რას ნიშნავს ევროპელობა?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-07-2015, 23:26 | პოლიტიკა | ნანახია - 2250

რას ნიშნავს ევროპელობა?

 

დავით ბრეკი

 

ევროპასთან და ევროპული ცხოვრების წესთან დაკავშირებით უამრავი ტყუილ-მართალი იწერება ქართულ პრესაში, ზოგი მათგანი სიმართლეს შეესაბამება, ზოგიც პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს (განსაკუთრებით ნეგატიური ასახვის კონტექსტში).

 

მაინც რას ნიშნავს ევროპელობა, რატომ არის ასეთი აქტუალური (და ხშირ შემთხვევაში ძნელიც) მისი გაგება ზოგიერთი ჩვენი თანამემამულისათვის? ევროპელობა არ არის ეროვნული და გეოგრაფიული განსაზღვრება, ევროპელობა არ ნიშნავს ევროპის კონტინენტზე არსებულ მოსახლეობას, რამეთუ ევროპის კონტინენტზე ცხოვრობს დსთ-ს, მათ შორის რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ ძალზედ შორს არიან საკუთარი ცნობიერებით ევროპისაგან. უფრო მეტიც, ევროპელობისათვის არაა საკმარისი იყო გერმანელი, ფრანგი თუ ბრიტანელი, ამავდროულად გეოგრაფიულად ბევრი არაევროპელი ადამიანი თავს ევროპული კულტურის ნაწილად მიიჩნევს. შესაბამისად ევროპელობა ეს არის ნორმების, პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომლებიც დემოკრატიულობის, თავისუფლების და ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული. იყო ევროპელი ნიშნავს გქონდეს კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა და ამავე დროს იყო შენი ქვეყნის უსაზღვრო პატრიოტი.

 

ევროპული ღირებულებები უპირველეს ყოვლისა კანონის პატივისცემაზეა დაფუძნებული: შვილს ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ კანონისადმი მორჩილებას, თანასწორობას და შრომისმოყვარეობას - ეს ხდება ყველგან - ოჯახებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, კოლეჯებში თუ უნივერსიტეტებში. ეს პრინციპები გათავისებული აქვს ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ფერისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა. თუკი ვინმე არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ევროპელი მას საკუთარ შეურაცხყოფად იღებს, რადგან მისი მოქალაქოებრივი შეგნების დონე ძალზედ მაღალია და შესაბამისად არ მოერიდება, რომ შენიშვნა მოგცეს.

 

ევროპა - ეს არის ადგილი, სადაც პრემიერ-მინისტრი და სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელენი შეიძლება ჩვეულებრივ ხალხთან ერთად კაფეში მსხდომნი დაინახო; სადაც დავარცხნილ-დასუფთავებული ქუჩების, ბაღ-ვენახებისა თუ ტყე-პარკების შემყურე აცნობიერებ, რომ ქვეყნის პატრიოტები სწორედ ის ხალხნი არიან, ვინც მათ უვლის; სადაც პოლიეთილენის ბოთლების თუ სხვა გამოუსადეგარი ნივთების ქუჩებში სროლა აზრადაც არავის მოუვა თავში; სადაც უძველეს ისტორიას ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე არქიტექტურა; ევროპა ეს არის ბრენდი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიოში, ხოლო ამ ბრენდის შემქმნელი მოქალაქენი თავიანთი ქვეყნების ამაყ შვილებად გვევლინებიან.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია გასული, ხოლო საქართველოში დარჩენილთაგან ბევრს აქვს მოგზაურობის საშუალება, მაინც აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა იმოგზაუროს ევროპაში, რათა საკუთარი თვალით დაინახოს (ცოტა ხნით მაინც) ის სიკეთე და ცხოვრების წესი, რასაც ევროპული ღირებულებები ეფუძნება. ამის შემდეგ არცთუ ისე რთული იქნება იმ განუზომელი უპირატესობის დანახვა „37 მანეთიან“ მოსკოვურ ნოსტალგიასთან, რომელიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის (განსაკუთრებით უფროსი თაობის) ცნობიერებაში.

 

ვერ ვიტყვი, რომ ქართველებს არ გვსურს ევროპელობა (უმეტეს ნაწილს მაინც), ჩვენ გვიზიდავს ევროპა სასწავლებლად, სამოგზაუროდ, დასასვენებლად, გასართობად და შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენც გავხდებით ევროპული საზოგადოების ნაწილი, თუმცა ამავდროულად ისე გვაქვს გამჯდარი „ეროვნული“ სტერეოტიპები, რომ აქ, საქართველოში დიდად არ გვსურს ცხოვრების წესის შეცვლა.

 

...თბილისის ქუჩებში მოსეირნე უყურებ საცობებსა და გამონაბოლქვში ჩაძირულ ქალაქს, „იამკებით“ მიმოფენილ ქუჩებს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, ფეხით მოსიარულეებს, რომლებიც არად დაგიდევენ მათთვის განკუთვნილ სპეციალურ გადასასვლელებს, მოპირდაპირე სავალ გზაზე გაჭენებულ თავზეხელაღებულ სამთავრობო მანქანებს, ჯიპებზე ამხედრებულ შავსათვალიან „მარიაჟ“ მძღოლებს, ქართველ ვაჟკაცს, რომელიც ავტომანქანის ფანჯრიდან ნაგავს ისვრის და აცნობიერებ, რომ სამწუხაროდ მხოლოდ დევიზი, „მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ევროპელი“ არ არის ჩვენი ევროპელობისათვის საკმარისი.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია