თუ ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი ხედვები და ვერ ფლობს მენეჯმენტის ეფექტურ ინსტრუმენტებს, მაშინ ის სახელმწიფოს მტერია!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-09-2015, 21:03 | ეკონომიკა | ნანახია - 1676

თუ ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი ხედვები და ვერ ფლობს მენეჯმენტის ეფექტურ ინსტრუმენტებს, მაშინ ის სახელმწიფოს მტერია!

 

დავით ნებიერიძე

 

ცხადია, რომ ზოგადად რასაც პირადად მე ვწერ ნაკლებად აინტერესებს რიგით მოქალაქეს (არა სპეციალისტს) და ვერც გავამტყუნებთ. რამე, თუ მას პირველ რიგში აინტერესებს საკუთარი ოჯახის მაცივრის შიგთავსი და საკუთარი პიროვნების თვითრეალიზება. მაგრამ, ყოველივე ამის მისაღწევად მხოლოდ დაუღალავი შრომა არ არის საკმარისი. არამედ, საქართველოს წარმატების აუცილებელი საწყისი, სწორი სახელმწიფოებრივი ხედვებია. ამ მოცემულობის მნიშვნელოვანი შემადგენელია სწორი მაკროეკონომიკური ხედვებიც. ყოველი მოქალაქე კი უნდა აცნობიერებდეს, რომ არ არსებობს პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე და პირიქით. ხოლო, ერთის და მეორის ბედიც წყდება ზუსტად მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანი მიდის საარჩევნო ურნებთან და აკეთებს თავის არჩევანს. თუმცა უმრავლესობის არჩევანი ყოველთვის არ ნიშნავს სწორ არჩევანს!

 

საქართველოში ჩამოყალიბებული პოლიტიკური სპექტრი ძალიან ჭრელია. მრავალნაირად შეიძლება მისი დაყოფა. მაგრამ, პირადად ჩემი აზრით ყველაზე მართებულია მსოფლიოში მიმდინარე ძალთა ჭიდილის შესაბამისად დაიყოს ეს სპექტრი. რამეთუ ოცდამეერთე საუკუნეში შეუძლებელია გადააფასო გლობალიზაციის გავლენა. სამყარო ძალიან დაპატარავდა და ისეთი სიტყვები როგორებიცაა ”შორს” და ”სხვისი”, პრაქტიკულად აღარ გამოიყენება სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, არ არის რთული ჩემი ნათქვამის გაგება:

 

როგორი სიტყვებითაც არ უნდა გადმოსცენ პოლიტიკურმა ძალებმა თავისი პოლიტიკური კრედოს შინაარსი, წყალგამყოფი მაინც მენტალობაზე გადის. მენტალობაზე, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, ასევე თითოეული პიროვნების ინდივიდუალური უნარჩვევები. ზუსტად ეს უნარჩვევები და ფასეულობათა სისტემა განაპირობებს პიროვნების წარმატებულობას და თვითრეალიზაციას თითოეულის შესაბამის სასიცოცხლო სივრცეში. რამეთუ თევზი ვერ იცხოვრებს ხმელეთზე და ხარი წყალქვეშ.

 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ორი ტიპის სასიცოცხლო სივრცე: რომელშიც ცხოვრობს დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო, სივრცე რომლის დამკვიდრების (დაბრუნების) მცდელობამ წარმოშვა დღევანდელი დაძაბულობა მთელ მსოფლიოში. და რომლის დამკვიდრებასა და განვრცობას ცდილობს რუსეთი, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს ფაქტიური მემკვიდრე.

 

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არ არსებობს შუალედი, ან რაიმე ალტერნატიული მოდელი. ამ დაპირისპირებას კი პირადად მე უწოდებ ”ჰომოსოვეტიკუსებისა” და ”ფრიმენების” ომს.

 

პირფერობაა და მეტი არაფერი იმ პოლიტიკური ძალების აქტივობა, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საერთაშორისო დასაყრდენის გამოცლის მიზნებისათვის, მოქალაქეებს თავს ახვევენ ეფემერულ ”პროქართულ” მენტალობას და ღირებულებებს. არავის არ გაუუქმებია ისეთი მცნება როგორიც არის პატრიოტიზმი და საკუთარი სამშობლოს სიყვარული. მათ შორის საკუთარი ისტორიისა და კულტურული იდენტურობის პატივისცემა და დაცვა. ერთადერთი პროქართული იდეოლოგია არის ქვეყნის წარმატებულობა! ”ეროვნული განსაკუთრებულობა” მხოლოდ სპეკულაციის ინსტრუმენტია. განსაკუთრებულობა დაამტკიცა ყველა იმ ერმა და იმ სახელმწიფომ, რომელმაც მოაღწია დღემდე. გაუძლო ისტორიულ გამოცდებს, ბუნებრივი გადარჩევის პროცესებს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის გამდიდრებაში.

 

გლობალურ სამყაროში ნებისმიერი ერი შეინარჩუნებს მხოლოდ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქტუალური და კონკურენტუნარიანია მსოფლიო სივრცეში. მაგრამ, შეუძლებელია შეინარჩუნო რუდიმენტული ტრადიციები და ფასეულობები, რომლებიც აღარ არის აქტუალური ცივილიზაციური თვალსაზრისით. ამით მე მინდოდა მეთქვა მხოლოდ ერთი რამ:

 

ერის და სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების უმთავრესი უნარი და თვისება მდგომარეობს ცვლილებებისადმი ადაპტირებაში. უფრო მეტიც, ყველაზე წარმატებულები არიან ის სახელმწიფოები და ის ერები, რომლებიც თავად არიან ცივილიზაციური ცვლილებების წყარო. ასე, რომ ადაბტირების უნივერსალური უნარი არის გადარჩენისა და წარმატებული განვითარების მთავარი საშუალება. ამიტომ, იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, თუ რა შეიძლება დავკარგოთ გლობალიზაციის ეპოქაში!? არამედ, იმაზე, თუ რა შეგვიძლია შევმატოთ გლობალიზირებულ ცივილიზაციას!?

 

ალბათ ძალიან ბევრისთვის ჩემი სიტყვები დიდად საკამათოა. მაგრამ, მომავალს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვიდრე წარსულს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირიქით შემთხვევაში ნებისმიერი სახელმწიფო, თუ ერი განწირულია გაქრობისთვის. უზარმაზარი ქვეყნები და იმპერიები გაქრნენ. გაქრნენ ზუსტად იმიტომ, რომ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ვეღარაფერი ფასეული ვერ შესთავაზეს საერთო საკაცობრიო ცივილიზაციას. გაქრნენ იმიტომ, რომ მათ ირგვლივ შეიცვალა სასიცოცხლო სივრცე და მათ ვერ მოახერხეს წარმატებით ადაპტირებულიყვნენ ახალი რეალობისადმი. ნებისმიერი მათგანი ჩაიციკლა საკუთარი წარსულის სიბრწყინვალესა და სიძლიერეში. ამიტომ, ადაპტირების ნაცვლად შეეცადნენ იზოლირებით დაეცვა საკუთარი არაკონკურენტუნარიანობა.

 

დღევანდელი მარგინალური პოლიტიკური ძალები საქართველოს სთავაზობენ ყოველ ახალ სატურნირო წელს მეორე ლიგაში დარჩნენ სათამაშოდ, რადგან იქ გაცილებით მაღალია გამარჯვების შანსები, ვიდრე უმაღლეს ლიგაში თამაშის დროს. რაოდენ დიდი ხნის მანძილზეც არ უნდა ვიყოთ აუტსაიდერები უმაღლეს ლიგაში, ადრე თუ გვიან გამოცდილება, ახალი ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები და დაუღალავი შრომა, მაინც თავისას გაიტანს და მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენც ავღმართავთ თავსზევით გამარჯვებულის თასს. აქვე მინდა დავამატო, რომ ”პუტინისეული რუსული სამყარო” ეს მეორე ლიგაც კი არ არის. ეს არის ცივილიზაციის ჩიხური შტო. ისეთივე, როგორიც იყო ნეანდერტალელების შტო. ისეთივე როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. იმპერიების დრო იმიტომაც გავიდა, რომ შეიცვალა ფასეულობათა სისტემა. ამიტომ, მეთვრამეტე საუკუნის ღირებულებებით ცხოვრება აპრიორი განაპირობებს სახელმწიფო მექანიზმების ჩამოშლას და სახელმწიფოს ნგრევას. რუსეთთან ვერ იმეგობრებთ! არა მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ არსებობს ეს მცნება. არამედ იმიტომ, რომ მეგობრობა და თანაარსებობა ნიშნავს ერთიან სასიცოცხლო გარემოში ცხოვრებას. შესაბამისად ის ფასეულობები და პრინციპები რაც ”პუტინის რუსული სამყაროსათვის” მასაზრდოებელ ჟანგბადს განასახიერებს, ჩვენთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის ნახშირორჟანგს ნიშნავს! რუსეთთან წარმატებული თანაარსებობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მისთვისაც და დანარჩენი სამყაროსთვისაც ჟანგბადი ერთი და იგივე ქიმიური ფორმულით გამოისახება! მანამდე კი რუსეთთან ნებისმიერი სიახლოვე ნიშნავს ახალი და ახალი თოკებით გადაეჯაჭვო უზარმაზარ გემს, რომელიც გარდაუვლად ჩაიძირება. ”პუტინის რუსეთის” თვითმკვლელობის ყველაზე ეფექტური იარაღი არის ის, რომ რუსეთმა საკუთარი თავი ფაქტიურად ამოაგდო არა მარტო მსოფლიო ეკონომიკური პროცესებიდან, არამედ მსოფლიო კულტურილი პროცესებიდანაც და სულ უფრო და უფრო ექცევა ყრუ იზოლაციაში. ნუ ინუგეშებთ თავს ათასი რჯულის ”რუსეთუმები” იმით, რომ ეს ის ერი და სახელმწიფოა, რომელმაც გაუძლო ლენინგრადის ბლოკადას, ”რკინის ფარდას”, და იშიმშილა, მაგრამ არ მოკვდა შიმშილით. ჯერეგერთი მოკვდა! იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და აღარ არსებობს. დაინგრა და გადაშენდა იმიტომ, რომ ის იყო სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის ჩიხური მოდელი. საბჭოთა კავშირმა, მიუხედავად მისი უზარმაზარი რესურსებისა, უბრალოდ ვერ გაუძლო კონკურენციას. რუსეთი, კი საბჭოთა კავშირის მხოლოდ ჩრდილია! აქ მთავარი ისაა, რომ იზოლაცია უაპელაციოდ იწვევს სტაგნაციას და განვითარების უნარის დაკარგვას. რაც მათ შორის გადაიზრდება ეკონომიკურ კრახში.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე პირველ რიგში მინდოდა ხაზი გამესვა იმ მოცემულობაზე, რომ ქვეყნის როგორც ერთი მონოლითური ორგანიზმის ჯანმრთელობას განაპირობებს მისი ტვინიდან, ანუ ხელისუფლებისგან წამოსული იმპულსების სისწორე. თუ უჯრედი არ ღებულობს სწორ იმპულსს, მაშინ ის გადაიქცევა ავთვისებიან სიმსივნედ. რაც, თავის მხრივ იწვევს მთელი ორგანიზმის დაავადებას. სულ უფრო იზრდება მეტასტაზები და ყველაზე ძლიერი ორგანიზმიც კი გარდაუვლად იღუპება!

 

შესაბამისად, სწორი იმპულსებისთვის აუცილებელია რეალობისა და შემდგომი მოქმედების სწორი ხედვები. ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტი, რომელიც წარმოშობს სწორ იმპულსებს არის თითოეული მოქალაქის ცნობიერებაში სამართლიანობის განცდის გაბატონება. სამართლიანობა მასშტაბური მცნებაა, რომელიც თავის თავში მოიცავს სამართალსაც. ანუ კანონების იმ კრებულის დაცვას, რომლის მიხდვითაც ვალდებულია იცხოვროს საზოგადოებამ. მე მინდა მიმოვიხილო რეალური სამართლიანობის პრინციპები და არა დღევანდელი მთავრობის მიერ შემოგდებული ფსევდო სამართლიანობა და მისი ეფემერული აღდგენის დაპირებები. საბჭოთა წარსულში ეს მცნება ძირითადად უკავშირდებოდა პრინციპს - ”ყველას თანაბრად”. ჩემი აზრით, ზუსტად აქ იყო მთავარი უსამართლობა. არც საბჭოთა კავშირში იღებდა ხალხი თანაბრად და არც იმქვეყნად. ყველაფერი დამსახურების შესაბამისად უნდა მოდიოდეს. ჭეშმარიტი სამართლიანობის მთავარი სახე არის თანაბარი შესაძლებლობების არსებობა! შესაბამისად, ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი ვალდებულება და სამართლიანობის ზენიტი მდგომარეობს ქვეყანაში თანასწორი შესაძლებლობების პრინციპის უზრუნველყოფაში. ანუ, სამართლიანი და პირუთვნელი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაში. ზუსტად ეს პრინციპი უდევს წარმატებულ ეკონომიკას საფუძვლად. შეუქმნათ მოქალაქეებს თანაბარი შესაძლებლობების პირობა და მხოლოდ მათი უნარები და ცოდნა განაპირობებს მათ წარმატებას.

 

ხელისუფლება არ ქმნის ეკონომიკას. ის უნდა ქმნიდეს სამართლიან გარემოს ეკონომიკის წარმატებულად განვიტარებისთვის. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო უშუალოდ ეკონომიკურ პროცესებში, მით უფრო ჯანმრთელი ეკონომიკა იარსებებს ამ ქვეყანაში. ხოლო, თუ გარკვეული გარემოებების გამო მაინც აუცილებელი ხდება ეკონომიკურ პროცესებში ჩარევა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალის - მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის პრინციპები. ზუსტად აქ არის ”ძაღლის თავი” დამარხული. რიგითი მკითხველისათვის უფრო გასაგები, რომ იყოს ჩემი ნათქვამი და სწორი ხედვების მნიშვნელობა, შევეცდები ყველაფერი მაგალითებით ავხსნა:

 

სანიმუშო მაგალითად გამოდგება ”ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული სოფლის მეურნეობის სტიმულირების პროგრამა. მთავარი შეცდომა არის იმ გარემოებაში, რომ სახელმწიფო უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს დებს სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების წარმოების სტიმულირებაში და ბაზარზე ხელოვნურად ზრდის მიწოდებას. არ ახვედრებს მას შესაბამის მოთხოვნას. მოთხოვნა ძალიან ფართო მცნებაა და მისი მიმოხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ, ისევ მაგალითს დაუბრუნდეთ. შესაბამისად, გაზრდილი მიწოდება იწვევს პროდუქციაზე ფასების ვარდნას და დარგის კვდომას. ბიზნესის ოქროს წესია: თუ ბიზნესი არ არის მომგებიანი ის აუცილებლად კოტრდება, ან თვითონ უნდა დახურო. ხოლო, რაც უფრო მეტ ფულს ჩაყრი არარენტაბელურ ბიზნესში, ეს უბრალოდ გაახანგრძლივებს პროცესებს, მაგრამ დასასრული იქნება გაცილებით მძიმე.

 

სწორი მაკროეკონომიკური ხედვების მქონე ხელისუფლება პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს მოთხოვნის სტიმულირებაზე და არა მიწოდების! ის უზარმაზარი საბიუჯეტო ფინანსური სახსრები, რაც ”ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის ”ბოსტანიზაციაში” ჩაყარა, რომ მიემართა წარმოების შემდეგი ციკლების განვითარებაში, გაცილებით უფრო მოკლე დროში და გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევდა. ერთი საკონსერვო ქარხნის გახსნის ხელშეწყობაში უფრო ნაკლები შრომითი და ფინანსური რესურსები დაიხარჯებოდა, ვიდრე ამ საწარმოსათვის აუცილებელი ნედლეულის მოყვანის სტიმულირებაში. ამავე დროს, ამ საწარმოს ამოქმედებით გაიზრდებოდა არა მიწოდება, არამედ მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქციაზე. ხოლო, მშრომელი გლეხი თვითონ დახნავს, თვითონ დათესავს და თვითონ დაკრიფავს მოსავალს, როცა იცის, რომ არ გაუჭირდება მისი რეალიზაცია, თან მაღალი მოთხოვნის პირობებში, მაღალ ფასად!

 

მოდით უფრო შორს წავიდეთ და დაწყებული რთველის ფონზე მოკლედ განვიხილოთ მევენახეობის პრობლემა საქართველოში. სახელმწიფოს პოლიტიკა ამ დარგთან მიმართებაში არის სიბეცისა და არაპროფესიონალიზმის აბსოლუტური გამოხატულება.

 

მოდით, აპრიორი ამ საკითხს მიუდგეთ წმინდად ეკონომიკური მხრიდან და დროებით გადავდოთ კულტურულ-იდეოლოგიური ასპექტები. პირველ რიგში, გთხოვთ ნუ აურევთ ერთმანეთში მევენახეობას და მეღვინეობას. ეს ორი სხვადასხვა სეგმენტია, მიუხედავად ურთიერთ დამოკიდებულობისა. ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე ნათელია, რომ მსოფლიო მასშტაბებით ქართული ღვინის ბაზარი საკმაოდ მცირეა. ამ ბაზრის სათანადო დონეზე ათვისების საქმე შემდეგი თაობებისთვისაც საკმაოდ აქტუალური იქნება. რამეთუ საბჭოთა პერიოდმა აბსოლუტურად მოსპო მეღვინეობა, იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც მას აღიქვავენ მთელს მსოფლიოში. მადლობა ღმერთს, რომ დამოუკიდებელ საქართველოს, რუსული ბაზრის შეკუმშვისა და დახურვის პირობებში ფაქტიურად თავიდან მოუწია მეღვინეობის შექმნა და აღორძინება. სამაგიეროდ, ქართველი გლეხის გენეტიკური მეხსიერების, შრომისმოყვარეობისა და ღვინის კულტურის არსებობიდან გამომდინარე, ყურძნის ბაზარზე მიწოდება მნიშვნელოვნად აღემატება მოთხოვნას. ანუ, საქართველოში მოგვყავს გაცილებით მეტი ყურძენი, ვიდრე შეიძლება, რომ გაიწოვოს მსოფლიო ღვინის ბაზარმა ამ ყურძნისგან მიღებული ქართული ღვინის სახით. პრაგმატული ხედვების არ ქონის პირობებში დღევანდელი მთავრობა ზრუნავს არა ყურძნის მომყვან გლეხზე, არამედ საკუთარ პოლიტიკურ დივიდენდებზე და ფაქტიურად ანადგურებს მეყურძნეობას. და აი რატომ:

 

სუფსიდირება, როგორც ეკონომიკის სეგმენტების სტიმულირების ინსტრუმენტი არ შეიძლება იყოს მუდმივი. ამგვარი მიდგომა ანადგურებს დარგს (კონკურენციის მოსპობის გამო) და აღარიბებს ქვეყანას. ფაქტიურად, მთავრობა სპეკულირებს მევენახეთა ინტერესებით და კაპიკებად ყიდულობს მათ ლოიალობას. იმისთვის, რომ ამ დარგმა შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა და გაიზარდოს რენტაბელობა, საწყის ეტაპზე უნდა შეწყდეს მავნებლური სუფსიდირების პრაქტიკა და მნიშვნელოვნად შემცირდეს ვენახების მოცულობა საქართველოში. ამის პარალელურად, მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ბაზრის დაბალანსების ფონზე აამაღლებს როგორც მოსავლიანობას, ხარისხს, ასევე ზოგადად დარგის რენტაბელობას. ყურძნის მოცულობის შემცირება გაზრდის ბაზარზე მოთხოვნას ამ პროდუქტზე და ბუნებრივად გაზრდის შესასყიდ ფასს. ხოლო, ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისა და გაფართოების შესაბამისად ნელა-ნელა დაიწყება ვაზის ფართობების ხელახალი ზრდა. მხოლოდ ამ გზით და ასეთი ხედვებით შეიძლება, რომ ვაზს დაუბრუნდეს ჭეშმარიტი ქართული კულტურის სიმბოლოს მნიშვნელობა და მევენახე გახდეს მდიდარი და წარმატებული ფერმერი! ამ ეტაპზე მევენახეობის და ვაზის კულტურის გადარჩენისა და აღორძინების გზა გადის ამ მიმართულების დროებით შეჩერებაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვენახების მოცულობის შემდგომ გაზრდაზე. მე, როგორც ქართველს ძალიან მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმაც კი, მაგრამ ზუსტად აქ არის სწორი მენეჯმენტი და ხსნა - ქართველობის დაცვა!

 

ყოველივე ზემოთ თქმულის ფონზე, კი მინდა გაგახსენოთ საქართველოს მთავრობისა და მათი მხარდამჭერების ბრიყვული განცხადებები და ტრაბახი იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან არნახული სუფსიდირების ფონზე საქართველოში მასიურად დაიწყო ვენახების გამრავლება და რომ გლეხი მასიურად დაუბრუნდა მიწასო! პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს პოლიტიკური სპეკულიანტები აბრიყვებენ ქართველ გლეხს და სპობენ ყურძენს ფენომენს, როგორც ეროვნული კულტურის შემადგენელს. ყველაფერთან ერთად უპასუხისგებლოდ ფლანგავენ თითოეული ჩვენგანის ფულს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების საყიდლად და ამომრჩევლის მოსასყიდლად!

 

ერთი სიტყვით, ფუჭია ყველა მცდელობა და პრაფანაციაა ყველა პროგრესული და ეფექტური კანონი, თუ ხელისუფლებას არა აქვს სწორი ხედვა, ურყევი პოლიტიკური ნება და თუ სახელმწიფო ინტერესები არ დომინირებენ პარტიულ ინტერესებზე!

 

დღევანდელი მთავრობა და მმართველი პოლიტიკური ძალაც ვერანაირად ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს! ამიტომ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის ყოფას და მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ფაქტიურად ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია