ირანი: როგორ სახელმწიფოსთან დადო შეთანხმება დასავლეთმა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-07-2015, 13:36 | მსოფლიო | ნანახია - 3428

ირანი: როგორ სახელმწიფოსთან დადო შეთანხმება დასავლეთმა

 

გიორგი იმედაშვილი

 

14 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ გააფორმეს შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის დარეგულირების შესახებ.

 

„ივერიის“ მკითხველს კარგად ეხსომება, რომ ვენაში შეთანხმებულ დოკუმენტს წინ უძღოდა 2 აპრილის ლოზანის შეხვედრა, რომელზეც მხარეები დოკუმენტის ძირითად შინაარსზე და „კომპლექსური მოქმედებების ერთობლივ გეგმაზე“ შეთანხმდნენ. ზოგადად კი, ამ ფორმატით (ირანი + გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი + გერმანია) მხარეები უკვე 2006 წლიდან მოყოლებული მუშაობენ.

 

ხელშეკრულება ირანის ბირთვული პროგრამის მუშაობის შემდგომ 15 წელიწადს განსაზღვრავს, სანაცვლოდ კი ირანისათვის დასავლური სანქციების დიდი ნაწილის მოხსნას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ირანის ისლამური სახელმიწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბირთვული პროდუქტის შესაქმნელად აუცილებელ ცენტრიფუგების რაოდენობას 19 000-იდან 6 104-მდე დაიყვანს, ანუ ორი მესამედით შეამცირებს. ამავდროულად, ირანის 10 000 კილოგრამიან დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის რეზერვი 98%-ით დაპატარავდება და 300 კილოგრამიან 3.67%-მდე გამდიდრებული ურანის რეზერვად გადაიქცევა. ბირთვული პროგრამის მუშაობის პროცესში უნდა ჩაერთონ საერთაშორისო ატომური ენერგო-სააგენტოს ექსპერტები, რომლებიც უნდა დაიშვან სათანადო ობიექტებზე და დააკვირდნენ შეთანხმების მიხედვით გაწერილი ნორმების შესრულებას. რაც მთავარია, ირანი შემდეგი 15 წლის მანძილზე დარჩება „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის“ შეთანხმების ნაწილად, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის არ დაამზადებს ატომურ იარაღს. ყველაფერ ამის სანაცვლოდ, ირანს მოეხსნება სანქციები, რომლებიც მას ბირთვული იარაღის შესაქმნელად გაწეული სამუშაოსათვის ჰქონდა დაკისრებული.

 

როგორც უკვე ვიცით, ამ ხელშეკრულებამ მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მკვლევარის აზრი, ფაქტობრივად, შუაზე გაყო. როგორც წესი, შეთანხმებას ან აქებენ ან ლანძღავენ. მოდი, შევეცადოთ და ორივე მხარის პოზიციას გავეცნოთ.

 

ირანი 1979 წლიდან მოყოლებული რადიკალურად ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებით არის ცნობილი. შაჰის ჩამოდგების შემდეგ, ქვეყანა აშშ-ს უახლოეს პარტნიორიდან მის „დაუძინებელ მტრად“ გადაიქცა, რისი პირველი ნიშანიც თეირანში რადიკალების ბრბოს მიერ შეერთებული შტატების საელჩოს შტურმით აღება და მისი თანამშრომლების დატყვევება იყო. მძევლების გათავისუფლება რეიგანის გაპრეზიდენტებამდე, არაერთი თვე გაგრძელდა, რამაც მაშინ მნიშვნელოვნად დასცა როგორც შეერთებული შტატების, ისე პირადად პრეზიდენტი კარტერის პრესტიჟი.

 

ირანის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ სულიერ ლიდერად აღიარებულმა აიათოლა ხომეინიმ, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, შაჰის დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმი თეოკრატიულ მმართველობად გადააქცია და შექმნა უამრავი სამსახური და ინსტიტუტი, რომლებიც წესითა და რიგით, მოქალაქეების სწორ რელიგიურ ცხოვრებას უწყოდბნენ ხელს, სინამდვილეში კი ტოტალურად აკონტროლებდნენ საკუთარი მოსახლეობის ცხოვრებას.

 

მთელი ამ წლების მანძილზე, ირანი ცდილობდა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და სამხედრო გაძლიერებას და მთელს ახლო-აღმოსავლეთში ერთ-ერთ დომინანტ ძალად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ირანის ლიდერების განსაკუთრებული „სამიზნე“ იყო ისრაელი, რომლის არსებობასაც (როგორც რეგიონში სახელწმიფოების ურმავლესობა) ირანი არ აღიარებს და სიტყვითა და საქმით უშლის ხელს, აგერ უკვე არაერთი ათწლეულია.

 

ამ თვალსაზრისით ჭეშმარიტად გამორჩეული იყო ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელიც, ფაქტობრივად სატელევიზიო ეთერს არ აცდენდა ისე, რომ ისრაელის არსებობას არ დამუქრებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ უკვე არაერთი წელიწადია ირანი როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით მხარში უდგას ისეთ ორგანიაზაციას, როგორიც არის ლიბანური „ჰეზბოლა“.

 

„ჰეზბოლა“ 1985 წლიდან მოყოლებული ირაღით ხელში უპირისპირდება ისრაელის სახელმწიფოს და უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ეფექტურადაც. ბევრი მკვლევარი სწორედ ამ ორგანიზაციის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ ისრაელის ჯარებმა სამხრეთ ლიბანი დატოვეს. თუმცა, „ჰეზბოლა“ („ალაჰის პარტია“) აშშ-ს, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მრავალი სხვა ქვეყნის მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელიც ხშირად სწორედ ტერორისტული მეთოდებით უმკლავდება დასახულ ამოცანებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ორგანიზაციამ თავის დროზე, ისარგებლა სამხრეთ ლიბანიდან ებრაული ნაწილების გასვლით და თვითნებურად დაიკავა ეს ტერიტორია საკუთარი სამხედრო ფორმირებებით და დღესაც, ფაქტობრივად მთელი სამხრეთ ლიბანი და კიდევ რამდენიმე რეგიონი ქვეყნის სხვა ნაწილებშიც სწორედ „ჰეზბოლას“ სამხედრო ფორმირებებით კონტროლირდება. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებით საზღვრებზეც და თავად ბეირუთშიც არის უბნები, რომლებიც მხოლოდ „ჰეზბოლას“ ლიდერის - ჰასან ნასრალას ავტორიტეტს აღიარებენ.

 

თავად ეს ორგანიზაცია, თავის დროზე ირანული „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის“ სტრუქტურის მიხედვით შეიქმნა: იდეოლოგიაც, ემბლემაცა და დროშაც, ფაქტორბივად, იდენტური აქვს. თავად „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსი“ აიათოლა ხომეინის იდეოლოგიაზე დაყრდნობით, მისივე უშუალო მეთაურობთ ჩამოყალიბდა და დღემდე ირანის პოლიტიკურ სისტემაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ასევე საკმაოდ დიდ ძალოვან სტრუქტურასაც წარმოადგენს. რაც შეეხება „ჰეზბოლას“, მისი ნაწილები ამჟამად სირიაში, ირანის კიდევ ერთი მოკავშირის- ბაშარ ასადის რეჟიმის დასაცავად იბრძვიან.

 

ირანის პოლიტიკური გავლენა „ჰეზბოლაზე“ მართლაც დიდია, სწორედ ამიტომ დღეს ისრაელში შიშობენ, რომ გაფორმებული შეთნახმების შედეგად მოხსნილი სანქციებით ირანის შემოსავლები გაიზრდება და შესაბამისად, გაიზრდება მისი მხრიდან „ჰეზბოლას“ დაფიანანსებაც, რაც გაზრდის საფრთხეს ისრაელის ჩრდილოეთით და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ორგანიზაციის გავლენებს ლიბანში. რასაკვრიველია, ეს საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდია, მით უმეტეს, რომ ჰასან ნასრალამ უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ირანის მხრიდან დასავლეთთან შეთანხმების გაფორმება არ უნდა აღვიქვათ, როგორც „ჰეზბოლას“ მიტოვება.

 

ირანის გავლენები დიდია იემენის სამოქალაქო ომში მონაწილე „ჰუსიტებზეც“, რომლებიც შიიტი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურებიან. ზოგადად, უნდა აღინიშნოს ირანული პოლიტიკის უმნშვნელოვანესი ასპექტი-შიიტური ისლამის პროპაგანდა და პოლიტიკური მხარდაჭერა ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც შიიტური მოსახლეობსი ინტერესებს ემსახურებიან.

 

როგორც ვიცით, შიიტები, როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონი მუსლიმების უმცირესობას შეადგენენ. ისინი სრულ უმრავლესობაში მხოლოდ ირანში და ბაჰრეინში არიან. ბაჰრეინში ხელისუფლება სუნიტურ სამეფო ოჯახს უპყრია, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია. ერაყში შიიტი არაბების რაოდენობა მცირედით აღემატება სუნიტი არაბების რაოდენობას, მაგრამ აქვე ცხოვრობენ ეთნიკურად ქურთი მოქალაქეებიც, რომლებიც ძირითადად სუნიტები არიან, მაგრამ არაბ სუნიტებთან ეთნიკურ იდენტიფიკაციას ვერ ახდენენ. სწორედ ასეთი რელიგიური და ეთნიკური სიჭრელე არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ერაყის დედაქალაქსა და სამხრეთ მხარეს აკონტროლებენ შიიტური მოსახლეობის რჩეული ლიდერები, ჩრდილო-აღმოსავლეთს ქურთული ავტონომია, ხოლო დანარჩენ ნაწილს დაპატრონებულია ვითომდა სუნიტური ისლამის მქადაგებელი, სინამდვილეში კი ტერორისტ-დამნაშავეთა გაერთიანება, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით არს ცნობილი. მნიშვნელოვანი შიიტური უმცირესობები არსებობს ლიბანსა და იემენში. რაც შეეხება სირიას, აქ შიიტთა რაოდენობა სუნიტებს ბევრად ჩმაორჩება, მაგრამ არის უმნშვნელოვანესი ალავიტური უმცირესობა, რომელიც ფუნდამენტალისტ სუნიტებთან რელიგიურ-პოლიტიკურ კონფრონტაციაშია, ხოლო შიიტებთან შედარებით დალაგებული აქვს ურთიერთობა. სწორედ ალავიტური უმცირესობის წარმომადგენელია ბაშარ ასადი, რომელსაც სამოქალაქო ომში ირანის მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს, თანაც აგერ უკვე მეხუთე წელიწადია.

 

„ივერიის“ მკითხველისათვის უკვე კარგად იქნება ცნობილი, რომ ირანი თავის პოლიტიკურ გავლენას უპირველესად რეგიონის შიიტურ მოსახლეობაზე ავრცელებს და სწორედ მათივე ინტერესების უპირველესი დამცველის როლს ირგებს მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ირანის მოსახლეობის ეთნიკურ უმრავლესობას ე.წ. „სპარსელები“ შეადგენენ, რომლებიც ეთნიკურად არაბი მოსახლეობის მიერ დომინანტურ რეგიონში, ფაქტორბივად, „მარტოდ“ გრძნობენ თავს. სწორედ ამიტომ მათთვის ოდითგანვე მეტად ადვილი იყო მოკავშირეების რელიგიური ნიშნით მოძებნა და მათთან ამ გზით იდენტიფიკაცია, მით უმეტეს, რომ არაერთ სუნიტ პოლიტიკურ ლიდერს შიიტი უმცირესობების ჩაგვრის უცნაური მიდრეკილება აღმოაჩნდა. ასე რომ, ბოლო ათწლეულების მანძილზე, რეგიონში არაერთ სახელწმიფოში არაერთი პოლიტიკურად „დაჩაგრული“ შიიტური უმცირესობა აღმოჩნდა, რამაც ირანს საშუალება მისცა სხვა სახელწმიფოებში გაეჩინა პოლიტიკური დასაყრდენი.

 

ჩვენ უკვე მოვხაზეთ ის საზღვრები, რომლებშიც ირანს შიიტებზე დაყრდნობით შეუძლია პოლიტიკური გავლენა გაზარდოს. ისრაელის მთავრობა, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, შიშობს, რომ ირანი ამ შიიტურ უმცირესობებზე და მისივე შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით რეგიონულ „იმპერიად“ გადაიქცევა. ეს ყველაფერი საკმაოდ დამაჯერებელად შეიძლება ჟღერდეს ერთი შეხედვით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანი „ჰეზბოლას“ ხელით დიდ გავლენას ფლობს ლიბანზე, ასევე ეხმარება და მფარველობს ბაშარ ასადს სირიაში, ერაყელ შიიტებზე უშუალო გავლენას ფლობს, აკონტროლებს ბაღდადის მთავრობას და მის პრემიერს ალ-აბადის და უშუალოდ მართავს „შიიტურ მილიციას“, რომელიც ერაყის ტერიტორიაზე „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. გარდა ამისა, როგორც უკვე ვიცით, ირანი აფინანსებს და აკონტროლებს იემენში სამოქალაქო ომში მემბრძოლ „ჰუსიტებს“. ამგავრად, გარკვეულწილად, შეიძლება ვიფიქროთ. რომ ირანი მართლაც ქმნის რეგიონულ „იმპერიას“, რომელიც, კაცმა რომ თქვას, მისი მთელი არსებობის მანძილზე ჰქონდა და შესაძლოა, მისი პოლიტიკური გააქტიურების შემდეგი წერტილიც გამოვიცნოთ - ბაჰრეინი, სადაც შიიტურ მოსახლეობას სუნიტი აბსოლიტური მონარქი მართავს.

 

ასე რომ, უკვე გასაგები ხდება თუ რის გამო შიშობს ისრაელის მთავრობა. გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანის პოლიტიკური ლიდერები არაერთხელ დაემუქრენ ისრაელს განადგურებით და ზოგიერთმა, მას შემდეგ, რაც მიიღებდნენ ბირთვულ იარაღს, პირველ სამზინედ სწორედ ისრაელი გამოაცხადა. ნეთანიაჰუ ფიქრობს, რომ ირანი თავის სიტყვას არ შეინახავს და არ დაემორჩილება შეთანხმების პუნქტებს, მით უმეტეს, რომ სანქციების მოხსნით ახალი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდება. ბევრი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ირანი მართლაც არ შექმნის 15 წლის მანძილზე ბირთვულ იარაღს, არავინ იცის რა იქნება შემდგომ.

 

ნეთანიაჰუს ზურგს უმაგრებს ისიც, რომ შეთანხმებაში რაღაც-რაღაცეები არ არის დაზუსტებული. მაგალითად, არ ვიცით, საერთაშორისო ატომური ენერგო-სააგენტოს ექსპერტებს ექნებათ თუ არა საშუალება დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაკითხონ სათანადო ობიექტებზე დასაქმებული ირანელი ექსპერტები და ა.შ.

 

თუმცაღა, სიტუაცია არც ასეთი ცუდია, როგორიც ნათანიაჰუს ეჩვენება. მთელმა ამ წლებმა დაამტკიცა, რომ მიუხედავად მძიმე ეკონომიკური სანქციებისა, ირანი ახერხებდა მუშაობა გაეგრძელებინა ატომური იარაღის შქმნისათვის და შესაძლოა ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც მიწევდა წინ ამ საკითხში. ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სხვა რა ვარიანტები არსებობდა თუ არა ეს შეთანხმება? ისრაელს, ან აშშ-ს, რასაკვრიველია, შეეძლოთ სამხედრო ინტერვენციით, ან საჰაერო შეტევით გაენადგრუებინათ ირანის სათანადო ობიექტები, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა ერაყის ატომურ სადგურ „ოზირაქის“ შემთხვევაში 1981 წელს. მაგრამ, ამას რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი აქვს: პირველ რიგში, ირანი სრულად არ ჰგავს ცუდად ორგანიზებულ სოციალისტურ, არაბულ ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად წინდახედულად იქცეოდნენ ასეთი ობიექტების დაცვისას. ირანს საკუთარი ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზე აქვს დაცული, რაც გამორიცხავს მხოლოდ საჰაერო შეტევით ამ ობიექტების განადგურებას. რაც შეეხება სრულმასშტაბიან ინტერვენციას, არც ეს იქნება ადვილი გამოსავალი, ვხედავთ რა ხდება სირიასა და ერაყში და საერთაშორისო თანამეგორბობა კვლავაც თავს იკავებს ინტერვენციის მოწყობისაკენ, მით უმეტეს, ირანის შეთმხვევაში მისი ორგანიზებული არმიის პირობებში სავარაუდო მსხვერპლისა და დახარჯული ფინანსების რაოდენობა მკვეთრად დიდია, ვიდრე სირიაში, ან ერაყში სავარაუდო ინტერვენციისას.

 

რეალურად ნეთანიაჰუს არ აქვს ალტერნატივა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს - ირანის წინააღმდეგ ბრძოლა ამ პრიობებში შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ დასავლეთსთვის ირანის დახმარება „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე შეტეკებებში. გარდა ამისა, ამ შეთნახმებას სხვა პლიუსებიც აქვს.

 

პირველ რიგში, მინდა გავითვალისწინოთ, რომ ირანი აღარ არის ის სახელმწიფო, რომელმაც რევოლუცია მოაწყო და მისი საზოგადოება აღარ არის იმ კონდიციაში, რომ აჰმადინეჯადის რიტორიკას საქმით მისდიოს. ირანის მოსახლეობას აქვს ძალიან მაღალი საშუალო განათლების კოეფიციენტი, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება, ხოლო თავად სახელმწიფო ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე რომელიმე სხვა მუსლიმური ქვეყანა რეგიონში.

 

ირანის ახალი პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც ქვეყნის პოლიტიკოსების ლიბერალურ ფრთას წარმოაჩენს და მისი მოსვლითაც აშკარაა, რომ სახელმწიფომ არჩევანი გარდაქმნებზე გააკეთა და არა სტაგნაციასა და პოლიტიკურ გარიყულობაზე. დღეისათვის, ირანის მინისტრთა კაბინიეტის უფრო მეტი წევრია ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მქონე, ვიდრე თავად აშშ-ს მინისტრთა კაბინეტისა. თავად როუჰანიმ კი, თავის სამეცნიერო ხარისხი შოტლანდიაში დაიცვა. თავად ირანის მოსახლეობა ბევრად უფრო „ვესტერნიზებულია“, ვიდრე ამას ზოგიერთ ჩვენგანი წარმოიდგენს და ეს ყველაფერ ნელ-ნელა ქალაქებსაც ეტყობა. იზრდება ცათამბჯენთა რაოდენობა, თაბრიზში, შირაზსა და ისფაჰანში მიწისქვეშა მატარებლების სისტემის შექმნაზე მუშაობენ. ყაზვინში ტრადიციული აბანოების ნახევარი დაიკიტა.ქალაქში პირველად გაიყვანეს ცხელი წყლის სისტემა, რომელიც უკვე ყველა ოჯახს ამარაგებს. კასპიის ზღვის სიახლოვეს კი, ცივი ზამთარი პირველად „გათბა“ ადგილობრივებისათვის ბუნებრივი აირით. 1993 წლის შემდეგ ერთ ადამიანზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 4.400$-დან 13.200$-მდე გაიზარდა, მიუხედავად ეკონომიკური სანქციებისა.

 

რაც შეეხება ინტერნეტს, შესაძლებელია ოფიციალურად ბევრი საიტი დაბლოკილია, მაგრამ რეალურად ირანში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადვილად ხელმისაწვდომი ინტერნეტია. სასულიერო სემინარიებთან ინტერნეტი საერთოდ ქუჩაშიც ბრწყინვალედ მუშაობს, ვინაიდან სასულიერო პირებს სემინარების ჩასატარებლად ინტერნეტთან ხშირად ძალიან ძლიერი წვდომა სჭირდებათ. გარდა ამისა, არსებობს Virtual Private Netweork-ის სისტემა, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ირანელს წაიკითხოს უცხოური, არაკონტროლირებადი მედია. პორნოგრაფიაც კი, რომლის გავრცელება და ყურება სასტიკად ისჯება, რეალურად ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. ე.წ. „კიბერ-პოლიცია“ ქრთამებსაც სიამოვნებით იღებს Virtual Private Netweork-ების გამსაღებლებისაგან. ასე რომ, ყველაფერი საკმაოდ ღიად და დაუფარავად ხდება.

 

იზრდება განათლების დონეც. თუ 2009 წელს შესამაბის ასაკში მყოფი ირანელების მხოლოდ 34% იყო ჩარიცხული უნივერსიტეტში, სამი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 55%-მდე გაიზარდა. მაგალითისათვის, ყველაზე დიდ - აზადის უნივერსიტეტს ამჟამად მილიონახევარი სტუდენტი ჰყავს და ასზე მეტი კამპუსი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ბოლო ათ წელიწადში ირანის სამეცნიერო „აქტივობაც“ 575%-ით არის გაზრდილი, ხოლო სახელწმიფოში იმაზე სამჯერ მეტი წიგნი იბეჭდება, ვიდრე ყველა არაბულ ქვეყნაში ერთად. როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ირანშიც დაეცა შობადობის მაჩვენებელი და დღეს ერთ ქალზე 1.5-1.9 ბავშვს შეადგენს, როდესაც ერაყში ამგვარი მაჩვენებელია 3.5. დღეისათვის ირანის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს 25-29 წლამდე ახალგაზრდა, შრომისუნარიანი ადამიანები წარმოადგენენ, რომელთა დიდი ნაწილიც საკმაოდ ვესტერნიზებულია. ახალაგაზრდები სახლებში უკვე ღიად აჩერებენ ძაღლებს, რაც მუსლიმური ტრადიციისათვის წარმოუდგენელია, საკუთარ სახლებში მართავენ წვეულებებს, რომლებზეც გოგონები თავსაფარების გარეშე ბიჭებთან ერთად ცეკვავენ და ა.შ.

 

საზოგადოების უმრავლესობა ნელ-ნელა კარგავს რელიგიურ ინტერესებსაც. ოფიციალურად ყველა სამსახურში სალოცავი ოთახები იყო გამოყოფილი, თუმცა უკვე რამდენიმე წელიწადია მათი უმრავლესობა აღარ გამოიყენება, ზოგიერთ უბანში აზანის შესრულებაც კი შეწყვიტეს (ანუ მინარეთიდად ლოცვისაკენ მოწოდება), ვინაიდან ხმაური მობინადრეებს აწუხებდათ. არადა, ადრე ასე პოპულარული ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციებს წყვეტდნენ ლოცვის ჟამის მოახლოებისას, ხოლო დღეს, მხოლოდ პატარა ლოცვისაკენ მოწოდებასთან ასოცირებული ლოგო ჩნდება ეკრანის კუთხეში. პროვიცნიებში მეჩეთების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. საერთოდ, ისიც უნდა აღინშნოს, რომ შიიტების დიდ ნაწილს არასდროს ჰქონია საზოგადო რიტუალებისაკენ იმდგვარი მიდრეკილება, როგორსაც სუნიტური ისლამის პირობებში ვხვდებით. მაგრამ 1979 წლის რევოლუციის შემდგომ მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად იცლება მეჩეთები. ანუ ისლამი, რასაკვრიველია რჩება ირანელების იდენტურობის შემდგენელ ნაწილად, მაგრამ ის უბრუნდება იმ ისტორიულ ჩარჩოებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ეკავა და სულ უფრო ნაკლებ როლს ასრულებს საზოაგდოებრივ ცხოვრებაში.

 

რასაკვირველია, ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, როდესაც სახელმწიფოში კვლავაც თეოკრატია მოქმედებს. ბოლო წლების ტენდენცია ნათლად გვეუბნება, რომ ირანში თეოკრატიულმა დიქტატურამ გამოიწვია იმის საპირისპირო შედეგი, რაც სეკულარულ არაბულ დიქტატორულ რეჟიმებში გამოიწვია ისლამის დათრგუნვამ. ანუ მივიღეთ საპირისპირო შედეგი, იქ სადაც ითრგუნებოდა რელიგია იმარჯვა ფუნდამენტალიზმმა, ხოლო სადაც ითრგუნებოდა სეკულარიზმი, იქ მაღლა იწევს სეკულარისტული ფასეულობები და ცხოვრების წესი.

 

ძალიან საინტერესოა ქალების საკითხიც. მაშინ როდესაც ოფიციალური კანონებით ავტობუსებშიც კი სეგრეგაციაა ქალებისა და მამაკაცების ადგილებს შორის, ქალები ამ ქვეყანაში ბევრად უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, ვიდრე უმრავლესობა ნომინალურად სეკულარულ არაბულ სახელმწიფოებში. თუკი სირიაში, ერაყში, ეგვიპტეში და ბევრგან სხვაგან ახლო აღმოსავლეთში ქალს პირდაპირ ქუჩაში ჩვეულებრივი გამვლელებისგან ხვდება აგრესია და ძალადობა, ირანში ეს ყველაფერი გამორციხულია. კაფეებსა და რესტორნებში უკვე ღიად სხდებიან ქალები და მამაკაცები ერთად, ხოლო თავად ეს თავშეყრის ადგილები უკვე მთელი ღამე მუშაობენ, როდესაც ადრე მხოლოდ 12 საათამდე ჰქოდნათ კლიენტების სმომსახურების უფლება. სასწავლებლებში გოგონების რაოდენობა ორჯერ აღემატება ბიჭების რაოდენობას, ხოლო ირანის პარლამენტის ბოლო გამოკვლევით „ახალგაზრდა ზრდასრულთა“ კატეგორიაში მოხვედრილ გაუთხოვარ ქალთა 80%-ს ე,წ, „ბოიფრენდი“ ჰყავს.

 

აშკარაა, რომ ირანის საზოგადოება იცვლება, ხალხს აღარ უნდა კონფრონტაციაში იყოს დანარჩენ მსოფლიოსთან და ვერ ახერხებდეს მიმოსვლას. სანქციები ხომ მხოლოდ ეკონომიკურ შეზღუდვებს არ მოიცავდა. შეთანხმების 109 გვერდიდან დიდი ნაწილი იმ ადამიანების ვინაობებს ეთმობოდა, რომლებიც „ამოიღეს“ სანქციების შავი სიებიდან. გარდა ამ პიროვნებებისა, შეზღუდვები ვრცელდებოდა ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც, რაც რასაკვრიველია ბევრ წინაღობას უქმნიდა მათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანქციები ბლოკავდა ირანის უდიდეს ენერგო-რესურსებს, რაც პირდაპირ არის მიმბული მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებს უხაროდათ დადებული შეთანხმება და ქუჩებში, ბაღებსა და სკვერებში ღიად ზეიმობდნენ მის გაფორმებას.

 

ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე საკმაოდ კოორდინირებულად მოქმედებენ ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში, პრაქტიკულად, არნახული მასშტაბის კრიზის წინაშე ვართ, დასავლეთს რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ესაჭიროება, ხოლო ირანი თავის გავლენითა და პოტენციალით სამომავლოდ ბრწყინვალე პარტნიორი შეიძლება იყოს. რასაკვრიველია თუ დიპლომატიური ურთიერთობები კარგად წარიმართა.

 

ირანის გაზის მარაგები მსოფლიოში პირველია, თითქმის 134 ტრილიონი კუბური მეტრით, რაც მსოფლიო გაზის მარაგის 15%-ს შეადგენს. ნავთობის მარაგები მსოფლიოს მარაგის 10%-ის ტოლია და ამ მაჩვენებლთ ირანი მეოთხე ადგილზეა. ის ფაქტი, რომ მას შეეძლება ნავთობის ექსპორტი უდიდეს ეკონომიკურ წინსვლას უქადის ამ ქვეყანას და ფაქტორბივად, იძლევა გარანტიას იმისა, რომ ნავთობის ისედაც დაცემული ფასი კიდევ უფრო შემცირდება და საბოლოოდ ჩამოცდება 42$-ს, რითიც რუსული ნავთობის ექსპორტს აზრს დაუკარგავს (ვინაიდან იქ სწორედ ეს ფასი უჯდებათ მოპოვობა) და ნავთობის 120 დოლარიან ფასზე აწყობილ რუსეთის სამხედრო-ექსპანსიურ გეგმებს ძირს გამოუთხრის.

 

ამ ეტაპზე, მთავარია, აშშ-მ სწორი პოლიტიკა აწარმოოს როგორც ირანის, ისე ისრაელისა და საუდის არაბეთის მიმართულებით. საუდის არაბეთის მეფე სალმანი ახლო აღსოავლეთს დიდ ნულოვან თამაშად აღიქვამს, მისთვის რასაც ირანი იგებს - შიიტები იგებენ, ხოლო სუნიტები აგებენ. ამიტომ, ის სუნიტური ინტერესების დაცვისათვის სერიოზულ კამპანიას წამოიწყებს და სწორედ მისი დარწმუნება იმაში, რომ ირანთან გაფორმებული შეთანხმება ზოგადად რეგიონის ინტერესებშია იქნება ყველაზე რთული.

 

რაც შეეხება ისრაელს. მე, პირადად, ვერ წარმომიდგენია ირანთან გაფორმებული შეთანხმება როგორ უნდა იყოს სასიცოცხლოდ საშიში ისრაელისათვის. ამ სახელმწიფოზე ბევრად უფრო დიდი წარმოამდგენა მაქვს. რასაკვრველია, ისრაელმა უნდა მოითხოვოს აშშ-საგან ირანზე მკაცრი კონტროლის დაწესება, რათა არ მოხდეს ის რასაც ნეთანიაჰუ შიშობს - ირანის მიერ გაზრდილი ფინანსებით უშუალოდ ტერორისტული ორგანზიაციების დაფიანნსება. ეს უფრო მეტად საშიში მგონია, ვიდრე ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების დარღვევა და ატომური იარაღის შექმნა. ანდა, მხოლოდ სანქციებით რანაირად აპირებდნენ თუნდაც ამის თავიდან აცილებას, როცა პროექტი ამდენი წლის მანძილზე მაინც მუშაობდა?

 

ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე ბირთვული იარაღი უკვე აქვს პაკისტანს, რომელმაც აი ამ დღეებში ბრიტანეთს გაუსწრო ატომური იარაღის რაოდენობით და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ატომური სახელმწიფოა. ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეაშიც უკვე მიაღწიეს გაკრვეულ წარმატებებს ამ თვალსაზრისით. რა გამოდის ირანის ატომური იარაღისა უფრო გვეშინია, ვიდრე პაკისტანის ან სამხრეთ კორეის? პაკისტანში სტაბილურობის თვალსაზრისით ისეთი ვითარებაა, შესაძლოა თალიბანის მსგავს ტერორისტულ დაჯგუფებას რაიმე სერიოზული იარაღი ჩაუვარდეს ხელში. არც ის მჯერა, რომ ვინმეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ახლახან ყოფილი თავდაცვის მინისტრის საზენიტო დანადგარით აფეთქების ვიდეო რომ გაავრცელა, უფრო რაციონალური იყოს, ვიდრე ირანის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ამ ორი ქვეყნის მოსახლეობის შედარებაზე კი, ვფიქრობ, ლაპარაკიც ზედმეტია.

 

ისრაელში ეჰუდ ბარაკი და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე ღიად აცხადებენ, რომ ირანთან გარიგება არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ის ისრაელს არ დააქცევს. ზოგიერთ მკვლევარს კი იმედიც კი გაუჩნდა, რომ ეს ფაქტი სწორედ შესაძლოა არაბებსა და ისრაელს შორის შემაკავშირებელი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს.

 

შეთანხმების გაფორმებიდან მალევე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი ნეთანიაჰუს ეწვია იერუსალიმში და მასთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა. იქამდე მინისტრმა თემთა პალატაში გამოსვლისას თქვა, რომ თუკი ისრაელის პოზიციიდან ვისმჯელებთან ირანთან დადებული არც ერთი შეთანხმება არ უნდა ვარგოდეს და ეს ასე არ არისო. ხოლო იერუსალიმში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დასავლეთი ირანს მისი მთავრობის ქმედებების მიხედვით განსჯის და არა თეირანის ქუჩებში გაგონილი ლოზუნგებით. ობამამაც ახსენა, რომ შეთანხმება ერთმანეთის შემოწმებაზე უნდა იყოს დამყარებული და არა ნდობაზე.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ, ირანმა, ისრელმა, საუდის არაბეთმა და სხვა ქვეყნებმა ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ისეთი რთული ვითარების დასაძლევად, როგორშიც დღეს ახლო აღმოსავლეთი იმყოფება. თუკი ერთმანეთის გაკონტროლებით, სახელმწიფოები მიაღწევენ იმას, რომ შესრუდლეს დადებული შეთნახმება, ხოლო დასავლეთისა და ირანის ურთიერთობები მეტად პარტნიორული იყოს, ეს მხოლოდ ორივე მხარის წისქვილზე დაასხამს წყალს. ახლო აღმოსავლეთის ძველი პოლიტიკური მოზაიკა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ახალი შესაქმნელი იქნება ძალიან მალე და თუკი ამას გონივრულად არ მოვეკიდებით, რეგიონს სტაბილურობა ვერ ეღირსება.

 

                                                                                                                                               

1. არაბული ენის თავისებურებების გამო სირიის პრეზიდენტის გვარი ალ-ასადი იკითხება როგორც „ას-სადი“. ხოლო, როგორც ვიცით, ქართული ენისათვის გემინირებული თანხმოვნები მოუხერხებელია. ამიტომ, არაერთი აღმოსავლეთმცოდნე მას პირდაპირ მოიხსენიებს, როგორც ბაშარ ასადს, მეც ასე უფრო ადვილად და სწორად მეჩვენება, როგორც ქართული ენისათვის, ისე ქართველი მკითხველისათვის.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია