რა უფრო სჭირდება ქვეყანას - კონსტიტუცია თუ თავნებობა?!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-08-2015, 23:44 | პოლიტიკა | ნანახია - 1887

რა უფრო სჭირდება ქვეყანას - კონსტიტუცია თუ თავნებობა?!

 

ნიკა რურუა

 

უკვე თითქმის შევეგუეთ იმ აზრს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გაუთავებელი კინკლაობაა (ამჯერად იმაზე, თუ რომელი მათგანი წავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვის წარმოსათქმელად) რომლიდანაც, როგორც წესი, გამარჯვებული პრემიერ-მინისტრი გამოდის ხოლმე. ამის შემდეგ პრეზიდენტი ყველას “ეცოდება” და მისი მხარდამჭერების პერმანენტულად შეთხელებული რიგები ოდნავ (და დროებით) ისევ იზრდება ხოლმე. პრეზიდენტი ამ დროს კმაყოფილდება მისდამი გამოხატული სიმპატიით და მომავალ კინკლაობამდე მიყუჩდება ხოლმე.

 

ზოგიერთს ჩვენი პრეზიდენტი “მედვედევის სინდრომის” ანალოგადაც ეჩვენება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი სპეციალურადაა მარგინალიზირებული მმართველ ძალასთან მოლაპარაკების საფუძველზე, რომ “ქართული ოცნების” წარუმატებლობებით განხიბლული ამომრჩეველი არ დაიკარგოს და პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერად არ იქცეს. და რომ გადამწყვეტ მომენტში პრეზიდენტი მარგველაშვილი ისევ “ოცნებას” და მის შემქმნელს დაუჭერს მხარს საკუთარ მხარდამჭერებთან.

 

არ ვიცი. შეიძლება ასეცაა. მაგრამ ეს მოკლე წერილი ამ ვერსიის განხილვას არ ეძღვნება. მისი მიზანი სხვაა - კერძოდ ის, რომ შევახსენოთ მკითხველს ქვეყნის უზენაესი კანონის, კონსტიტუციის ფუნქციისა და როლის შესახებ ამგვარ და ანალოგიურ შემთხვევებში.

 

ყველას მოეხსენება, მით უმეტეს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რომ კონსტიტუცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის უზენაეს კანონს წარმოადგენს, რომელიც საკანონმდებლო იერარქიაში უმაღლეს ადგილს იკავებს. სწორედ ამიტომაა, რომ საკუთარ საზეიმო ფიცში ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული სახელმწიფო კონსტიტუციის გარანტად ყოფნის დაპირებას დებს; სწორედ ამიტომაა, რომ ყველა საკანონმდებლო აქტი თუ ინიციატივა, რეგულაცია თუ ბრძანებულება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან თანხვედრაში უნდა იყოს; სწორედ ეს მიზეზია, რატომაც ნებისმიერი ქმედება თუ უმოქმედობა, კანონი თუ ბრძანება, რომელიც კონფლიქტშია კონსტიტუციასთან, უკანონო და ბათილია.

 

ერთი სიტყვით, ეს უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომელსაც კონსტიტუციად მოვიხსენიებთ, საფუძველთა საფუძველია, რომელზეც შენდება ნებისმიერი ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, მოქალაქესა და მოქალაქეს შორის და სახელმწიფოსა და სახელმწიფოს შორის - ისაა ალფა და ომეგა ნებისმიერი, მათ შორის ქართული, სახელმწიფოებრიობისა.

 

აქ ისმის ბუნებრივი კითხვა - მაშ, რატომ არ მუშაობს კონსტიტუცია ყველგან ერთნაირი ძალით? განა ის ყველა სახელმწიფოს არ გააჩნია?

 

იმ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალური დოკუმენტია, რომელიც რატომღაც აუცილებელია, და რომელსაც დიდად არ მორჩილებენ, ხშირია ამბოხებები, გადატრიალებები, რევოლუციები, მღელვარებები, სამოქალაქო ომები - მოკლედ, ყველანარი არასტაბილურობა, რაც ამგვარ ქვეყნებს ეკონომიკურად განუვითარებელს ხდის, აღატაკებს და საბოლოოდ შეუმდგარ სახელმწიფოებად აქცევს.

 

იმ ბედნიერ ქვეყნებში კი, სადაც ამის საპირისპიროდ, სათუთად ეპყრობიან საკუთარ კონსტიტუციას, ანუ უმთავრეს თამაშის წესებს, როგორც წესი, ყვავის ეკონომიკა, ვითარდება საზოგადოება და ისადგურებს გრძელვადიანი კეთილდღეობა.

 

ამის ლოგიკა უფრო მარტივია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ვინმეს ეგონოს: დიახ, კონსტიტუცია ყველა სახელმწიფოშია, არშემდგარი სახელმწიფოებიდან ყველაზე წარმატებულებით დამთავრებული; მეტიც, ისინი, მცირე განსხვავებების მიუხედავად, ერთმანეთს გასაოცრად გვანან, მიუხედავად იმისა რომ (მოცემულ სახელმწიფოებში) ერთგან სიღატაკეა, მეორეგან სიმდიდრე, ერთგან უიმედობა, მეორეგან მხნეობა და ოპტიმიზმი, ერთგან სნეულება, მეორეგან ჯანმრთელობა, ერთგან პროგრესი, მეორეგან რეგრესი, და ა.შ.

 

საქმე იმაშია, რომ არც ერთ კონსტიტუციაში, არც ძალიან წარმატებული და არც ძალიან წარუმატებელი ქვეყნის ამ უზენაეს დოკუმენტში, არ არის ჯადოსნური სიტყვები და ფრაზები ჩაწერილი, რომელთაც საკუთარი პრინციპების ცხოვრებაში გატარება თვითონვე შეეძლოთ - კონსტიტუციონალიზმი არა სიტყვები და ფრაზები, არამედ ჩვენი საქციელია - მათდამი მორჩილებით განპირობებული და მართული საქციელი.

 

შესაბამისად, ის სახელმწიფოები რომლის ლიდერებიცა და მოქალაქეებიც ემორჩილებიან საკუთარ კონსტიტუციებს, წარმოადგენენ ყველაზე წარმატებულ, ძლიერ, სტაბილურ და კეთილდღეობის მქონე ქვეყნებს, რომელსაც ყველა დანარჩენი აღფრთოვანებითა და შურით შესცქერის.

 

ისინი კი, სადაც კონსტიტუცია არა საქციელად, არამედ ქაღალდზე დაწერილ ლამაზ ფრაზებად რჩება, მუდმივი წარუმატებლობისა და სხვადასვა სახის მოჯადოებულ წრეებზე საჩანჩალოდ არიან განწირულნი.

 

დღეს საქართველო, როგორც ახალგაზრდა სახელმწიფო ამგვარი არჩევანის გზაგასაყარზე დგას. მან უნდა აირჩიოს, ემორჩილება თუ არა იგი საკუთარი თავისთვის საკუთარი თავითვე დანიშნული წესების დაცვას; ის ირჩევს, უნდა იყოს ის წესიერი, თუ უწესო სახელმწიფო.

 

ამიტომაც, დღევანდელი პრეზიდენტიცა და პრემიერ-მინისტრიც, დატვირთულია უდიდესი ვალდებულებით სწორი არჩევანი გააკეთონ საკუთარი საქციელით და ხელი შეუწყონ ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს წესიერ ორგანიზმად ჩამოყალიბებას - დღეს ეს მათი უმთავრესი ვალდებულებაა - ბევრად მეტი ვიდრე ეგოისტური პოლიტიკური თუ მაამებლური მიზან-მისწრაფებები.

 

ორივე მათგანს კარგად უნდა ახსოვდეს ურყევი სიმართლე, რომ ისინი მხოლოდ დროებით არიან დაქირავებული სახელმწიფო სამსახურში იმისათვის, რომ მათ ქვეყანა კონსტიტუციის ნორმათა შესაბამისად მართონ.

 

სხვათა შორის, ეს ორივე მათგანს ფიცით აქვს ნაკისრი, როგორც უმთავრესი ვალდებულება. და ეს არაა მხოლოდ ლამაზი სიტყვები - ეს მათი საქციელია უპირველესად.

 

ბოლოს კი, რახან ესაა ამჯერად მათი კინკლაობის მიზეზი: საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

ამიტომ, გაეროშიც პრეზიდენტი უნდა წავიდეს, თუ მას რაიმე საპატიო მიზეზი არ აქვს, რის გამოც ის ამას ვერ ახერხებს. პრემიერ-მინისტრს იქ არაფერი ესაქმება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია