რუსეთი და სირიული ”მახე“?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-09-2015, 14:07 | მსოფლიო | ნანახია - 3538

რუსეთი და სირიული ”მახე“?

 

გიგი კუბლაშვილი

 

უკვე თითქმის 5 წელიწადია სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. თავიდან ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ სამხედრო დაპირისპირება დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა, თავისუფალ სამყაროში ჩათვალეს, რომ მთავარი მიზეზი ამ ვაკხანალიისა ასადის რეჟიმია, რაც არ არის შორს სიმართლისგან. თურქეთს ასევე თავისი თამაში ჰქონდა ამ ტრაგედიაში, საბოლოოდ მივიღეთ ის რასაც ვუცქერთ იმ მძიმე სატელევიზიო კადრებში ყოველდღიურად.

 

ე.წ. ისლამური სახელმწიფო, მილიონობით ლტოლვილი, რომელიც ცხადია მიაწყდა დავარცხნილ ევროპას, დევნილთა ასეთივე ტალღები უახლოეს მომავალში ამერიკის კონტინენტისკენაც დაიძრება.

 

ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა და საიდანაც ჩვენ, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილი ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა გამოვიდეთ. თავი არ მოვიტყუოთ, რომ ეს ტალღები ჩვენამდე არ მოვა, მოვა ბატონებო, მოვა თუ უკვე არ არის კარს მომდგარი.

 

სირიაში არსებული სურათი კი ამჟამად ასეთია, მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქვეყნის დაახლოებით 17% -ს აკონტროლებს, მოგეხსნებათ მისი და მისი ოჯახის მმართველობა ეყრდნობა ალავიტების (ისლამის ერთერთი შიიტური მიმდინარეობა) და ქრისიტიანების, რელიგიურ უმცირესობებს.

 

ასადი და მისი მხარდამჭერები აკონტროლებენ ტერიტორიის იმ ნაწილს რომელიც მოიცავს რამდენიმე ქალაქსა და დასახლებულ პუნქტებს დედაქალაქიდან ქ. დამასკოდან - ქ.ლატაკიამდე. დაშორება ამ ქალაქებს შორის გახლავთ 220კმ.

 

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ძირითადი დაპირისპირებული მხარეები არიან: ასადი და მისი მხარდამჭერები, ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ოპოზიციური დაჯგუფებები, რომელთაც მხარს უჭერს დასავლეთი და სხვა მცირე ჯგუფები, რომელთაც თვიანთი ინტერესები აქვთ.

 

მიუხედავად ასადის და მისი მხარდამჭერების არცთუ დიდი არმიისა (ალავიტები სირიის მოსახლეობის 12% შეადგენენ, დაახლოვებით 15%-იყო ქრისიტიანთა რაოდენობა კონფლიქტამდე) ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ასადი ჯერჯერობით ახერხებს, მისი რეჟიმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო - სტრატეგიული ტერიტორიის შენარჩუნებას, თუმცა როგორც ჩანს მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ამის იგი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეძლებს აქტიური მხარდაჭერის გარეშე.

 

კონფლიქტის პირველივე დღეებიდან რუსეთი თავისი ტრადიციული მოკავშირის მხარდამჭერად მოგვევლინა, როგორც პოლიტიკურ ასევე სამხედრო ჭრილში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს გააჩნდა სამხედრო-საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვაზე სირიაში, ე.წ ტარტუსის ბაზა, რომელიც ძირითადად ამ რეგიონში არსებულ საბჭოთა გემების ტექნიკური მომსახურებით იყო დაკავებული.

 

სირიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე რუსეთს ეს ბაზა ფორმალურად გააჩნდა, თუმცა პრაქტიკული დატვირთვა მას რეალურად აღარც გააჩნდა. კონფლიქტის დაწყებისთანავე მათ, შორის ტარტუსის სამხედრო ბაზის მეშვეობითაც ასადის რეჟიმის სამხედრო - ტექნიკური აღჭურვილობის მომარაგება აქედან ხორციელდება.

 

რამოდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დაიწყო მეორე გაცილებით სერიოზული აღჭურვილობის, ბაზის მშენებლობა ჯაბლეხში, ქ.ლატაკიასთან ახლოს. მშენებლობა მიმდინარეობს ინტენსიურად და განკუთვნილია მძიმე ტექნიკის, სამხედრო ავიაციის და ცოცხალი ძალის დისლოკაციისთვის, მეტიც როგორც ჩანს ასადის დემორალიზებული არმიის მხარდაჭერის და ახალი ბაზის დაცვის მიზნით რუსული სამხედრო ქვედანაყოფებიც იმყოფებიან, რომლებიც აქტიურად ჩაერთენ საბრძოლო მოქმედებებში.

 

რუსეთის ესეთი ქმედებები ანალოგიას ბადებს საბჭოეთის ავღანურ მახესთან, რაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად იქცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი დღევანდელი პუტინის რუსეთთან შედარებით გაცილებით ძლიერად იდგა ყველა ასპექტში. დასავლეთის რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით უარყოფითია, რაზეც მეტყველებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის და სხვა განცხადებებიც.

 

ფაქტია, რომ დღევანდელი რუსეთის რეჟიმი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება იმ გაუთვლელი და ბრიყვული პოლიტიკის შედეგად, რასაც მოყვა სანქციები და ეკონომიკური ვითარების მნიშვნელოვნად გართულება.

 

ისეთი არაშორსმხედველი პოლიტიკოსისათვის, როგორც პუტინია სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურები თავის ძლიერ მხარედ მიაჩნია, როგორც ჩანს იგი გარკვეული ფიქრის შემდეგ ჩაება ამ ავანტიურაში, რომელიც რუსეთისთვის კარგს არაფერს მოიტანს.

 

და ბოლოს, როგორც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ცეცხლის რკალთან, რომელიც ნელნელა გვიახლოვდება, არ მინდა დავძაბო ისედაც დაძაბული საქართველოს საზოგადოება, მაგრამ იმ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელ მსოფლიოშია, ბოლო სამწლიანი ექსპერიმენტის შედეგად ქართული სახელმწიფო დასუსტებული და მოუმზადებელი ხვდება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია