ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია! რა გველის შემოდგომიდან..?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-07-2015, 22:05 | ეკონომიკა | ნანახია - 2820

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია! რა გველის შემოდგომიდან..?

 

დავით ნებიერიძე

 

თითოეული მოქალაქის მომავალი დამოკიდებულია სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. ამიტომ, ნურავის ეგონება, რომ თუ ქვეყნის მომავალს დაემუქრება საფრთხე, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი მოქალაქის პირად კეთილდღეობაზე ეს უარყოფითად არ აისახება! სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა ზუსტად იმითაა განპირობებული, რომ ისინი ამ საფრთხეს ვერ აღიქვავენ. სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლებს გონიათ, რომ მათი შემოსავლის წყაროები დაუშრეტელი მდინარესავითაა. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მდიდარი ქართველის ფინანსურ თვითმყოფადობასაც შეიძლება სრული მოსპობა დაემუქროს, თუ პასუხისმგებლობის მომენტი დადგება! და რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობის ტვირთი, მით უფრო მაღალია ანგარიშგების საფასური! თუმცა, აქვე მინდა დავძინო, რომ ვერცერთი ადამიანის პირადი კეთილდღეობა ვერ გადაწონის ქვეყნისა და სამშობლოს კეთილდღეობის მნიშვნელობას. აბსოლოუტურად სხვადასხვა განზომილებებია თუმცა, ურთიერთ დამოკიდებული და ერთმანეთიდან გამომდინარე.

 

ყველაზე ცუდი მოცემულობა დგება მაშინ, როდესაც გაბატონდება გაურკვევლობა და რთულია ელემენტარული გათვლების გაკეთება, თუნდაც ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ასეთი ვითარებაში პრაქტიკულად შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ნებისმიერი ჩვენთაგანის მოქმედებები გავს ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სიარულს. ამიტომ სავალდებულოა პრობლემებზე რეალურად და მაქსიმალურად გახსნილად საუბარი. რადგან ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება და გამჭრიახობა არ გააჩნია და უფრო მეტიც, ცდილობს ვირტუალური კეთილდღეობის განცდა შეუქმნას საკუთარ მოქალაქეებს, და მხოლოდ ამით გაახანგრძლიოს საკუთარი ძალაუფლების ვადა, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ რეალობა! რათა ყოველმა მოქალაქემ იცოდეს როგორც დღევანდელი დღის რეალობა, ასევე ხვალინდელი დღის პერსპექტივები. ცოდნა ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომლითაც იქმნება მომავალი.

 

დიდად ნუ გამკიცხავთ და პესიმისტობას ნუ დამაბრალებთ. უბრალოდ, მე ინფორმირებული ოპტიმისტი ვარ! და ვთვლი, რომ თუ ჩემს აზრს და შეფასებებს ოდნავ მაინც გაითვალისწინებთ, თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე ბევრ პრობლებს არიდებთ თავიდან. ქვეყნის ეკონომიკური ვითარება შემოდგომიდან მკვეთრ დამძიმებას დაიწყებს და თუ თითოეული მოქალაქე ადექვატურად არ შეაფასებს ამ მძიმე პერსპექტივას, გაცილებით უფრო მძიმე სირთულეების წინაშე დადგებით, ვიდრე სწორი სამზადისის შემთხვევაში. ზოგმა ოჯახმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ თუ საშველი არ იქნა და ქვეყანა თავზე ჩამოგვექცა, გავყიდით ყველაფერს და ისეთ ქვეყანაში გადავსახლდები სადაც ადამიანები კეთილი და ღიმილიანი პირსახით დადიან ქუჩაშიო. საქმე იმაშია, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში კონკრეტული მოქმედება მანამდე უნდა დაიწყოთ სანამ ისედაც ორ თვალზე შემდგარი ურემი საბოლოოდ დაენარცხება პირქვე! რადგან, ეკონომიკური ვითარების დამძიმება პირველ რიგში გულისხმობს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაქვეითებას. ანუ, მწვავე კრიზისის პირობებში, თქვენი პირადი აქტივები (ქონება) მათი დღევანდელი ღირებულების ნახევარ ფასშიც კი შეიძლება არ გაიყიდოს. ამიტომ, არჩევანი დღეს უნდა გაკეთდეს, რომ მინიმალური ზარალით გამოხვიდეთ შექმნილი ვითარებიდან. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს საქართველოს უახლეს ისტორიაშიც. იმედია არავინ შემეკამათება, თუ ვიტყვი, რომ ჯერ 90-იანების დასაწყისში და შემდეგ 2008 წლის მსოფლიო კრიზისის დროს უამრავი ისეთი ოჯახი დაიქცა, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ მათ კეთილდღეობას ოდესმე რამე დაემუქრებოდა. ამის მთავარი მიზეზი, კი ის იყო, რომ მათ არასწორი მოლოდინები ჰქონდათ და ნებისმიერი მათი ნაბიჯი ცუნცვანგის პირობებში კეთდებოდა!

 

თუ თქვენ ფლობთ ბიზნესს, რომელიც უკვე დღეს განიცდის რეალურ სირთულეებს, მაშინ სანაციის მეთოდების თანახმად უმჯობესია დღესვე გაყიდოთ და მოიშოროთ ეს ცუდი აქტივი, ვიდრე დამძიმებული ეკონომიკური ვითარების პირობებში უზარმაზარი ფინანსური და შრომითი რესურსები შეალიოთ მას და მაინც ვერ გადაარჩინოთ. ასეთ შემთხვევაში ხომ თქვენ აღარც ბიზნესი გექნებათ და აღარც ის დანაზოგები, რომელსაც ბიზნესის გადასარჩენად წარუმატებლად დახარჯავთ. თან, პრობლემური ბიზნესის დღეს გაყიდვით, თქვენ უფრო მეტ თანხას მიიღებთ შემოსავლის სახით, ვიდრე კიდევ უფრო დამძიმებული მაკროეკონომიკური ვითარების პირობებში. თითქოს მარტივ და ყველასათვის გასაგებ ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მარტივი და დროული გადაწყვეტილებებით უმკლავდება ყველა წარმატებული მენეჯერი რთულ სიტუაციებს!

 

ახლა კი მინდა გავცე პასუხი იმ ლეგიტიმურ კითხვას, რომელიც თითოეულ თქვენთაგანს გაუჩნდა: რატომ ვვარაუდობ ასეთი დაბეჯითებით ქვეყნის მაკროეკონომიკული მდგომარეობის შემდგომ და გარდაუვლად დამძიმებას!?

 

პირველ რიგში მინდა დავიწყო ირიბი არგუმენტებით, რომლებსაც ტენდენციის ხასიათი აქვს:

 

უმთავრესი ასეთ არგუმენტებში, რომლებიც ნეგატიური პროგნოზების საფუძველს იძლევა არის ისეტორიულად აქსიომად ჩამოყალიბებული ფაქტი - როდესაც ხელისუფლება იწყებს სიცრუის ტირაჟირებას, ეს უკვე გარდაუვლად ნიშნავს, რომ სიტუაცია დამძიმდება და ასეთი ხელისუფლების პირობებში კარგზე ვეღარაფერზე ვიფიქრებთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიცრუე უკვე ინსტიტუციურ დონეზე ინერგება და მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების გაყალბებაც კი დაიწყო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რეალობის დამალვის მიზნით სტატისტიკური და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ისეთი ფორმით ხდება, რომ მაქსიმალურად გართულდეს რეალური სურათის წარმოჩენა. ეს არ შეეხება მარტო ეკონომიკურ პარამეტრებს. იგივე სიტუაციაა საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სეგმენტში. კრიმინალმა წალეკა ქართული რეალობა. მთავრობა კი სტატისტიკური მონაცემების ფურცლებს გვიფრიალებს, რომელთა თანახმადაც ქუჩაში ას ლარიანი, რომ დაგივარდეს მპოვნელი ორას ლარსაც კი დახარჯავს, რომ სახლში პირადად მოგიტანოს. მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური რადარებიდან გაქრობას გარდაუვლად აანონსებდა და საქართველო გააქრეს საერთაშორისო პოლიტიკური ველიდან. პრემიერ მინისტრი და ყველა დროის საუკეთესო ფინანსთა მინისტრი, ბატონი ხადური, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გვპირდებოდნენ, რომ საქართველოში პირველი კვარტლის ბოლოდანვე დაიწყებოდა არნახული და გაუგონარი საინვესტიციო ბუმი და თავად ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც სახვეწარი გაუხდებოდა საქართველოში ფულის ჩადება. მაგრამ, რეალურად უახლესი ისტორიის მანძილზე 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა:

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია! რა გველის შემოდგომიდან..?

 

ყველაზე საყურადღებო ამ ცხრილიდან არის ის ფაქტი, რომ ისედაც უაღრესად დაბალი საერთო მაჩვენებლის ფონზე აღინიშნება ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი საფინანსო სექტორში. ეს უტყუარი მაჩვენებელია იმ ფაქტის, რომ ეკონომიკა ვეღარ გაიწოვს ფინანსურ რესურსებს. ანუ, ეკონომიკის შეკუმშვის შედეგად შემცირებულია მოთხოვნები ფინანსურ რესურსებზე. ეს კი ცალსახად რეცესიას ნიშნავს!

 

გაცილებით უფრო დაგიმძიმდებათ განცდები, თუ ამ უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას გადავხედავთ:

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია! რა გველის შემოდგომიდან..?

 

2015 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83%-ი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაშია განხორციელებული. ამ მუხლს აქვს ასეთი ფართო დასახელება, თორემ სინამდვილეში ინვესტიციები კავშირგაბმულობის მე-4 თაობის სიხშირეების გაყიდვით არის მიღებული და მხოლოდ ამ ვიწრო სეგმენტით შემოიფარგლება. მშენებლობაში 14%-ია. ხოლო, ყველა დანარჩენ სექტორებზე, მხოლოდ 3%-ი მოდის. ანუ, რეალურად მთავრობამ სრული ფიასკო განიცადა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და ეკონომიკის რეალური ზრდის ასპარეზზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლო მომავალში ყველა მოქალაქის ყოველდღიური პერსპექტივა შემოიფარგლება იმით, რომ გაღვიძებისთანავე გახედოს სადღაც ჰორიზონტზე მიმდინარე კორპუსის მშენებლობას. შემდეგ, ყველა ნაცნობს სათითაოდ გადაურეკოს (აბა ტყუილად ხომ არ ჩაიდო მთელი ინვესტიციები კავშირგაბმულობაში) და საღამომდე უწყვეტ რეჟიმში გაუზიაროს მათ ნანახიდან მიღებული შთაბეჭდილებები. ხოლო ამის შემდეგ კვლავ არხეინად დაიძინოს უკეთესის მოლოდინში.

 

კარგით, სატირა და სარკაზმი იქით იყოს და რეალურად განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს ასეთი დინამიკა თითოეული მოქალაქისათვის:

 

საინვესტიციო კლიმატის დამძიმება განაპირობებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან კლებას, რაც უკვე ფაქტია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო. ანუ, გაზრდილია ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან უცხოური ვალუტის გადინების ხვედრითი წილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი სალდო გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მნიშვნელოვანი კლების ფონზე. იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის იმპორტის მნიშვნელოვანი კლება პირველხარისხოვანი მაჩვენებელია ქვეყანის ეკონომიკაში რეცესიული პროცესების დაწყებისა - ანუ, ქვეკნის ეკონომიკის შეკუმშვის.

 

საკმარისია ხადურისეული სტატისტიკის მონაცემები მოვიშველიოთ და ოდნავი ანალიზი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო დავრწმუნდებით რეცესიული პროცესების არსებობაში:

 

ბიზნეს სექტორის დინამიკა:

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია! რა გველის შემოდგომიდან..?

 

თანხობრივ გამოხატულებაში, ქვეყანაში გამოშვებული პროდუქციის საერთო მაჩვენებელმა 2014 წელს შეადგინა 23942,1 მილიონი ლარი. ხოლო, 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელია 5613 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ისეთი ფორმით აქვს წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დინამიკა, რომ სტაგნაციის მიუხედავად მაჩვენებლების კლება თითქოს არ აღინიშნება. მაგრამ, დამწყები ეკონომისტისათვისაც ნათელია, რომ უთუოდ გასათვალისწინებელია საანგარიშო პერიოდის ინფლაციის მაჩვენებელი და ეროვნული ვალიუტის დევალვაციის კატასტროფული დინამიკა. რის შედეგადაც ხელში შეგვრჩება ნაყინივით ჩამომდნარი ეკონომიკა, რეალურად შემცირებული წარმოებით.

 

ამ მოცემულობას უაღრესად ამძიმებს საქართველოს ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, რომლებიც კატასტროფულად აისახა ზუსტად იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, სადაც ყველაზე დიდია ქართველი ემიგრანტების წილი. შესაბამისად ამ ქვეყნების წილად მოდიოდა სავალუტო გადმორიცხვების ყველაზე დიდი მოცულობა - რუსეთი და საბერძნეთი. რაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ძირითადი ხელის შემწყობი ფაქტორია ქვეყნის სავალუტო კრიზისის ჩამოყალიბებასა და დამძიმებაში. თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთში ან საბერძნეთში ამ მხრივ სიტუაცია მალე დასტაბილურდება, მინდა გავაწბილო.

 

საბერძნეთის გადარჩენის ერთადერთი ქმედითი საშუალებაა ტოტალური ეკონომიის რეჟიმზე გადასვლა, პირველ რიგში სოციალური ხარჯების შემცირების მიმართულებით. რაც თანმიმდევრულად გამოიწვევს ბერძნების გადახდისუნარიანობის რადიკალურად დაცემას. შესაბამისად, ასეთი გარემოება ფაქტიურად შემოსავლის წყაროების გარეშე დატოვებს ქართველ ემიგრანტებს და ნოლამდე ჩამოიყვანს ამ ქვეყნიდან სავალუტო გადმორიცხვების მოცულობას. ეს პროცესები კი შემდეგი, მინიმუმ რვა-ათი წლის მანძილზე გაგრძელდება. ოღონდ საუკეთესო შემთხვევაში დამძიმების ტემპების კლების გათვალისწინებით.

 

გაცილებით უფრო მძიმეა რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები. რაოდენ ფერადი და იმედის მომცემიც არ უნდა იყოს ქართველი ”რუსეთუმების” და თავად რუსეთის მოქალაქეთა მოლოდინები (კისილიოვის მეცადინეობითა და ”პუტინ-ტვს” დაუღალავი შრომით), აშკარად უნდა გავაწბილო - უახლოეს ისტორიაში, პუტინისეული რუსეთის ეკონომიკური კატასტროფის მოლოდინის რეალობა არასოდეს ყოფილა ასეთი ცხადი და გარდაუვალი. განსაკუთრებით, მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ ირანთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ. რაც ირანულ ენერგორესურსებს ფართოდ უღებს კარს მსოფლიო ბაზრისაკენ. თუ, უფრო რეალისტები ვიქნებით, რუსეთს გაცილებით უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისი ელის, ვიდრე მან გამოიარა 90-იან წლების ელცინისეულ ეპოქაში. აი ეს კი ნამდვილად არის ”რუსეთუმების ოცნებების სასაფლაო”! რუსეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებას, კი განსაკუთრებულად დაამძიმებს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ თუ 90-იანების დასაწყისში რუს ”ჰომოსოვეტიკუსებს” არ ქონდათ გასინჯული ცივილიზებული სამყაროს ”ადამისეული ვაშლის” გემო, ახლა მათ უაღრესად კარგად იციან რას ნიშნავს მატერიალური კეთილდღეობა. დღევანდელ რუსულ რეალობაში, კი ხელისუფლების ლეგიტიმური გზით ცვლილების არანაირი შანსი აღარ არსებობს. ამიტომ, ყველაზე ფრთხილი პროგნოზებითაც კი გარდაუვალი ხდება ხელისუფლების ცვლილების რევოლუციური, თან უაღრესად სისხლიანი გზა (ეს ზოგადად რუსული ბუნტის კლასიკური სახეა!

 

უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა უკრაინული კრიზისის მოგვარებაც. რასაც უაღრესად უარყოფითი ზეგავლენა აქვს როგორც ტურისტულ ნაკადებზე, ასევე ქართული ექსპორტის დინამიკაზე.

 

არანაკლები მაკროეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ჩინური ”ეკონომიკური ბუშტის” გახეთქვას. რომელიც გამოიხატა ბოლო დღეების ჩინური საფონდო ბირჟის ბრუნვების ტრილიონებით შემცირებაში და ჩინური აქციების ღირებულების კატასტროფულ ვარდნაში. ეს კი გვაიძულებს ახლებურად შევხედოთ არა მარტო საქართველოს ეკონომიკის პერსპექივებს, არამედ გლობალურ, მსოფლიო ეკონომიკურ ვითარებასაც. განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების შემცირების ტრენდი.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა პირობა სახეზეა, რათა დაბეჯითებით დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკას უახლოეს თვეებში ელის კრიზისის ახალ, უფრო მძიმე ფაზაში შესვლა, რომელიც განსაკუთრებით იქნება დამძიმებული სავალუტო კრიზისით. ეს კი, თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის ნიშნავს, რომ თუ მათ დღეს ისედაც უჭირთ საბანკო კრედიტების დაფარვა, შემოდგომის შუა ნახევრიდან მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ შემოსავლები და გაეზრდებათ სესხის მომსახურეობისთვის აუცილებელი ყოველთვიური გადასახდელები.

 

მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის მკვეთრი ვარდნის პირობებში უაღრესად შეიკუმშება ქართული ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი - ვაჭრობა. მისი ყველა სეგმენტთან მიმართებაში. განსაკუთრებით, კი პრემიუმ სეგმენტში. ანუ, მოემზადეთ სამომხმარებლო ბაზარზე საერთო მოხმარებაში დაბალხარისხიანი საქონლის ხვედრითი წილის მნიშვნელოვანი ზრდისთვის.

 

ქვეყანაში უაღრესად დამძიმდება სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხები. არა მარტო იმიტომ, რომ გასკდება საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ”საპნის ბუშტი”, არამედ შეუთავსებლად გაძვირდება იმპორტირებული წამლებისა და სამედიცინო ტექნიკის ღირებულება. რაც მასიურად მიუწვდომელს გახდის მეტ-ნაკლებად აუცილებელ სამედიცინო მომსახურეობის თვითღირებულებასაც და ღირებულებასაც. ამიტომ, თუ ვინმეს გასაკეთებელი გაქვთ ნებისმიერი სახის ოპერაცია და მითუმეტეს ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში, სასწრაფოდ გაიკეთეთ. რამე, თუ შემოდგომეზე ეს შესაძლებელია ვეღარ მოასწროთ. ამ სახელმწიფო პროგრამამ საყოველთაოდ ცნობილი ”მმმ-ის” მავროდისეული პირამიდის სახე მიიღო - ”ყველას არ ეყოფა და საქმე მოსწრებაზეა”!

 

შემოდგომაზე გარდაუვალი გახდება ენერგოტარიფების ზრდა. ჩვენი მთავრობის პოპულისტური, ნეობოლშევიკური მეთოდებიდან გამომდინარე, ცალსახად მოხდება ამ მატების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსება - სუფსიდირება. ეს კი ბოლო წვეთი იქნება ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისის დასაწყებად. ძვირფასო თანამოქალაქენო, მინდა იცოდეთ, რომ საბიუჯეტო კრიზისი, რიგითი მოქალაქის ენაზე ნიშნავს: ხელფასების დაგვიანებას; პენსიების თვეობით არ გაცემას; სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან შემცირებას; სახელმწიფო ვალდებულებების ზოგადად შეუსრულებლობას. რაც პირველ რიგში იმოქმედებს კრიმინალური ვითარების დამძიმებაზე; სულაც არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე თავდაცვის სამინისტროს ტანკების დასაქოქი ბენზინიც აღარ ქონდეთ და სამხედრო მოსამსახურეები ნატოს მისიაში მონაწილეობის მისაღებად ”ჩუსტებით” გაემგზავრებიან.

 

ასეთი აპოკალიფტური მოლოდინები იმიტომ იძენს რეალურ გარშემოწერილობას, რომ თავად მთავრობა არის აცდენილი რეალობას და აბსოლუტურად აქვს დაკარგული ადექვატურობა. პრობლემებთან გამკლავების ნაცვლად მთავრობა დაკავებულია მათი გადაფარვის მცდელობით. დაეცემა ლარის კურსი - შემოგვიგდებენ სექსუალური უმცირესობების თემას. ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფარად აიღებენ მორიგ სესხს და ყურადღებას გადაგვატანინებენ ქართული ტრადიციების დაკარგვის საშიშროებაზე. გაუარესდება თუ არა საგარეო ვაჭრობის სალდო, მაშინვე შეგვიძახებენ, რომ მართლმადიდებლობა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოში და სექტანტებმა დაგვარტყეს ალყაო!

 

წინა კვირის ბოლოს მთავრობამ დაკარგა უკანასკნელი შანსი საბიუჯეტო დონეზე მომზადებულიყო ეკონომიკური კრიზისის დამძიმებისათვის და მესამე მოსმენით მიიღო შესწორებები სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც თავის მხრივ გახდებიან კოლაფსის მაპროვოცირებელი მიზეზები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობა მიზანმიმართულად მიაქანებს ქვეყანას უფრსკულისაკენ. მითუმეტეს, რომ უკვე ერთ ნაბიჯში ვართ იქიდან!

 

ბოლოს მინდა მცირედი განმარტება გავაკეთო, თუ რატომ დაიწყება ვითარების დამძიმება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და არა ხვალ?!

 

მაკროეკონომიკურ პროცესებს ახასიათებთ სეზონურობა, რომელიც სხვადასხვაა ქვეყნებისა და მათი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით. დღევანდელი მოცემულობით ქართული ეკონომიკური რეალობის ტრაგიზმს აფერმკრთალებს ტურისტული სეზონი, ენერგეტიკული და სხვა ტიპის ხარჯების სეზონური სიმცირე და ზოგადად სოციალურ-პოლიტიკური აქტივობის სეზონური ვარდნა. თუმცა, ამ პერიოდშიც არ არის სანუგეშო ვითარება. ეკონომიკური სიტუაცია იმდენად კატასტროფულია, რომ შუა ტურისტულ სეზონშიც კი აღინიშნება ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციები. წესით და ლოგიკით სწორედ ახლა უნდა დაეწყო ლარს გამყარება. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო რესურსებიც ვერ ახდენს დევალვაციის პროცესების სტაბილიზებას. ანუ, განუზომლად დიდია სავალუტო ნაკადების გადინება ქვეყნის ეკონომიკიდან. თუმცა, ჩვენი მთავრობა შემოდგომამდე არაერთხელ გვაცნობებს დიდის აღტაცებით, რომ წელს საქართველოში ტურიზმის არნახული ზრდა აღინიშნება და ეს მხოლოდ მათი მუხლჩაუხრელი შრომის ფასად...

 

და ჩემი ბოლო სატირა ამ სტატიაში:

 

მემგონი ტურიზმსაც საბჭოთა მეთოდებით ზრდიან ჩვენი ”ერის მამები”..!? სარფში სახელმწიფო ბიუჯეტით დაქირავებული ავტობუსებით ხვდებიან სტატისტებს. გადაჰყავთ აზერბაიჯანში, წითელი ხიდით და შემდეგ იგივე ავტობუსებით, იგივე სტატისტები უკან სარფში მოჰყავთ. უფასო ”კარუსელი” ტურისტული სეზონის ბოლომდე!

 

ბოდიშით თუ გადავამეტე! მაგრამ, პომიდვრებისა და კვერცხების სროლას სარკაზმი და სატირა ჯობია, როგორც სამოქალაქო პროტესტის ფორმა!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია