BOKO HARAM! რატომ ვერ ვჯობნით ტერორისტებს და რატომ არის ისლამის რეფორმაცია გამოსავალი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-09-2015, 02:19 | მსოფლიო | ნანახია - 4105

BOKO HARAM! რატომ ვერ ვჯობნით ტერორისტებს  და რატომ არის ისლამის რეფორმაცია გამოსავალი

 

გიორგი იმედაშვილი

 

„ივერიის“ მკითხველს ეხსომება, რომ „ჰარამი“ არაბულად აკრძალულს, დაუშვებელს ნიშნავს, ხოლო ისლამური სამართლის გავლენით, დროთა განმავლობაში, ეს სიტყვა ცოდვის მნიშვნელობის მატარებლადაც იქცა. „არამი იყოსო შენზე შაჰის პური“- უთქვამს შუბით სასიკვდილოდ დაჭრილ ყარჩიხა-ხანს გიორგი სააკაძისათვის მარტყოფის ბრძოლის დროს. „ჰარამის“ საპირისპიროდ „ჰალალი“ რელიგიურად დაშვებულს, კანონიერსა და ასე ვთქვათ, ყველაფერ „ლეგალურს“ აღნიშნავს. აშკარაა, რომ ორივე ამ სიტყვამ იპოვა თავის ადგილი ქართულ ენაში.

 

„ბოკო ჰარამი“ ცნობილი ნიგერიული ტერორისტული დაჯგუფების სახელია. „ჰარამის“ შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ეხლა მნიშვნელოვანია რომ „ბოკო“ გავშიფროთ. აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა „ჰაუსა“, რომელზეც ჩადში, ნიგერიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ათეულობით მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენისათვის ბრიტანელმა კოლონისტებმა შექმნეს ლათინურ ანბანზე დაფუძნებული დამწერლობა, რომელსაც ადგილობრივები უწოდებდნენ „ბოკოს“ (სავარაუდოდ, სიტყვა Book-ის სახეცვლილ ვარიანტს). დროთა განმავლობაში, სწორედ „ბოკო“ გადაიქცა ზოგადად დასავლური განათლების სისტემის კრებით სახელად თითქმის მთელს რეგიონში, შემდეგ კი ვესტერნიზაციისა და დასავლური ცხოვრების წესის აღმნიშვნელადაც იქცა. ანუ, ტერორისტული ორგანზიაციის სახელწოდება სიტყვასიტყვით ნიშნავს „დასავლური განათლება აკრძალულია“-ს, ანდაც „დასავლური ცხოვრების წესი აკრძალულია“-ს. სიმბოლურია, რომ ტერორისტებმა სწორედ ასეთი დიდი დატვირთვის მატარებელი სახელი აირჩიეს. მგონი, ასეთი სახელწოდება არამხოლოდ ამ კონკრეტული ორგანიზაციისათვის, არამედ მთელი ფუნდემანტალისტური ისლამის მქადაგებელი მოძრაობებისათვის ზედგამოჭრილი იქნებოდა, ვინაიდან სწორედ განათლების ფაქტობრივი აკრძალვა და საზოგადოების ტოტალური უცოდინრობა არის ის სასიცოცხლო არტერია, რომელიც ასე აუცილებელია რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების არსებობობისა და მათი ტერორისტული საქმიანობისათვის. მათ დასამარცხებლად სწორედ ეს არტერია უნდა გადავჭრათ. ძირითადად სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.

 

დღეისათვის მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთს, არნახული მასშტაბის ტერორისტული საფრთხე დაატყდა თავს. ამ ყველაფერს, რასაკვირველია, თავის მიზეზები აქვს და თუ საფუძვლიანად არ გავაანალიზებთ მათ, გაგვიჭირდება შედეგებთან ბრძოლაც. პირველი ნაბიჯი, რაც აუცილებლად გადასადგმელია არის რეალობისათვის თვალის გასწორება და ყველაფრისათვის თავის სახელის დარქმევა. მოდი, ჩვენ ვცადოთ და რიგ-რიგობით მივყვეთ პრობლემებს. განვიხილოთ და თვალი გავუსწოროთ მათ.

 

ვფიქრობ, პირველი რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ჯერჯერობით თავისუფალი სამყარო სათანადო ყურადღებით არ ეკიდება ტერორიზმის, ანდაც, გნებავთ რადიკალური, ფუნდამენტალისტური ისლამისაგან მომდინარე საფრთხეს. გასაგებია, რომ რიგითმა ევროკავშირის, ანდაც ამერიკელმა მოქალაქემ ეს საფრთხე მხოლოდ ბოლო პერიოდში, ამ საუკუნის დასაწყისიდან იგრძნო, მაგრამ აშკარაა, რომ საფრთხე (და მსხვერპლიც) დღითიდღე იზრდება და სისხლიანი მოვლენების თავიდან ასარიდებლად საჭიროა კონკრეტულ მოვლენასთან - ჯიჰადისტურ, ფუდნამენტალისტურ ისლამთან ბრძოლა. უკვე ვახსენე, რომ ამ პრობლემის სათავეები ტოტალურ უცოდინრობასა და გაუნათლებლობას უკავშირდება.

 

რეალობაა, რომ ჯერჯერობით თავისუფალი სამყარო ვერ იმარჯვებს ტერორისტული ორგანზიაციების წინააღმდეგ. მართალია, მოვკალით ბინ ლადენი, მოვაწყვეთ ინტერვენცია ავღანეთში „თალიბანის“ წინააღმდეგ, დავაკავეთ „ალ კაიდასა“ და სხვა ორგანზიაციების ბევრი წარმომადგენელი, ხოლო ზოგადად ტერორიზმთან ბრძოლა ერთ-ერთ უპირველეს მიზნად გამოვაცხადეთ, მაგრამ ამით ვერ მოვაგვარეთ პრობლემა. პირიქით, გაიზარდა როგორც ისლამისტური ტერორისტული ორგანზიაციების, ისე მათ მიერ ჩადენილი ტერაქტებისა და მსხვერპლის რაოდენობა, საბოლოოდ კი, მივიღეთ „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“, რომელმაც მთელი ფუნდამენტალისტური ისლამიზმის იდეოლოგია პრაქტიკაში განახორციელა მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

 

ამ ყველაფრის მიზეზი მთელი მუსლიმური თემის კრიზისული მდგომარეობაა. ფაქტობრივად, ყველა არაბულ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციებს უადვილდებათ ახალი მებრძოლების რეკრუტირება და ამ პროცესმა ბოლო თვეების განმავლობაში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ტერორისტების პროპაგანდისტული მანქანა უფრო ძლიერია, ვიდრე ვინმე იფიქრებდა.

 

რაც შეეხება თავად „ისლამურ სახელმიწიფოს“ - ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რეალობისათვის თვალის გასწორების პრობლემას ვაწყდებით. დღემდე მოსახლეობის უდიდეს ნაწილსა და არაერთი მთავრობის ბევრ წარმომადგენელს ჰგონია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მხოლოდ ველური ბარბაროსების ბრბოა, რომელიც წარმატებას მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების არარსებობის გამო აღწევს. გაზაფხულზე გერმანულ „შპიგელში“ გამოქვეყნებულმა მასალამ დაადასტურა, რომ ამ ორგანზიაციას ბრწყინვალედ ჩაფიქრებული და ძალიან ორგანიზებული სტრუქტურა აქვს და რომ მისი ლიდერები ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგოსები არიან. მაგრამ, ჯერჯერობით ამის სათანადო აღიარება არ ხდება დასავლეთში. კარგია, რომ „ივერიის“ მკითხველმა ამ ყველაფრის შესახებ უკვე ზედმიწევნით კარგად იცის. ბოლო დროს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმას, რომ შიიტურმა მილიციამ გაზაფხულზე „ISIS”- ის ძალები თიქრითის შემოგარენიდან გააძევა. მაგრამ როგორღაც გამორჩათ იმის აღნიშვნა, რომ ამ პერიოდში ორგანიზაციამ დაიკავა რამადი, ფალუჯა და გაიმაგრა პოზიციები მოსულთან. პირველი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს როცა ერაყსა და სირიაში მიმდინარე ბრძოლებს ვაკვირდებით არის ის, რომ უდაბნოში ფართობის ფლობა არაფერია. ყველაფერს წყვეტს ის, თუ ვინ აკონტროლებს ოაზისებს და მათკენ მიმავალ გზებს. სამწუხაროდ, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც აკონტროლებს უმნიშვნელოვანეს „ოაზისებს“- მოსულს, რაკას, ფალუჯას და ა.შ. თუ დავაკვირდებით მისი მებრძოლები თითქმის არასდროს ეპოტინებიან ისეთ მიწებს, რომლის შენარჩუნებაც ძნელია, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ მათი მიზანი ამ ეტაპზე არა შიიტური უმრავლესობით დასახლებული ბაღდადი, არამედ სირიული დამასკოა. რასაკვრიველია, „ISIS“-ის წარმომადგენლები დიდად კმაყოფილები იქნებიან ბაღდადში სისხლიანი „ეგზეკუციების“ მოწყობით, მაგრამ ნათელია, რომ მრავალმილიონიანი შიიტური ქალაქის დამორჩილება და შენარჩუნება ამ ეტაპზე დაჯგუფებას არ ძალუცს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სხვა ფრონტებზეც უწევს ბრძოლა. სწორედ ამიტომ, დამასკო უფრო ხელსაყრელი სამიზნეა, თუმცაღა, არც მისი დაკავება იქნება ადვილი. ასადის მომაკვდავი რეჟიმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს დედაქალაქსა და ლატაკიისაკენ დამაკავშირებელ გზას. დამასკო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და არაბული სახალიფოს ძველი დედაქალაქი იდეალური იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიური პლატფორმისათვის. ეხლანდელი დედაქალაქიც - რაკა, ყველაზე ცნობილი ხალიფას ხარუნ არ-რაშიდის დროს აბასიდების სახალიფოს დედაქალაქი იყო.

 

„ისლამური სახელმწიფო სირიასა და ერაყში“- არის, პირველ რიგში, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით იბრძვის კონკრეტულ ტერიტორიაზე ძალაუფლების მოპოვებისათვის. ამ ბრძოლის უმნშვნელოვანესი ნაწილი კი მოქალაქეების ტერორიზებას და ამ გზით, საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაზრდას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ის ტერორისტული ორგანიზაციაა. როგორც ყველა პოლიტიკურ ორგანზიაციას, მასაც ჰყავს ლიდერები, რომელთაც შექმნეს დაჯგუფების სტრუქტურა, დაისახეს კონკრეტული მიზნები და ტაქტიკა მათ მისაღწევად. დღეს, ეს ადამიანები მართავენ დაჯგუფების მიერ დაკავებულ ტერიტორიასაც. რასაკვირველია, „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციის ფარგლებს გაცდენილი დამნაშავეების ხროვაა და მისი მებრძოლებს ყოვლად ამაზრზენი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და ყველაფერ ამაზე აუცილებლად აგებენ პასუხს. „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობისთვის რამდენიმე ხელსაყრელი პირობა აქვს: პირველ რიგში, ასეთია ერაყსა და სირიაში მძლავრი ცენტრალური ხელისუფლების არარსებობა და სახელმწიფოს სრული უუნარობა დაიცვას საკუთარი ტერიტორია და მოქალაქეები. მეორე, ეს არის მძლავრი იდეოლოგიური მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანზიაციას ცოცხალი ძალით. მესამე არის დაჯგუფების ეფექტური სტრუქტურა, რომელიც დაკავებული მიწების მართვას ეფექტურად, ხოლო გაფართოებას ძალიან სწრაფად და ადვილად ახერხებს. მეოთხე: დაფინანსების, ფაქტობრივად, დაუშრეტელი წყაროები, როგორსაც პირველ რიგში წარმოადგენს დაკავებულ ტერიტორიაზე ადვილად მოსაპაოვებელი ნავთობით ვაჭრობა შავ ბაზარზე, დაპატიმრებული მოსახლეობის ძარცვა, შანტაჟი, ქონების დაპატრონება, მონებით ვაჭრობა და ვაჭრობა კაცობრიობის ისტორიის უძველესი ძეგლებით, რომელთა მცირე ნაწილის განადგურების კადრებსაც მიზანმიმართულად ავრცელებენ და ამავე დროს შავ ბაზარზე იყიდება უნიკალური არტეფაქტების უდიდესი ნაწილი. ამას ემატება „სპონსორების“ ფინანსური მხარდაჭერაც და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ფაქტორი, მათ შორის ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად უწყობდა (და უწყობს) ხელს ამ ორგანიზაციის გაძლიერებას, ცალკე ჩრდილოკავკასიის საზღრების გახსნით და ცალკე, ამ ორგანზიაციის წევრებს შორის არაერთი საკუთარი ჯაშუშის არსებობით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთის სპეცსამსახურების გამოზრდილმა, სადამ ჰუსეინის ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრებმა შექმნეს.

 

მიუხედავად ამ ხელსაყრელი ფაქტორებისა, ეს ორგანიზაცია ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს საკუთარ მიზანს და აუცილებლად დამარცხდება. საჭიროა, რომ ძალა, რომელიც დაამარცხებს „ისლამურ სახელმწიფოს“ თავადაც რადიკალიზმის მომხრე არ იყოს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი რეგიონი კვლავაც დარჩება დამნაშავე რადიკალების საბოგინოდ.

 

ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებით საერთო საქმე არ გაკეთდება, გველეშაპს მხოლოდ ერთ თავს მოვაჭრით, რომლის ადგილასაც ორი ახალი ამოვა, ისევე, როგორც ეს ყველაფერი მოხდა ავღანეთისა და ერაყის ინტერვენციებისა და ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ. პრობლემა არის რადიკალური, ჯიჰადისტური ფუნდამენტალიზმი, რომელიც „შობს“ ახალ-ახალ შვილებს, სხვადასხვა სახელით.

 

მაგალითი დაგვეხმარება იმის უფრო ნათლად გააზრებაში რის შესახებაც ვსაუბრობ. კაიროში მდებარეობს მსოფლიოში სუნიტური ისლამის ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული სასწავლებელი „ალ-აზჰარის“ უნივერსიტეტი, რომელიც უკვე ათას წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. მარტში „ალ-აზჰარის“ ყოფილმა სტუდენმა სუფიან ალ-ომარიმ, ბელგიურ გამოცემა „De Standaard”-ს განუცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ციდან არ ჩამოავრდნილა და რომ ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც ეს ორგანიზაცია წარმართავს იდოლოგიურ კამპანიას და ავრცელებს მოწოდებებს მუსლიმებისათვის, ანალოგიურია იმ ტექსტებისა, რომლებსაც წლების მანძილზე ასწავლიდნენ „ალ-აზჰარში“. სწორედ ამიტომ სუფიან ალ-ომარის სურდა შეერთებოდა „მოჯაჰადებს“. მეორე ყოფილმა სტუდენტმა მუჰამად აბდულა ნასრმა კი განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოფილი და ამჟამიდნელი სტუდენტები არ შეუერთდებიან ამ ორგანზიაციას და პირდაპირ არ აიღებენ ხელში იარაღს, ისინი უთანაგრძნობენ ამ იდეებს და ავრცელებენ მათ საკუთარ საზოადოებაში. სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე. ისლამური სახელმწიფოს სიკვდილით არ მოკვდება ჯიჰადისტური ფუნდამენტალიზმი, რომელიც გააჩენს ახალ „ISIS”-ს, ანდაც ახალ „ალ-კაიდას“, ახალ „თალიბანს“ და ა.შ. ასეთ სიტუაციაში ამგვარი რეალობის მიღება გარდაუვალია და მის თავიდან ასაცილებლად ძალიან დიდი ძალისხმევა გვმართებს. პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ და გავიაზროთ მუსლიმური თემის მდგომარეობა, დავადგინოთ ამ ვითარების მიზეზები და დავიწყოთ მათთან ბრძოლა. 2014 წელს გენერალმა მაიკლ ნაგატამ აბსოლიტური სიმართლე თქვა, როდესაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ არ გვესმის ამ მოძრაობის და სანამ არ გავუგებთ მას, ვერ დავამარცხებთ.

 

დღეისათვის, მუსლიმური თემი რეგიონის ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთ კონდიციაში იმყოფება და ეს სულაც არ არის სახარბიელო ვითარება. საზოგადოება დაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. პირველი ნაწილი შედგება უაღრესად რადიკალურად განწყობილი ისლამისტებისაგან, რომელთა უმრავლესობაც თვლის, რომ სეკულარული სასამართლო სისტემის ნაცვლად შარიათის ისლამური სამართლის სისტემა უნდა მუშაობდეს და რომ მუსლიმებს ეგრეთ წოდებული „საღვთო ომის“- ჯიჰადის წარმოება ევალებათ არამუსლიმთა მიმართ. რასაკვირველია, ეს ნაწილი ჯერჯერობით არც ერთ მუსლიმურ სახელმწიფოში მოსახლეობის უმრავლესობას არ შეადგენს, თუმცაღა მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა ათწლეულების მანძილზე. საზოგადოების მეორე და ყველაზე დიდი ნაწილი შედგება „ჩვეულებრივი“ მოქალაქეებისაგან, რომლებიც მორწმუნე მუსლიმის ცხოვრების წესს მისდევენ და თანაუგრძნობენ მუსლიმი ღვთისმეტყველების ფაქტობრივად ნებისმიერ ქადაგებას, მაგრამ უარს ამბობენ ძალადობაზე და საღვთო ომის პრაქტიკული განხორციელებაც ჯერჯერობით არ ხიბლავთ. ეს მუსლიმური თემის ყველაზე დიდი ნაწილია, თუმცა რადიკალებს ადვილად შეუძლიათ მათით მანიპულირება, ვინაიდან საერთო განათლების დონე ძალიან დაბალია, რადიკალ სასულიერო პირებს უადვილდებათ მრევლის დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვამა, რასაც ემატება ე.წ. „ნამუსზე აგდების“ უკვე კარგად ცნობილი ხერხი, როდესაც მქადაგებელი საყოველთაო სიღარიბესა და გაჭირვებაში დასავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებს, ანდაც საკუთარ სეკულარისტულ მთავრობას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ განსაცდელი „საღვთო გზიდან გადახვევის“ ბრალია, შემდეგ მოუწოდებს ადამიანებს ირწმუნონ ალაჰი და დაუბრუნდნენ წინაპრების გზას, შემდეგ ერთი-ორ ძალიან დიდი წინაპრის სახელს დაასახელებს, რომ მსმენელბს კიდევ უფრო შერცხვეთ იმის გზიდან გადახვევის და რომ, ფაქტობრივად, არა ამ სასულიერო პირის ან რომელიმე ორგანიზაციის მხარდამჭერებად იგრძნონ თავი, არამედ ღმერთის და წინაპრების. ასეც ხდება, წლების მანძილზე ამგვარი „ზეწოლის“ შემდეგ ისლამისტების, ანდა მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი იზრდება.

 

ამის კარგი მაგალითია „მუსლიმი ძმების“ მოღვაწეობა ეგვიპტეში. როგორც ვიცით, ეს უძველლესი, 1928 წელს დაარსებული ისლამისტური ორგანზიაციაა, რომელიც მთელს მუსლიმურ სამყაროში უპრეცენდენტო გავლენით სარგებლობს. 2012 წელს, ამ ორგანიზაციის მიერ შექმნილმა „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ პარტიამ ძალაუფლება აიღო ხელში ეგვიპტეში, ხოლო მისი ლიდერი მუჰამად მურსი ყველაზე მრავალრიცხოვანი არაბული სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. მაშინ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა „მუსლიმი ძმების“ ხელისუფლებაში მოსვლას მხარი დაუჭირა, ვინაიდან ეს ყველაფერი შენიღბული იყო, როგორც დემოკრატიისა და სარწმუნოების ჭეშმარიტი გამარჯვება მუბარაქისდროინდელ ავტორიტარიზმზე. სწორედ, აღწერილი მეთოდებით მუჰამად მურსიმ „არაბული გაზაფხულის“ შემდგომ ქვეყნის სათავეში, ლეგიტიმური არჩევნების გზით მოიყვანა ისლამისტური ორგანიზაცია, რომელმაც ზუსტად ერთ წელიწადში იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ეგვიპტის საზოგადოება, რომ სამხედრო გადატრიალება გახდა საჭირო ისლამისტების ხელისუფლებისაგან ჩამოსაცილებლად. როგორც კამიუმ თქვა, როდესაც რელიგია ერთიანდება პოლიტიკასთან, იბადება ინკვიზიცია და მართლაც, უამრავი ადამიანი შეეწირა მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას წამოწყებულ რეპრესიებს და ანტიკოპტურ კამპანიას, მთლიანად ეგვიპტე ბეწვზე გადაურჩა ისლამისტებსა და სამხედროებს შორის მომხდარ სამოქალაქო ომს, ხოლო თავად მურსი, ამ წუთებში, ამა წლის 16 მაისს გამოტანილი სიკვდილის განაჩენის აღსრულების მოლოდინში იმყოფება, საპყრობილეში.

 

ეს მაგალითი ნათლად მოწმობს იმაზე, რომ რადიკალების ნაწილს შეუძლია თავგზა აუბნიოს მოსახლეობის ძირითად მასას და ასე მოიპოვოს ძალაუფლება. რაც შეეხება, მუსლიმური საზოგადოების მესამე ნაწილს, ეს ძირითადად დისიდენტებისა და დევნილი სეკულარისტებისაგან შედგება. ნელ-ნელა იზრდება მუსლიმური საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მათი რელიგია რეფორმაციას საჭიროებს, ისეთივე რეფორმაციას, როგორიც ერთ დროს ქრისტიანობამ გამოიარა. აშკარაა, რომ ჯიჰადისტური ნარატივი არ ესადაგება მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეას და პირველ რიგში, თავად მუსლიმურ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, რასაც ნათლად ვაკვირდებით „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში.

 

ტერორისტებს ვერ ვამარცხებთ, რადგან ვერ ვამარცხებთ ფუნდამენტალისტური, რადიკალური ისლამის იდეებს, რომელიც ბევრი მუსლიმის გონებაში პოულობს საუთარ ადგილს და არ კვდება ზოგიერთი ტერორისტის სიკვდილთან ერთად. ჩვენთვის და დასავლელი მკვლევარებისათვის შეიძლება ძნელი წარმოსადგენია ის, რისიც ამ ადამიანებს სწამთ, მაგრამ ეს რეალობაა. ბევრს სასაცილო ზღაპრად ეჩვენება ის, რომ გარდაცვლილ მოჯაჰედს საიქიოში ქალწულთა მთელი ამალა დახვდება, მაგრამ მათ ამის სწამთ. რამდენიმე წლის წინ ისრაელში თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს, რომელსაც საკუთარ სასქესო ორგანოზე დაჯავშნული ჟილეტის ნაგლეჯი ჰქონდა შემოხვეული. თავის ლოგიკით, დაუზიანებელი ორგანო სიკვდილის შემდეგ „გამოადგებოდა“ ქალწულებთან. რა თქმა უნდა, სამართალდამცავთათვის აღმაშფოთებელია ასეთი სისულელის მოსმენა, მაგრამ ამ ადამიანს რომ გამართლებოდა რამდენიმე ისრაელის მოქალაქეს მოკლავდა და საერთოდ აღარანაირი მნშვნელობა აღარ ექნებოდა იმას, თუ რამდენი თითიდან გამოწოვილი სისულელის სწამდა პირადად მას. ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ სიღატაკესა და ყოველგვარ გაჭირვებაში მცხოვრებ ადამიანებს სამუდამო ბედნიერებას, განცხრომასა და სიამეს სთავაზობენ, რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს, მათ ამ ყველაფრის სწამთ. ხოლო დასავლეთს ამის სანაცვლოდ მაქსიმუმ იაფფასიანი სამუშაო ადგილებისა და საპნის ოპერების შეთავაზება შეუძლია. რასაკვრიველია, ამგვარად რადიკალური, ჯიჰადისტური ისლამის იდეა ვერ დამარცხდება.

 

როგორც ვიცით, უმთავრესი პრობლემა განათლებაა. სწორედ განათლების არარსებობა არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები მასიურად იჯერებენ სრულ იდიოტობას (მაგალითად იმას, რომ დედამიწა საერთოდ არ ტრიალებს, როგორც ამას ერთ-ერთი მუსლიმი მეცნიერი ამტკიცებდა ამას წინათ) და ვითომდა ისლამის სახელით წარმოებულ პოლიტიკურ კამპანიებში ერთვებიან. ამ ყველაფრის უკან დგანან ერთეული ლიდერები, რომელთა უდიდეს ნაწილს ძალიან კარგად ესმის რასაც აკეთებს და შეგნებულად ახდენენ ხალხის დეზინფორმაციასა და გაღიზიანებას. განათლება და მასზე დამყარებული კრიტიკული აზროვნება არის პირველი, რასაც ფუნდამენტალისტები ებრძვიან. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც.

 

როგორც უკვე ვახსენე, „მუსლიმი ძმების“ ორგანიზაცია არის მსოფლიოში უძველესი ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც 1928 წელს ეგვიპტეს ქალაქ ისმაილიაში დააფუძნა ჰასან ალ-ბანამ. სწორედ ალ-ბანასა და ორგანიზაციის სხვა ლიდერების მიერ შეიქმნა ის იდოლოგიური საფუძველი, რასაც დღეს, ფაქტობრივად, ყველა ისლამისტური მოძრაობა ქადაგებს. „დატოვეთ ის კლუბები, სადაც წევრები ისინი არიან, ნუ ისაუბრებთ მათ ენაზე და ნუ წაიკითხავთ მათ წიგნებს“- ეს ჰასან ალ-ბანას სიტყვებია, ასე არიგებდა ის თავის მიმდევრებს ინგლისელებთან ურთიერთობის შესახებ. ვისაც ისტორია უყვარს, ადვილად მიხვდება, რომ როდესაც კონკრეტული ლიტერატურის კითხვას კრძალავენ, თრგუნავენ ადამიანის ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობას, კრძალავენ ინფორმაციის მიღების წყაროებს, რათა მათი ადგილი მიზანმიმართულად გამზადებულმა დეზინფორმაციამ დაიკავოს. ზუსტად ასე აკეთებდნენ კიდევ ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. კომუნისტები, რომლებაც მაშინვე აკრძალეს აურაცხელი რაოდენობა წიგნებისა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილს შეეძლო კითხვა და ვინაიდან ამ ნაწილს გააჩნდა საკმარისი განათლება, ეს ადამიანები დახოცეს. დანარჩენებს კი, ასწავლეს წერა-კითხვა მასშტაბური რეფორმის მიერ შეცვლილი წესებით, რათა კიდევ უფრო გაერთულებინათ მათთვის კომუნისტებამდე გამოცემული გადარჩენილი ლიტერატურის კითხვა. ხოლო, შემდეგ როგორი ცენზურით ბეჭდავდნენ ახალ წიგნებს ეს კარგად ვიცით.

 

„იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ“- ეს სიტყვები ჰაინრიხ ჰაინემ XIX საუკუნის შუაში თქვა, როდესაც გერმანიაში წიგნების დაწვის დიდი ტალღა ავარდა, კაცმა რომ თქვას, ჰაინე მართალიც იყო. ეს სიტყვები მის სამშობლოს ერთი საუკუნის შემდეგ აუხდა. ახლო, აღმოსავლეთის შემთხვევაშიც მართალია ჰაინე, ალ-ბანას მიერ უცხოური წიგნების კითხვის აკრძალვის შემდეგ ასი წელიც არ გასულა და იქ ადამიანებს ხოცავენ, წვავენ და ა.შ. ჰასან ალ-ბანას შემდგომ უდიდესი იდოლოგი გახლდათ საით კუტბი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საბავშვო ისლამისტური ლიტერატურის შექმნასა და გავრცელებაში. გაზაფხულზე ინტერნეტსივრცეში დიდი ინტერესი გამოიწვია რამდენიმე აღშფოთებული ახალგაზრდა ეგვიპტელის გამოსვლებმა, როდესაც მათ გააცნობიერეს, რომ მურსისა და „მუსლიმი ძმების“ იდეოლოგიური პლატფორმა როდესღაც საბავშვო წიგნებში ჰქონდათ ამოკითხული. თითქმის მთელი ასეთი ლიტერატურა ათწლეულების მანძილზე საიდ კუტბისა და ალ-ბანას იდეოლოგიური მესიჯებით იყო დატვირთული, რომლებიც ბავშვის გონებას წერა-კითხვის შესწავლისთანავე უნდა დაპატრონებოდნენ და საკუთარი პოლიტიკური მრწამსის მხარდამჭერი ახალგაზრდობა აღეზარდათ.

 

განათლება ეს არის ერთადერთი საბრძოლო იარაღი, რითიც დასავლეთს შეუძლია გაანეიტრალოს რადიკალური ჯიჰადიზმის მქადაგებელი ორგანიზაციები, რომელთა ნაწილიც ტერორისტულ საქმიანობას უკვე მისდევს, მეორე ნაწილი კი, პოტენციურად ტერორისტულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. რაც შეეხება რეფორმაციას ის აუცილებელია.

 

აქვე უნდა განიმარტოს, რომ ფუნდამენტალისტური, რადიკალური ჯიჰადისტური მოძრაობები უნდა გაიმიჯნონ სხვა მუსლიმური ორგანიზაციებისაგან. არაბული ენა მიჯნავს ჩვეულებრივ მუსლიმს ისლამისტისაგან. მუსლიმი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც სწამს ალაჰი და კეთილსინდისიერად მისდევს ისლამს, მაგარამ ამავე დროს არსებობენ ისლამისტები, რომლებიც „პოლიტიკურ ისლამს“ უჭერენ მხარს, ასევე უნდა გავმიჯნოთ ჩვენც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამგვარი იდეოლოგიის მქადაგებელი სასულიერო პირების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები, ბუკლეტები, ლექციების ჩანაწერები და ზოგადად ამგვარი იდეოლოგიზირებული ლიტერატურის გავრცელება უნდა აიკრძალოს დასავლურ ქვეყნებში და შეძლებისდაგვარად, მუსლიმურ სახელმწიფოებშიც, მათ ნაცვლად კი, ეგრეთ წოდებული „რეფორმისტების“ პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. უნდა გაძლიერდეს ტრადიციული, მშვიდობიანი ისლამის ქადაგება, მოხდეს ჰანიფიტური მაზჰაბის (1) მაქსიმალური პოპულარიზიაცია და ა.შ. ჯიჰადის განმარტება, როგორც საღვთო ომი არამუსლიმების წინააღმდეგ უნდა შეიცვალოს და ჯიჰადი უნდა განიმარტოს, როგორც ადამიანის პირადი საღვთო ომი ეშმაკთან, მაცდუნებელთან და ყოველგვარ ცოდვასთან. უნდა მოვახერხოთ, რომ ახალაგზრდა მუსლიმებს შეუყვარდეთ სიცოცხლე და არა სიკვდილი, იფიქრონ, რომ სიცოცხლეა მშვენიერი და არა მკვლელობა.

 

რასაკვირველია, რეფორმაციის პროცესი დასავლეთს მხრიდან დიდი საინფორმაციო კამპანიის დაწყებასაც უნდა ითვალისწინებდეს და ზოგადად მესამე სამყაროს ქვეყნებში განათლების საერთო დონის ამაღლების პროგრამებზეც უნდა გააქტიურდეს მუშაობა. რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ბევრი სირთულე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, ზოგიერთ რეფორმისტსა და მის მიმდევრებს ელემენტარულად სიკვდილის საფრთხე ემუქრებათ . მაგრამ, სათქმელია, რომ რეფორმისტების მხარდამჭერთა რაოდენობა მუსლიმურ ქვეყნებში იზრდება, მით უმეტეს ყველაფერ იმის ფონზე, რასაც „ისლამური სახელმწიფო“ დაკავებულ ტერიტორიაზე სჩადის. ასევე ბევრია მუსლიმი სასულიერო პირი, რომელიც ისლამის რეფორმაციას ღიად უჭერს მხარს, მაგალითად ჰასან ჩალღუმი, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკიდან არის და დღეს პარიზის ახლოს მოღვაწე იმამია. მისი სიტყვებით: „ისლამი იგივე ისტორიულ ბილიკს გაუყვება, რომელსაც იუდაიზმი და ქრისტიანობა“. აშკარაა, რომ ჯიჰადისტურმა მოძრაობებმა თავისი მთელი სიყალბე და სიმახინჯე ბოლო წლებში მთელი სიცხადით წარმოაჩინეს, თუმცაღა, მუსლიმური მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის განათლების დონის ამაღლება და კრიტიკული აზროვნების გაღვივება ადვილი არ იქნება, ამის გარეშე კი, რადიკალური, ჯიჰადისტური მოძრაობები არ დამარცხდებიან, თავისმხრივ ამის გარეშე კი სიმშვიდე და სტაბილურობა არც ახლო აღმოსავლეთსა და არც მსოფლიოს მრავალ სხვა კუთხეში არ იქნება.

 

დიდი იდოლოგიური ბრძოლა რეფორმისტებსა და ფუნდამენტალისტებს შორის უკვე დაიწყო- თუკი დასავლეთი ამ პროცესს მხოლოდ დამკვირვებლის თვალით შეხედავს, ისლამისტი ჯიჰადისტები გაიმარჯვებენ. ერთი დიდი იდეოლოგიური ომი კომუნისტების ბოროტების იმპერიასთან უკვე მოგებულია, ზღურბლზე ორი ახალი ბრძოლაა - ისლამისტებთან და პუტინის რუსეთთან. ორივე ამ შემთხვევაში, დასავლეთმა პირველ რიგში იდოლოგიურ ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს და მოეშვას შორიდან ცქერას. გული მწყდება, რომ ჯორჯ ქენანი ცოცხალი აღარ არის ერთ-ორ კარგ დეპეშას გამოაცხობდა.

 

 

-------------------------------------------------------------------

1. ჰანიფიტური მაზჰაბი არის ისლამური სამართლის ოთხი სკოლიდან (მაზჰაბიდან) ერთ-ერთი, რომელიც მერვე საუკუნის მოღვაწის აბუ ჰანიფას სახელს ატარებს. ითვლება ყველაზე ლიბერალური შეხედულებების მაზჰაბად.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია