ძალადობა ჩვენი არსობისა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-09-2015, 22:43 | კომენტარები | ნანახია - 3156

ძალადობა ჩვენი არსობისა

 

ზურაბ ოდილავაძე

 

1. ზოგადი მონაცემები. ეთიოლოგია

 

მიზეზთა გამო, ჩვენ მოძალადე საზოგადოებად ჩამოვყალიბდით. ჩვენი კოლექტიური ,,მე“ ძალმომრეობს ყოველივეზე: იქნება ეს ბავშვი თუ ცხოველი, გარემო თუ ზრდასრული ადამიანი. მართალია, გარეგნულად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალდატანებას ეწევა ცალკეული ინდივიდი, პრაქტიკულად კი, ის კოლექტივის, არა მხოლოდ მდუმარე თანხმობითა თუ წაქეზებით, არამედ, ხშირად უმრავლესობის მითითებით, მისი პირდაპირი დაკვეთით მოქმედებს. ჩვენ ხომ ქვეცნობიერად ისე ვიქცევით, როგორც საზოგადოებაში გამეფებული წეს-ჩვეულებები, ქცევითი ნორმები თუ მორალი გვკარნახობს. შესაბამისად, ჩვენი ძალადობაც კოლექტიური პროდუქტია.

 

ასეთია ჩვენი არსი – ყველასა და ყველაფერზე ძალდატანება. არა მხოლოდ ჩვენ, ქართველები, ზოგადად, ადამიანი ბუნებით მოძალადეა – სწორედ ძალმომრეობისკენ უბიძგებს მას საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული თვითგადარჩენის ინსინქტის მიერ ნაკარნახევი ქცევითი სტერეოტიპები... თითქოს, ყველაფერი ჩვენივე ბუნებითაა განპირობებული... მხოლოდ მორალი და კულტურა უპირისპირდება ამ ძალის ხმარების ნორმას, სწორედ ეს ორი კატეგორია – მორალი და კულტურა აქცევს ადამიანს ლმობიერ, ჰუმანურ არსებად – ასე ხდება ის განსხვავებული ცხოველისგან.

 

დავუკვირდეთ ჩვენი ყოველდღიური მოქმედების სტილს – ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით დავტუქსოთ თუ შევუძახოთ, უაპელაციოდ ვუბრძანოთ, უხეშად ვასწავლოთ ან ვუყვიროთ სხვას და ასე მოვახვიოთ მას საკუთარი ნება, ვუკარნახოთ როგორ მოიქცეს.

 

რა მექანიზმებით ყალიბდება ჩვენში ეს ძალადობრივი არსი, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება, შლის ჩვენს ადამაიანურ იერს და ცხოველს გვამსგავსებს?

 

მაშ, როდის იწყება პიროვნების სულიერი დამახინჯება? ამ კითხვაზე პასუხი ყველასათვის ცხადია – რაღა თქმა უნდა, ბავშვობაში. რაა ამ გადაგვარების მიზეზი? აქაც, ვგონებ, პასუხი ზედაპირზე დევს – ესაა ბავშვის ძალადობრივ გარემოში აღზრდა: ოჯახური (ცოლ-ქმარს შორის) ძლადობა და გამუდმებული ჩხუბი თუ ცემა-ტყეპა; ბავშვის უხეში, ყვირილით, მისი თავისუფალი ნების სრული უგულებელყოფით აღზრდა და ცემა; სასტიკი ბავშვური თამაშები, რომლებიც კოპირებენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და მასში გამეფებულ სუსტის ჩაგვრისა და ძლიერზე (უფროსზე, ბატონზე) დამორჩილების სტერეოტიპს; ცხოველებთან არაჰუმანური მოპყრობა, მათი სადიზმამდე მისული, დაუნდობელი წამება; ბუნების ბარბაროსული განადგურება, ხეების წუთიერი სარგებელისთვის გაჩეხვა...

 ძალადობა ჩვენი არსობისა

შემდეგ, ნორჩის სულიერი გადაგვარების პროცესი გრძელდება სკოლაში: მაგალითისთვის, ჩვენში ესოდენ გავრცელებული ,,ძველი ბიჭობაც“ კმარა, როდესაც მოზარდი იძულებულია არა სწავლითა თუ განათლებით წარმოაჩინოს თავი, არამედ, ,,მზის ქვეშ“ ადგილის დასამკვიდრებლად და მინიმლური ღირსების შესანარჩუნებლად, ჭაბუკს უწევს ძალმომრებაში ჩაბმა, თანატოლი კრიმინალების ჯგუფებში გაერთიანება და სხვებზე კოლექტიური ძალადობა.

 

ამავე ასაკიდან იწყება ჭაბუკის ფსიქიკაზე ქართულ საზოგადოებაში გამეფებული სექსუალური აკრძალვების დამანგრეველი ზემოქმედება. შედეგად, სიყვარულის მიმართ მომეტებული სირცხვილის განცდა, ხოლო სექსის, როგორც დანაშაულებრივი ქმედების აღქმა, საბოლოოდ აყალიბებს დაკომპლექსებულ, მოძალადე მამრს. ,,მონადირემ“, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა იხმაროს ნებისმიერი ხერხი, მათ შორის, ძალაც, ქალი რომ დაიმორჩილოს და ვნების ობიექტი დაიპყროს... შემდეგ მიაგდოს ის და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, ,,ახალი ხორცის“ მოსანადირებლად გაემართოს. ასეთია მანკიერი აღზრდით გამოწვეული ინფანტილიზმის, მისგან შობილი უკიდეგანო ეგოიზმისა და შესაბამისად, ჭეშმარიტი სიყვარულის განცდის უუნარობის შედეგი. სწორედ სიყვარულის ხელოვნებისადმი მოუმზადებლობის გამო, ქართველი მამრები ქალს აღიქვამენ, როგორც დასაპყრობ, მეორეხარისხოვან ობიექტს. არც საზოგადოებრივი აზრი კიცხავს კაცის ღალატს, მის პოლიგამიურობას, პირიქით, მას ,,მაგარი, წარმატებული კაცის” სტატუსს ანიჭებს.

 ძალადობა ჩვენი არსობისა

ქართველებში ძალმომრეობის სტერეოტიპების ჩამოყალიბების პროცესში, არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელი ეკლესიის როლიც. მრევლი ხომ ყოველდღიურად ისმენს მოძღვრების იზოლაციონიზმისკენ, ,,მასონებთან“ ბრძოლისკენ, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების განადგურებისკენ მოწოდებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამგვარი რწმენა ახალისებს შეუწყნარებლობას, უცხოსთან მტრობას და, შესაბამისად, ახლის მიუღებლობას. საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ჩვენი ეკლესია ტოლერანტობას აშკარად არ ქადაგებს. სექსუალურ აკრძალვებზე აღარაფერს ვიტყვი...

 

ამავე თესლიდან აღმოცენდა და ძლიერი ფესვები გაიდგა, ქართველების დაუოკებელმა ნოსტალგიამ ,,კანონიერი ქურდებისადმი“ თუ ,,ვლადიმირსკი ცენტრალის“ რომანტიკის მიმართ – ამ კასტის წარმომადგენლები ხომ ძალმომრეობის პირამიდის მწვერვალზე განისვენებენ.

 

მაშასადამე, კოლექტივის ზრდასრული წევრის ჩამოყალიბების სქემა ასეთია: ძალადობა (ოჯახი, გარემო) – ბავშვში შიშის სამუდამოდ დასადგურება – გარემოსადმი საპასუხო აგრესია და ბოლოს – ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბება, რომლისთვისაც ნორმალური ადამიანური ურთიერთობები მიუწვდომელია, მას მხოლოდ ბატონობა ან მონობა ძალუძს. ასეთი ადამიანი მასზე ძლიერს ყმად დაუდგება, ხოლო ვისაც შეძლებს, დაჩაგრავს.

 

2. დიაგნოზი. კლინიკური სურათი

 

მაშ ასე, კერძოდ, ცალკეული ინდივიდისა, ხოლო, ზოგადად, მთელი საზოგადოების დაავადების დიაგნოზი ასე გამოიყურება: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოება ძალმომრეობასა და მონობაზეა დაფუძნებული. ის ბავშვობიდან ამზადებს თავის ერთგულ შევსებას – მოძალადე ,,ჯარისკაცებს“, რომლებიც მომავალში, ნებით თუ უნებლიედ, გაიზიარებენ კოლექტივის ინტერესებს და შეუდგებიან მისი მიზნების აღსრულებას. კოლექტიური ფასეულობებისა და მორალის დაცვა კი, თავის მხრივ, გულისხმობს ყოველივე ახლისა და განსხვავებულის დათრგუნვასა და ამა თუ იმ მეპროტესტე ინდივიდზე საზოგადოებრივი მსჯავრის დადებას.

 

აღზრდა და გარემო აყალიბებს ადამიანს, რომელიც ცდილობს ყოველივე დაიმორჩილოს – მოძალადე უყურებს სხვას, როგორც პოტენციური საკუთრების საგანს და ამიტომ, მასზე ძალადობას ნორმად განიხილავს. ასეთი პიროვნების მიზანია – წინ, ზემოთ და ,,ძეხვისკენ“, ხოლო ,,მწვერვალის“ მიღწევის პრინციპი – ,,შედეგი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას“. ასე, მორალური ნორმებითა თუ ზნეობრივი ჩარჩოებით შეზღუდვების გარეშე, ცხოვრობს და ყალიბდება ბატონი (მასზე ძლიერთან მიმართებაში კი – ყურმოჭრილი მონა). საქმე იქამდე მიდის, რომ ეს მენტალური გაცხოველება, ჩვენს გარეგნობაშიც კი აისახება, რაც, მაგალითისთვის, ადვილი შესამჩნევია, ამ ბოლო დროს, ასე მომრავლებულ, ნაირნაირ ახალგაზრდა ,,დაცვის ბიჭებში“ და სხვა ძალოვანებში...

 

მოკლედ, ჯარისკაცი ,,მზადაა” ,,საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის”! ,,ქართული ზნეობისა“ და ,,ეროვნული ფასეულობების“ ფრონტის დამცველნი ერთიანდებიან ,,ერთმორწმუნე“, უსახურ მასაში, რადგან სწორედ კოლექტივია ცალკეული ,,ჯარისკაცის“ გაცილებით მეტი ძალის, დაცულობისა და უპასუხისმგებლობის გარანტი. მონას ახლის შიში მთავარ პრინციპად აქვს არჩეული – მას წინსვლა, განვითარება და განათლება არ სურს; ის მოწოდებით რეტროგრადია და არქაულ წეს-ჩვეულებებსა თუ მორალს თავდავიწყებით იცავს. ამიტომ ზემოდან პირველივე მოწოდებისთანავე, გამძვინვარებული ბრბო, ,,ერისა თუ ხალხის“ სახელით, დაუბრკოლებლივ ახორციელებს განსხვავებულის დასჯის აქტს.

 

ჩამოვთვლი კოლექტიური საზოგადოების, მისი აზროვნებისა და შესაბამისი ქცევითი სტერეოტიპების ჯაჭვის ძირითად რგოლებს: კოლექტივს ყავს ბელადი, ,,პოლიტბიურო“ (ბელადის მიერ დანიშნული პარტიული ელიტა და ,,ინტელიგენცია“) და ,,მუშა ჭიანჭველები“; ზემო ფენები დაკავებულნი არიან შესაბამისი პროპაგანდითა (პიარით) და მეგობარ-ნათესავების დაწინაურებით – ნეპოტიზმით, რაც ასევე ფსიქოლოგიური (მორალური) ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს; გამეფებულია საყოველთაო თანხმობა, უკრიტიკო და მითოლოგიური (წარსული დიდებისა და უცხოსადმი სიძულვილის მითებით) აზროვნება; შური, ბოღმა და ფარისველური მორალი, როდესაც ჭეშამარიტ სახეს არ ამჟღვანებ – ერთს ფიქრობ და მეორეს აკეთებ; უვიცობა და ფუქსავატობა, როდესაც ცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები შრომით მეტი მოიხვეჭო; მცონარება, უინიციატივობა და უპასუხისმგებლობა.

 

ყოველივე ჩამოთვლილი განაპირობებს პოსტსაბჭოთა საზოგადოების წარუმატებლობის მიზეზს – კოლექტივს არ აქვს განვითარების, განახლების სურვილი და პერსპექტივა, ის ჭაობივით მკვდარია.

 

დასასრულს, ვეცდები, დავხატო კოლექტივის წევრის ფსიქოლოგიური პორტრეტი: მონაში ჩაბუდებულ ,,ქონდრის კაცს“ პიროვნული მნიშვნელოვნება და ყოვლისშემძლეობა სწყურია შეიგრძნოს, მას საკუთარი ძალაუფლებისა და აგრესიის რეალიზებით, არასრულფასოვნების კომპლექსის დემონის გამოკვება სურს და ამ გზით თვითშეფასების აწევა.

 

იცით, რატომ ვართ ასე გატაცებულნი პოლიტიკითა და სარწმუნოებით? გპასუხობთ – ამ სფეროში სიძულვილისა თუ დაპირისპირების ადვილი გადატანისა და მისი გამოხატვის შესაძლებლობით. სწორედ, ამის გამო ვერ ვიკლავთ წყურვილს პოლიტიკისა და რელიგიის მიმართ – ჩვენ არა ღმერთი, არამედ სხვაზე უპირატესობა გვწყურია. ჩვენ ბოღმა და გესლი ვერ დავშრიტეთ საკუთარ გულში. დიახ, ჩვენ ურთიერთზიზღითა და შურით გაჟღენთილი ,,ყმების” ერი ვართ.

 

3. მკურნალობა

 

ამ საშინელი სენის მკურნალობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ზოგადი პრინციპის ჩამოთვლას თუ შევძლებ, რადგან ამ სფეროს განსწავლული და, იმავდროულად, საქმისადმი თავდადებული პროფესიონალები სჭირდება და არა დილეტანტური, ზედაპირული მიდგომა.

 

ის, რაც შეგვიძლია პიროვნულ დონეზევე, საკუთარი თავის შეგონებით დავძლიოთ – ესაა მსჯელობაში კატეგორიულობა, უკიდურესი რადიკალიზმი და სხვისი აზრისდამი შეუწყნარებლობა. ერთი სიტყვით, ჩვენი დევიზი უნდა გახდეს – ტოლერანტობა!

 

ცხადია, ძალმომრეობისადმი მიდრეკილების მანკიერი ჯაჭვი, პიროვნების ჩამოყალიბების დასაწყისშივე უნდა გაწყდეს – ისე არაფერი გამოვა. ისიც გასაგებია, რომ ბავშვის ოჯახისა თუ გარშემომყოფთა მყისიერი გამოსწორება შეუძლებელია. მაშ, რა ვაკეთოთ?

 

ძალმომრეობის საწინააღდეგოდ მიმართული, კარგად გააზრებული, ადგილობრივ პირობებს მორგებული, დაუღალავი ანტიძალადობრივი პროპაგანდა, რაც შეიძლება ადრეულ ასაკიდან – დაწყებით კლასებში, თუ შესაძლებელია ბაღშიც კი!.. და პრაქტიკა – ჰუმანურობის რეალური მაგალითები.

 

P.S.

თბილისი, 60-იანი წლები. ბავშვი ვარ, ეზოში ბიჭები ვსხედვართ. ჩვენზე უფროსი სერგო განკარგულებას გასცემს უნივერსიტეტის ბაღიდან კუს მოყვანის შესახებ. ბელადის ბრძანება სულ რაღაც ნახევარ საათში სრულდება. იგივე მეთაური გვაგზავნის აფთიაქში, იოდის მოსატანად – ესეც შესრულებულია...

 ძალადობა ჩვენი არსობისა

სერგო, საქმიანი გამომეტყველებით, ჯიბიდან დანას იღებს და იწყებს კუს ზურგზე ბაკნის ამოტეხას... ,,ოპერაციის“ დასასრულს, კარგა მოზრდილ ხვრელში იოდის ხსნარს ასხამს!.. კუს უნდა საკუთარი ,,ტყავიდან“ ამოხტეს და ,,ცხოველს“ სადმე მაინც დაემალოს... ადამიანის სისასტიკისგან დასაცავად, რქის სქელი ,,ჯავშანი“ არ აღმოჩნდა საკმარისი...

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია