რა გემართებათ, როცა რუსული ტელეარხებით „იკვებებით“?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-08-2015, 20:40 | მსოფლიო | ნანახია - 2634

გუგა ჯულუხიძე

 

წარმოიდგინეთ გარემო, სადაც ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალება არ არსებობს, ან ადგილი, სადაც 24/7 რეჟიმში, საგარეო საფრთხეებსა და მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ აპოკალიპსზე გესაუბრებიან. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ: „საფრთხე“, „აგრესია“, „პროვოკაცია“, „შიში“, „მტერი“, „განადგურება“... დაუფიქრდით ჟურნალისტების, ექსპერტების, ანალიტიკოსების რიტორიკას. შემდეგ, აღნიშნული საინფორმაციო რეჟიმი დროის გარკვეულ მონაკვეთზე „გადაამრავლეთ“ და... აცნობიერებთ, რომ რაღაც იცვლება თქვენში.

 

რა თქმა უნდა „გარემო”, სადაც ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალება არ არსებობს“ - გაზვიადებული შეფასებაა, თუმცა რუსული მასმედიის ფენომენი, სწორედაც რომ მიჯაჭვულობის განცდის შექმნაა. რუსულ ტელესივრცეში გამეფებული ქრონიკულად უარყოფითი და საგანგაშო რიტორიკის მიუხედავად, ასეთ ფორმატს თანდათან ერგები, მოგწონს და უფრო მეტიც - მასზე დამოკიდებული ხდები!

 

მართალია ეს მოკლე წერილი უფრო მეტად იუმორისტული ხასიათისაა და ფაქტებიც „შელამაზებულია“, თუმცა მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს, თუ რამდენად მაღალი საფრთხის შემცველია რუსული ტელეარხების მაუწყებლობა და მათზე დაყრდნობა ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა.

 

და მაინც, რა გემართებათ, როდესაც რუსულ ტელეარხებს ადევნებთ თვალყურს?

 

რუსულ მედია სივრცეში მოგზაურობა - დღე 1:

 

სხდებით, რთავთ ტელევიზორს და პირველი რაც თვალში გხვდებათ, სასიამოვნო გარეგნობის ჟურნალისტი (ან ჟურნალისტთა ჯგუფი), რომელიც ძალიან დამაჯერებლად და გარკვევით საუბრობს.

 

სტუდია წამყვანი დასავლური ტელეკომპანიების მსგავსად არის მოწყობილი.

 

პირველი პოზიტიური შთაბეჭდილებების შემდეგ, თანდათან აცნობიერებ, რომ „რაღაც“ ვერ არის კარგად, ან ისე, როგორც აქამდე გეგონა.

 

განსხვავებული შეფასებები, ფაქტები და ხედვები. ისმენ ახალ თეორიებს, რომლებიც სოლიდურად შემოსილი ხანდაზმული ბატონების/ქალბატონების დამაჯერებელი ანალიზით კიდევ უფრო მყარდება. გარკვეული დროის შემდეგ, არაერთი კითხვა გებადება. ოდნავ იბნევი და ცოტათი გეშინია კიდეც... შიშობ, რომ რაღაც საშინელება შეიძლება მოხდეს, რადგან „დასავლური აგრესიული მანქანა“ რუსეთის საზღვრებს ყოველი მხრიდან უახლოვდება.

 

ამასობაში, რუსეთის უანგარო სიკეთეთა ნუსხას ეცნობი. როგორ ეხმარებოდა/ეხმარება რუსეთი „თავისუფლებას მოწყრურებულ ერებს“ თვითგამორკვევაში; როგორ ეწირებოდნენ რუსი ჯარისკაცები მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას; როგორ იცავდნენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები მცირერიცხოვან ერებს გადაშენებისაგან... ნელ-ნელა „ამუხრუჭებ“ და თანდათან შიშიც ქრება - მას ერთგვარი თანაგრძნობა ანაცვლებს.

რამდენიმე საათიანი „მოგზაურობის“ შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე სულიერი მდგომარეობა გამოვცადე: გაკვირვება-შიში-თანაგრძნობა, მაგრამ იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ დასკვნის გამოტანისაგან თავის შევიკავება ვამჯობინე.

 

ამასობაში, პუტინიც გამოჩნდა. ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი პრეზიდენტის შესახებ მომისმენია ჟურნალისტების შეფასება (ეპილოგით, პროლოგით, ქებით, რიდით, მოწიწებით), თუმცა ასე აღტკინებით არავისთვის შეუსხამთ ხოტბა. დაახლოებით ისე საუბრობდნენ პუტინზე, როგორც ტრინიდადი და ტობაკოში მცხოვრები ფეხბურთის მოყვარულები, მათ ყველაზე წარმატებულ და გამორჩეულ ფეხბურთელ დუაიტ იორკზე (ერთადერთი ტრინიდადელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული).

 

კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ პუტინი ძალიან ხშირად არ ჩნდება ტელეეკრანებზე. მისი გამოჩენა ყოველთვის „კულმინაციურ“ მომენტებს ემთხვევა: საუბარია პრობლემაზე - ჩნდება პუტინი და პრობლემაც ქრება!

 

საინფორმაციო ტალღის შემდეგ, დოკუმენტური, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების დრო დგება. მოსკოვის კრიმინალური ქრონიკის მოსმენის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ დანაშაულის უმეტესობას კავკასიელები ჩადიან (ან განსაკუთრებულ ყურადღებას მათ მიერ კანონდარღვევებზე ამახვილებენ). სხვათა შორის, ჩეჩნები და ქართველები ლიდერობენ.

 

რუსულ მედია სივრცეში მოგზაურობა - დღე 2:

 

მე-2 დღე უკრაინაში გაჩაღებული ომის გარჩევით დაიწყო. ისმენ, თუ როგორი მონდომებით ცდილობს რუსეთი ომის შეწყვეტას, მაგრამ ამავდროულად ვერც ეთნიკურად რუსებს ტოვებს ბედის ანაბარა, და მათ დახმარებას ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნითა და თავშესაფრის უზრუნველყოფით ცდილობს (მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული მეთოდებით). თურმე, ბევრი რუსი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების პროცესს, თუმცა რუსეთი არ ნებდება იქამდე, სანამ მშვიდობა არ დამყარდება.

 

თანაგრძნობის განცდაც ბრუნდება! როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ეს ყველაფერი? მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ე.წ. „პრო-რუსი“ მებრძოლების სულგრძელი საქციელი ვიხილე (თუ როგორ აპურებენ და გულდაწყვეტით ესაუბრებიან „გზას აცდენილ“ უკრაინელ დატყვევებულ ჯარისკაცებს). ამ სიუჟეტის შემდეგ, ჟურნალისტმა ბრაზნარევი ხმით უკრაინელი ჯარისკაცების სისასტიკეზე დაიწყო საუბარი. აღელვებულ ტონში, სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი დონეცკიდან მოწოდებულ კადრებს უკეთებდა კომენტარს - „როგორ იმსხვერპლეს უკრაინულმა ბომბებმა უდანაშაულო ოჯახები.“

 

ამ მძიმე სურათის შემდეგ, ცოტა „ამოვისუნთქე“. სანკტ-პეტერბურგში ბინების მასიური ძარცვის ფაქტზე, კავკასიელები დააპატიმრეს. ეს სიახლე ნამდვილი „შვება“ იყო უკრაინული ომის ქრონიკების შემდეგ.

 

ამასობაში ისევ პუტინი გამოჩნდა! ერთ-ერთ შეხვედრაზე, მკაცრი და დამაჯერებელი ტონით რუსეთის ძლიერებაზე საუბრობდა. მან 2 საათის განმავლობაში, თითქმის ყველაფერზე ისაუბრა და მისი გამოსვლის შემდეგ, კვლავ საინფორმაციო გამოშვება დაიწყო: ისევ უკრაინა, უფლებაშელახული რუსეთი, პუტინის გამოსვლის 25-წუთიანი მიმოხილვა, პუტინის შეფასებები „უმადურ“ მოლდოვაზე, ა.შ.

 

დღის ბოლოს, იქამდე სანამ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში ქართველებსა და კავკასიელებზე უნიჭო ხუმრობებს მოვისმენდი, კიდევ ერთხელ ვუყურე საინფრომაციო გამოშვებას (Телеканал «Россия»), სადაც 15 წუთის განმავლობაში, უკრაინიდან წამოსული სტუდენტების სამადლობელ ტექსტებს ვუსმენდი - „როგორ იხსნა რუსეთის მთავრობამ ხალხი უკაინული ფაშმიზმისაგან, როგორ ბომბავდა უკრაინული არტილერია სკოლებს, სახლებსა და საავადმყოფოებს.“

 

რუსულ მედია სივრცეში მოგზაურობა - დღე 3:

 

„მე-3 დღე, დიდად არ განსხვავდებოდა წინა დღეებისაგან. მთავარი თემები: უკრაინა, დევნილი რუსები, ევროკავშირისაკენ დაძრული „უმადური“ მოლდოვა, პუტინის წარმატება საგარეო ასპარეზზე, პუტინის წარმატება შიდა ასპარეზზე, პუტინის კარსმომდგარი ვიზიტი შუა აზიაში, აყვავებული გროზნო, მადლიერი ჩეჩნები და როგორც იქნა, საქართველოს ჯერიც დადგა: მართალია, ეჭვიც კი არავის ეპარებოდა იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთს არ დაუწყია, მაგრამ დღესაც კი ვერ ხსნიან „ცეკვების მოყვარული, მხიარული და სტუმართმოყვარე ქართველების“ საქციელს - როგორ „გაიმეტეს“ ასე ოსები და აფხაზები (ერთ-ერთმა სტუმარმა „ქართველთა უმადურობისაკენ სწრაფვის ტრადიცია დაასახელა“ მიზეზად).

 

ცოტა ხანში, ისევ კრიმინალური ქრონიკა, კავკასიელები, დამტვრეული რუსულით მოსაუბრე დაღესტანელი, ჩეჩენი და ქართველი კრიმინალები.

 

თუმცა დღის ბოლოს. ერთ-ერთმა სახელმწიფო ტელევიზიამ საჩუქარი გაუკეთა საკუთარ აუდიტორიას და სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა - ნახევრად-დოკუმენტური ფილმი ვლადიმირ პუტინზე.

 

რუსულ მედია სივრცეში მოგზაურობა - დღე 6:

 

ღამე ვერ ვიძინებ. თვალწინ ის რუსი ბავშვები მიდგას, „უკრაინელებმა, რომ ამოწყვიტეს“ დონეცკში. ერთი სული მაქვს როდის გათენდება, რომ საინფრომაციოს ვუყურო.

 

ნეტავ უკრაინაში რა ხდება? მედვედევს ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნია დონეცკში. იმედია დროზე ჩავა. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 1 მილიარდი დოლარით გაუზრდია - ნეტავ, რატომ მალავენ ქართულ ტელესივრცეში ამ ამბავს? ალბათ ამერიკელების ხელი ურევია ...

 

დილის 8 საათიც გახდა (7-ზე საინფოირმაციო იწყება, იქ). მოლდოვური ღვინით რამდენიმე ოჯახი მოწამლულა ტაგანროკში. ხალხს აზრს ეკითხებიან. აიკრძალოს, თუ არა? ყველა თანხმდება, რომ ასაკრძალია.

 

ამასობაში, სტატისტიკა ქვეყნდება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოსახლეობის 71%-ს უმაღლესი განათლება აქვს, ანუ მოეკითხება ამ ხალხს ჭკუა.

 

რაღაც მოუსვენრობას ვგრძნობ. რაღაც მაკლია. უვიზოდ, ბელორუსიიდან რუსეთში შემოპარულ ქართველებზეც მოვუსმინე რეპორტაჟს - საზიზღარი კავკასიელები! რას ერჩიან რუსებს?!

 

მაინც ვერ ვისვენებ. ბოლოს მივხვდი, რომ პუტინი მაკლდა. ცოტათი შემეშინდა კიდეც, რომ არცერთ საინფორმაციო გამოშვებაში არ უხსენებიათ. სხვა არხზე გადავრთე. თურმე გამთენიისას გაფრენილა შუა აზიაში ...

 

P.S. ამ ექვსი დღის განმავლობაში, რუსული ტელესივრცის მიხედვით, ერთადერთი სფერო, სადაც რუსეთი ჩაგრული და მსოფლიო „ბნელი“ ძალების უმთავრესი სამიზნე არ არის - ფეხბურთია. ასე რომ, თუკი მაინცდამაინც რუსული ტელეკომპანიების ყურება გსურთ - საფეხბურთო არხებს ადევნეთ თვალი ☺

 

ეპილოგის ნაცვლად: ამ ღია წერილის შექმნა „ნიუ იორკ თაიმს“-ის ერთ-ერთმა სტატიამ „მიკარნახა“, რომელიც რუსული მასმედიის ზეგავლენასა და ფორმებს განიხილავს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია