

 

13 ივნისი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული დღე. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისში 19 ადამიანი გარდაიცვალა, განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში ლომები, ვეფხვები, დათვები, მგლები, აფთრები და სხვა ცხოველები აღმოჩნდნენ. ნაწილი ცოცხალი, ნაწილიც დამხრჩვალი. ყველასგან მივიწყებულმა მდინარე ვერემ ქალაქს არნახული ტრაგედია და უბედურება მოუტანა.

 

2010 წელს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ”გამას” მიერ მომზადებულ მდინარე ვერეს ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების ანგარიშში ნათქვამია, რომ “მდინარე ვერეს კალაპოტი არაერთ ადგილას ჩახერგილია მოთხრილი ხეებით და არ იწმინდება. შესაბამისად მცირდება მისი გამტარუნარიანობა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროება იქმნება. თუმცა, ყველაზე დიდ საფრთხეს მდინარე ვერესა და მის ხეობას, როგორც მზიურის ტერიტორიაზე აგრეთვე ხეობის გარშემო, აშენებული მაღალსართულიანი შენობები უქმნის.“ თუმცა როგორც გამოჩდა არც არავის გაუთვალისწინებია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ”გამას” რეკომენდაცია. ამ მოსაზრების სრულიად და ცალსახად გაზიარება გამიჭირდება იმიტომ, რომ დღემდე კამათობენ მეცნიერები და ექსპერტები: ინფრასტრუქტურამ წარმოქმნა სტიქია თუ თავად წარმოიქმნილმა სტიქიამ აზარალა ინფრასტრუქტურა?! ფაქტი ერთია, მსოფლიოში სტიქიური უბედურებები ინფრასტრუქტურული პროექტების ჩარევის გარეშეც ხდება.

 

ლოგიკურია ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომ ჩვენ თავზე დამტყდარი სტიქიური უბედურება საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ მეცნიერებმა, თუმცა ყველა ვთანხმდებით შემდეგზე: სტიქიის სრულიად თავიდან აცილება შეუძლებელია! მაგრამ, ასევე ყველა ვთანხმდებით, რომ მსხვერპლის და ზარალის მინიმიზაცია სრულიად რეალურია, მითუმეტეს ასეთი მასშტაბის და ხასიათის სტიქიის დროს. საინტერესოა შეეძლო თუ არა ხელისუფლებას, მსხვერპლის თავიდან არიდება ან ტრაგედიის მასშტაბების შემცირება?! იმოქმედეს თუ არა დროულად და ეფექტიანად სახელმწიფო უწყებებმა?!

 

თუ მოკლედ შევაფასებთ მთლიანად მთავრობას და არა რომელიმე ცალკე აღებული სტრუქტურის მუშაობას, 13 ივნისს სახელმწიფო გამოიყურებოდა უუნაროდ და უმწეოდ. რა იყო ამის მიზეზი?! ვეცდებით ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ნაწილობრივ მაინც გავცეთ სტატიაში, რომელსაც გამომდინარე ინფორმაციის სიმრავლისა, გთავაზობთ რამოდენიმე ნაწილად. სანამ ჩვენ თავზე დამტყდარ უბედურებას მიმოვიხილავთ დეტალურად, მანამდე გავაკეთოთ მცირე ისტორიული ექსკურსი:

 

მდინარე ვერესთენ დაკავშირებული ისტორიული ფაქტები - მდინარე ვერე სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, დიდგორის მთის მიდამოებში. მდინარე მტკვარს ერთვის ქალაქ თბილისის ფარგლებში მარჯვნიდან. სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 194 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია — მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახევისხევი, მარჯვენა — ბეთანიისწყალი. მდინარე ვერე ისტორიოგრაფიაში მოიხსენიება ,,სკვირეთის“ სახელით. პირველად სკვირეთს ლეონტი მროველთან ვხვდებით, როცა იგი მოგვითხრობს ქართლის სამეფოს ადრეულ ისტორიაზე.

 

ვერეს დაბინძურების მოკლე ისტორია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მდ. ვერეს სათავეში ტყის მასიური გაჩეხვა მიმდინარეობდა, რის გამოც წყლის დონემ იმდენად იკლო, რომ XX-ის დასაწყისისთვის XVII საუკუნის ოთხმალიანი ხიდის ქვეშ (ახლანდელ გმირთა მოედანზე) წყალი მხოლოდ ორი მალის ქვეშ მოედინებოდა.

 

XX საუკუნის 20-იან წლებში მკვეთრად იმატა ნიადაგის ჩამორეცხვა-ეროზიის ფაქტებმა, მდინარის კალაპოტში გაჩნდა დიდი რაოდენობით გამონარიყი.

 

1927 წელი – პირველი ნაბიჯი დაბინძურებისკენ. მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც დღეს 120 ჰექტარს მოიცავს.

 

1930-იანი წლებიდან დაიწყო გმირთა მოედნის ინტენსიური განაშენიანება.

 

1932 წელი – ძველი ხიდის გვერდით ააშენეს ახალი, სამმალიანი ხიდი. ძველმა, ე.წ. ხოჯა ბეჰბუდას ხიდმა ფუნქცია დაკარგა, თუმცა ფიზიკურად იგი 1957 წლამდე არსებობდა.

 

1935 წელი – ჩელუსკინელების ქუჩის გაყვანისას ამოღებული გრუნტი მთლიანად მდინარე ვერეში ჩაყარეს.

 

1950-იანი წლებიდან დაიწყო ვერეს ხეობის ინტენსიური განაშენიანება, ამავე პერიოდში, ინდუსტრიალიზაციის პროცესმა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირა მდინარის წყალშემკრები აუზი, ზოგი შენაკადი საერთოდაც დაშრა. ამავე პერიოდში გადაიხურა მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის ბოლო მონაკვეთი.

 

1957 წლის ზაფხულში, ძველი ხიდის მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ ხიდმა არსებობა დაასრულა.

 

1950-იანი წლების ბოლოდან, ვერეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში მოაქციეს, ნაწილობრივ კი, კუს ტბისკენ გადააგდეს დამატებითი გვირაბით.

 

1970-იანი წლების დასაწყისიდან ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე, წყნეთის ქუჩიდან – ატენის ქუჩის ჩათვლით. ასევე მდინარის მარცხენა ნაპირზე.

 

1978 წელი – მაშინდელი მონაცემებით, აბრეშუმკომბინატის მარტო სამღებრო საამქროდან დღეში 800 კუბ. მეტრი სხვადასხვა საღებავი ნივთიერება ჩაედინებოდა მდ. ვერეში.

 

1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პერიოდში, მდინარის რამდენიმე ასეულ მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ბეტონის ჯებირებში მოექცა.

 

1985 წელი – მდინარე ვერეს ქიმიური დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს. ამ დროისთვის მდინარეში ჩაედინება მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოების მიერ ნახმარი წყალი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაცია. ამ წელს ვერეზე მაქსიმალური გაჭუჭყიანების 19 შემთხვევა აღინიშნა.

 

1990-იანი წლებიდან წამოწყებული მშენებლობების ახალი ტალღის გამო მდინარე ვერეს დაბინძურების ახალი ეტაპი დაიწყო.

 

2009 წლის მაისში თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაყვანის შესახებ.

 

აქ უკვე დროა, გავაკეთოთ მცირე დასკვნა. ქრონოლოგიიდან კარგად ჩანს, რომ მდინარე ვერეს ხეობასთან ხისტი ურთიერთობა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. პირველ ყველაზე დიდი შეცდომად კი, 1927 წელს ხეობაში ზოოპარკის განთავსება უნდა ჩაითვალოს. რატომღაც იმ დროს, არავინ გაითვალისწინა 1924 წელს მომხდარი პირველი წყალმოვარდნა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და მიუხედავად ტრაგედიისა, 3 წლის თავზე მაინც დაარსდა ზოოლოგიური პარკი. ასევე რთულია იმაზე საუბარი, უნდა ყოფილიყო თუ არა ამ ტერიტორიაზე საბავშვო ქალაქი მზიური, რომლის გაშენების გამოც მდინარე ვერე ასეულობით მეტრის მანძილზე ბეტონის ჯებირებში მოექცა.

 

მდინარე ვერეს, ორი საუკუნის განმავლობაში მუდმივად “უტევდნენ“. მასში ყრიდნენ ათასგვარ სამშენებლო ნარჩენს, ასხავდნენ საღებავებს და ქიმიურ ნივთიერებებს, უკანონოდ მოწყობილი საკანალიზაციო მილებით მუდმივად ჩაედინებოდა ფეკალური მასები. მოკლედ მას მიიჩნევდნენ ერთ პატარა ნაკადულად. არადა, პერიოდულად მდინარე ვერე თითქოსდა მის მიმართ უდიერად მოპყრობას აპროტესტებდა, აბობოქრდებოდა ხოლმე და საკმაოდ აგრესიულიც ხდებოდა. ყველა, მისი ასეთი “გამოხტომა“, მსხვერპლით და ტრაგედიით მთავრდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა ვერეს მიმართ დამოკიდებულება მოსახლეობისა თუ ხელისუფლების მხრიდან არასდროს შეცვლილა.

 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 1924 წლის, ასევე 13 ივნისს, მდინარე ვერე ადიდდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. მაშინდელი პრესა ანუ საუბარია გაზეთ "კომუნისტზე", ბევრს არაფერს წერდა 1924 წლის 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. გაზეთის ერთერთ ქრონიკაში წერია მოკლე სტატია სათაურით "კუდიანი ქარი თბილისში". ვკითხულობთ: "13 ივნისის 7-ის ნახევარზე თბილისში ამოვარდა ძლიერი (კუდიანი) ქარი, რომელიც არაჩვეულებრივი სიძლიერით ქროდა ერთი საათის განმავლობაში. დედაქალაქის განაპირა რაიონებში ქარმა ააგლიჯა სახლებს სახურავები, მოწყვიტა ტელეგრაფის ხაზები, ჩალეწა ფანჯრები. ბოზანჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად გლეხები ღამის გასათევად დაბინავებულან და როდესაც მდინარე ვერე უზომოდ ადიდდა, ისინი თავიანთი ხარ-ურმებიანად მდინარემ მტკვარში შეყარა. ამ დრომდე უცნობია ზუსტი ზარალი და დაღუპულთა რაოდენობა. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელთა რაზმი" - წერია 1924 წლის გაზეთ " კომუნისტის" ფურცლებზე.

 

13 ივნისის სტიქია - კუდიანი ქარი

 

იმავე გამოცემის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ყოფილა პირველი სამელიორაციო უბანი. რომელიც მაშინდელი მდინარე ვერეს ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია იყო.

 

მსუბუქად, რომ ვთქვათ გასაკვირია, რატომ არ დაუთმო ამ ფაქტს მეტი ყურადღება თუნდაც გაზეთმა “კომუნისტი“-მა. გაურკვეველია, ან უბრალოდ დამამალულია ვერეს ადიდების შესახებ ინფორმაცია, არ ჩანს კონკრეტული მიზეზი. როგორც “კომუნისტი“ იტყობინება, წინა დღეებში ქროდა “კუდიანი ქარი“. ვერ გეტვით რა კავშირშია “კუდიანი ქარი“ მდინარე ვერეს ადიდებასთან, მაგრამ ფაქტია მთელი ყურადღება სტატიაში აღნიშნულ ქარზეა გადატანილი.

 

ვინაიდან ინფორმაცია მწირია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რამოდენიმე რამ: 1) ქარმა მოგლიჯა ხეები და ჩახერგა მდინარე, რამაც მოგვიანებით გამოიწვია წყალმოვარდნა. მსხვერპლიდან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, რომ წყალმოვარდნა ძალიან ძლიერი იყო და ჩახერგვის მონაკვეთი ახლოს იქნებოდა მდინარის სათავესთან. სადაც მოხდა წყლის დაგროვება, ე.წ. ხელოვნური ჯიბის ჩამოყალიბება და შემდგომ ერთბაშად მძლავრად გადმოდინება. 2) შესაძლოა მოხდა მთის ჩამოშლა ბეთანია-ახალდაბის ტერიტორიიდან, ისევე როგორც ჩვენი ტრაგედიის შემთხვევაში. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი, შეიძლება ხე-ტყის ჭრა დავასახელოთ. ცნობილია, რომ გლეხები წლების განმავლობაში აქტიურად კაფავდნენ ამ მიდამოებს. 3) შესაძლოა, წლების განმავლობაში სამშენებლო მასალების და ათასგვარი ნარჩენის ჩაყრამ მდინარეში გამოიწვია ასევე ხელოვნური კაშხლის შექმნა და გასაგებია ამას რაც შეიძლება მოჰყოლოდა. 4) ინფრასტრუქტურული პროექტები, რის გამოც მდინარის ნაწილი მილებში ან ჯებირებში მოექცა (თუმცა იმ პერიოდისთვის საეჭვოა).

 

ახლა ძნელია ზუსტი მიზეზის მტკიცება, რამ გამოიწვია წყალმოვარდნა 1924 წელს, მაგრამ შესაძლოა პირველი სამი მიზეზიდან ერთერთი ყოფილიყო, ან სულაც სამივე ერთად. რაც შეეხება მეოთხე მიზეზს, ანუ მილებს და ჯებირებს, ის ვერ გახდებოდა სტიქიის მიზეზი, მათი არარსებობის გამო. ცნობილია, რომ მილებიც და ჯებირებიც მდინარე ვერეს ისტორიაში 1950 წლიდან ჩნდებიან.

 

არსად ჩანს მაშინდელი ხელისულების პირველი პირების მიერ რაიმე სახის რეაგირება. აღნიშნულია, რომ ადგილზე გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელთა რაზმი, რომლებსაც სავარაუდოდ სამაშველო ფუნქციის განხორციელებაც ევალებოდათ. ასევე გაუგებარია, გატარდა თუ არა სამაშველო ღონისძიებები, ან რა საქმიანობას ეწეოდა სტიქიის დროს მილიციის უფროსი. 1924 წელს მომხდარი სტიქიის შესახებ ჩვენამდე შემონახული მწირი ინფორმაცია, გვაფიქრებინებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად მიჩქმალა მომხდარი ფაქტი, თითქოს რაღაც დანაშაულის დასაფარად. ფაქტია, რომ მსხვერპლი საკმაოდ სერიოზული იყო და ხელისუფლების პირველი პირები კი, არსად არ ჩანან და არც მაშინდელ საინფორმაციო საშუალებებში ფიქსირდებიან. საინტერესოა, რატომ იმალებოდნენ, ან რას მალავდნენ ?!

 

I ნაწილის დასასრული

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია