განრისხებული მოქალაქის ამონახეთქი...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-08-2015, 22:49 | ეკონომიკა | ნანახია - 1848

განრისხებული მოქალაქის ამონახეთქი...

 

დავით ნებიერიძე

 

ყველაფერი მსმენია და ბევრი რამ მინახავს. მაგრამ, მთავრობა გაბრაზებული და გაბუტული იყოს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, ეს ნონსენსი და უპრეცენდენტო ფაქტია! აბსოლუტური არაკომპეტენტურობისა და ამპარტავნობის ნათელი გამოხატულებაა საქართველოს მთავრობისა და მისი მეთაურის ბოლო დღეების კომენტარები და ეკონომიკური ვითარების ანალიზი, ლარის დევალვაციასა და ეკონომიკურ კრიზისზე. იმდენი სიბრძნე მაინც ყოფნიდეთ, რომ აბსოლუტურად გაკოტრებულები არ იმუქრებოდნენ ოპოზიციისა და იმ ექსპერტების მისამართით, რომლებიც ცდილობენ ეკონომიკური ვითარების მაქსიმალურად ობიექტური ანალიზი მოახდინონ, რეალური პერსპექტივების განსაზღვრისთვის. ცუდად, ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ამგვარი, რეალობას აცდენილი რეაქციები ბატონებო!

 

ნურც ეკონომიკას გაებუტებით მაინც და მაინც, ბატონო მინისტრებო. ეკონომიკა არ არის პიროვნება, რომელიც ოპზიციურად არის განწყობილი ”ქართული ოცნების” მიმართ და ის მიზანმიმართულად არ გიწყობთ დივერსიებს. ეკონომიკა ზუსტად, რომ ჯანმრთელი ორგანიზმია, რომელიც ადექვატურად რეაგირებს თქვენს სისულელეებზე. იცით როდის დაიწყო თქვენი დასასრული და კრიზისული პროცესები ქართულ ეკონომიკაში? როდესაც ხელისუფლებაში ახლად მოსულებმა აბსოლუტური სიბეცითა და ამპარტავნობით განაცხადეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში ყველაფერი ჩინებულად ”გადაალაგეთ” და ამის შედეგად ჭეშმარიტი აღმშენებლობის ხანა დაიწყებოდა. მინდა დაგიკონკრეტოთ, რამე თუ თქვენით მაინც ვერ მიხვდებით ამ ფრაზების მნიშვნელობას:

 

რეფორმების მეორე და უფრო მაღალი დონის, ახალი ტალღის ნაცვლად, თქვენ საერთოდ მოკალით მისი როგორც მნიშვნელობა, ისე ფასეულობა და სიტყვა ”რეფორმები” როგორც ყველაზე ეფექტური მაკროეკონომიკული ინსტრუმენტი, ჩაანაცვლეთ ყველასთვის გაურკვეველი და აფსურდული მცნებით - ”გადალაგებით”. ამით თქვენ ჯერ გააჩერეთ საქართველოს განვითარება და შემდეგ არაერთი ფუნდამენტალური შეცდომის ფასად დაიწყეთ სახელმწიფოს აგურ-აგურ დაშლა. გეგონათ, ყოფილი პრემიერის ფულით ყველაფერს იყიდდით და ნებისმიერ კრიზისს ჩაახრჩობდით მისი დოლარების ჩანჩქერში?! არა მგონია ახლა მაინც ხვდებოდეთ, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდით! თორემ, აბსოლუტურად სხვანაირი რიტორიკა გექნებოდათ. თქვენ მთლიანად შემოაბრუნეთ რეფორმებზე დამყარებული ქართული ეკონომიკის ბედის ჩარხი უკუღმა და ამის შედეგებს იმკით დღეს!

 

ბატონო ”მეოცნებენო”, მარტო შეძახილებით და გამოლოცვებით ვერ შექმნით ოპტიმისტურ მოლოდინებს. ამისთვის შესაბამისი მაკროეკონომიკური საფუძვლებია საჭირო, რომლებიც უპრეცენდენტო, წარმატებული მაკროეკონომიკური რეფორმების სიბრტყეში დევს. მეტსაც გეტყვით: მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური სტაგნაციის და კრიზისის მოცემულობა სერიოზული შანსია ნახტომისებრი ეკონომიკური განვითარების საფუძვლების ჩასაყრელად ქართულ ეკონომიკაში. თავის დროზე რეფორმების კურსიდან, რომ არ გადაგეხვიათ და მთელი ეკონომიკური პოლიტიკა სანაციის რეჟიმში გადაგეყვანათ, ოპტიმიზაციის ამოცანების გათვალისწინებით, დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური რყევების ფონზე საქართველოს იდეალური შანსები ექნებოდა რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბად გადაქცეულიყო.

 

ბატონი პრემიერ მინისტრი ნებისმიერ თავის გამოსვლაში აპრიორი აცხადებს, რომ ის არ არის ფინანსისტი და ცდილობს ამით გაამართლოს ის დელეტანტური განაცხადები და შეფასებები, რომლებიც ეხება ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას. ბატონო ირაკლი, მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ამგვარ კრიზისულ სიტუაციებში ნებისმიერი თქვენი განცხადება უნდა იყოს კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმის აპოთეოზი, რათა თქვენი განცხადება გახდეს იმედების ჩასახვის საფუძველი, ნატანჯი საქართველოს მოქალაქეთა განცდებში. რეალობა კი სამწუხაროდ საპირისპიროა. თქვენი ნებისმიერი კომენტარი პირდაპირი სიგნალია, როგორც ზოგადად ეკონომიკისათვის ისე ნებისმიერი მოქმედი ან პერსპექტიული ინვესტორისათვის, რომ სასწრაფოდ მოიცილოს საქართველოში არსებული ცუდი აქტივები და უკანმოუხედავად გაქუსლოს საქართველოდან. ან თქვენ თვითონ დაფიქრდით ამ ფაქტებზე, ან დაიქირავეთ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც სათანადოდ და მომგებიანად წარმოგაჩენთ საზოგადოების წინაშე.

 

დღეს განრისხებულმა პრემიერმა ტელეკრანიდან გვაცნობა, რომ რთული პერიოდი განვლილია და იწყება სტაბილიზაციის ეპოქაო. ამის მთავარ არგუმენტად კი სიამაყით მოიყვანა ქვეყანაში იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირების ფაქტი, როგორც მთავრობის დამსახურება. მისი ლოგიკა კი ისეთი იყო, რომ იმპორტის შემცირების გამო შემცირდა ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზემოქმედების ეფექტი და ქვეყნიდან ნაკლები ვალუტა გავაო. რაც თავის მხრივ დაასტაბილურებს ლარის კურსსო! ბატონო პრემიერო პანღურებით უნდა გაყაროთ სამსახურიდან ყველა ის პიროვნება, ვინც ამ მოხსენების ტექსტი მოგიმზადათ! მტრები გყავთ გარშემო, ბატონო ირაკლი, მტრები. ხოლო, როცა მათ გაყრით შეეცადეთ თქვენზე ჭკვიანი და კვალიფიცირებული სპეციალისტები შემოიკრიბოთ გარშემო. ნუ იტანჯებით ”ნაპოლეონის სინდრომით”!

 

ახლა კი მარტივად მინდა აგიხსნათ რატომ იყო პრემიერის ეს არგუმენტი აბსურდული და დამაზიანებელი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი ნათქვამი აბსოლუტური სიბრიყვეა. გარდა ამისა, იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში იმპორტის მოცულობის მკვეთრი ვარდნა უაპელაციოდ ნიშნავს ეკონომიკის შეკუმშვას და რეცესიული პროცესების გამწვავებას. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, შიდა ბაზარზე დავარდა მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდა მიწოდება. ანუ, საქართველოს მოქალაქეთა გადახდისუნარიანობა უპრეცენდენტოდ შემცირდა. ე.ი. ხალხი მნიშვნელოვნად გაღარიბდა (ეს ფაქტორი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინფლაციის არადექვატურად დაბალ დონეს). ე.ი. მნიშვნელოვნად შეიკუმშა ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის წარმოების მოცულობებიც. რაღაც აბსურდულ სტატისტიკას, რომ გვიფრიალებთ ტელეეკრანიდან ”დაჩის ზღაპრებივით”, ”მშპ”-ს 2%-იანი ზრდა კი არა 2%-იან ვარდნას თუ გვაკმარებთ ამ წლის შედეგებით, მაგის მადლობლებიც უნდა დავრჩეთ!

 

საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართო ყოველგვარი პოლიტკორექტურობის გარეშე, რამე თუ განრისხებული ვარ, ისევე როგორც ყოველი მათგანი: ერთადერთი შანსი ეკონომიკური ზრდის საცოდავი 2%-აინი მაჩვენებლის მისაღწევად, ჩვენს არაკომპეტენტურ მთავრობას აქვს სტატისტიკური მანიპულაციების გზით, რომელსაც გაამაგრებენ ინფლაციის დონის ზრდითა და ლარის კურსის შემდეგი ვარდნის ხელშეწყობით. სხვა არანაირი შანსი იმისა, რომ სტატისტიკურად დამალონ ქვეყნის ეკონომიკის შემცირების, ანუ რეცესიის ფაქტი მათ არ გააჩნიათ. ასე, რომ მთავრობა წასულია ვაბანკზე. მათ უცოდინრობისა და უუნარობის გამო გაექცათ სადავეები ხელიდან და ასეთი ავანტიურის გარეშე წინასაარჩევნო პერიოდი მათთვის კატასტროფული აღმოჩნდება და იმდენად, რომ არჩევნებამდეც ვერ მიაღწევენ სამოქალაქო პროტესეტების შედეგად.

 

ახლა კი შევეცდები მარტივად აგიხსნათ, თუ რატომ არის აუცილებელი ჩვენი მთავრობისთვის ლარის შემდგომი დევალვაცია და ინფლაციის ზრდა:

 

ეროვნული ვალიუტის დევალვაცია თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ინფლაციური პროცესებისთვის. ხოლო, ინფლაცია არის დესტრუქციული, მაგრამ უებარი საშუალება ”მშპ-ს” მაჩვენებლის ხელოვნურად გასაზრდისთვის. მაგალითად: თუ ერთი კილო პომიდორი ღირდა ერთი ლარი და წელიწადში მისი მოხმარების მოცულობა იყო ერთი ტონა, მაშინ პომიდვრის ამ მოცულობის მოხმარებით, ბრუნვა რომელიც განაპირობებს ”მშპ-ს” მოცულობას შეადგენს ათას ლარს. ინფლაციის შედეგად, თუ ერთი კილო პომიდვრის ფასი გაიზრდება 30 თეთრით და შეადგენს 1,3 ლარს, მაშინ იგივე მოცულობის მოხმარების პირობებში ბრუნვა შეადგენს 1300 ლარს. ანუ, ბრუნვაც და შესაბამისად ”მშპ”-ც გაიზრდება 30%-ით. აი აქ არის დამარხული ძაღლის თავი. ხოლო, რაც უფრო შემცირდება მოხმარების მოცულობა, მით უფრო აუცილებელი ხდება ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდა, რომ გადაიფაროს რეცესიის უარყოფითი ეფექტი. მომიტევეთ, თუ ძალიან პრიმიტიულად აგიხსენით, მაგრამ მინდა, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ გაიგოს ვის ინტერესებში შედის ლარის დევალვაცია და ინფლაციური პროცესების გამწვავება. ამთ უპირველესყოვლისა დაინტერესებულია საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი მხოლოდ განტევების ვაცია. მათ საერთოდ აღარ აინტერესებთ, რომ ამ გზით ხდება მოსახლეობის ტოტალური გაღარიბება. მათთვის მთავარია წარმატება ფურცელზე მაინც შექმნან და სულ აღარ აინტერესებთ მოქალაქეთა რეალური კეთილდღეობა. მითუმეტეს, რომ გაღარიბებული და დაბეჩავებული ამომრჩევლის ხმის ყიდვა გაცილებით უფრო მარტივი და იაფია.

 

ამ ეტაპზე და შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად მთავრობას და კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს ქმედით ინსტრუმენტად დარჩა მხოლოდ გამოყოფილი უცხოური კრედიტების ჯერ აუთვისებელი ნაწილი. ეს კრედიტები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. ხოლო, საბიუჯეტო ხარჯებს მთავრობა გასწევს ეროვნულ ვალუტაში. რაც უფრო დასუსტდება ლარი, მით უფრო მეტი ფინანსური რესურსი ექნება ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად და მწვავე საბიუჯეტო კრიზისის გადასავადებლად.

 

მთავრობისთვის ამჯერად მთავარია მაქსიმალურად ნაკლები პოლიტიკური დანაკარგებით მიაღწიონ საპარლამენტო არჩევნებამდე და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ დაშლიან აგურ-აგურ. რამეთუ ამ სამმა წელმა დაგვანახა, რომ ”ქართული ოცნება” მხოლოდ საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის შემქმნელი პოლიტიკური ძალაა და ამ კეთილდღეობას იქმნიან საქართველოს მოქალაქეთა ტოტალური გაღარიბების ხარჯზე. გადახედეთ თუნდაც ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობას. ჰაბიტუსითაც კი ტიპიური ”რაიკომის მდივნები” არიან. რომელთათვისაც წარმატების მწვერვალი დიდი კაბინეტი და ”შავი ვოლგაა”...

 

ქართული ეკონომიკისა და ზოგადად სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ყველა ძირითად პრობლემას განაპირობებს ორი ფუნდამენტალური ფაქტორი:

 

1) საქართველოს რეზიდენტთა რაოდენობრივი სიმცირე;

 

2) წარმოების პროცესში შექმნილი დამატებულიღირებულების ძალიან დაბალი დონე.

 

რეზიდენტთა სიმცირე პირველ რიგში განაპირობებს ეკონომიკის სიმცირეს. ხოლო, დაბალი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი წარმოებისა და კვლავწარმოების პროცესებში განაპირობებს სიღარიბეს. სახელმწიფოებრივად და ფუნდამენტალურად უნდა იაზროვნოს ნებისმიერმა მთავრობამ, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს მოჯადოებული წრე რომელზეც საქართველო უკვე მესამე ათწლეულია ტრიალებს. სამწუხაროდ არც დღევანდელ მთავრობას და არც მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს არ შესწევს ამის უნარი.

 

ნებისმიერმა ექსპერტმა შეიძლება კიდევ ბევრი ფუნდამენტალური მიზეზი მომიყვანოს საპასუხოდ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ნებისმიერი მათგანიც ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ნებისმიერ მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწევს ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით წარმართოს საკუთარი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. რამეთუ მდიდარი ქვეყანა, მდიდარი მოსახლეობით არის მხოლოდ ის რომელშიც წარმოების პროცესში იქმნება მაქსიმალურად მაღალი დამატებული ღირებულება და თანაც რეზიდენტების მაღალი რაოდენობის პირობებში. კონკრეტული მაგალითებითაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი სიტყვები. ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია და სკანდინავიური ქვეყნები. ხოლო რუსეთი და თვით ჩინეთიც კი, მიუხედავად რეზიდენტების სიმრავლისა, მაგრამ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობისა ვერ ითვლებიან მდიდარ ქვეყნებად რომელთაც ჰყავთ მდიდარი მოსახლეობა. რაღა უნდა ითქვას საქართველოზე, რომელსაც ორივე კომპონენტში უაღრესად უჭირს.

 

მომიტევეთ ბატონებო ჩემი განრისხებული ტონისთვის, მაგრამ ვერასოდეს შევეგუები ჩემი ქვეყნის ნგრევას, მინიმუმ იმიტომ, რომ მას ჰყავს უცოდინარი და არაკომპეტენტური მთავრობა! სახელმწიფო წარმატებას აღწევს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მართავენ განათლებული, თავისი საქმის პროფესიონალი, სათანადო უნარჩვევების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მენეჯერები და არა მედროვეები!

 

P.S. მცირე ”შპარგალკას” მოგცემთ ბატონო მინისტრებო სახელმძღვანელოდ:

 

1. გადახედეთ ექსპორტზე მომუშავე როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე კერძო კომპანიების ფინანსურ საქმიანობას. შემთხვევით, ამონაგებს საქართველოს ეკონომიკური სივრცის გარეთ ხომ არ აბანდებენ. და თუ აბანდებენ რა ჯანსაღი და საბაზრო ეკონომიკის შესაფერისი და არა ადმინისტრაციული ღონისძიებებია გასატარებელი, რომ მათ ეს ფინანსური სახსრები საქართველოში დააბანდონ?

 

2. თქვენი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე მიმდინარე წელი იყო უპრეცენდენტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ (რაშიც მე ძალიან მეპარება ეჭვი). საფუძვლიანად შეისწავლეთ ამ ინვესტიციების ბედი. თორემ პირადად მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათი უმრავლესობა საქართველოში გათეთრების მიზნით შემოვიდა და მცირედი ფინანსური ოპერაციების შემდეგ ”ჩემოდნებით” გაიტანეს უკან მავანმა და მავანმა, ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან! წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი კატასტროფული რეალობა, თუნდაც ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით არ იქნებოდა.

 

დაახლოებით თქვენს მიერ დეკლარირებული ინვესტიციების მოცულობის პირობებში, წინა ხელისუფლებამ ქალაქები აღაშენა თავიდან, ჯარი და საჯარო სამსახურები შექმნა და კიდევ მრავალი სხვა.

დაფიქრდით ყოველივე ამაზე ბატონებო, დაფიქრდით და კრიტიკული აზროვნების უნარჩვევები შეიძინეთ, თორემ ხალხი მარტო კრიტიკას აღარ გაკმარებთ!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია