შიდა ქართლი - რუსეთის დასაყრდენი საქართველოში?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-07-2015, 21:11 | პოლიტიკა | ნანახია - 2087

შიდა ქართლი - რუსეთის დასაყრდენი საქართველოში?

 

ბერდია კარგარეთელი

 

საქართველოს, როგორც ქვეყნის დასახელებას, ქართლი აქვს ფუძეში. ქართლი ბევრი თვალსაზრისით არის საქართველოს გული, შემაკავშირებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოსი. ამიტომაც რუსული აგრესია გორის მიმართულებით ბუნებრივად განვითარდა, რათა მომხდარიყო საქართველოს დანაწევრება, დასავლეთ საქართველოსგან აღმოსავლეთ საქართველოს გათიშვა.

 

მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და იმ უბედურებისა, რაც რუსის ჩექმამ მოუტანა გორს და გორის რაიონს, ამ მხარეში და განსაკუთრებით საშუალო და უფროსი თაობის გარკვეულ ჯგუფებში რუსეთისადმი სიმპატია არ ცხრება. ეს უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს, რომელთაგან მნიშვნელოვანია სამი:

 

1. სტალინის პიროვნება და ის კერპთაყვანისცემა, რომელიც ამ თემას უკავშირდება გორში და ზოგადად ქართლში;

 

2. ვაშლის უხვი მოსავალი, რომელიც იყო ამ ზონის ეკონომიკური საფუძველი, რომელზეც აწყობილი იყო სასოფლო-სამეურენეო და საკონსერვო ინდუსტრია, რომელიც ბაზრის თვალსაზრისით მიბმული იყო რუსეთზე;

 

3. ერგნეთის ბაზრობა და კონტრაბანდა

 

სტალინი მსოფლიო მასშტაბის ფიგურა იყო და ბუნებრივია, რომ პროვინციული ქალაქისთვის იგი განსაკუთრებული სიამაყის საგანია. განსაკუთრებით გორელების გარკვეული რაოდებობა სტალინთან ახდენენ პიროვნულ გაიგივებას, რაც ფსიქოლოგიური ფაქტორია. ამის გამო, სტალინის მიმართ აგრესიას ისინი აღიქვამენ საკუთარი თავის მიმართ აგრესიად.

 

ადრე ქართლში იყო გიორგი სააკაძის კულტი, რომელიც დაჩრდილა სტალინმა, თან გიორგი სააკაძე სპარსეთის კარზე მოღვაწეობდა, ხოლო სტალინი რუსეთის იმპერიას მართავდა თითქმის ოთხი ათეული წელი. ფაქტია, რომ პიროვნება, ლიდერი, პატარა ერისთვის საკუთარი იდენტიფიკაციის ფაქტორია, მას უსწორდება პატარა ხალხის, მცირერიცხოვანი ერის ფსიქიკა და ამ პიროვნებასთან გაიგივება ამ ხალხისთვის არის ფსიქიური მდგრადობის ფაქტორი. სწორედ ამ ფაქტორს დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნული მოძრაობა და წარმოაჩინა სტალინის ნამდვილი სისხლისმსმელი სახე, მისი სისხლიანი დამოკიდებულება საქართველოსადმი. ეს ყოველივე ფაქტობრივად სიმართლე იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მიაყენა განსაკუთრებით გორელებს და გორის რაიონს, მთლიანად ქართლს.

 

პრაქტიკულად, “დიდი ბელადის” თაყვანისმცემელებმა სტალინის მხილება საკუთარი არაკაცობის მხილებად მიიღეს და სერიოზული ფსიქიური დარტყმა განიცადეს, რაც გამოიხატა რუსეთისადმი თავგადაკლულ მხარდაჭერაში სტალინის დროშით, რასაც რუსეთი ეშმაკურად ხელს უწყობდა ყოველთვის.

 

ფსიქოლოგიაში ცნობილია „სტოკჰოლმის სინდრომი“, რომელიც მოძალადის მიმართ მსხვერპლის გაურკვეველ სიმპატიას გულისხმობს, რაც ფიქსირდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, იქ სადაც ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმები მძვინვარებს, ხოლო დიქტატორების სიკვდილის ცნობა ხალხს კი არ ათავისუფლებს, არამედ შოკში აგდებს და ისინი ცრემლად იღვრებიან, მოთქვამენ და მისტირიან დიდ „ვოჟდს“. ეს ბოლოს მასობრივად ჩრდილოეთ კორეაში მოხდა, ანალოგიური რამ ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც, როდესაც სტალინი მოკვდა. ეს განწყობა გორში და გორის რაიონში, ზოგადად ქართლში მოსახლეობის მცირერიცხოვან ნაწილში დღემდე დარჩა. ამას დაემატა რუსეთის მიერ ქართლის აოხრება 2008 წელს, რაზეც იგივე საზოგადოებამ ისევ „სტოკჰოლმის სონდრომით“ უპასუხა და საკუთარი ამაოხრებელი კი არ შეიძულა, არამედ საქართველოს მთავრობისკენ მიმართა სიძულვილის ნაკადი და რუსებს პირქით დაცვა დაუწყო.

 

მეორე ფაქტორი, რომელიც რუსეთის მიმართ იწვევს სიმპატიას არის ხილის ბაღების საკითხი, რომლებიც რუსეთის იმპერიის დროს გაშენდა ქართლში და მას მიება საკონსერვო წარმოება, გასაღების ბაზრით რუსეთში. „ვაშლის პრობლემა“ საქართველოს მთავრობამ ვერადა ვერ მოაგვარა ათწლეულების მანძილზე, ვერანაირი ალტერნატივა ვერ გამოუძებნა ამ საკითხს, რის გამოც იგი რჩება რუსეთუმეობის ფაქტორად ქართლში, რომლის მოსახლეობის ნაწილი კვლავ მისტირის საბჭოთა პერიოდის მებაღეობას და საკონსერვო წარმოებას და ამ დარგების აღორძინებას და განვითარებას ისევ რუსეთთან ახლობლობას უკავშირებს.

 

მესამე ფაქტორი, რომელიც წარმოიშვა ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთში“ სეპარატისტული პროცესის განვითარებით. ერგნეთის ბაზრობა გახდა მთლიანად ქართლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, მათ შორის კონტრაბანდული საქონლის შემოტანა-გატანის თვალსაზრისით. ამ ბაზრობის მოშლამ სერიოზულად გაანაწყენა ქართლის მოსახლეობა, რადგან მათ ალტერნატივა ისევ არაფერი შესთავაზეს, გარდა სააკაშვილის მიერ ბადრი ბასიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მეშვეობით განხორციელებული ტერორისა.

 

ივანიშვილის ხელისუფლება უნიათოა და არანაირ სიახლეს არ სთავაზობს ქართლს გარდა ლიბერალიზაციისა, რამაც გამოიწვია პროტესტის ხმამაღალი გამოთქმის საშუალება, რასაც ქართლში ადგილი აქვს, მაგრამ ამ ფონზე, ქართლის მოსახლეობას არანაირი მიმზიდველი წინადადება არ მისდის საქართველოს ხელისუფლებისგან, არის სრული სტაგნაცია, რის გამოც გორიში და გორის რაიონში მოსახლეობის ნაწილი ისევ რუსეთისკენ იყურება, დარბის წითელი დროშებით და სტალინის სურათებით ხელში, თან მისტირის „ვაშლის ბიზნესს“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გასათვალისწინებელია და აუცილებელია შიდა ქართლის მოსახლებასთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, რათა ყველა ჯურის ქ-ნი ბურჯანაძის მაგვარმა პრორუსმა ავნატიურისტებმა არ ისარგებლონ ამ განწყობებით და კიდევ ერთხელ ჩიხში არ შეიყვანონ ჩვენი სამშობლო.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია